Facebook Twitter

ბს-913-875(გ-07) 30 ოქტომბერი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ, შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. ა-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, მესამე პირების _ ვ. კ-ის, კ. ლ-ისა და ზ. ზ-ის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა შპს «ა-ის» სამეწარმეო რეესტში და შპს სავაჭრო სახლი «ი-ის» სარეგისტრაციო და სხვა მონაცემებში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 1-10).

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 აგვისტოს განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლებითაც სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილებები. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ბრძანებები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტებს, რამდენადაც მთავარია არა ბრძანების ფორმა, არამედ მისი შინაარსი, სადავო ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე კი, გასაჩივრებული ბრძანებების საფუძველზე მთელი რიგი ცვლილებები შევიდა შპს ,,ა-სა» და შპს სავაჭრო სახლი ,,ი-ის" სარეგისტრაციო მონაცემებში - განხორციელდა ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში. სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე - საგადასახადო ორგანო მოქმედებდა არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის, არამედ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის საფუძველზე და ამასთან, არა, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული, ადმინისტრაციული კანონმდებლობით მოწესრიგებადი სამართალურთიერთობა.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტი და განმარტა, რომ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა: 1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები; 2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ დავაში მონაწილეობა არ წარმოადგენდა დავის ადმინისტრაციულ საქმედ მიჩნევის აბსოლუტურ კრიტერიუმს, არამედ უმთავრესი თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი და დავის საგანი იყო.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ისევე, როგორც კერძო სამართლის სხვა იურიდიული პირების დაფუძნება-რეგისტრაციის, პარტნიორთა უფლება-მოვალეობებისა და საზოგადოების მართვის საკითხები, სამართლებრივად წარმოადგენდა კორპორაციულ ურთიერთობას, რომელიც რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანებები შეეხებოდა შპს ,,ა-ს" და შპს სავაჭრო სახლს ,,ი-ს," როგორც ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფორმით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანას, მით უფრო, რომ მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნების ძირითად საფუძვლად უთითებდა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმების დარღვევებზე და მოპასუხე არ ითვლებოდა საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელ ორგანოდ - ადმინისტრაციულ ორგანოდ, იმ პირობებში, როცა მის მიერ გამოცემულ მოქმედებებს საფუძვლად არ უდევს ადმინისტრაციული კანონმდებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით, საგადასახადო ორგანო, რომელიც არეგისტრირებდა სამეწარმეო რეესტრში განხორციელებულ ცვლილებებს, საჯარო უფლებამოსილების განმხორციელებელ ორგანოდ ვერ ჩაითვლებოდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ბრძანებები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის არსისა და დავის საგნის მიხედვით, მოცემული დავა განეკუთვნებოდა სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას და განხილული უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით /იხ.ს.ფ. 133-135/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევას და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას. ამავე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 20 მარტის ¹233 ბრძანებით დამტკიცებული «ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალებისა და გადასახადის სხვა გადამხდელების სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის» შესახებ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებით სათანადო უფლებამოსილ პირს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის, რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების თაობაზე ბრძანების გამოცემის უფლება. ამდენად, სარჩელით სადავო ბრძანებები წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში დავა სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა, მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად სადავო ბრძანების გამოცემისას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნათა დარღვევაზე მიუთითებდა და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევებზე, რის გამოც საქმე ექვემდებარებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას /იხ.ს.ფ. 104-205/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ნ. ა-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ Yთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394 «ე» მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლითაც ცვლილება შევიდა შპს «ა-ისა» და შპს სავაჭრო სახლი «ი-ის» სარეგისტრაციო მონაცმებში, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც შპს «ა-ისა» და შპს სავაჭრო სახლი «ი-ის» _ კერძო სამართლის იურიდიული პირების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა რეგულირდება «მეწარმეთა შესახებ» კანონის შესაბამისი ნორმებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანებები, რომლითაც ცვლილება შევიდა შპს «ა-ისა» და შპს სავაჭრო სახლი «ი-ის» სარეგისტრაციო მონაცმებში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რამდენადაც იგი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტს, კერძოდ: სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან; შესაბამისად მოცემული დავა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება კერძო სამართლის კანონმდებლობით, კონკრეტულად, ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹233 ბრძანებით დამტკიცებული «ფიზიკური და იურიდიული პირების, მათი ფილიალების (წარმომადგენლობების) და გადასახადის სხვა გადამხდელის სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის წესის შესახებ» ინსტრუქციის საფუძველზე ახორციელებს რა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას, რა დროსაც დასტურდება საწარმოს სადამფუძნებლო (და სხვა მონაცემები) დოკუმენტაციის შესაბამისობა «მეწარმეთა შესახებ» კანონის მოთხოვნებთან, შესაბამისად სადავო ბრძანებები მატერიალური თვალსაზრისით შემოწმებას ექვემდებარება კერძოსამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ბრძანებას არ გააჩნია დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელი მეორე ელემენტი: სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული /საჯარო/ სამართლის კანონმდებლობიდან; სადავო ბრძანება აწესრიგებს კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობებს სამეწარმეო კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს არა საჯარო, არამედ, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო სამართალურთიერთობას აწესრიგებს გადაწყვეტილების /ბრძანების/ გამოცემის გზით დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ კატეგორიას, რამდენადაც ურთიერთობას გამომდინარეობს კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ამასთან ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, «მეწარმეთა შესახებ» კანონის საფუძველზე. შესაბამისად, ეს გარემოება ვერ გახდება დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ცხადია, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია არა საჯარო სამართლის, არამედ, კერძო სამართლებრივი ნორმატიული აქტის «მეწარმეთა შესახებ» კანონის საფუძველზე, შესაბამისად, სამოქალაქო სასამართლომ მსჯელობა უნდა იქონიოს ამ ბრძანების, «მეწარმეთა შესახებ» კანონის ნორმებთან მიმართებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე არ არის დავა, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ექვემდებარება განხილვას.

ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.