¹ბს-975-929(გ-06) 25 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა დავა განსჯადობის თაობაზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ი. დ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 1482,03 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი, საკონკურსო პირობებით შერჩეული სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებულ ძალებში დასაქმების შესახებ. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. “საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი პროგრამის მონაწილე სამხედრო ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 ივლისის ¹274 ბრძანებულების შესაბამისად განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.1 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა სწავლების პერიოდში (3 თვე) მასზე დახარჯული თანხა. მოპასუხე ი. დ-ე დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა სწავლების პერიოდში მოპასუხეზე დახარჯული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც შეადგენდა 1482,03 ლარს (ს.ფ. 1-2).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგი საფუძვლით:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტული დავა განეკუთვნებოდა განსაკუთრებული განსჯადობის კატეგორიას, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ი. დ-ეს შორის კონტრაქტი დადებული იყო ქ. თბილისში, ხოლო მისი შესრულების ადგილად, საქმის მასალების მიხედვით, მიიჩნეოდა დაბა ვაზიანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის სასამართლოსათვის წარდგენას ითვალისწინებდა ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო და, ამდენად, სარჩელის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოს განეკუთვნებოდა თბილისის საქალაქო სასამართლო (ს.ფ. 23).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების მოტივები შემდეგში მდგომარეობს:
საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ხელშეკრულების შესრულების ადგილი ან ის ადგილი, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულდეს. ხელშეკრულების საგანია “საკონკურსო პირობებით შერჩეული სამხედრო მოსამსახურის შემდგომი აუცილებელი სამწლიანი დასაქმება საქართველოს შეირაღებულ ძალებში”. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საერთო განსჯადობის წესები. კერძოდ, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი კაპრეშუმი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ იყო უფლებამოსილი, განეხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოცემული სარჩელი მოპასუხე ი. დ-ის მიმართ (ს.ფ. 27-28).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქმის განსჯადობის საკითხზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დავის საგანია სამინისტროსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება. ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულება დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორციელების _ სახელმწიფოსათვის სამხედრო მოსამსახურეთა კორპუსით უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, მოცემული საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს. აღნიშნული საქმის დარგობრივი განსჯადობა სწორად არის შეფასებული როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ და მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის. სადავოა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განსახილველი საქმის ტერიტორიული განსჯადობა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიჩნევის შესახებ დასაბუთებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული განსჯადობის მოთხოვნით, რომ სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის განსჯადობის მიმართ ვერ გავრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რამდენადაც ხელშეკრულება, რომლის შეუსრულებლობის გამო თავდაცვის სამინისტრო ითხოვს მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას, არ შეიცავას შესრულების ზუსტ ადგილზე მითითებას, ხელშეკრულებიდან მისი შესრულების კონკრეტული ადგილი არ იკვეთება.
მოცემულ დავასთან მიმართებაში ასევე გამოირიცხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის გამოყენება, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საპროცესო კანონმდებლობის ნორმათა გათვალისწინებით რამდენიმე სასამართლოს განსჯადი არ არის. ამდენად, სარჩელი ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საერთო განსჯადობის წესით განხილვას, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებულ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ი. დ-ის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.