Facebook Twitter

¹ბს-989-943 (კ-06) 25 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განიხილა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგებს შორის რ. მ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის შესახებ წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

23.05.05წ. რ. მ-ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელის განმარტებით, 1978 წლიდან ფლობს ქ. თბილისში, .... ზემო პლატოზე მდებარე მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას. მიწის ნაკვეთისა და შენობის რეგისტრაციაში გატარების თხოვნით 25.01.05წ. მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას.

სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ" უძრავი ქონების რეგისტრაციაზე უარი იმ მიზეზით განუცხადა, რომ არ დასტურდებოდა რ. მ-ის მიერ რეგისტრაციაში გასატარებელი ქონების 1994 წლამდე ფლობის ფაქტი. მოსარჩელემ მესაკუთრედ ცნობა და აღნიშნული უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციაში გატარება სსრ მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილების საფუძველზე მოითხოვა, რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.05წ. განჩინებით რ. მ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარე მის წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემის გადასაწყვეტად მიმართავდა სამოქალაქო სამართლის ნორმებს და მოითხოვდა მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობის მესაკუთრედ ცნობას. სასამართლოს აზრით, უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარება წარმოადგენს რ. მ-ის ნივთის მესაკუთრედ ცნობის თანამდევ შედეგს.

12.10.06წ. რ. მ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და აღნიშნა, რომ ტექნიკური ბიუროს საარქივო მასალებში რ. მ-ის სახელზე 1991 წლიდან ირიცხება ქ. თბილისში, .... ზემო პლატოზე არსებული 2540 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მის სახელზე ქ. თბილისში, ფუნიკულიორის ზემო პლატოზე არსებული, მის მფლობელობაში არსებული იმ უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა, რომელიც ტექინვენტარიზაციის ბიუროში მის სახელზე იყო აღრიცხული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.10.06წ. განჩინებით რ. მ-ის სარჩელის გამო წარმოებული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საკასაციო სასამართლოს. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოპასუხე ორგანიზაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, ხოლო მისი უარი მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონთან. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ რ. მ-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის უძრავი ქონების რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე ასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს შეადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ რ. მ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

ასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. დავა ეხება არა საკუთრების უფლების, არამედ მის რეგისტრაციაში გატარებას. რ. მ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განხორციელებასთან, კერძოდ უძრავ ნივთებზე რეგიტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა რეგისტრაციას, რაც ასკ-ის 2.2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავის საგანს წარმოადგენს. მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაზე, კერძოდ, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილებებზე. ამდენად, განსახილველი დავის საგანი დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და სარჩელი აღძრულია ასკ-ის 2.2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად საქმეს წარმოადგენს. ამდენად, რ. მ-ის სარჩელი განსახილველად განსჯად სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა გადაეცეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.