ბს-1022-986(კ-08) 28 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტანი ნ. ს-ა (წარმომადგენელი _ პ. კ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილება, წარმომადგენელი _ გ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 ივნისს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას წარმომადგენელმა პ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 14 ივნისს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტის აკვატორიაში, ჩატვირთვის მოლოდინში რეიდზე დგომის დროს, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტნის, ნ. ს-ას მითითებით, გემზე მიმდინარეობდა „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებული სავალდებულო შემოწმება სამაშველო ნავებისა და კანჯოების მზადყოფნაზე. შემოწმების აუცილებლობა გამოწვეული იყო კაპიტნის ეჭვით, რომლის თანახმად, ერთ-ერთი სამაშველო ნავის ჩამშვებ მოწყობილობას, სავარაუდოდ, გააჩნდა ტექნიკური ხარვეზი. სამაშველო ნავის შემოწმება წინასწარ იყო შეთანხმებული ბათუმის პორტის მორიგე კაპიტანთან. გემის კაპიტნის ქმედებაზე სანაპირო დაცვის სამმართველოს ბათუმის ბაზის მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსი მესაზღვრე გ. ხ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹16 ოქმი. სამართალდარღვევის არსი გამოიხატა „გარე რეიდზე სამაშველო ნავის უნებართვოდ ჩამოშვებაში, სამართალდარღვევა დაკვალიფიცირდა საზღვაო ნაოსნობის დარღვევად და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, მე-3 რანგის კაპიტნის, ე. პ-ის მიერ, წინასწარი შემოწმების მასალების საფუძველზე, 2005 წლის 15 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტან ნ. ს-ას მიმართ, „საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების დარღვევისათვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯარიმის სახით, 50000 ლარის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელის მტკიცებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ 2005 წლის 15 ივნისის დადგენილება ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შესახებ, ეწინააღმდეგებოდა კანონს, მისი მომზადებისა და გამოცემისას არსებითად იყო დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ითვლებოდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კაპიტნის ქმედების შესაძლო სამართალდარღვევად მიჩნევის მიზნით, უნდა შეფასებულიყო მისი შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ბუნება, მოტივები და საბოლოო მიზანი, კანონის მოყვანილ ნორმასთან მიმართებაში, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) ბათილობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ პორტში შესვლამდე, სამაშველო ნავების მზადყოფნის შესამოწმებლად განხორციელებულ მოქმედებაზე კაპიტნის გადაწყვეტილება განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით: “საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების” პირველი მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამაშველო, საძიებო რაიონში შემოსვლამდე, ყველა გემის კაპიტანი ვალდებული იყო, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1 (ჰ) წესის შესაბამისად, ამის შესახებ ეცნობებინა საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საკოორდინაციო-სამაშველო ცენტრისთვის. იმავე წესების მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, გემის კაპიტანი ასევე ვალდებული იყო, ყველა ავარიული შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობებინა ნავსადგურის კაპიტანისთვის. კაპიტანი ნ. ს-ა პორტში შესვლამდე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო გემის სამაშველო მოწყობილობების გამართულად მუშაობაში, ან პირიქით, რომ ადეკვატური ინფორმაცია მიეწოდებინა ბათუმის პორტის ხელმძღვანელობისათვის. „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების“ 92-ე მუხლის თანახმად, ნავსადგურის კაპიტნებს, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინსპექტორებს უფლება ჰქონდათ, გემისთვის აეკრძალათ ზღვაში გასვლა იმ ნაკლოვანებათა აღმოფხვრამდე, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ან შეიძლებოდა შეექმნა ეკიპაჟის, ტვირთის, გემის უსაფრთხოებისა და გარემოსთვის. გემის იძულებითი დაყოვნებით (მოცდენით) გამოწვეული დანახარჯებისაგან თავის არიდების მიზნით, სამაშველო ნავის ჩამშვები მოწყობილობის ხარვეზის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული უნდა აღმოფხვრილიყო ბათუმის პორტიდან გასვლამდე, მისი ჩატვირთვის პერიოდში.
მოსარჩელის განმარტებით, საპორტო განაწესის მიხედვით, გემი „...“ უნდა დამდგარიყო ბათუმის პორტის უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე 16-17 ივნისს, ფაქტობრივად, არასამუშაო დღეებში, ამასთან, კაპიტანმა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, სამაშველო ნავის ჩამშვები მოწყობილობის ხარვეზის დასადგენად შემოწმება (ტესტირება) ჩაეტარებინა რეიდზე ყოფნის პერიოდში და შედარებით უსაფრთხო ადგილზე, ნორმალური ამინდის პირობებსა და ხელსაყრელი დროის მონაკვეთში _ დილით. ერთსაათიანი შემოწმების პერიოდში (სანაპირო დაცვის კატარღის მიერ ფაქტის დაფიქსირებამდე) სამაშველო ნავი ჩაშვებულ მდგომარეობაში არ მოსცილებია გემს, იგი იყო ჩამშვებ მოწყობილობაზე დამაგრებული და არ მოუხდენია ზღვაზე დამოუკიდებლად გადაადგილება. შესაბამისად, მას არ შეუქმნია რაიმე საფრთხე ან დაბრკოლება, არ მიუყენებია ზიანი პორტის სანავიგაციო მოწყობილობებისათვის, გარშემომყოფი სხვა გემისათვის და არც უშუალოდ ამ გემისთვის.
