ბს-1021-985(2კ-08) 26 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია
კასატორები (მოსარჩელეები): დ. გ.-ე, ჟ. ც.-ე, ნ. ფ.-ე, მ. ა.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის ივლისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 28 სექტემბერს დ. გ.-მ, ჟ. ც.-მ, მ. ჯ.-მ, ნ. ლ.-მ, დ. ჭ.-მ, მ. ბ.-მ, თ. ბ.-მ, ი. ჩ.-მ, ნ. ფ.-მ, ე. ა.-მ, რ. ს.-მ, მ. ბ.-მ და მ. ა.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები წლების მანძილზე მუშაობდნენ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობებზე და წარმოადგენდნენ საჯარო მოსამსახურეებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობის ქუთაისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებით, სამსახურის ოპტიმიზაციის შედეგად შტატების შემცირების მოტივით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე, 108-ე და 109-ე მუხლების გამოყენებით, 2006 წლის 1 სექტემბრიდან დათხოვნილ იქნენ: დ. გ.-ე _ ...-ის თანაშემწის, ჟ. ც.-ე _ ...-ის თანაშემწის, მ. ჯ.-ა _ ...-ის, ნ. ლ.-ე, დ. ჭ.-ე, მ. ბ.-ე, თ. ბ.-ი და ი. ჩ.-ე _ ...-ის ლაბორანტის, ნ. ფ.-ე, ე. ა.-ე, რ. ს.-ე და მ. ბ.-ე _ ...-ის ლაბორანტის, ხოლო მ. ა.-ა _ ...-ის ლაბორანტის თანამდებობებიდან. სადავო ბრძანებაში მიეთითა, რომ მოსარჩელეებს უნდა გასწორებოდათ საბოლოო ანგარიში და მისცემოდათ ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაცია.
მოსარჩელეებმა ზემოაღნიშნული ბრძანებები უკანონოდ მიიჩნიეს და განმარტეს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნები დაირღვა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულებისა და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანების გამოცემისას, რამდენადაც აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები არ შეიცავდა იმის დასაბუთებას, თუ რამ განაპირობა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის რეორგანიზაცია და ამავე ინსპექციის მუშაკთა შტატების შემცირება.
მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო აქტების გამოცემით დაირღვა ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას ამტკიცებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის საკრებულო. აღნიშნულ საკითხზე ქ. ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია, რითაც ქ. ქუთაისის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის თანამდებობათა დასახელების დამტკიცებისას გადაამეტა თავის უფლებამოსილებას.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმავე პუნქტის თანახმად, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევდა შტატების შემცირება, მოხელე შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ხსენებული კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. მოხელე სამსახურიდან თავისუფლდებოდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს, ხოლო თანამდებობის შემცირების შესახებ მოხელესთვის უნდა ეცნობებინათ ერთი თვით ადრე. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მოსარჩელეებს რაიმე შეტყობინება ადმინისტრაციისაგან არ მიუღიათ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოსარჩელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას ადასტურებდა ადმინისტრაციის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. ხსენებული მუხლის თანახმად, შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლეოდა თანამდებობრივი სარგო, რაც არც ერთ მათგანს არ მიუღია. მათ ასევე არ მიუღიათ წლების მანძილზე დაგროვილი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც 96288 ლარს შეადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში იმავე ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობებზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს, მოსარჩელე ნ. ფ.-ის გარდა, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით აუნაზღაურდა სახელფასო დავალიანება.
საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სარჩელი დააზუსტა და განმარტა, რომ მ. ჯ.-ა და დ. ჭ.-ე მოითხოვდნენ მხოლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ი. ჩ.-ე _ მხოლოდ სამსახურში აღდგენას, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციას დაევალა მოსარჩელე ჟ. ც.-ის სასარგებლოდ 643 ლარის, მ. ჯ.-ს სასარგებლოდ _ 738 ლარის, ნ. ლ.-ის სასარგებლოდ _ 572,50 ლარის, დ. ჭ.-ის სასარგებლოდ _ 45 ლარის, მ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 701 ლარის, თ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 377,50 ლარის, ე. ა.-ის სასარგებლოდ _ 269,50 ლარის, რ. ს.-ის სასარგებლოდ _ 87,10 ლარის, მ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 599 ლარის და მ. ა.-ს სასარგებლოდ _ 327,50 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ.-მ, ჟ. ც.-მ, ნ. ლ.-მ, დ. ჭ.-მ, მ. ბ.-მ, ი. ჩ.-მ, ნ. ფ.-მ, ე. ა.-მ, რ. ს.-მ, მ. ბ.-მ და მ. ა.-მ, რომლებმაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირებად მ. ხ.-ე, თ. წ.-ე, ნ. უ.-ა, ი. კ.-ე და ლ. ნ.-ე ჩაებნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით დ. გ.-ის, ჟ. ც.-ისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. ა.-ის, მ. ბ.-ის, დ. ჭ.-ის, რ. ს.-ის, ი. ჩ.-ისა და ნ. ლ.-ის მიმართ, შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციას დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. ა.--ის, მ. ბ.-ის, დ. ჭ.-ის, რ. ს.-ის, ი. ჩ.-ისა და ნ. ლ.-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე; მოპასუხეს ასევე დაევალა აღნიშნული პირებისათვის 2006 წლის 1 სექტემბრიდან ახალი აქტის გამოცემამდე განვლილი დროის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ე. ა.-მ, მ. ბ.-მ, დ. ჭ.-მ, რ. ს.-მ, ი. ჩ.-მ, ნ. ფ.-მ, ნ. ლ.-მ, დ. გ.-მ, ჟ. ც.-მ, მ. ბ..-მ და მ. შ.-მ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით მადონა ბ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა საკასაციო საჩივარზე დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარიც განუხილველი დარჩა საკასაციო საჩივარზე დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორებმა _ ე. ა.-მ, მ. ბ.-მ, დ. ჭ.-მ, რ. ს.-მ, ნ. ლ.-მ და ი. ჩ.-მ საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადეს და შუამდგომლობით მიმართეს საკასაციო სასამართლოს საქმეზე წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განჩინებით ე. ა.-ის, მ. ბ.-ის, დ. ჭ.-ის, რ. ს.-ის, ნ. ლ.-ის, ი. ჩ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მათ ნაწილში საკასაციო საჩივარზე წარმოება შეწყდა; ე. ა.-ის, მ. ბ.-ის, დ. ჭ.-ის, რ. ს.-ის, ნ. ლ.-ის, ი. ჩ.-ის ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება; ნ. ფ.-ის, დ. გ.-ის, მ. ა.-ს, ჟ. ც.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება აღნიშნული კასატორების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებით, შტატების შემცირების მოტივით. აღნიშნული ბრძანების საფუძველი იყო ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანება, რაც ასევე წარმოადგენდა სარჩელის საგანს. ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულებით დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის სტრუქტურა 20 საშტატო ერთეულით, მათი დასახელებების განსაზღვრით. საკასაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ინსპექციის შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატები შემცირდა 37 ერთეულით. იმავე განკარგულებით სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსს დაევალა საშტატო განრიგის დამტკიცება. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანებით დამტკიცდა ინსპექციის საშტატო განრიგი შტატების შემცირების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია წარმოადგენდა საკრებულოს ზოგად უფლებამოსილებას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის “პ” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო _ საკრებულო. აქედან გამომდინარე, საქალაქო სამსახურის შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და შემცირების შედეგად დასატოვებელ საშტატო ერთეულების დასახელებათა განსაზღვრით წარმოადგენდა საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ საკითხს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო სრულყოფილად დასაბუთებული. მხოლოდ ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹128 გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 15 თებერვლის ¹139 გადაწყვეტილება, რომლითაც ცვლილება შევიდა აღნიშნულ ¹128 გადაწყვეტილებაში და რომლებზეც მიუთითებდა სააპელაციო სასამართლო, არ წარმოადგენდა ქ. ქუთაისის მერისათვის აღნიშნული უფლებამოსილების ერთმნიშვნელოვნად დელეგირების დადასტურებას. მართალია, ქ. ქუთაისის საკრებულოს ¹128 და ¹139 გადაწყვეტილებები, რომლითაც გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობრივი სარგოები ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, გულისხმობდა ხელფასის გაზრდის უზრუნველყოფას შტატების შემცირების პირობებში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი საკრებულომ დაამტკიცა უკვე გაზრდილ საშტატო რიცხოვნობაზე, სააპელაციო სასამართლოს სარწმუნოდ უნდა გამოეკვლია, ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სადავო განკარგულების გამოცემა განხორციელდა თუ არა ქ. ქუთაისის საკრებულოს მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ან ადგილი ჰქონდა თუ არა საკრებულოს მიერ მერის მოვალეობის შემსრულებლის აღნიშნული მოქმედების მოწონებას. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საყურადღებო იყო, თუ რა დოკუმენტით იყო დამტკიცებული სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის საქალაქო სამსახურის წინა საშტატო განრიგი, რომლის შეცვლა ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულებით განხორციელდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სარჩელზე (ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 და 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 და 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებები დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში; დ. გ.