Facebook Twitter
ბს-1017-975(კ-09) 30 ივლისი, 2009 წელი

ბს-1017-975(კ-09) 30 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მ. თ-იასა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ძისა და მ. თ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჭ-ძისა და მ. თ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ჭ-ძემ და მ. თ-იამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მათ ო. ქ-ძეს განუცხადეს, რომ უნდა ჩამოშორებოდა განსახილველ საქმეს, მაგრამ აღნიშნულის შესახებ არ უცნობებიათ სასამართლოსათვის. ამის შემდეგ მხარეები ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას. მოგვიანებით კი გაარკვიეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება გაგზავნილი იყო ო. ქ-ძის მისამართზე და ჩაჰბარდა მის ახლადნამშობიარებ მეუღლეს თ. ნ-შვილს, რომელსაც ერთის მხრივ ჰქონდა რა მძიმე მშობიარობა და თავს ცუდად გრძნობდა ჩვილ ბავშვთან ერთად, მეორეს მხრივ კი იცოდა, რომ მისი მეუღლე ჩამოშორებული იყო აღნიშნულ საქმეს, არაფერი გააგებინა მას. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრების ვადა გასულია მათგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე და მოითხოვეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საპატიოდ ჩათვლოდათ გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო მ. თ-იასა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე, რომლის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის შესაბამისად გადაგზავნის დრო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილებების, განჩინებების ან ბრძანებების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოშ

ამავე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი დოკუმენტი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, მხარისათვის ჩაბარებად ითვლება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრზე ჩაბარება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოთხოვნას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე იმ მოტივით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა დ. ჭ-ძისა და მ. თ-იას წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებს განცხადებით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის მათ მიერ წარმომადგენლისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. თ-იასა და დ. ჭ-ძის წარმომადგენელ ო. ქ-ძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 26 ივნისს (ს.ფ. 184), საკასაციო საჩივარი კი მ. თ-იამ და დ. ჭ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს 2009 წლის 17 ივლისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2008 წლის 26 ივლისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ გაშვებულ იქნა საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა. აღნიშნული ვადა კი აღმკვეთი ხასიათის ვადას წარმოადგენს და მისი გაგრძელება (აღდგენა) საპროცესო კანონმდებლობით არ შეიძლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა დაარღვიეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც მ. თ-იასა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს მ. თ-იასა და დ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.