ბს-1019-983(კ-08) 1 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მესამე პირი)
კასატორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...»
დავის საგანი – სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2006 წლის 12 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს «...-ის» მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღის შენობის პრივატიზებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის, 2003 წლის 6 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ¹780 ხელშეკრულებისა და 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755-»კ" საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე შპს «...-ის» ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ¹... ბაგა-ბაღის შენობიდან გამოსახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ... და ... ქუჩა ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹2-ის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის პრივატიზებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 ოქმი, 2003 წლის 06 ნოემბრის ¹780 სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, 2004 წლის 16 თებერვლის ¹48/755 «კ» საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და შპს «...»_ი გამოსახლებული იქნა ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩა ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის რეგიონალური ბაზა ¹2-ის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის 1052,11 კვ.მეტრი ფართიდან.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს «...-მ».
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 მარტის განჩინებით შპს «...-ს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო კომისიის 2003 წლის 23 აგვისტოს დასკვნის მიხედვით საპრივატიზებოდ მომზადდა ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩაზე ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052 კვ. მეტრი) საპრივატიზებო მასალები. აღნიშნული შენობა განთავსებული იყო 3695 კვ.მეტრ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის თანახმად, 2003 წლის 28 ოქტომბერს გამართულ კონკურსზე ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩაზე ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტუქტურის ¹2 რეგიონალურ ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის,1052 კვ. მეტრის, პრივატიზებაზე განაცხადი გაკეთდა შპს “...-“-ის დირექტორის შ. ჯ-იას მიერ, რომელიც იმავე კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად. პრივატიზებულ ქონებაზე 2003 წლის 6 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ¹780, ხოლო 2003 წლის 16 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/755 “კ”. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ შპს ,,...-ში” ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 130 614 ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის პრივატიზებისას იგი მთლიანად არ იქნა შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაში არამედ, მხოლოდ მისი ნაწილი; მართალია აღნიშნული ობიექტი ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით შეტანილ უნდა ყოფილიყო საპრივატიზაციო ნუსხაში, მაგრამ აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს პრივატიზაციის ბათილობის საფუძველს, ვინაიდან იგი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ 2005 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა 2005-2006 წლების დამატებითი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა, რომელშიც შეტანილ იქნა ¹... ბაგა-ბაღის შენობა მთლიანად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მიუთითებს, რომ ქუთაისის საპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის დებულებანი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი წესები, შესაბამისად, საქმეზე იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სადავო აქტების გამოცემის დროისათვის «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხას ამტკიცებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო მუნიციპალური დაქვემდებარების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას_საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით ადგილობრივი მმართველობის ორგანო. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა უნდა დაემტკიცებინა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ვინაიდან სადავო ქონება არ იყო მუნიციპალური დაქვემდებარების, რაც არ მომხდარა. სადავო ფართის პრივატიზების მიზნით მიღებული აქტები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი მატერიალური შეფასება უნდა მოხდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმათა დაცვით, რაც საბოლოოდ გავლენას იქონიებს პრივატიზაციის შედეგების კანონიერების საკითხის გადაწყვეტაზე.
კასატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო მიუთითებს, რომ მას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ შეუმცირებია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია და უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტიურად არ დაკმაყოფილდა სამმართველოს სარჩელი მხოლოდ პრივატიზების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. სასამართლოს არ უმსჯელია სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლების თაობაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება არ შეამოწმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაბუთებულობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო კომისიის 2003 წლის 22 აგვისტოს დასკვნის მიხედვით საპრივატიზებოდ მომზადდა ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩაზე ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტუქტურის ¹2 რეგიონალური ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის (1052 კვ. მეტრი) საპრივატიზებო მასალები. აღნიშნული შენობა განთავსებული იყო 3695 კვ.მეტრ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების საკონკურსო კომისიის 2003 წლის 31 ოქტომბრის ¹18 სხდომის ოქმის თანახმად, 2003 წლის 28 ოქტომბერს გამართულ კონკურსზე ქ. ქუთაისში ... და ... ქუჩაზე ¹...-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტუქტურის ¹2 რეგიონალურ ბაზის ბალანსზე რიცხული ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის,1052 კვ. მეტრის, პრივატიზებაზე განაცხადი გაკეთდა შპს “...-“-ის დირექტორის შ. ჯ-იას მიერ, რომელიც იმავე კომისიის გადაწყვეტილებით გამოცხადდა გამარჯვებულად. პრივატიზებულ ქონებაზე 2003 წლის 7 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო 2004 წლის 16 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/755 “კ”.
მართალია, ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა პრივატიზებისას არ იქნა შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაში, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, აღნიშნულით დაირღვა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა; მაგრამ საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა არ წარმოადგენს პრივატიზაციის ბათილობის საფუძველს, რადგან საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოხსენებული ქონების პრივატიზებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოხატა ნება ქ. ქუთაისში, ..... ქუჩაზე მდებარე ¹..., ბაგა-ბაღის შენობის ნაწილის პრივატიზებაზე 2003 წლის 19 ივნისის ¹738/8 წერილით; რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული, ქ. ქუთაისში განთავსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და მასში შეტანილ იქნა ხსენებულ მისამართზე მდებარე ¹... ბაგა-ბაღის შენობის ნაწილი.
საკასაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ობიექტის პრივატიზებისადმი ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოხატა თავისი ნება, რაც გამოვლინდა იმით, რომ ქ. ქუთაისში, ... და ... ქ. ¹...-ში მდებარე ყოფილი ¹... ბაგა-ბაღის სადავო 1052,11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ კონკურსი გამოცხადდა მოსარჩელის მიერ გაზეთ «მესაკუთრის" 2003 წლის 27 ოქტომბრის ¹27 ნომერში. ამდენად, საპრივატიზაციო ქონების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ქონების პრივატიზება არ განხორციელებულა არსებითი მნიშვნელობის მქონე დარღვევით, მოცემული დავის წარმოშობას საფუძვლად არ დასდებია შპს ,,...-ის” მხრიდან კანონის რაიმე დარღვევა და არც პრივატიზებული ქონება წარმოადგენს იმ სახის ქონებას, რისი პრივატიზებაც კანონით აკრძალულია; ამიტომ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, შპს ,,...-ის” კანონიერი ნდობის უფლება გააჩნია გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. მოცემულ საქმეზე დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ შპს ,,...-ში” ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 130 614 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მისი სარჩელის მეორე მოთხოვნის _ სადავო ფართიდან მოპასუხის გამოსახლების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული; ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივრები;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.