-ს, ჟ. ც.-ს, ნ. ფ.სა და მ. ა.-ს აუნაზღაურდათ იძულებითი განაცდური 6 თვესა და 21 დღეზე გაანგარიშებით, მათი სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის დადგენილი სახელფასო განაკვეთის შესაბამისად; დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების, სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 29 ივლისის ¹27 და 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებების ბათილად ცნობისა და დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში ქ. ქუთაისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე და განმარტავს, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებივი ფორმის საწარმოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹128 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. ხსენებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს ¹726 ბრძანებულება. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 14 დეკემბრის ¹8 დადგენილებით დამტკიცდა ქ. ქუთაისის მერიის დებულება და სტრუქტურა, შეიქმნა აღნიშნული სტრუქტურით გათვალისწინებული ერთეულები. ამ დადგენილების საფუძველზე შეიქმნა სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 15 თებერვლის ¹139 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. ქუთაისის საკრებულოს 2005 წლის 25 ოქტომბრის ¹128 გადაწყვეტილებაში. ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 15 თებერვლის ¹139 გადაწყვეტილების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად განისაზღვრა, რომ თვითმმართველობის აპარატსა და საქალაქო სამსახურებში შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. კასატორის განმარტებით, ქ. ქუთაისის საკრებულოს სწორედ ხსენებული გადაწყვეტილება იყო ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულების გამოცემის საფუძველი. ამდენად, ქ. ქუთაისის მერიას არ გადაუჭარბებია თავისი უფლებამოსილებისათვის. ამასთან, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქარველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, მერს ევალებოდა საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანებით დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საშტატო განრიგი. აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტისა და შესაბამისი ინსპექციის დებულების მე-5 მუხლის “თ” პუნქტის შესაბამისად. ხსენებული ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო ასევე ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება და სანიტარული კოდექსის 441-ე მუხლი.
კასატორის განმარტებით, რამდენადაც ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება კანონიერი იყო, არ არსებობდა არც სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, აქტი ბათილი იყო თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და იგი არ ეწინაღმდეგებოდა მას.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. კასატორი მიუთითებს, რომ, რამდენადაც შესაბამის სამსახურში შეიქნა ახალი საშტატო ერთეულები, შეუძლებელი იყო დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სამუშაოზე აღდგენა, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის მხოლოდ იმავე თანამდებობაზე აღდგენა ხდებოდა. ამასთან, კასატორის განმარტებით, დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ისა და მ. ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლებისას სრულად იქნა დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება დ. გ.-მ, ჟ. ც.-მ, ნ. ფ.მ და მ. ა.-მაც გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მათ მიმართ იძულებითი განაცდურის ასანაზღაურებელი სახელფასო თანხის განსაზღვრის ნაწილში. კასატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 20 ივნისამდე.
კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდის განსაზღვრის ნაწილში უკანონო იყო. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, ხსენებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც ამ ნაწილში იგი უნდა გაუქმებულიყო.
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც დ. გ.-ე, ჟ. ც.-ე, ნ. ფ.-ე და მ. ა.-ა გათავისუფლდნენ სამსახურიდან, ხოლო მათი სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეულები თავისი ძველი ფუნქციის შენარჩუნებით ახლად შექმნილ სამსახურს არ გადასცემია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნა, რომ აპელანტებისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო მათი სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან, 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2007 წლის 21 მარტამდე, ხსენებული სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ ქ. ქუთაისის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, რაც კასატორებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის ¹61 დადგენილებით და ამავე დადგენილებით დამტკიცებული “თვითმართველი ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებით” დასტურდებოდა, რომ სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ისევე როგორც სხვა საქალაქო სამსახურები, რეორგანიზებულ იქნა ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინსფრაქტრუქტურის საქალაქო სამსახურად და სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ფუნქციები თავისი საშტატო ერთეულებით გადაეცა მას, რომელიც ისევ ფუნქციონირებდა. მართალია, კონკრეტული თანამდებობების შესაბამისი საშტატო ერთეულები, რომლებიდანაც გათავისუფლდნენ კასატორები, აღარ არსებობდა ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურში და ამის გამო მათ სარჩელს სამუშაოზე აღდგენის ნაწილში კანონიერად ეთქვა უარი, თუმცა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების პერიოდი უკანონოდ იქნა განსაზღვრული მათი სამუშაოდან გათავისუფლებიდან სამსახურის რეორგანიზაციამდე დროის მონაკვეთით.
კასატორთა მითითებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. იმავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების, ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარებოდა დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობდა აღდგენაზე.
