ბს-998-962(გ-08) 13 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ,
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1998 წლის 13 მაისს გარდაბნის დაცვის პოლიციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,ს-ას” მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 2280 ლარის ანაზღაურება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს ,,ს-ას” გარდაბნის დაცვის პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 2384 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს-ამ”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 11 მარტის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
1999 წლის 1 აპრილს გარდაბნის დაცვის პოლიციამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციისათვის ზიანის ანაზღურების სახით 41312,5 ლარის დაკისრება.
გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 15 ივნისის განჩინებით შეჩერდა გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციის სარჩელზე საქმის წარმოება, შპს ,,ს-ან” ნავთობპროდუქტების დატაცებასთან დაკავშირებით, გარდაბნის პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მარტის განჩინებით შპს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საკუთრების დაცვის გარდაბნის რაიონის პოლიციის განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,ს-ას” დაეკისრა საკუთრების დაცვის პოლიციის განყოფილების სასარგებლოდ 3858.47 ლარის გადახდა; შპს ,,ს-ას” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; არასაუწყებო დაცვის გარდაბნის რაიონის პოლიციის განყოფილებას დაეკისრა შპს ,,ს-ას” სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურება 69.913.47 ლარის ოდენობით, ასევე წარმომადგენლის ხარჯის – 1640 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 1720.44 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციამ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას შპს ,,ს-ას” სასარგებლოდ 69.913,47 ლარის დაკისრების ნაწილში და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
2003 წლის 18 მარტს შპს ,,ს-ამ” შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რომ განსახილველ საქმეში შსს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად მოპასუხედ ჩაბმულიყო შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო და ზარალის ანაზღაურება მოპასუხეებს დაკისრებოდათ სოლიდარულად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს ,,ს-ას” შეგებებული სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის განჩინებით შპს გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილებამ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ გარდაბნის პოლიციის განყოფილების სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელება; დ) თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და კერძო სამართლის სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული დავალიანებისა და ასევე ზიანის ანაზღურება, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ, არამედ კერძოსამართლებრივ ხელშეკრულებას, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა არ დაეთანხმა ადმინისტრაციული კოლეგიის მოსაზრებას საქმის სამოქალაქო წესით განხილვის თაობაზე და მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უმთავრესია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი – ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს. აღნიშნული ნორმის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლებელია, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ სარჩელი აღძრულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილებას ნაკისრი აქვს ვალდებულება, ,,დამკვეთის” შპს ,,ს-ას” კუთვნილ ობიექტზე არსებული მატერიალური ფასეულობანი შეუნარჩუნოს ,,დამკვეთს” ობიექტის დაცვაზე აყვანის მომენტიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობის პერიოდში, ხოლო მოპასუხე შპს ,,ს-ას” შემხვედრი ვალდებულებაა, გადაიხადოს დაცვის მომსახურეობის ღირებულება, თვეში 720 ლარის ოდენობით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია დადგინდეს, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება სსიპ გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების მიერ, მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელების მიზნით თუ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანაა დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებასა და კანონიერი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით დამტკიცებული მისი წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა რომ დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 09 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან და ამ ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.
ამდენად, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის, ის კერძო პირების, ხელშეკრულების საფუძველზე დაცვა ერთნაირად წარმოადგენს დაცვის პოლიციის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, შესაბამისად იგი ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივრის თაობაზე განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას მოცემული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის დავად მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ამოსავალია სადავო სამართალურთიერთობის შინაარსი, რის გასარკვევადაც არსებითია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი _ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს სასამართლოში. აღნიშნული ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, არ არის ამოსავალი ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობისათვის, რადგან შესაძლოა, ორ ადმინისტრაციულ ორგანოს შორის დაიდოს სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება და პირიქით, ცალკეულ შემთხვევებში, სათანადო პირობების არსებობისას, კერძო სამართლის სუბიექტებს შორის შესაძლებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის მიერ აღძრულია სარჩელი შპს ,,ს-ას” მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად გადამწყვეტია იმის გარკვევა, დადებულია თუ არა ეს ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის მიერ მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ _ მოსარჩელის უშუალო კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია და დამტკიცდა მისი წესდება. აღნიშნული წესდების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განისაზღვრა, რომ დაცვის პოლიციის ამოცანებია დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. იმავე მუხლის მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიცია ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 თებერვლის ¹90 ბრძანებულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიცია რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტად, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დაცვის პოლიციის წესდება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ამ დეპარტამენტის დებულების დამტკიცება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის ¹266 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება, რომლის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დეპარტამენტი არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის ¹261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლე. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების განხორციელების მიზნით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულებების საფუძველზე ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დაცვას.
ამდენად, დაცვა წარმოადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას, ანუ ამ შემთხვევაში დაცვის პოლიციის გარდაბნის დაცვის პოლიცია ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხის ანაზღაურებას, რის გამოც ხსენებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება უნდა განხილულიყო, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებული დავებიც განიხილებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიცია სადავო ურთიერთობაში არ ახორციელებდა კანონით მინიჭებულ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივრის გამო შპს “ს-ას” მიმართ, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივარი მოპასუხე შპს “ს-ას” მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.