ბს-1008-966(კ-09) 5 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის, ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ს. ბ-იანის, ი. მ-იანისა და ვ. მ-იანის წარმომადგენლების - მ. ც-იასა და შ. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
..., ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობამ, ჯ. შ-ძემ, რ. ბ-ძემ, ს. ბ-იანმა, ი. მ-იანმა და ვ. მ-იანმა 2001 წლის 6 ნოემბერს, სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისანი-სამგორის პოლიციის უფროსის ნ. ჯ-ძის, ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლების - თ. ა-ძის, ნ. ჯ-ძისა და ჯ. ჯ-ძის მიმართ. კასატორებმა მოითხოვეს 2001 წლის 27 თებერვალს, ელიას დასახლებაში ... რელიგიური კონგრესის ჩაშლისა და მათზე თავდასხმის დაშვების გამო, დამსწრეთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისა და კონგრესის ადგილის გაძარცვისათვის მოპასუხეებისათვის დაუყოვნებლივ საჯაროდ ბოდიშის მოხდის დავალდებულება; ასევე მოპასუხეების დაუყოვნებლივ დავალდებულება განცხადების გაკეთების თაობაზე, რომ დაიცავენ ... აღმსარებლობის თავისუფლებას, მათ შორის უფლებას ჩაატარონ რელიგიური შეხვედრები და მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც დაარღვევს მათ უფლებებს; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მოპასუხეების მიერ სოლიდარულად თითოეული მოსარჩელისათვის 1000 ლარის ანაზღაურება, მათ შორის, ორი მოსარჩელისათვის, რომლებიც მათი წევრების სახელით გამოდიოდნენ, რომლებმაც განიცადეს ზიანი პოლიციელთა უკანონო ქმედებების გამო 2001 წლის 27 თებერვალს, მორალური ზიანის ანაზღაურება და ასევე ამ თავდასხმის შედეგად განადგურებული და გატაცებული ნივთების ღირებულების ანაზღაურება, რაც შეადგენს 600 ლარს; მოსარჩელეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება დაუყოვნებლივ გამოიყენოს ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინარული ზომები ყველა პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებმაც პირდაპირ და ირიბად მონაწილეობა მიიღეს 2001 წლის 27 თებერვალს, თბილისში, ელიას დასახლებაში, ... რელიგიური კონგრესის ჩაშლისა და მათზე თავდასხმის დაშვებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება: დაუყოვნებლივ მისცეს ინსტრუქციები საქართველოს შსს სამმართველოს ყველა განყოფილებას; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ... რელიგიურ თავისუფლებას.
ქ. თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოთმითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის მხარის მიერ, რომელმაც მოითხოვა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის, ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ს. ბ-იანის, ი. მ-იანისა და ვ. მ-იანის წარმომადგენელმა მ. ც-იამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინებით ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ი. მ-იანის, ვ. მ-იანის, ს. ბ-იანის, ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის, ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ს. ბ-იანის, ი. მ-იანისა და ვ. მ-იანის წარმომადგენლებმა - მ. ც-იამ და შ. კ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის, ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ს. ბ-იანის, ი. მ-იანისა და ვ. მ-იანის წარმომადგენლების - მ. ც-იასა და შ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს».
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევის ფაქტი არ დასტურდება და შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ დასაბუთებული ვერ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა მოპასუხეების მიმართ წაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა, რაც ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მოსაზრებით წარმოადგენს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. ც-იას საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 448 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 313,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ..., ... საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის, ... კავშირის, ჯ. შ-ძის, რ. ბ-ძის, ს. ბ-იანის, ი. მ-იანისა და ვ. მ-იანის წარმომადგენლების - მ. ც-იასა და შ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 მაისის განჩინება;
3. მ. ც-იას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი – 313,6 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.