ბს-1022-980(კ-09) 3 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 23 აპრილს მ. ლ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლის 15 სექტემბერს ქ. წყალტუბოში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს წყალტუბოს განყოფილებაში ჩატარდა აუქციონი ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების მიზნით.
მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო და ზემოაღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლება მოიპოვა. მისი, როგორც მესაკუთრის უფლება 2003 წლის 17 ოქტომბერს დარეგისტრირდა წყალტუბოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში. 2008 წლის 14 მარტს მოსარჩელემ 2003 წლის 15 სექტემბერს ჩატარებული აუქციონის დოკუმენტაციის დამოწმებული ასლების გადაცემის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს წყალტუბოს განყოფილებას, თუმცა ამ განცხადებაზე, სამხარეო სამმართველოს წყალტუბოს განყოფილებამ გადასცა 2008 წლის 26 მარტის ¹569 გზავნილი, რომელშიც მოსარჩელემ აღმოაჩინა მისთვის უცნობი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2003 წლის 15 სექტემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგები, ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე.
მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება უკანონოდ მიიჩნია და განმარტა, რომ ხსენებული ბრძანება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, რომელმაც კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით შეიძინა საკუთრების უფლება ხსენებულ ფართზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ძის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე აუქციონის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ლ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2003 წლის 15 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ. ლ-ძე. აღნიშნულის საფუძველზე 2003 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მ. ლ-ძეს შორის. 2003 წლის 17 სექტემბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მეორე პუნქტით მყიდველს ქონების მთლიანი ღირებულების დარჩენილი ნაწილის _ 205,85 აშშ დოლარის გადახდის ვადა განესაზღვრა კანონით დადგენილი წესით ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღით. 2003 წლის 17 სექტემბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, თუ რა შემთხვევაში გადავიდოდა საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველზე, კერძოდ, უძრავი ქონების ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრაციის, მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში შეტანისა და გამყიდველის მიერ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან მ. ლ-ძეს წარმოეშვა სადავო ფართზე საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების წარმოშობისათვის სხვა პირობებთან ერთად აუცილებელი იყო გამყიდველის მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა. ამასთან, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ გამყიდველის მიერ საკუთრების მოწმობა არ გაცემულა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ხსენებული ხელშეკრულების მე-9 პუნქტზე, რომელიც იმპერატიულად ადგენდა, რომ ხელშეკრულება ძალაში შედიოდა სანოტარო წესით დამტკიცებისა და რეგისტარციის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ ხელშეკრულება სანოტარო წესით არ იყო დადასტურებული. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული რედაქციით დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო 2003 წელს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქცია იმპერატიულად ადგენდა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთისა და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მ. ლ-ძემ ქონების მთლიანი ღირებულების დარჩენილი ნაწილი გადაიხადა არა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, როგორც ეს ხელშეკრულებით განისაზღვრა, არამედ 2004 წლის 1 მარტს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა აუქციონის შედეგი ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე. ბრძანებაში აღინიშნა, რომ მყიდველის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულებები საპრივატიზებო თანხის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დაფარვისა და ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მითითება ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე და განმარტა, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავდა პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას და არ აწესებდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის დროის შეზღუდვას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმებოდა დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეული იყო, შეეძლო მოეთხოვა უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა იყო დარღვეული უფლების იძულებითი დაცვის ვადა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაზე დასახელებული მუხლის გავრცელება სასამართლომ არასწორად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა მოცემული მუხლით გათვალისწინებული იყო უკვე პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მ. ლ-ძემ 2003 წელს ჩატარებულ აუქციონზე მოიპოვა სადავო ქონების პრივატიზების უფლება, რისი რეალიზაცია არ განახორციელა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება მოსარჩელეს აყენებდა პირდაპირ და უშუალო ზიანს, უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას საკუთრებაზე, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის ხელყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას უნდა გაიმართოს ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც გამოიყენება ამ კოდექსის 110-ე და 112-ე მუხლების დებულებები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მიწვეული იქნენ ზეპირ მოსმენაზე მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერსებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებად მოსარჩელემ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მან კანონის სრული დაცვით მოიპოვა საკუთრების უფლება აღნიშნულ სადავო არასაცხოვრებელ ფართზე და აღნიშნული უფლება დაარეგისტრირა წყალტუბოს ტექბიუროში.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა აუქციონის 2003 წლის 15 სექტემბრის ოქმის, ყიდვა-გაყიდვის 2003 წლის 17 სექტემბრის ¹10 ხელშეკრულების, 2003 წლის 17 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და ტექბიუროში დარეგისტრირებული ყიდვა-გაყიდვის ¹10 ხელშეკრულების გამოკვლევა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13 მუხლები, 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, 971-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» და «დ» ქვეპუნქტები, ასევე 110-ე, 112-ე, 116-ე მუხლები, 118-ე მუხლის პირველი ნაწილი და 120-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიან ვადას. ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 183-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე, 34-ე და მე-601 მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, არასწორად განმარტა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი. გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2003 წლის 15 სექტემბერს ჩატარდა აუქციონი ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე. აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა მ. ლ-ძე. აღნიშნულის საფუძველზე 2003 წლის 17 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და მ. ლ-ძეს შორის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2008 წლის 17 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ჩააბარა, ხოლო მ. ლ-ძემ ჩაიბარა ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე, 1350 აშშ დოლარის ღირებულების, 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე «აუქციონის შედეგის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება, რომელშიც მითითებულია, რომ 2003 წლის 15 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების უფლება მოიპოვა მ. ლ-ძემ. შესაბამისად, 2003 წლის 17 სექტემბერს ხელი მოეწერა სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას (¹10). ხსენებული ბრძანების თანახმად, მყიდველის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება საპრივატიზებო თანხის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დაფარვისა და ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ» დებულების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა აუქციონის შედეგი ქ. წყალტუბოში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 30,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე. მ. ლ-ძეს არ დაუბრუნდა ობიექტის გამოსასყიდი ღირებულების სახით შეტანილი თანხა _ 251,37 აშშ დოლარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით _ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონით), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით საქართველოში სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის «სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარვას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებას, სარგებლობის უფლებით გადაცემას ან სხვაგვარად განკარგვას _ შესაბამისი ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹77 დადგენილებით დამტკიცებულ «საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების» მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ტერიტორიული ორგანოები, ასევე სხვა ტერიტორიული ორგანოები. ამავე მუხლის მე-21 პუნქტის «ზ» ქვეპუნქტით სამინისტროს ტერიტორიული ორგანოა _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო. მითითებული დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით კი, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მმართველობის სფერო, უფლებამოსილებანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საკასაცო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ¹1-1/1366 ბრძანებით დამტკიცებულ «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაზე», რომლის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან იმოქმედონ წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც გამყიდველის მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება, ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-11 მუხლის პირველი პუნქტის (გაუქმდა 2009 წლის 3 ნოემბრის ¹1942 საქართველოს კანონით) თანახმად, პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავდა სასამართლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის ¹1-1/1366 ბრძანებით დამტკიცებული «სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების» ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო პერიოდში განხორციელებული პრივატიზების შესახებ ყველა საკითხს, მათ შორის, აუქციონის შედეგებს განიხილავს მხოლოდ სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია «აუქციონის შედეგის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 17 დეკემბრის ¹567 ბრძანება კანონიერად, რომ ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით არ იმსჯელა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის კომპეტენციაზე _ თავად განეხილა პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავა და ბათილად ეცნო აუქციონის შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.