Facebook Twitter

ბს-937-898(გ-07) 15 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

19.04.07წ. ლ. ხ-მა ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა .......... უნივერსიტეტში გერმანული ენის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისათვის), ხოლო ამავე უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად 1980 წლიდან. მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და სტუდენტებს ასწავლიდა მაღალ აკადემიურ დონეზე, ხელმძღვანელობდა ასპირანტთა და მაძიებელთა ჯგუფებს, წერდა რეცენზიებს საკვალიფიკაციო ნაშრომებისა და სპეციალური ფაკულტეტის სტუდენტთა სადიპლომო შრომებზე, ამზადებდა სტუდენტებს გერმანულ ენაში სამეცნიერო კომფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, იყო სამეცნიერო შრომების და სტატიების ავტორი, დაჯილდოვებული იყო თსუ საპატიო სიგელით და ხასიათდებოდა, როგორც მაღალი აკადემიური დონის მასწავლებელი.

.......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/415 ბრძანების საფუძველზე ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არსებული აკადემიური და საშტატო ერთეულების გაუქმებისა გამო დასავლეთ-ევროპული ფილოლოგიისა და არაენობრივ ფაკულტეტზე მომუშავე ყველა პედაგოგთან ერთად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანებით დაინიშნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მასწავლებლის თანამდებობაზე სხვადასხვა პირები. ლ. ხ-ი არ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული. მოსარჩელის აზრით, ........... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანება უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკონკურსო კომისიის მოთხოვნებს წარმოადგენდა გერმანიაში სასწავლებლის დამთავრება და საკვალიფიკაციო კონკურსების გავლა გერმანიაში, ასევე საქართველოში, პროფესიული გამოცდილება, შრომები, სასწავლებლის წარჩინებით დასრულება. აღნიშნული მოთხოვნებიდან არ აკმაყოფილებდა მხოლოდ პირველს. საკონკურსო კომისიისა და გერმანული ენის კომისიის მიერ კონკურსანთა მონაცემების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება მოხდა საკონკურსო მოთხოვნების გვერდის ავლით, შეფასებული იქნა არაადეკვატური ქულებით. კასატორის განცხადებით, რექტორს რომ არ დაერღვია ზაკ-ის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი და საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და არგუმენტები კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოეკვლია და შეესწავლა, მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ოთხჯერ მიმართა რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. მოითხოვდა ოქმისა და საკონკურსო კომისიის დასკვნის ასლებს და ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს ემყარებოდა მის მიერ მითითებული აკადემიური მინაცემების სავალდებულო ციფრული მაჩვენებლები. ლ. ხ-ის განცხადებით, საჭირო საჯარო ინფორმაცია უნივერსიტეტისაგან ვერ მიიღო. სადავო საკითხის გადასაწყვეტად მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული დავა არ იყო მისი განსჯადი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა: 1. .......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე მის მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები; 2. ........... უნივერსიტეტის დავალდებულება გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის ჩატარებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.07წ. განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე მის მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შეჩერდა საქმისწარმოება ხელახალი კონკურსის ჩატარების შესახებ ლ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე სამოქალაქო კოლეგიაში საქმის გადაწყვეტამდე. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, მოპასუხე ორგანიზაციაში მასწავლებლის თანამდებობა არ განეკუთვნებოდა საჯარო სამსახურს, სადავო ბრძანება გამოცემული იყო შრომის კოდექსის შესაბამისად და მისი მართლზომიერების შემოწმებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.07წ. განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.05.07წ. განჩინება ხელახალი კონკურსის დავალების თაობაზე სარჩელის წარმოებით შეჩერების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.09.07წ. განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება ხელახალი კონკურსის ჩატარების შესახებ ლ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის გადაწყვეტამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ხ-მა. მითითებული კერძო საჩივარი დღეის მდგომარეობით ჯერ არ არის განხილული, ვინაიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ აღიძრა დავა განსჯადობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.09.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ ........ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 04.08.06წ. ¹01-02/415 ბრძანებით 2006 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არსებული აკადემიური და საშტატო ერთეულები და დასავლეთ-ევროპული ფილოლოგიისა და არაენობრივ ფაკულტეტზე მომუშავე ყველა პედაგოგი, მათ შორის ლ. ხ-ი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. უნივერსიტეტისა ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელმძღვანელისა და მასწავლებელთა საშტატო ერთეულების დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი და ........ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.12.06წ. ¹01-02/299 ბრძანებით შეიქმნა საკონკურსო კომისია. ჩატარებულ იქნა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა ლ. ხ-ი. .......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანებით დაინიშნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მასწავლებლის თანამდებობაზე სხვადასხვა პირები. ლ. ხ-ი არ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული.

