¹ბს-930-889(გ-06) 11 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ნ. წ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ტ. ჭ-ემ, ნ. წ-მა, მ. პ-მა, გ. მ-ემ, რ. ს-ამ, მ. დ-ემ და მ. ყ-მა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის და მესამე პირის მ. გ-ას მიმართ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელეთა განმარტებით, რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობენ მთაწმინდაზე, .... ქ. ¹18 მდებარე ბინაში, რომელიც ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 1940წ. აღირიცხა მ. გ-ის სახელზე იურიდიული საბუთების გარეშე. აღნიშნულ ნაგებობაზე პრეტენზიას აცხადებდა მ. გ-ა, როგორც მ. გ-ის მემკვიდრე, თუმცა, მოსარჩელეთა განცხადებით, მას ამ ნაგებობაზე არანაირი იურიდიული დოკუმენტი არ გააჩნდა. მ. გ-ას ხელთ ჰქონდა 04.03.1905წ. სასამართლო გადაწყვეტილება 1888 წლის ანდერძის დამტკიცების თაობაზე. ანდერძი შედგენილი იყო სპარსეთის ქვეშევრდომ ა. ე. ქ. ა. ო. მიერ. ანდერძის თანახმად, იგი თავის უძრავ-მოძრავ ქონებას უტოვებდა ცოლს და შემდეგ თავის სამ შვილს თანაბრად, თუმცა ანდერძის მიხედვით არ დგინდებოდა კონკრეტულად რა ქონება მიეკუთვნებოდა სამკვიდროს. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნულის გამო სადავო ქონების მემკვიდრედ გ. მ-ი არ უნდა მიჩნეულიყო, მით უფრო, რომ, ანდერძის თანახმად, მოანდერძე ცხოვრობდა ყოფილი .... ქუჩაზე (ახლანდელი .... ქუჩა), ხოლო .... ქ. ¹18 მოიხსენიება, როგორც ყოფილი ..... ქ. ¹12, თავად მ. გ-ა არასოდეს არ ყოფილა ჩაწერილი .... ქ. ¹18-ში. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ ხელთ აქვთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც .... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენს მ. გ-ას საკუთრებას. ქ. თბილისის მერიის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით ქ. თბილისის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს 1933-1934 წლების პროექტებში .... ქ. ¹12-ში (ამჟამად .... ქ. ¹18-ში) მდებარე სახლის პროექტი, რომელიც ირიცხებოდა მ. გ-ის სახელზე, არ აღმოჩნდა. მ. გ-ი გარდაიცვალა 12.05.77წ., მის მემკვიდრეს მ. გ-ას პრეტენზია არ განუცხადებია სამკვიდრო ქონების მიღებაზე 24 წლის განმავლობაში და არც მის მფლობელობას ან მართვას არ შედგომია.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მ. გ-ას სახელზე არსებული უკანონო ჩანაწერის გაუქმება და სსკ-ის 312-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვეს იმის დადგენა, რომ მ. გ-ა არასოდეს ყოფილა .... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრე და შესაბამისად არც მასმა გეიდაროვა შეიძლება ჩაითვალოს აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ. აღნიშნულთან ერთად მოსარჩელეებმა სადავო ბინის მესაკუთრეებად მათი ცნობა მოითხოვეს.
მ. გ-ამ წარმოდგენილ შეპასუხებაში მიუთითა, რომ მოსარჩელეები მ. გ-ას ბინით მოსარგებლეები იყვნენ. სახლი თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს შექმნის დღიდან ირიცხებოდა მ. გ-ას სახელზე. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის 02.02.01წ. ცნობის თანახმად, ქ. თბილისის ქალაქის გამგეობის ფონდში ინახებოდა 1897წ. ¹... საპოლიციო უბნის პლანშეტი, რომელზეც ნაკვეთი ¹.... და ¹.... ირიცხებოდა ა. გ. ქ. ა. ო. სახელზე. მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო, რომ სახლი გ-ებს ეკუთვნოდათ. აღნიშნულს ადასტურებდა მოსარჩელე მ. პ-ასა და გ. ყ-ის მშობლების მიერ დადებული ქირავნობის ხელშეკრულებები.
მ. გ-ას განმარტებით, იგი წლების მანძილზე იხდიდა ბინის დაზღვევის თანხას, ფლობდა საბინაო წიგნს და ბეჭედს, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.10.99წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ სახლის ფაქტობრივი მფლობელი მ. გ-ა იყო. მოსარჩელეებს ადრეც ჰქონდათ აღძრული სარჩელი საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ და სარჩელზე უარის თქმის გამო წარმოება შეწყდა; ე. გ-ას განცხადებით, სსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა არ შეიძლებოდა. ამასთანავე სსკ-ის 312-ე მუხლის შესაბამისად არ შეიძლებოდა იურიდიული მნიშვნელობის ისეთი ფაქტის დადგენა, რასაც მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ.
მ. გ-ას აზრით, სსკ-ის 272-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დადგენის ნაწილში სარჩელზე წარმოება უნდა შეწყვეტილიყო წარმოებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და ამასთანავე არასათანადო მოსარჩელეების მიერ იყო აღძრული.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 19.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-მა. აპელანტმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა: 1. სკ-ის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მ. სახელზე არსებული უკანონო ჩანაწერის გაუქმება; 2. სსკ-ის 312-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, კერძოდ, იმის დადგენა, რომ მ. არასდროს არ ყოფილა .... ქ. ¹18 მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე და შესაბამისად, არც მ. გ-ა შეიძლება ჩაითვალოს მის მესაკუთრედ; 3. სადავო ბინაზე მათი საკუთრების უფლების ცნობა. აპელანტმა შეამცირა მოთხოვნა და მხოლოდ პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 17.12.04წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას გადაეცა იმის გამო, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილული იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი შეცდომით იყო შესული სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში.