მოსარჩელის მტკიცებით, გემის კაპიტანი ნებართვის მისაღებად დაუკავშირდა ბათუმის პორტის მორიგე კაპიტანს. აღნიშნული სამსახური წარმოადგენდა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს და საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-80 მუხლისა და „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების“ მე-2 მუხლის, ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, ახორციელებდა სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პორტებში. შესაბამისად, კაპიტანმა ნ. ს-ამ, თავისუფალი პრაქტიკის მიღებამდე, პორტის მორიგე კაპიტანთან შეათანხმა შესაძლო მოქმედება, საიდანაც მიიღო თანხმობა დაახლოებით 8 საათსა და 10 წუთზე, ზღვაში ნავი ჩაუშვა 8 საათსა და 40 წუთზე, 9 საათსა და 50 წუთზე კი, კაპიტნის მოქმედება შეჩერებულ იქნა გემთან მისული საპატრულო კატარღის მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების მსვლელობისას, მის მიერ წარდგენილ იქნა გემ „....“ რადიომოწყობილობის ე.წ. „შავი ყუთის“ მონაცემები, კერძოდ, 14 ივნისს, დილის 8 საათსა და 10 წუთზე პორტის კაპიტნის სამსახურთან განხორციელებული რადიოკავშირის ჩანაწერი კომპიუტერულ დისკზე, რომელიც მოსმენილ იქნა სხდომაზე. მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ ხსენებულ, წარმოდგენილ ნივთმტკიცებას ვერ დაეყრდნობოდა, რის მიზეზიც არ დასახელებულა. სამაგიეროდ, მტკიცებულებად მიჩნეულ იქნა პორტის მორიგე კაპიტნის _ ზ. კ-ის წერილი, რომლითაც იგი უარყოფდა გემ „...” ნებართვის მიღებაზე განხორციელებულ რადიოკავშირს. კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიზანშეწონილად არ ჩაუთვლია სადავო გარემოების დაზუსტების მიზნით, დამატებითი გამოკვლევის ჩატარება, რასაც მას კანონი ავალდებულებდა. მოგვიანებით, მოსარჩელის 2007 წლის 14 ივნისის განცხადებაზე იმავე სამსახურის მიერ წარმოდგენილი პასუხებიდან ირკვეოდა, რომ გემებიდან რადიოკავშირით შესული ინფორმაცია პორტის მორიგე კაპიტნის მიერ ფიქსირდებოდა მხოლოდ სამორიგეო ჟურნალში და გარდა ჟურნალის ჩანაწერისა, იგი არ არსებობდა და შესაძლებელი არ იყო ფაქტობრივად განხორციელებული კავშირის სხვა საშუალებით კონტროლი, რაც იმას ნიშნავდა, რომ პორტის კაპიტნის მონაცემებზე დაყრდნობით, შეუძლებელი იყო დადგენა და მტკიცება, რომ გემი „.....“ ნამდვილად არ დაკავშირებია პორტის კაპიტანს ნებართვის მისაღებად, რადგან პორტის კაპიტნისვე განმარტებით, ამის დადასტურება, გარდა მათივე მიერ ნაწარმოები სამორიგეო ჟურნალისა, სხვა მტკიცებულებით შეუძლებელი იყო.
მოსარჩელის მტკიცებით, არსებობდა ადმინისტრაციული საქმის წარმოების დადგენილი წესი, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სანამ კანონით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებით არ იქნებოდა დადგენილი საწინააღმდეგო, დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო, რომ კაპიტანი ნ. ს-ა ნამდვილად დაუკავშირდა პორტის მორიგე კაპიტანს ნებართვის მისაღებად და მიიღო თანხმობა. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უდავო იყო, რომ გასაჩივრებული დადგენილების გამოტანისას დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის (დასაბუთება) მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოსარჩელის განმარტებით, უდავო იყო, რომ კაპიტან ნ. ს-ას მოქმედებაში არ იკვეთებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, მისი ქმედების ერთადერთი მოტივი იყო სამაშველო მოწყობილობის მზადყოფნის შემოწმება და არა სხვა რამ, რაც შეიძლებოდა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მიჩნეულიყო „საზღვაო ნაოსნობის დარღვევად“.
რაც შეეხებოდა „გარე რეიდზე სამაშველო ნავის უნებართვოდ ჩაშვების“ დაკვალიფიცირებას „საზღვაო ნაოსნობის დარღვევად“ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული კანონი, ამ კანონის პირველი მუხლის თანახმად, არეგულირებდა შავ ზღვაში საქართველოს შიდა საზღვაო წყლების, ტერიტორიული ზღვის მიმდებარე ზონის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის სამართლებრივ სტატუსს, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. საქართველოს საზღვაო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს კი, არეგულირებდა საზღვაო კოდექსი. ამავე მუხლის მიხედვით, ტერმინი “საზღვაო ნაოსნობა” გულისხმობდა გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, სამაშველო ნავი, თავისი სპეციფიკით, არ მიეკუთვნებოდა ისეთი შესაძლებლობის მქონე მცურავ საშუალებას, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებდა საზღვაო კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას _ „საზღვაო ნაოსნობას“. შესაბამისად, მოსარჩელის ქმედების საზღვაო ნაოსნობის დარღვევად დაკვალიფიცირება, იყო უსაფუძვლო. იმავდროულად, ნაოსნობის წესებს არეგულირებდა „საქართველოს პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალების უფროსების 1997 წლის 22 დეკემბრის ¹20/Mჩ ბრძანება, რომლითაც რეიდზე მდგარი გემიდან სამაშველო ნავის ჩაშვება ნაოსნობის წესების დარღვევად შეფასებული არ იყო.
