¹ბს-989-947(გ-07) 6 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები ლევან მურუსიძე
ნინო ქადაგიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ახმეტის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის ა. ფ-ის სარჩელის განსჯადობის შესახებ არსებული დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
11.06.07წ. ახმეტის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ფ-მა, მოპასუხე სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ახმეტის ფილიალის მიმართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირების შესახებ. მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 1992 წლიდან 1994 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა სოფელ .....-ში მცხოვრებ გ. ლ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. ა. ფ-ის განცხადებით 1994წ. მისი მეუღლე გაემგზავრა რუსეთში სამუშაოდ, მეუღლის მშობლებმა აიძულეს შვილებთან ერთად დაეტოვებინა მათი სახლი. 12 წლის მანძილზე ცხოვრობს ავადმყოფ დედასთან ერთად, რომელმაც გამოუყო მას საცხოვრებლად მისსავე სახლის გვერდზე მდებარე ერთი ოთახი. 2006წ. სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის შეამოწმეს მისი საცხოვრებელი პირობები, მიანიჭეს სარეიტინგო ქულა 30230, გადასცეს შესაბამისი მოწმობა და მოაწერინეს ხელი დეკლარაციაზე, რომ მიიღებდა 54 ლარს. 2006 წლის დეკემბერში მოსარჩელესთან განმეორებით მივიდა სხვა აგენტი და რადგანაც ა. ფ-ი ცხოვრობდა დედასთან, აღწერეს დედის ქონებრივი მდგომარეობაც, რამაც შეადგინა 47400 ქულა. აღნიშნული ქულა დაუმატეს ა. ფ-ის სარეიტინგო ქულას და მათ მისცეს მოწმობა, რომლის თანახმადაც დახმარება აღარ მიეცემოდათ.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 02.07.07წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.10.06წ. ¹264/6 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ცენტრალური აპარატის, რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრისა და რაიონული (საქალაქო) განყოფილების დებულების” მე-16 მუხლის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) განყოფილება წარმოადგენს სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოზე დაკისრებულ უფლებამოსილებას. სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილება, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება იურიდიულ პირად, რომელიც უნდა ჩაერთოს საქმის წარმოებაში მოპასუხედ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ადგილსამყოფელის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. ¹51.
14.09.07წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ადმინისტრაციული საქმე ა. ფ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ახმეტის ფილიალის მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადასცა საქართველის უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მოსარჩელე თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმ სუბიექტს, ვინც პასუხი უნდა აგოს მის მოთხოვნაზე, რის შესახებაც ვალდებულია მიუთითოს სასარჩელო განცხადებაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლისა. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი წარდგენილია ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო ვალდებულია მოსარჩელეს მისცეს საპროცესო ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრულია არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიმართ ვინც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე, იგი უფლებამოსილია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადობის განსაზღვრისას არასწორად იქნა ახმეტის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საერთო განსჯადობის დაცვით სარჩელის წარდგენას. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის ანალოგიით და განცხადება მიეჩნია განსჯადობით სწორად წარდგენილად, ვინაიდან მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ, დამოკიდებულია მის არჩევანზე, ხოლო ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, იგი გადაეცემა სასამართლოს მოსარჩელის არჩევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე ახმეტის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე ახმეტის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მხოლოდ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა და შესაბამისად, ა. ფ-ის სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში ა. ფ-მა მოპასუხედ მიუთითა სსიპ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ახმეტის ფილიალი, რომლის ადგილსამყოფელი იყო ახმეტა, ...... ქ. ¹49.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მოსარჩელის თანხმობის გარეშე სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხის განსაზღვრა და აღნიშნულის შედეგად ტერიტორიული განსჯადობის შეცვლა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე ვალდებულია სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს მოპასუხე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი არ განუხილავს, აღნიშნული სადავოდ არც მხარეებს გაუხდიათ. სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახმეტის ტერიტორიული განყოფილება არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს, რომელიც საქმეში მოპასუხე შეიძლება ყოფილიყო, არ ქმნის საქმის განსჯადობით იმ სასამართლოსათვის გადაცემის საფუძველს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც მდებარეობს, სასამართლოს აზრით, სათანადო მოპასუხე. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავის დასაშვებობა არ ათავისუფლებს სასამართლოს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნების დაცვისაგან, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით და არა თავისი ინიციატივით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახმეტის რაიონული სასამართლოს მიერ მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.10.06წ. ¹264/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების” მე-5 მუხლით დადგენილია სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სტრუქტურა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, რაც არ ადასტურებს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ტერიტორიული ორგანო განსახილველ საქმეში მოპასუხეს არ წარმოადგენდეს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 06.10.06წ. ¹264/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულება” ახმეტის რაიონული სასამართლოს 02.07.07წ. განჩინების მიღების დროისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. ¹190/ნ ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ფ-ის სარჩელი ახმეტის რაიონული სასამართლოს განსჯადია და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს ახმეტის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ფ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახმეტის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ახმეტის რაიონულ სასამართლოს;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.