კასატორთა განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ ხელფასის მიუღებლობა მოპასუხის უკანონო აქტის გამოცემით იყო განპირობებული, შესაბამისად, მათ იძულებითი განაცდური ეკუთვნოდათ უკანონოდ დათხოვნიდან ამ ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუმცა ქ. ქუთაისის მერიის პოზიციის გათვალისწინებით, რომელმაც აღიარა და ვალდებულება იკისრა, იმავე პირობებში მყოფ სხვა მოსარჩელეთა მიმართ იძულებითი განაცდურის თანხა აენაზღაურებინა 2006 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდის მდგომარეობით, კასატორთა განმარტებით, მათი მოთხოვნაც ანალოგიურად უნდა დაკმაყოფილებულიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. ქუთაისის მერიისა და დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ის, მ. ა.-ს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, განჩინებების ჩაბარებიდან შესაბამის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 ნოემბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის” საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 5 თებერვალს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებით, შტატების შემცირების მოტივით. აღნიშნული ბრძანების საფუძველია ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის 2006 წლის 28 ივლისი ¹27 ბრძანება, რომლებიც სარჩელით ასევე წარმოადგენს დავის საგანს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულებით დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის სტრუქტურა 20 საშტატო ერთეულით, მათი დასახელებების განსაზღვრით. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ინსპექციის შიდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და შტატების შემცირდა 37 ერთეულით. ამავე განკარგულებით სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსს დაევალა საშტატო განრიგის დამტკიცება.
სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისი ¹27 ბრძანებით დამტკიცდა ინსპექციის საშტატო განრიგი შტატების შემცირების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ძირითადი მოტივი აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობასთან დაკავშირებით არის ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი არ იყო უფლებამოსილი განესაზღვრა საქალაქო სამსახურის საშტატო რიცხოვნობა, სადავო განკარგულებით შეემცირებინა საქალაქო სამსახურის შტატები და მოეხდინა საქალაქო სამსახურის შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია.
მოსარჩელეთაA მოსაზრებით აღნიშნული საკითხი შედიოდა არა ქალაქის მერის, არამედ საკრებულოს კომპეტენციაში, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო პერიოდში მოქმედი “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტის თანახმად საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია წარმოადგენს საკრებულოს ზოგად უფლებამოსილებას. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის “პ” პუნქტის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათაA დასახელებებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო. აქედან გამომდინარე საქალაქო სამსახურის შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია შტატების შემცირებით და შემცირების შედეგად დასატოვებელი საშტატო ერთეულების დასახელებათაA განსაზღვრით წარმოადგენდა საკრებულოს კომპეტენციაში შემავალ საკითხს. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციაა ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და ლიკვიდაცია. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოების შექმნა, მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ადგილობრივი სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ შექმნილი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ჰქონდა, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება. იმავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგერთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადებულიყო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოში აპელანტების მიერ დამატებით წარმოდგენილი ქ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის წერილით ირკვეოდა, რომ ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სადავო განკარგულების გამოცემაზე საკრებულოს თანხმობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ქ. ქუთაისის საკრებულოში დაცული არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისის საკრებულოს არ მოუხდენია ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელზე მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტის დელეგირება და არც შემდგომში მოუწონებია ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული სადავო აქტი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამრთლებრივი აქტები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 18 ივლისის ¹341 განკარგულება და შესაბამისად სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 28 ივლისის ¹27 ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, როგორც კანონშეუსაბამო.
იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹35 ბრძანებას საფუძვლად დაედო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემული უკანონო (უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, აპელანტების მოთხოვნა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია, შესაბამისად სარჩელი მათი სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ქუთაისის საკრებულოს 2003 წლის 18 დეკემბრის ¹148 დადგენილებით შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ქუთაისის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის საქალაქო ინსპექცია.
ქ. ქუთაისის მერის 2004 წლის 05 იანვრის ¹1 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ქუთაისის საქალაქო ინსპექციის დებულება.
ქ. ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 14 დეკემბრის ¹8 დადგენილებით დამტკიცდა თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის სტრუქტურა, რომელშიც საქალაქო სამსახურის სტატუსი აქვს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურს.
ქ. ქუთაისის 2007 წლის 21 მარტის ¹44 დადგენილებით მერიის ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების, ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სამოქალაქო თავდაცვის, ადმინისტრაციული ზედამხედველობის, საბინაო ფონდის მართვისა და რეგულირების, სანიტარული ზედამხედველობის, ადგილობრივი ქონების განკარგვისა და მიწის მართვის საქალაქო სამსახურები რეორგანიზდა ქ. ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურად. მითითებული სამსახურის დებულება დამტკიცდა საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის ¹61 დადგენილებით.
რეორგანიზაციის საფუძველზე სანიტარული ინსპექციის საქალაქო სამსახურის საშტატო ერთეულები თავისი ძველი ფუნქციის შენარჩუნებით ახლადშექმნილ სამსახურს არ გადასცემია, შესაბამისად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს საფუძველი მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიისა და დ. გ.-ის, ჟ. ც.-ის, ნ. ფ.-ის, მ. ა.-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.