მოსარჩელის მტკიცებით, ადმინისტრაციული წარმოებისას დარღვეულ იქნა საქმის წარმოების ზოგიერთი ის სავალდებულო მოთხოვნა, რომელთა არარსებობის შემთხვევაში, საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 264-ე მუხლი, რომლის თანახმად, ორგანო ან თანამდებობის პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ვალდებული იყო, საქმის გარემოებების შეფასებით დაედგინა, ნამდვილად ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეული იყო თუ არა პირი მის ჩადენაში, იყო თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებული იყო თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე, ვალდებული იყო, გამოერკვია სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, უგულებელყოფილ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნა საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების და კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შედეგს _ ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას, იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის _ კაპიტან ნ. ს-ას კანონიერ უფლებასა და ინტერესს და უკანონოდ ზღუდავდა მათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემ „...“ კაპიტან ნ. ს-ის ჯარიმის სახით 50000 ლარის დაკისრების შესახებ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, მე-3 რანგის კაპიტან ე. პ-ის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობა, მისი გამოქვეყნების დღიდან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 14 ივნისს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტის აკვატორიაში, ჩატვირთვის მოლოდინში რეიდზე დგომის დროს, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტან ნ. ს-ას გაუჩნდა ეჭვი, რომ ერთ-ერთი სამაშველო ნავის ჩამშვებ მოწყობილობას, სავარაუდოდ, გააჩნდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც მისი მითითებით, გემზე დაიწყო “ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის კონვენციით” გათვალისწინებული სავალდებულო შემოწმება სამაშველო ნავებისა და კანჯოების მზადებაზე. კაპიტანმა სამაშველო ნავის შემოწმების შესახებ აცნობა ბათუმის პორტის მორიგე კაპიტანს და დაიწყო მანევრი, რაც შემჩნეულ იქნა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიერ და სანაპირო სამმართველოს ბათუმის ბაზის მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსი მესაზღვრე გ. ხ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹16 ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო მაშინ ცნობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის წესი.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ დაირღვა ხსენებული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, სახდელის დადებისას არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ პირველ რიგში, ნავი არ იყო გემი, სამაშველო ნავი ჩაშვებულ მდგომარეობაში არ მოსცილებია გემს და არ შეუქმნია საფრთხე არც პორტისათვის და არც სხვა გემებისათვის, ნავის ზღვაზე ჩაშვება არ იყო საზღვაო ნაოსნობა და რაც მთავარია, ნავის ჩაშვება შეთანხმებული იყო ბათუმის პორტის მორიგესთან, ხოლო მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ მიეცა სათანადო შეფასება. მოპასუხე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ვალდებული იყო, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია ნ. ს-ა და ოქმის კანონიერების დადგენა შედიოდა მის ინტერესში, რადგანაც ოქმის საფუძველზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ეხებოდა მის ინტერესს.
საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და მიეცა მტკიცებულებათა წარდგენის საშუალება. მისი მონაწილეობა დგინდებოდა საქმეში წარმოდგენილი ოქმით, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელემ წარადგინა რიგი მტკიცებულებები და ამ გარემოებას ადასტურებდა ის, რომ მას პრეტენზია ჰქონდა იმაზე, რომ მოპასუხემ არასწორად შეაფასა ან საერთოდ არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საზღვაო კოდექსი არეგულირებდა საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობდა გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის. იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, „გემი“ მოიცავდა ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენებოდა ან შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; ე) სხვა მიზნებისათვის. დასახელებული ნორმის მიხედვით, ნავი, როგორც მცურავი ობიექტი, გამოიყენებოდა გემის მნიშვნელობით და მისი წყალში ჩაშვება და მანევრების განხორციელება წარმოადგენდა ნაოსნობას. საქალაქო სასამართლომ ამ ნორმებზე მითითებით, არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ ნავი არ იყო გემის მნიშვნელობით გამოყენებული და რომ გემის ზღვაში ჩაშვება არ წარმოადგენდა ნაოსნობას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნავის ზღვაში ჩაშვება წარმოადგენდა ნაოსნობას.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე, რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები. იმავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებოდათ ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად იყო საჭირო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გემი „...“ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას ვალდებული იყო, დაეცვა ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ასევე _ “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქარველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა და შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას, ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებები, მათ შორის, ნავი არ ჩაეშვა, გამონაკლისი შემთხვევის _ ადამიანის დაძებნისა და გადარჩენის მიზნის გარეშე. გემიდან ნავის ჩაშვებისას არ იყო საგამონაკლისო გარემოება, ანუ მისი მიზანი არ იყო ადამიანის დაძებნა და გადარჩენა. ამიტომ მიჩნეული უნდა ყოფილიყო, რომ გემის კაპიტანმა ზღვაში ნავის ჩაშვებისას დაარღვია “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც მოსარჩელე თვლიდა, მას უფლება ჰქონდა, პორტის კაპიტანთან შეთანხმებით, ზღვაზე ჩაეშვა სამაშველო ნავი, მაგრამ “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონი კრძალავდა მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვებას ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას. საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნავსადგურის კაპიტანს ეკისრებოდა ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ნავსადგურში წესრიგის დაცვის შემდეგი ფუნქციები: სახელმწიფო ზედამხედველობა ზღვაოსნობის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო კონვენციების, გემებზე საქართველოს კანონებისა და წესების შესრულებაზე, მათ შორის, თევზსაჭერ და სპეციალურ გემზე, განურჩევლად დროშის კუთვნილებისა; გემის დოკუმენტების, დიპლომების, აგრეთვე, ეკიპაჟის მოწმობების შემოწმება; გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) საბუთების გაფორმება ნავსადგურში შესვლა-გასვლისას, განურჩევლად ალმისა და კუთვნილებისა; სალოცმანო სამსახურის ხელმძღვანელობა; ნებართვის გაცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების, აგრეთვე, ნავსადგურის სახმელეთო ტერიტორიისა და აკვატორიის ფარგლებში სამშენებლო, ჰიდროტექნიკური და სხვა სამუშაოების საწარმოებლად; სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრთან ურთიერთობა საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად; ნავსადგურში სახიფათო ტვირთის სწორად შენახვისა და სატვირთო ოპერაციების კონტროლი. ამ შემთხვევაში, პორტის კაპიტნის ფუნქციები ამომწურავად იყო გაწერილი, სადაც არ იყო მითითებული, რომ მას უნდა მისცემოდა გემიდან მცურავი საშუალების ჩაშვების ნება. თვითონ “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონი ასეთი მოქმედების განხორციელებას კრძალავდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, საქართველოს საზღვაო კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად, საზღვაო ნავსადგური, თავისი წესდებიდან გამომდინარე, ფუნქციონირებდა სანავსადგურო წესების შესაბამისად, რომელთაც ამტკიცებდა ადმინისტრაცია. სასამართლოს მიერ სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნა სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო-სატრანსპორტო დეპარტამენტის სამსახურის უფროსი ვ. ი-ი, რომელმაც განმარტა, რომ ნავსადგურში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა, მოქმედებდა სანავსადგურო წესები, რომლებსაც თითოეულ ნავსადგურში სხვადასხვა შინაარსი გააჩნდა, ბათუმის სანავსადგურო წესების მიხედვით კი, სწავლებისა და შემოწმების დროს ნავის ჩაშვება ზღვაში დასაშვები იყო მხოლოდ პორტის კაპიტნის თანხმობით, რომელიც თანხმობას იძლეოდა წერილობით და ატარებდა თავის სავახტო ჟურნალში.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნია, რომ სავახტო ჟურნალში არ იყო მითითებული ნავის ზღვაში ჩაშვებაზე ნებართვის გაცემის თაობაზე. ამიტომ ნავსადგურის კაპიტნის ნებისმიერი მოქმედება არ შეიძლებოდა განხილულიყო, როგორც ნავის ჩაშვებაზე თანხმობა. ასეთ თანხმობას, სპეციალისტის განმარტებით, სჭირდებოდა სავახტო ჟურნალში რეგისტრაცია და თანხმობის ოფიციალური ფორმის დაცვა. ამდენად, დადგენილი იყო, რომ ნომიკოს სკილა ვალდებული იყო, თანხმობა მიეღო იმ ოფიციალური ფორმით, რაც გათვალისწინებული იყო სანავსადგურო წესებით. თუმცა გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ სანავსადგურო წესებსა და “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონს შორის არსებობდა კოლიზია, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, მცურავი საშუალებების წყალში ჩაშვებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სანავსადგურო წესები დასაშვებად მიიჩნევდა ნავსადგურის კაპიტნის თანხმობით, მცურავი საშუალებების წყალში ჩაშვებას, რასაც იმპერატიულად გამორიცხავდა “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონი, საგამონაკლისო შემთხვევის გარდა. ასეთ შემთხვევაში, კოლიზიის პრინციპიდან გამომდინარე, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონს, როგორც უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონეს და იგი ყოფილიყო გამოყენებული.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა სამართალდარღვევის კვალიფიკაციასაც და თვლიდა, რომ ნავის ზღვაში ჩაშვება არ წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა, გამოიწვევდა დაჯარიმებას 50000 ლარით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნავის ზღვაში ჩაშვება წარმოადგენდა ნაოსნობას. ნ. ს-ას არ ჰქონდა უფლება, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას, გემიდან ჩაეშვა ნავი და განეხორციელებინა ნაოსნობა. დასახელებული გარემოება მოპასუხის მიერ სწორად იქნა შეფასებული ნაოსნობის წესების დარღვევად და სწორად იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას წარმომადგენელმა პ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “....” კ. ნ-ს სკილას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 14 ივნისს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტის აკვატორიაში, ჩატვირთვის მოლოდინში რეიდზე დგომის დროს, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „....“ კაპიტნის მიერ განხორციელდა სამაშველო ნავის ზღვაში ჩაშვება. აპელანტის განმარტებით, მისი ჩაშვება მოხდა სამაშველო ნავებისა და კანჯოების მზადებაზე სავალდებულო შემოწმების მიზნით. გემის კაპიტნის მხრიდან მანევრის დაწყება შემჩნეულ იქნა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიერ და სანაპირო სამმართველოს ბათუმის ბაზის მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსი მესაზღვრე გ. ხ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹16 ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევის თაობაზე. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50000 ლარით.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ სამაშველო ნავი არ წარმოადგენდა ისეთ მცურავ საშუალებას, რომლის ზღვაში ჩაშვებაც ითვლებოდა ნაოსნობად. „საქართველოს საზღვაო კოდექსის“ მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „გემი“ მოიცავდა ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმრინავებს, რომლებიც გამოიყენებოდა ან შეიძლებოდა გამოყენებულიყო წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაოსნობას განეკუთვნებოდა ტანკერ „....“ კაპიტნის მიერ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ მცურავი ობიექტის _ ნავის წყალში ჩაშვებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას, უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი იყვნენ, დაეცვათ ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე, რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებოდათ ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად იყო საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული, ზემოთ მითითებული აუცილებელი შემთხვევა სახეზე არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული აპელანტის მითითება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მომზადების წესების დარღვევასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლოიბთ დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ზემოთ მითითებული საფუძვლები.