Facebook Twitter

ბს-1009-973(კ-08) 14 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. შ-ე, შუახევის რ-ნის შინაგან საქმეთა განყოფილება (მოპასუხეები)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება _ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა_სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ბ-ემ 2007 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შუახევის შს განყოფილებისა და ჟ. შ-ის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ფულადი თანხის დაკისრების შესახებ.

ჟ. შ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილდა მ. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო; სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟ. შ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

მ. ბ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

მ. ბ-ემ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 15 ოქტომბრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით მ. ბ-ეს დაავალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მ. ბ-ეს ჩაბარდა 2008 წლის 25 ოქტომბერს.

მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის 50 ლარამდე შემცირება, რომელსაც გადაიხდის ერთი თვის ვადაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინების ასლი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ მ. ბ-ეს ჩაბარდა 2008 წლის 25 ნოემბერს. მ. ბ-ემ 2008 წლის 1 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის თანხის_300 ლარის გადახდის გადადება სამი თვით იმ საფუძვლით, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები უმუშევრები არიან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი, რადგან კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის თანახმად საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 აპრილის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.