Facebook Twitter

ბს-936-897(გ-07) 14 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უძრავი ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ბ-ემ მოპასუხე ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ.

სარჩელის თანახმად, 2004 წლის 27 აპრილს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარდა აუქციონი ო. ა-ის სახელზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე _ ქ. თბილისი, ოქროყანა, ........... ქ. ¹....., 1/2 წილი, ლიტ “ა”, ერთი სართული საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა, სასარგებლო ფართი 135.24კვ.მ, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 4, საცხოვრებელი ფართი 70.84კვ.მ, დამხმარე ფართი 64.4კვ.მ, სამეურნეო ფართი 135.16კვ.მ, განლაგებული 2464კვ.მ მიწის ნაკვეთზე) რეალიზაციის მიზნით. აღნიშნულ აუქციონზე გაიმარჯვა მ. ბ-ემ, რომელმაც ქონება შეიძინა 51395.43 ლარად, მანვე გადაიხადა საგადასახადო დეპარტამენტში ქონების გადასახადი და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მის სახელზე.

ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს ზემოდან დაშენებული ჰქონდა მანსარდი, რომელიც წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის განუყოფელ ნაწილს, თუმცა არ იყო აღნიშნული საჯარო რეესტრში. ამასთან, მოსარჩელის კუთვნილ ეზოში იდგა ორი ფაცხის სტილის ნაგებობა და ეზო შემოსაზღვრული იყო დამატებით 208კვ.მ მიწის ნაკვეთით, რომლებიც, ფაქტობრივად, მ. ბ-ის მფლობელობაში იმყოფებოდა, ვინაიდან წარმოადგენდა იმ უძრავი ქონების განუყოფელ ნაწილს, რომელიც მან აუქციონზე შეიძინა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს მის სახელზე მანსარდის ტიპის ნაგებობის, ორი ფაცხის სტილის ნაგებობისა და 208კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით, მაგრამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრისათვის ქ. თბილისი, ......... ქ. ¹.......-ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, მანსარდის ტიპის ნაგებობის, ორი ფაცხის სტილის ნაგებობისა და 208კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე აღრიცხვის დავალება (ს.ფ. 1-2).

2006 წლის 11 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადებით მ. ბ-ის წარმომადგენელმა მოპასუხედ დაასახელა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მანვე დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხისათვის უკანონოდ აშენებული მანსარდის ტიპის ნაგებობის, ორი ფაცხის სტილის ნაგებობისა და 208კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე დარეგისტრირების დავალება (ს.ფ. 16).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ. თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, მოსარჩელეს დავა აღძრული ჰქონდა საქართველოს სასაქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების საფუძველზე, კერძოდ, იგი ითხოვდა უკანონოდ აშენებული მანსარდის ტიპის ნაგებობის, ორი ფაცხის სტილის ნაგებობისა და 208კვ.მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას (ს.ფ. 18-19).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2007 წლის 17 სექტემბრის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადობის შესახებ და მ. ბ-ის სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად კი, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მწარმოებელი ორგანოების უფლება-მოვალეობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია არის უძრავ ნივთებზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის, ასევე მასზე საკუთრების უფლების მოპოვების წარმოშობისა და მასში ცვლილებების Aესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში.

კონკრეტულ შემთხვევაში დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რამდენადაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავი ქონების მ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების ვალდებულებაში. აქედან გამომდინარე, მ. ბ-ის სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (ს.ფ. 38-39).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განსჯადობის საკითხის გამორკვევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი და შესაბამისად, ამ სამართალურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. თბილისში, ......... ქ. ¹.....-ში მდებარე ქონების, კერძოდ, მანსარდის ტიპის ნაგებობის, ორი ფაცხის სტილის ნაგებობისა და 208კვ.მ მიწის ნაკვეთის მ. ბ-ის სახელზე აღრიცხვის დავალება. დავა განპირობებულია რეგისტრაციაზე მოპასუხის უარით, იმ მოტივით, რომ განმცხადებელს რეგისტრაციისათვის არ წარუდგენია მითითებულ ქონებაზე საკუთრების უფლების კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაცია.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკავშირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განხორციელებასთან, ანუ საკითხი ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე მისთვის მინიჭებული კომპეტენციის განხორციელების მართლზომიერებას. “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს (მუხლი 24). მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხეს ედავება, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილ ადმინისტრაციულ ორგანოს, აღნიშნული კანონით მის უშუალო კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე განსჯადი სასამართლოა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია და მ. ბ-ის სარჩელი მას უნდა გადაეცეს განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.