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია და დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას წარმომადგენელმა პ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, რაც გამომდინარეობს მის მიერ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებიდან, კერძოდ, რამდენად წარმოადგენს სამაშველო ნავი „გემის“ შინაარსის მქონე მცურავ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა „საზღვაო ნაოსნობა“, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს საზღვაო კოდექსის პირველი მუხლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, „სამაშველო ნავი“, როგორც მცურავი ობიექტი, შეიძლებოდა გამოყენებულიყო „გემის“ მნიშვნელობით და მისი წყალში ჩაშვება და მანევრების განხორციელება წარმოადგენს საზღვაო ნაოსნობას, რაც არასწორია. მართალია, საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, „გემის“ ცნება ზოგადად მოიცავს ყველა სახეობის მცურავ საშუალებას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მიზნით წყალზე გადასაადგილებლად, მაგრამ ამ კოდექსში კონკრეტულად არ არის განმარტებული „გემის“ ცნების იურიდიული დეფინიცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მისი განსხვავება სხვა მცურავი საშუალებებისაგან, მათ შორის, „მაშველი ნავისაგან“. ამასთან, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა დეტალურად აყალიბებს იმ იურიდიულ ნიშნებს (მოთხოვნების ერთობლიობას), რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ გემები, კერძოდ, საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცნება _ „გემი“ უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსის მე-2 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გარდა 42-ე მუხლისა. მითითებული თავის მუხლობრივი ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მცურავი ობიექტი, „გემის“ შინაარსის მცურავ საშუალებად მის დასაკვალიფიცირებლად, აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი გარკვეული იურიდიული ნიშნების ერთობლიობას: დროშა, რომლითაც განისაზღვრება მისი ნაციონალობა; სახელწოდება და საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც იძლევა იდენტიფიკაციის საშუალებას; რეგისტრაციის გარკვეული წესი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის პროცედურა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც ასახავს გემზე სახელმწიფო კონტროლს; ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კვალიფიკაციითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
კასატორის განმარტებით, არც ერთი ზემოაღნიშნული ნიშანი სამაშველო ნავს არ გააჩნია. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს კონკრეტული გემის, ამ შემთხვევაში, “....” ნაწილს (საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებულ უსაფრთხოებისათვის სავალდებულო კომპლექტაციის შემადგენელ ატრიბუტს). ამდენად, მისი იმავე სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, როგორიც უშუალოდ „გემს“ გააჩნია, უსაფუძვლოა. იგულისხმება „საზღვაო ნაოსნობის“ გაგებით სამაშველო ნავის გამოყენება. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო-სატრანსპორტო დეპარტამენტის სამსახურის უფროსის _ ვ. ი-ის მიერ, რომელიც სპეციალისტის სტატუსით მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
კასატორის მტკიცებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სამაშველო ნავის შესაძლო თვითნებურად ჩაშვებასა და აღნიშნული ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ კავშირშია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საკითხთან. საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემ „....“ კაპიტანმა ნ. ს-ამ საკონტროლო ჩაშვება (მანევრი) განახორციელა ისე, რომ ნავი არ მოსცილებია გემს, იმყოფებოდა მიბმულ მდგომარეობაში, არ მოუხდენია ზღვაზე დამოუკიდებლად გადაადგილება, არ შეუქმნია ვინმესთვის რაიმე საფრთხე ან დაბრკოლება და არ მიუყენებია რაიმე ზიანი. აღნიშნულით სასამართლომ, ფაქტობრივად, დადგენილად ცნო, რომ ნომიკოს სკილამ ქმედება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, კვალიფიცირებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ფაქტობრივად, ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო განზრახვის გარეშე, მათ შორის, არც გაუფრთხილებლობით ან დაუდევრობით, არამედ _ ობიექტური აუცილებლობით, საქართველოს მიერ ოფიციალურად აღიარებული საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად. სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილი აღნიშნული გარემოება წინააღმდეგობაშია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ზოგად კვალიფიკაციასთან, რომლის თანახმად, სამართალდარღვევად ითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კაპიტნის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებას გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ მისი მოქმედება წინასწარ იყო შეთანხმებული ბათუმის პორტის მორიგე კაპიტანთან, რომელსაც წინასწარ დაუკავშირდა ნებართვის მისაღებად. კაპიტნის ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევით, სასამართლომ, უდავოდ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, არასწორად შეაფასა სამართლებრივი შედეგი, ანუ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.
ნავის ჩაშვებაზე უფლების მიმცემი ორგანოს საკითხთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ ცნება _ „სახელმწიფო კონტროლი“ თავისთავში მოიცავს შესაბამის იურისდიქციაში, ამ შემთხვევაში, პორტის აკვატორიაში მოქცეულ უფლებათა განხორციელების მინიჭებას ან შეზღუდვას, მათ შორის, იმ უფლებათა განხორციელებისაც, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს პორტის მორიგე კაპიტანი, სხვა სამსახურებთან ერთად. საქართველოს არარეზიდენტი გემის კაპიტანი არ არის ვალდებული, გარკვეული იყოს საქართველოს პორტებში სხვადასხვა სამსახურების ურთიერთკომპეტენციათა გამიჯვნაში, იგი უპირველესად ვალდებულია, დადგენილი საერთაშორისო საზღვაო ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, დაუკავშირდეს სახელმწიფო, სამოქალაქო ხელისუფლების იმ რგოლს, რომელიც ახორციელებს პორტის აკვატორიის კონტროლს, რაც მან გააკეთა კიდეც. ამდენად, კაპიტნის ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს “გარე რეიდზე სამაშველო ნავის უნებართვოდ ჩამოშვებად”, როგორც ეს დაკვალიფიცირებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა კანონი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არ მიუთითებია, თუ რომელი ნორმის თანახმად შედიოდა პორტის აკვატორიაში ნავის ჩაშვების უფლების მინიჭება მხოლოდ სანაპირო დაცვის კომპეტენციაში და შესაბამისად, იგი არ შედიოდა პორტის კაპიტნის კომპეტენციაში.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა კაპიტნის ქმედება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული გადაცდომა _ “გარე რეიდზე სამაშველო ნავის უნებართვოდ ჩამოშვება” სასამართლომ შეაფასა, როგორც საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა, “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. მართალია, აღნიშნულ ნორმაში მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, მაგრამ ხსენებული ნორმა არ შეიცავს მითითებას, რომ დაწესებული შეზღუდვის დარღვევა, კონკრეტულად, წარმოადგენს ნაოსნობის წესების დარღვევას.