14.07.06წ. მ. გ-ას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას და სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის, როგორც განსჯადი სასამართლოსათვის, საქმის გადაცემა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.06წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საქმეში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.06წ. განჩინებით ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობის თაობაზე საკითხის გადასაწყვეტად განსახილველად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასკ-ის მე-2 მუხლის შესაბამისად, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა, თუ იგი გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართალურთიერთობიდან და ეფუძნება ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული დავა ეხება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენას, რაც არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სსკ-ის 310-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დგინდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საჯარო რეესტრის მიერ ხდება მხოლოდ მისი ფიქსაცია. რეესტრის უზუსტო ჩანაწერის გაუქმება წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, მაგრამ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენამდე ვერ გაუქმდება გაიდაროვ მიუზანის სახელზე არსებული ჩანაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შეადგენს: 1. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში მ. გ-ას სახელზე არსებული უკანონო ჩანაწერის გაუქმება და იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტის დადგენა, რომ მ. გ-ა არ ყოფილა .... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე და შესაბამისად არც მ. გ-ა ჩაითვლება აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში განხილვის საგანს შეადგენს სსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, ხოლო გ-ა მ. სახელზე არსებული ჩანაწერის გაუქმება _ ზემოაღნიშნული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის თანმდევი შედეგია.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აპელანტი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სამოქალაქო კოდექსის 313-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლების საფუძველზე ითხოვს, სააპელაციო საჩივარი თავისი არსით არ წარმოადგენს უდავო სამართალწარმოებით განსახილველ საქმეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უდავო წარმოების წესით განსახილველი საქმე აღიძვრის არა კონკრეტული მოპასუხისადმი სარჩელის მიმართვით, არამედ განცხადების შეტანის გზით, რომელიც შეიცავს სასამართლოსადმი მიმართულ მოთხოვნას იურიდიული მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ გარემოების დადგენის ანდა უდავო უფლების დადასტურების შესახებ. სსკ-ის 312-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სასამართლო ადგენს ფაქტებს, რომლებზედაც დამოკიდებულია მოქალაქეთა და ორგანიზაციათა პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა, თუ შეუძლებელია მათი დადგენა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 315-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაში უნდა აღინიშნოს რა მიზნით სჭირდება განმცხადებელს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა, განცხადებასთან ერთად სასამართლოს უნდა წარედგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებილის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული(გამოცემული) ადმინისტრაციული აქტის მეშვეობით. უდავო სამართალწარმოებით შესაძლებელია მხოლოდ ფაქტების დადგენა და არა რომელიმე ორგანოს მონაცემებით დადგენილი, დადასტურებული გარემოების სხვაგვარად, განმცხადებლის ნების შესაბამისად შეცვლა.
განსახილველ შემთხვევაში საქმისწარმოება დაწყებულია სასარჩელო განცხადების საფუძველზე, საქმეში მოპასუხედ ჩართულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს უფლებამონაცვლე), დავის საგანს ადმინისტრაციული ორგანოს რეესტრის მონაცემის კანონიერება შეადგენს, აპელანტს მიაჩნია, რომ .... ქ. ¹18-ში მდებარე სახლი შეცდომით იქნა აღრიცხული მ. გ-ას სახელზე და მის გაუქმებას მოითხოვს. მოსარჩელე მითითებული საფუძვლით მიიჩნევს, რომ მ. გ-ა არასოდეს ყოფილა ზემოაღნიშნული ბინის მესაკუთრე და არც მისი მემკვიდრე, მ. გ-ა არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ქონების მესაკუთრედ. ამდენად, ის გარემოება, რომ მ. გ-ა არასოდეს არ ყოფილა .... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრე და არც მისი მემკვიდრე მასმა გაიდაროვა უნდა ჩაითვალოს უძრავი ქონების მესაკუთრედ _ არ წარმოადგენს უდავო სამართალწარმოების წესით დასადგენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს. საკითხი უშუალოდ უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას, აპელანტი მითითებული ფაქტის დადგენას არ მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია დაიკარგა ან განადგურდა, საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ აპელანტი სადავო უფლების დადგენას ითხოვს. ამასთანავე, განსახილველი საკითხი არ გამომდინარეობს სამოქალაქო(მათ შორის, არც მემკვიდრეობითი) სამართლიდან. აპელანტი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე ითხოვს. კერძოდ, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ..... ქ. ¹18-ში მდებარე საცხოვრებელი უძრავი ქონება მოპასუხე ორგანიზაციაში აღრიცხულია მ. გ-ას სახელზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღრიცხვა განხორციელებულია 1940წ. (ს.ფ. 10). მოცეულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის საფუძველია ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ დადგენილი წესების დარღვევით, იურიდიული საფუძვლის გარეშე, შეცდომით აღრიცხა სახლი მ. გ-ას სახელზე და რომ მის მამკვიდრებელ ე. ქ. ა. ო. .... ქუჩაზე საკუთრება არ გააჩნდა, მის ქონებას მიკუთვნებული საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა სხვა ქუჩაზე. ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოთხოვნას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საცხოვრებელი სახლის მ. გ-ას სახელზე აღრიცხვა. “სახელმწიფო რეესტრის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა უფლებათა რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო რეესტრში, ხოლო “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონის 26-ე, 27-ე და 28-ე მუხლების თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური ხარვეზის შესწორება, ასევე საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება. ამავე კანონით დადგენილია როგორც საჯარო რეესტრის ჩანაწერის შეცვლის, გასწორებისა და გაუქმების, ასევე პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას სარეგისტრაციო მონაცემებში შესწორების შეტანის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.