Facebook Twitter

¹ბს-100-95(კ-09) 30 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს მთავრობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. მ-იანი (მოსარჩელე)

დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. მ-იანმა 2007 წლის მარტში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს მთავრობის მიმართ და მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. მ-იანი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-იანი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ა. მ-იანის შრომის წიგნაკში, 1992 წლის 1 თებერვლის ჩანაწერით დადგენილი იქნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა ა. მ-იანს უზენაესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება, რაც არ განახლებულა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-იანი საარჩევნო ბლოკის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» პარტიული სიით (¹103) იქნა არჩეული საქართველოს უზენაეს საბჭოში და იგი ნამდვილად იყო 1991 წელს მმართველო პოლიტიკური ძალის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს წევრი». სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ა. მ-იანის დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერასთან, ანუ სახეზე იყო მოსარჩელის პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული შემთხვევა სრულად აკმაყოფილებს «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავრობამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიჩნია ა. მ-იანის სამსახურიდან დათხოვნა რეპრესიად, რომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება იმის შესახებ, იყო თუ არა ა. მ-იანის დათხოვნა დაკავშირებული პოლიტიკურ შეხედულებასთან, ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერასთან, ანუ სახეზე იყო თუ არა პოლიტიკური მოტივით მოსარჩელს თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი.

კასატორი თვლის, რომ მხოლოდ მრავალპარტიული საარჩევნო ბლოკის“ მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს” პარტიული სიით უზენაეს საბჭოში არჩევა და ამ პოლიტიკური ბლოკის წევრობა არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერის საერთო პოლიტიკური შეხედულებების და პირის პოლიტიკური მოტვით თანამდებობიდან უკანონო დათხოვნის უტყუარ საფუძვლად.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია მრავალპარტიული ბლოკის “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს” შემავალ რომელ პარტიას ეკუთვნოდა მოსარჩელე ა. მ-იანი; ეს პარტია თავისი პოლიტიკური შეხედულებით წარმოდგენდა თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდამჭერ პარტიას და სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ პოლიტიკური მოტივით ნამდვილად იქნა თუ არა გამოყენებული “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იძულების ფორმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. მ-იანის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ა. მ-იანი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად. იგი საარჩევნო ბლოკის «მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს» პარტიული სიით იქნა საქართველოს უზენაეს საბჭოში არჩეული ¹103, როგორც მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრი. საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე 1992 წლის 2 იანვარს მოხდა ა. მ-იანის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება, რაც შემდგომ აღარ განახლებულა.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა. მ-იანის თანამდებობიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ შეხედულებებთან და ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერასთან, ანუ სახეზე იყო მოსარჩელის პოლიტიკური მოტივით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონით ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით; ამ ნორმის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოაქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული ცვლილებებითა და დამატებებით მითითებული კანონის მოქმედება გავრცელდა საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდგომ დამოუკიდებელ საქართველოს ტერიტორიაზე. იმავე ცვლილებებითა და დამატებებით აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა და განადგურება, თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილებიდან უკანონო დათხოვნა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ ადამიანის უფლების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებებით, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან, აგრეთვე, ამ კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული იძულების ფორმები. იმავე კანონის მე-4 მუხლს 2005 წლის 24 ივნისს დაემატა მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს სასამართლოების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდება ემყარებოდა კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურებში სამსახურს ან ამ სტრუქტურების მხარდაჭერას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვეპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობის საკმარისი საფუძველი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებუ-ლი) კანონი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ იქნა დადასტურებული მოსარჩელეზე ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული პოლიტიკური მოტივით დევნის განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული პოლიტიკური რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან მშვიდობიანი საშუალებით, რაც დაადასტურა ასევე მოსარჩელემაც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე; აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის სუბიექტს, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება

3. ა. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.