Facebook Twitter

ბს-980-939(გ-07) 30 ოქტომბერი, 2007 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ, შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ხაშურის რაიონულ და გორის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ა. ჯ-ემ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ გორის საგადასახადო ინსპექციისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ და მოპასუხის გორის საგადასახადო ინსპექციის დავალდებულება ახალი აქტის გამოცემის თაობაზე /იხ.ს.ფ. 2-3/.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის განჩინებით ა. ჯ-ის სარჩელზე, მოპასუხის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე, შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო, ხოლო ა. ჯ-ის სარჩელი გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს _ გორის რაიონულ სასამართლოს, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი და განმარტა, რომ სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირის მიმართ _ მისი ადგილსამყოფლის მიხედვით, სასამართლოს დასკვნით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრული იყო გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია ქ. გორი, შესაბამისად სარჩელის განხილვის განსჯად სასამართლოს გორის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა /იხ.ს.ფ. 28-30/.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის განჩინებით ა. ჯ-ის სარჩელი მოპასუხეების _ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-16, 22-ე მუხლები და განმარტა, რომ სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს, შესაბამისად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჯ-ის სარჩელი დასაშვებობის ნაწილშიც, როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, უნდა განეხილა ხაშურის რაიონულ სასამართლოს /იხ.ს.ფ. 106-112/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ხაშურის რაიონული და გორის რაიონული სასამართლოების მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ა. ჯ-ის სარჩელი გორის რაიონული სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს განჩინება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ იმსჯელა თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე და რა მოსაზრებით მივიდა ამგვარ დასკვნამდე, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394. «ე» მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში ა. ჯ-ის სარჩელზე თავდაპირველად მოპასუხეებს წარმოადგენდნენ გორის საგადასახადო ინსპექცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ა. ჯ-ის მოთხოვნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მიიჩნია დაუშვებლად და სარჩელის ამ ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო ა. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ _ გორის რაიონულ სასამართლოს.

გორის რაიონულმა სასამართლომ, მიიჩნია რომ ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ, რომელმაც იგი წარმოებში მიიღო, თუნდაც შემდგომში ეს საქმე სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის გამოყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საჭიროებს ამ სამართალწარმოების თავისებურების აუცილებელ გათვალისწინებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ანუ კანონმდებელი ნეგატიური დათქმის პრინციპზე აგებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას, შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების ამ კონტექსტში განუმარტავად გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს მხარეთა საპროცესო უფლებების შეზღუდვას.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილი სასამართლოს პრინციპს, რამდენადაც იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს, საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 «ა» მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი, როცა საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით გორის რაიონულ სასამართლოს სსსკ-ის 15.1. მუხლის საფუძველზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი სასამართლო, იმ პირობებში, როცა სარჩელზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ დაუშვებლობის გამო შეწყდა წარმოება ა. ჯ-ის სარჩელზე მოპასუხის გორის რაიოონული სასამართლოს მიმართ განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს აღარ წარმოადგენდა, შესაბამისად არაუფლებამოსილი იყო განეხილა მოცემული დავა, როგორც ტერიტორიულად არაგანსჯად სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ხაშურის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა როგორც საგნობრივად, ასევე ტერიტორიულად განსჯად სასამართლოს, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს (ალტერნატიული განსჯადობა), რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო, თუმცა იმ პირობებში, როცა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ ა. ჯ-ის სარჩელზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო, სარჩელის მეორე მოთხოვნაზე უფლებამოსილ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლო მოპასუხის ადგილსამყოფლის საფუძველზე. ამდენად, ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ჯ-ის სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს განსჯად საქმეს წარმოადგენს და განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.