Facebook Twitter

ბს-1014-978(კ-08) 11 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ _ ნ. ნ.-ე, ა. ბ.-ე, ე. დ.-ე, ნ. ქ.-ე, რ. ბ.-ე, დ. დ.-ე, თ. ბ.-ე, ი. ლ.-ე, ე. ფ.-ე (მოსარჩელეები)

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ნ.-მ, ა. ბ.-მ, თ. ბ.-მ, ი. ლ.-მ, ნ. ქ.-მ, დ. დ.-მ, რ. ბ.-მ, ე. დ.-მ, ე. ფ.-მ და ვ. დ.-მ 2006 წლის 16 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში მოპასუხე ...-ს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ის, დ. დ.-ის, ე. ფ.-ის, ვ. დ.-ის, ი. ლ.-ისა და თ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ.-მ, ე. ფ.-მ, ი. ლ.-მ, ნ. ნ.-მ, ა. ბ.-მ, ე. დ.-მ, ნ. ქ.-მ, რ. ბ.-მ და დ. დ.-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებით თ. ბ.-ის, ე. ფ.-ის, ი. ლ.-ის, ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ისა და დ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ნ.-მ, ა. ბ.-მ, ე. დ.-მ, ნ. ქ.-მ, რ. ბ.-მ, დ. დ.-მ, თ. ბ.-მ, ი. ლ.-მ და ე. ფ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ის, დ. დ.-ის, თ. ბ.-ის, ი. ლ.-ისა და ე. ფ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ის, დ. დ.-ის, თ. ბ.-ის, ი. ლ.-ისა და ე. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ის, დ. დ.-ის, თ. ბ.-ის, ი. ლ.-ისა და ე. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს 2008 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელიც შეეხება აპელანტების ნ. ნ.-ის, ა. ბ.-ის, ე. დ.-ის, ნ. ქ.-ის, რ. ბ.-ის, დ. დ.-ის, თ. ბ.-ის, ი. ლ.-ისა და ე. ფ.-ის მიწაზე საკუთრების უფლების გაუქმებას; დაევალა ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის ¹30 დადგენილებით დამტკიცდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 1998 წლის 30 დეკემბრის ¹172; ¹173; ¹174; ¹175; ¹176; ¹177; ¹178 და 2004 წლის 22 მარტის ¹12 გადაწყვეტილებები ხელვაჩაურის რაიონის კოოპერაციულ მეურნეობებში სარეფორმო ფონდების დამტკიცების შესახებ და აღნიშნული დადგენილებით ...-ს კოოპერაციულ მეურნეობაში სარეფორმო ფონდში ჩაირიცხა სულ 51 ჰა; აქედან მრავალწლიანი ნარგავები – 45 ჰა, მათ შორის: ციტრუსი – 18 ჰა, ჩაი – 20 ჰა, დაფნა – 2ჰა, ხეხილი – 3 ჰა, სხვადასხვა ნარგავი - 2 ჰა, სახნავი – 6ჰა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 26 აპრილის სხდომის ¹10 ოქმით დამტკიცდა დათვალიერება - შერჩევის აქტი და 24 ფიზიკური პირს, მათ შორის მოსარჩელეებს გამოეყოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები; ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ...-ს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილების მიხედვით, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე, მათ შორის, მოსარჩელეებზე, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის საქმისწარმოების მასალების შესაწავლისას დადგინდა, რომ სარეფორმო მიწის ნაკვეთების განკარგვა (საკუთრებაში გადაცემა) განხორციელდა იმ პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესის, კერძოდ ამ კოდექსის 95-99-ე მუხლების დარღვევით; სასამართლომ მიუთითა, რომ საქმისწარმოების მასალები, რომლებიც წარმოადგენს საფუძველს და წინ უნდა უსწრებდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, არ იყო სათანადოდ მომზადებული და შესწავლილი, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებისა და მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ...-ს თემის საკრებულოს სარეფორმო მიწების კომისიის სხდომაზე განხილული და დამტკიცებული დათვალიერება – შერჩევის აქტების განხილვა – დამტკიცების შესახებ სოფელ ა...სა და ...-ს უმიწო და მცირემიწიან კომლებზე საკარმიდამო მიწის ფართობების გამოყოფასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2004 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს სადავო მიწის ნაკვეთები კანონის დარღვევით გადაეცათ, ვინაიდან ...-ს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების გადაცემის დროს მიწის რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. პალატამ მიუთითა, რომ «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მათი მიღების ვადა გაუგრძელდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისად, მიწის რეფორმა 1999 წელს არ დამთავრებულა და 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე კვლავ გრძელდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები კომლებისათვის (ოჯახებისათვის) მიწის ნაკვეთების მიღების ვადის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ დროის დასახელებულ პერიოდში მიწის ნაკვეთების გადაცემა საკანონმდებლო წესით არ ყოფილა უკანონოდ ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებაში იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ზემოაღნიშნული საფუძველი არც იყო მითითებული.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები მიუთითებენ ბათილად ცნობილი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებაზე, მაშინ როცა აღნიშნული ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებით ისე ცნო ბათილად ...-ს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილება, არ უმსჯელია რა სახის და ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს თუ სხვა პირთა ინტერესს მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებენ, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს მიერ (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილება _ გამოცემულია საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რისი უფლებაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამჯერად დამატებით უნდა გაითვალისწინოს ასევე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-71 მუხლის მოთხოვნა, რომლითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. კასატორმა _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ გარემოებას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი, დაიწყო 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების საფუძველზე და დასრულდა 1999 წლის 1 იანვარს. მიწის რეფორმის ჩატარებისათვის მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი იყო ვადები, რომლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო რეფორმა. კასატორს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კომლებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეებს სადავო მიწის ნაკვეთები კანონის დარღვევით გადაეცათ, ვინაიდან ...-ს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების გამოცემის დროისათვის მიწის რეფორმა უკვე დამთავრებული იყო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში 2004 წლის 26 ნოემბრის ცვლილებების შემდეგ ამ კანონის 22-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაეცეთ 2006 წლის 31 დეკემბრამდე; ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მიწის რეფორმა ამ რეგიონში 1999 წელს არ დამთავრებულა და იგი 1999 წლიდან კვლავ გრძელდებოდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს (უფლებამონაცვლე _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნული გარემოება კონკრეტულად არ არის მითითებული იმავე საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.

საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები მიუთითებენ ბათილად ცნობილი აქტის მიმართ კანონიერი ნდობის უფლებაზე, მაშინ როცა ეს უფლება ყურადღების მიღმა დატოვა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილებით ისე ცნო ბათილად ...-ს თემის საკრებულოს 2004 წლის 30 აპრილის ¹10 გადაწყვეტილება, არ უმსჯელია რა სახის და ოდენობის ზიანი მიადგა სახელმწიფოს თუ სხვა პირთა ინტერესს მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს მიერ (უფლებამონაცვლე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო) სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2006 წლის 8 აგვისტოს ¹208 გადაწყვეტილება _ გამოცემულია საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ხელვაჩაურის რაიონის ...-ს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.