სასამართლო კოლეგიის განცხადებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტისა და საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან უნდა ყოფილიყო გამომდინარე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო კონკურსი გამოცხადდა და ჩატარდა “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონის შესაბამისად. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომის კოდექსის თანახმად ხელშეკრულებების გაფორმება წარმოადგენდა ჩატარებული კონკურსის შედეგს და არ ცვლიდა მოცემული დავის საგნის არსს. ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც გაიარეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებული კონკურსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ლ. ხ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. მოსარჩელე ლ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნის საგანს შეადგენდა: 1. .......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე მის მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები; 2. ......... უნივერსიტეტის დავალდებულება გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის ჩატარებაზე. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავა წარმოიშვა სარჩელის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლითაც ლ. ხ-ი ითხოვდა ......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას. აღნიშნული ბრძანებით ........ უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში მასწავლებლის თანამდებობაზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები. ამავე ბრძანებით ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან ვერ მიიღო ოქმისა და საკონკურსო კომისიის დასკვნის ასლები, ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა კრიტერიუმებს ემყარებოდა მის მიერ მითითებული აკადემიური მონაცემების სავალდებულო ციფრული მაჩვენებლები. ამდენად, მოსარჩელის ორივე მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან, ლ. ხ-ი სადავოდ ხდის უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ კონკურს, რომლის შედეგებიც დამტკიცებული იქნა ზემოაღნიშნული ბრძანებით.

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და იწვევს სამართლებრივ შედეგს.

მოცემულ შემთხვევაში ......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 13.10.06წ. ¹01-01/245 ბრძანებით შეიქმნა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტზე ენების სწავლების ცენტრი და დამტკიცდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ენების სწავლების ცენტრის დირექტორის, დირექტორის თანაშემწის, რესურს ცენტრის ხელმძღვანელისა და მასწავლებელთა თანამდებობების დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსის წესი. კონკურსის წესის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ აღნიშნული თანამდებობის დაკავება უნდა განხორციელებულიყო ღია კონკურსის საფუძველზე საჯაროობის, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების მიხედვით. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვისა დ საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05წ. ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის “ღ” (რექტორის მოვალეობის შემსრულებელი “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესს) და “შ” (რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გამოსცემს ინდივიუდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში) ქვეპუნქტების და ......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 01.12.06წ. ¹01-01 ¹293 ბრძანების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.12.06წ. ¹01-01/299 ბრძანებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ენების სწავლების ცენტრის დირექტორის თანაშემწის, რესურს-ცენტრის ხელმძღვანელისა და მასწავლებელთა შერჩევის საკონკურსო კომისია. ......... უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 09.02.07წ. ¹46/02/03 ბრძანებით ჩატარებული კონკურსის შესაბამისად მასწავლებლის თანამდებობეზე დაინიშნენ სხვა პირები. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს ჩატარებული კონკურსის შედეგს, რაც არ ცვლის მოცემული დავის საგნის არსს. ვაკანტურ საშტატო ერთეულებზე დაინიშნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებულ კონკურსში და გაიმარჯვეს მასში. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკურში ჩატარების წესს და პირობებს არეგულირებს “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონი, რომელიც საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს და მაშასადამე ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება. ამდენად, სამართალსუბიექტურობის მიხედვით სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო, სამართალურთიერთობა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, რაც ადასტურებს საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსაზღვრის საჭიროებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკსაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და იგი განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საქროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.