Facebook Twitter

ბს-902-868(გ-08) 17 დეკემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.

სასამართლომ გამოარკვია:

ი. მ.-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა 2007 წლის აგვისტოში მოპასუხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხის დავალდებულება ხელახლა გამოაცხადოს ზემოხსენებულ ვაკანსიაზე კონკურსი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ი. მ.-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალების თაობაზე, გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ განმარტა, რომ ი. მ.-ის სარჩელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალების თაობაზე არ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, რამდენადაც დავა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შესაბამისად დამხმარე პერსონალთან მიმართებაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მიენიჭა სამსახურში მიღების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება, ხოლო ადმინისტრაციული კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ ავალდებულებდა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ კონკურსის საფუძველზე დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი განისაზღვრა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოცემულ დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას. მეტიც, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც განხორციელდა შრომის კანონმდებლობის საფუძველზე, კერძოდ ბრძანებაში ცალსახად არის საფუძვლად მითითებული შრომის კოდექსის 37.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რაც ეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა გამომდინარეობს შრომის კანონმდებლობიდან და ის ვერ გახდება ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი. სასამართლომ მიუთითა, რომ დამხმარე პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება-უკანონობის განსაზღვრისა და დამხმარე პერსონალის კონკურსის წესით სამსახურში მიღების ანუ შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ აღძრული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი. მ.-ის სარჩელი (საქმე 2/610-08) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ, სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განისაზღვრება დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევის განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი კონკურსის გამოცხადება, ხოლო მოპასუხედ მითითებულია სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია კონკურსის ჩატარების წესის პირობების დარღვევა.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტი არის საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2008 წლის 29 მაისის ¹490 ბრძანების შესაბამისად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის გზით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული და სხვა სტრუქტურულ ერთეულების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ იქნა კონკურსი, ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის ¹10/02-01 ბრძანების საფუძველზე. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი განისაზღვრება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესის განსაზღვრის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამდენად კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ახორციელებდა საჯარო საქმიანობას. ამავე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მაშასადამე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მინიჭებული აქვს საჯარო უფლებამოსილება, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განსაზღვროს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მართალია კანონმდებლობა კონკურსის ჩატარებას არ ითვალისწინებს, მაგრამ თავად კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული იქნა დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესი.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ახორციელებდა საჯარო საქმიანობას, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა, ხელახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე, თავისი შინაარსიდან გამომდინარე გულისხმობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას კონკურსის ჩატარების თაობაზე ე.ი. მის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანი გამომდინარეობს კონკურსის ჩატარების წესის პირობების დარღვევიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს კი არეგულირებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს და მაშასადამე, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებობას განეკუთვნება.

სასამართლოს მოსაზრებით, სამართალსუბიექტურობის მიხედვით სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრის საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ი. მ.-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განისაზღვრება იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს აღნიშნული კოდექსით დადგენილი საპროცესო წესებით. ამასთან, არსებითი ელემენტი, რომლის შედეგადაც დავა მიჩნეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმედ, არის დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალება.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 14 მარტის ¹10/02-01 ბრძანებით ადმინისტრაციული და სხვა დამხმარე პერსონალის საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენის მიზნით გამოცხადდა კონკურსი, კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შეიქმნა საკონკურსო კომისია.

საკონკურსო კომისიის 2007 წლის 31 ივლისის ¹10264/02 წარდგინების საფუძველზე მიღებულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹227/02-03 ბრძანება, რომლითაც შრომითი ურთიერთობა შეუწყდათ დანართი ¹1-ით განსაზღვრულ პირებს და კონკურსის შედეგების საფუძველზე დანიშნულ იქნენ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანართი ¹2-ით განსაზღვრული პირები.

დადგენილია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹227/02-03 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლები.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკდემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.

აღნიშნული კანონი განსაზღვრავს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ვაკანსიის დაკავების ერთიან წესებს. მოცემული კანონი აკადემიური თანამდებობის დაკავების აუცილებელ წინაპირობად ასახელებს ღია კონკურსს, რაც შეეხება დამხმარე პერსონალს, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამსახურში მიღების წესს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობას და პირობებს ადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ზემოაღნიშნული ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დამხმარე პერსონალთან მიმართებაში მიენიჭა სამსახურში მიღების წესის განსაზღვრის უფლებამოსლება, კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით იგი უფლებამოსილია შექმნას პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული კომისია, რომლის მიზანია, დადგინდეს კონკურსანტის შესაბამისობა აღნიშნული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან. საკონკურსო კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვაკატურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის წარმოქმნილი ურთიერთობა არის სამოქალაქო-სამართლებრივი, კერძოდ, შრომის კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობილი დავა, რამდენადაც საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ არის გამოცემული ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ იგი მიღებულია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შიდაორგანიზაციული ხასიათის აქტის_ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2007 წლის 6 აგვისტოს ¹227/02-03 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, სამუშაოდან განთავისუფლებისა და და სამსახურში მიღების შესახებ სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამოყენებულ იქნეს სწორედ კერძო სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო აქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას და მისი საფუძვლიანობა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ.-ის სარჩელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიმართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების განვითარების უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობისა და ზემოხსენებულ ვაკანსიაზე კონკურსის ხელახლა გამოცხადების მოპასუხისათვის დავალების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.