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი პრიორიტეტის მინიჭების იმპერატიული წესი, კერძოდ, სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ მიანიჭა კვალიფიკაციისას უპირატესობა უფრო ახალ და სპეციალურ ნორმებს, რომლებიც ავსებდა კანონის ნორმებს და ამავდროულად, არ ეწინააღმდეგებოდა მათ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის ¹53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების“ 31-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესებს ანალოგიურ შეზღუდვებს რეიდზე მდგარი გემიდან კატარღებისა და სამაშველო ნავების ჩაშვებაზე. ამასთან, აღნიშნული წესის მოქმედება ვრცელდება პორტის აკვატორიაზე. შესაბამისად, პორტის იურისდიქციაში, ანუ რეიდზე უძრავად მდგომი გემიდან სამაშველო ნავის ჩაშვება, უპირველესად, წარმოადგენს „ნავსადგურების წესების“ და არა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ნავსადგურების წესების“ დარღვევა წარმოადგენს ზოგადად საზღვაო ტრანსპორტზე მოძრაობის წესების დარღვევას და მასზე რეაგირება შედის ნავსადგურის კაპიტნის კომპეტენციაში, რაც დაადასტურა კიდეც საქმეზე მოწვეულმა სპეციალისტმა _ საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ. ასეთი შეფასება გამომდინარეობს ასევე დამკვიდრებული სამართლებრივი პრაქტიკიდან. საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ (რომლის სამართალმემკვიდრეა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მთავარი სამმართველო) წინამდებარე დავის საგნით გათვალისწინებული ქმედება არ დაკვალიფიცირებულა „ნაოსნობის წესების“ დარღვევად. საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ¹02 საქმეზე, რომელიც შეეხებოდა ასევე საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტან ვ. ა-ს, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა დადგენილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის _ 50000 ლარის დაკისრებაზე და კაპიტნის გადაცდომაზე რეაგირებისათვის საქმე გადაეგზავნა ქ. ბათუმის პორტის კაპიტანს. აღნიშნული სამართლებრივი პრაქტიკა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის გამო, გამორიცხავს მოცემულ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დარღვევებს (საპროცესო დარღვევებს), რომლებიც სახეზე იყო საქმის წარმოების ყველა ეტაპზე და წარმოადგენდა გასაჩივრებული აქტის ბათილობის საფუძველს. სასამართლო შემოიფარგლა ზოგადი განმარტებებით და არ შეუფასებია, აღნიშნული დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, რამდენად იყო შესაძლებელი საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ასეთად ითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი _ სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა საქმის გარემოებების არსებითი გამოკვლევისა და წერილობითი დასაბუთების გარეშე. ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, მე-5 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
კასატორი აღნიშნავს, რომ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლი საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის შესახებ, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღო თანამდებობის პირს, რომელიც გარკვეული გარემოებით იყო დაინტერესებული, ან რომელიც გავლენას მოახდენდა საქმის გადაწყვეტაზე. მოცემული საქმის წარმოებისას კოლეგიური ორგანოს სხდომაში არა თუ მონაწილეობდა კაპიტან-ლეიტენანტი გ. ხ-ი, რომელმაც შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისად, დაინტერესებული იყო მისი ძალაში დატოვებით, არამედ იგი წარმოადგენდა კოლეგიის წევრს და თვითონ მონაწილეობდა იმ გადაწყვეტილებაზე კენჭისყრაში, რომლის ძალაში დატოვების მიმართ გააჩნდა ფორმალური ინტერესი. შესაბამისად, სახეზე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისას კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის ჩატარების კანონით დადგენილი წესის დარღვევა, რაც იწვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შედეგს _ ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ.
კასატორის განმარტებით, დაირღვა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 264-ე მუხლი _ ორგანო ან თანამდებობის პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას, ვალდებული იყო, საქმის გარემოებების შეფასებით დაედგინა, ნამდვილად ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეული იყო თუ არა პირი მის ჩადენაში, არსებობდა თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებული იყო თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე, ვალდებული იყო, გამოერკვია სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. არც ერთი ზემოთ მითითებული დარღვევა არ ყოფილა შეფასებული და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რაც იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას კი, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან ერთად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, არ გაითვალისწინა საქმის წარმოების სპეციფიკა, ადმინისტრაციული საქმის წარმოების შემთხვევაში მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით, რაც სამართლებრივი დარღვევა და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამართლებრივი დარღვევებით _ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გამორიცხავდა იდენტურ შემთხვევაში განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას. ყველა აღნიშნული დარღვევის არარსებობისა და საქმის უდავოდ დადგენილი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, ამ დავაზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “....” კაპიტან ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი და მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “....” კაპიტან ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 16 დეკემბერს, 13.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 14 ივნისს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) მობილური რეაგირების ჯგუფის უფროსი მესაზღვრე გ. ხ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹16 ოქმი (ტ. 1, ს.ფ. 21-23), ხოლო სამართალდარღვევის არსი გამოიხატა „გარე რეიდზე სამაშველო ნავის უნებართვოდ ჩამოშვებაში“, რაც დაკვალიფიცირდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნ. ს-ამ კი განმარტა, რომ 8 საათსა და 10 წუთზე მან მიიღო ნებართვა “...”, მას ჰქონდა წინასწარი ნებართვა ბათუმის პორტიდან, სამაშველო ნავი წყალში ჩაშვებული იყო უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმების მიზნით, პორტში შესვლამდე და ეს იყო გეგმიური წყალში ჩაშვება. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) კოლეგიური ორგანოს სხდომის 2007 წლის 15 ივნისის ოქმის (ტ. 1, ს.ფ. 10-13) მიხედვით, 2007 წლის 15 ივნისს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განმხილველი კოლეგიური ორგანოს სხდომა ე. პ-ის თავმჯდომარეობით და აღინიშნა, რომ კაპიტანმა ნ. ს-ამ დაარღვია “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, მე-3 რანგის კაპიტნის, ე. პ-ის მიერ, წინასწარი შემოწმების მასალების საფუძველზე, 2005 წლის 15 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება (ტ. 1, ს.ფ. 8-10) საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტან ნ. ს-ას მიმართ, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით, ჯარიმის სახით, 50000 ლარის დაკისრების შესახებ. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ 2007 წლის 14 ივნისს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „...“ იდგა ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე დახურული საზღვრით, ხოლო გემის კაპიტან ნ. ს-ას ბრძანებით ზღვაში ჩაშვებულ იქნა მცირე ზომის მცურავი საშუალება, რომელშიც იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში და კაპიტან ნ. ს-ას არ უნდა ჩამოეშვა ბათუმის ნავსადგურის გარე რეიდზე დახურული საზღვრით მცირე ზომის მცურავი საშუალება. კაპიტან ნ. ს-ას ახსნა-განმარტების (ტ. 1, ს.ფ. 28) მიხედვით, 8 საათსა და 10 წუთზე მან მიიღო პორტისგან ნებართვა, ხოლო ნავი ზღვაში ჩაუშვა 8 საათსა და 40 წუთზე.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან მიმდებარე ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ნაგებობის აღმართვა, მის გარშემო ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ხელოვნური კუნძულის, ნაგებობის ან მოწყობილობის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაწესება, აგრეთვე, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ექსპლუატაციის, ნაგებობის დაცვის, ლიკვიდაციის, კონსერვაციის ან საზღვაო ნაოსნობის წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50000 ლარით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, რეიდებზე და ტერიტორიულ ზღვაში ყოფნისას უცხო ქვეყნის გემები და სამხედრო ხომალდები ვალდებულნი არიან, დაიცვან ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ, აგრეთვე, რადიოკავშირის რეგლამენტი და წესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემებსა და სამხედრო ხომალდებს საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ეკრძალებათ ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად არის საჭირო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, აგრეთვე, საქართველოს საზღვაო კოდექსის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს საზღვაო კოდექსი არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლში მოცემულია „საზღვაო ნაოსნობის“ დეფინიცია, რომლის მიხედვით, „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების გამოყენებას მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის. ხსენებული კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად, საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 12 დეკემბრის ¹53 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების“ პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საზღვაო ნავსადგურების წესები შემუშავებულია საქართველოს საზღვაო კოდექსის IV თავის შესაბამისად და ვრცელდება საქართველოს ყველა ნავსადგურზე. წესები არეგულირებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, სატვირთო და სამგზავრო ოპერაციებს, ტვირთის დაცვას, ადგენს სანავსადგურო წყლებში გემების ცურვის წესებს. წესები მოქმედებს ნავსადგურის აკვატორიასა და ტერიტორიაზე, სავალდებულო წესით ვრცელდება ყველა მცურავ საშუალებაზე (შემდგომში _ “გემი”), განურჩევლად მფლობელისა, დროშისა, ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას ნავსადგურის აკვატორიასა და ტერიტორიაზე. ამ წესების პირველი მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, საქართველოს სამაშველო-საძიებო რაიონში შემოსვლამდე, ყველა გემის კაპიტანი ვალდებულია, „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის 8-1 (ჰ) წესის შესაბამისად, ამის შესახებ აცნობოს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საკოორდინაციო-სამაშველო ცენტრს. ამ წესების მე-2 მუხლის მიხედვით, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ნავსადგურის კაპიტნის სამსახური. იმავე წესების მე-15 მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, გემის კაპიტანი ვალდებულია, ყველა ავარიული შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს გემთმფლობელს და ნავსადგურის კაპიტანს. დასახელებული წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ანალოგიურ აკრძალვას, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, რეიდზე მდგარი გემებიდან კატარღების და კანჯოების ჩაშვება აკრძალულია, რაც არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა აღნიშნული დაკავშირებულია ზღვაზე ადამიანის გადარჩენისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებასთან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „...“ კაპიტან ნ. ს-ას მიერ სამაშველო ნავის ზღვაში ჩაშვება სწორად იქნა შეფასებული ნაოსნობის წესების დარღვევად და მის მიმართ სწორად იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე _ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 29 ივნისის წერილზე (ტ. 1, ს.ფ. 67), რომლის მიხედვით, ტანკერ “....” კაპიტნის მიერ, რეიდზე დგომის პერიოდში, ნავსადგურის კაპიტნის ნებართვის გარეშე, სამაშველო ნავის ჩაშვება ერთაზროვნად კვალიფიცირდებოდა, როგორც “საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების” 31-ე მუხლის დარღვევა. ამასთან, “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით აკრძალული იყო უცხო ქვეყნის გემების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების ჩაშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ადამიანების მოსაძებნად და მათ გადასარჩენად იყო საჭირო. ამდენად, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი „...“ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას, საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვალდებული იყო, დაეცვა ნაოსნობის უსაფრთხოების წესები და საქართველოს სანავიგაციო, სანავსადგურო, ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები ზღვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების შესახებ. გარდა ამისა, “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მხოლოდ ერთ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც დასაშვებია შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე ყოფნისას, ზღვაში მცირე ზომის მცურავი საშუალებების, მათ შორის, ნავის ჩაშვება, კერძოდ, როდესაც მცირე ზომის მცურავი საშუალებების, მათ შორის, სამაშველო ნავის ჩაშვების მიზანს წარმოადგენს ადამიანის დაძებნა და გადარჩენა. კასატორი (მოსარჩელე) სასარჩელო განცხადებასა და საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ 2007 წლის 14 ივნისს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტის აკვატორიაში, ჩატვირთვის მოლოდინში რეიდზე დგომის დროს, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის _ „....“ კაპიტნის, ნ. ს-ას მითითებით, გემზე მიმდინარეობდა „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ კონვენციით გათვალისწინებული სავალდებულო შემოწმება სამაშველო ნავებისა და კანჯოების მზადყოფნაზე, ხოლო შემოწმების აუცილებლობა გამოწვეული იყო კაპიტნის ეჭვით, რომლის თანახმად, ერთ-ერთი სამაშველო ნავის ჩამშვებ მოწყობილობას, სავარაუდოდ, გააჩნდა ტექნიკური ხარვეზი, ამასთან, მას არ შეუქმნია ვინმესთვის რაიმე საფრთხე ან დაბრკოლება და არ მიუყენებია რაიმე ზიანი. ამასთან, კასატორი (მოსარჩელე) არ ამტკიცებს (ამის თაობაზე არაფერს მიუთითებს სასარჩელო განცხადებასა და საკასაციო საჩივარში), რომ მისი ქმედების მიზანი იყო ადამიანის დაძებნა და გადარჩენა და მაშასადამე, მას არ ჰქონია ასეთი მიზანი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნაოსნობას განეკუთვნებოდა ტანკერ „....“ კაპიტნის მიერ განხორციელებული ქმედება, რაც გამოიხატა მის მიერ მცურავი ობიექტის _ ნავის წყალში ჩაშვებით და მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული, ზემოთ მითითებული აუცილებელი შემთხვევა სახეზე არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კაპიტან ნ. ს-ას ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებას გამორიცხავს ის გარემოება, რომ მისი მოქმედება წინასწარ იყო შეთანხმებული ბათუმის პორტის მორიგე კაპიტანთან, რომელსაც წინასწარ დაუკავშირდა ნებართვის მისაღებად, ხოლო კაპიტნის ქმედების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევით, სასამართლომ, უდავოდ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, არასწორად შეაფასა სამართლებრივი შედეგი, ანუ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისიც, რომ მას სამაშველო ნავის ჩაშვებაზე წინასწარ ჰქონდა ნებართვა მიღებული ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტნისაგან. მართალია, მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ჩD დისკის აუდიო ჩანაწერის ტექსტური გაშიფრვა (ტ. 1, ს.ფ. 75-77), მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი ვერ გამოდგება მტკიცებულებად, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ ტანკერ “...” კაპიტანმა ნ. ს-ამ ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტნისაგან მიიღო ნებართვა საიმისოდ, რომ გემიდან ზღვაში ჩაეშვა სამაშველო ნავი.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე ოფიციალური, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულება, რომლითაც ობიექტურად დადასტურდებოდა ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტნისაგან შესაბამისი ნებართვის მიღება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტნისაგან გემიდან ზღვაში ნავის ჩაშვებაზე არ მიუღია ნებართვა. ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტნის ზ. კ-ის 2007 წლის 14 ივნისის მიმართვის (ტ. 1, ს.ფ. 25) თანახმად, 2007 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 10.00 საათზე მასთან კავშირზე გავიდა ბათუმის ნავსადგურის რეიდზე მდგომი გემი “....” და შეატყობინა, რომ ჰქონდა პრობლემა გემის სამაშველო ნავის ჩაშვების თაობაზე და ითხოვდა ნებართვას, რის შემდეგაც მან რეიდზე დაინახა, რომ გემის სამაშველო წითელი ნავი ჩაშვებული იყო წყალში გემის ბორტთან და იდგა, აგრეთვე, სანაპირო დაცვის კატარღა, ამასთან, მის სამსახურს არავითარი ნებართვა არ გაუცია სამაშველო ნავის ჩაშვებაზე, რის უფლებაც მას არ ჰქონდა სანაპიროს დაცვის დეპარტამენტის გარეშე. სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის 2007 წლის 15 აგვისტოს წერილის (ტ. 1, ს.ფ. 197-198) მიხედვით, გემის კაპიტნის მითითებით, ზღვაში თვითნებურად ჩაუშვეს სამაშველო ნავი და აღნიშნული ქმედებით დაირღვა “საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი და “საქართველოს საზღვაო ნავსადგურების წესების” 31-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია რეიდზე მდგარი გემებიდან კანჯოების ჩაშვება, ხოლო ბათუმის ნავსადგურის მორიგე კაპიტან ზ. კ-ის 2007 წლის 14 ივნისის წერილობითი ჩვენებიდან ჩანდა, რომ “....” კაპიტანს მისთვის არ უცნობებია, რომ აპირებდა გემიდან ნავის ჩაშვებას და შესაბამისად, ბათუმის ნავსადგურის მხრიდან არავითარი ნებართვა არ გაცემულა, აქედან გამომდინარე კი, გემის კაპიტანს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილით სამართლიანად დაედო ადმინისტრაციული სახდელი 50000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მიერ საკასაციო საჩივრის საფუძვლად იმაზე მითითებას, რომ არასწორია, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, „სამაშველო ნავი“, როგორც მცურავი ობიექტი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს „გემის“ მნიშვნელობით და მისი წყალში ჩაშვება და მანევრების განხორციელება წარმოადგენს საზღვაო ნაოსნობას, რადგან “გემის” არც ერთი ნიშანი სამაშველო ნავს არ გააჩნია და ამდენად, მისი იმავე სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, როგორიც უშუალოდ „გემს“ გააჩნია, უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მიხედვით, „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; ე) სხვა მიზნებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას მიერ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი, რომლისთვისაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, ამ დარღვევისათვის დადგენილია ჯარიმა 50000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლოიბთ დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ დაასაბუთა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემ „....“ კაპიტან ნ. ს-ის ჯარიმის სახით 50000 ლარის დაკისრების შესახებ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილების (ბაზის) უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის, მე-3 რანგის კაპიტან ე. პ-ის 2005 წლის 15 ივნისის დადგენილების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი და სახეზე არ არის სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით რეგლამენტირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საქართველოს კანონმდებლობა და საქმეზე მიიღო დასაბუთებული და კანონიერი განჩინება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ “...” კაპიტან ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.