Facebook Twitter
ბს-1009-967(კ-09)

ბს-1009-967(კ-09) 4 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ინდივიდუალურ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...»-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტმა 26.11.03წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე – მენაშენეთა ამხანაგობა «...» მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისთვის ზარალის – 6076 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისთვის 7236 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.04.04წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 07.02.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 26.04.04წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მერიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგულირების კომიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდა და ამხანაგობა «...»-ს დაეკისრა ზარალის ანაზღაურება 7236 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა «...»-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.11.05წ. განჩინებით ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.02.05წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.09წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 26.04.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» დაეკისრა 7236 ლარის ზიანის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...», რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის წარმომადგენელს – თ. ჯ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 20.07.09წ. ¹38 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 01017023263) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 253,26 ლარის ოდენობით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.