ბს-1025-989(კ-08) 27 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები _ ნ. და შ. მ-ები; საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დავის საგანი _ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 19 ნოემბერს ა. მ-მა სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება მის საკუთრებაში არსებული, ქ. საჩხერეში, ..... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, შემდეგი საფუძვლით:
საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელის ბებიამ – ვ. მ-მა 1987 წლის 15 იანვარს შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში, უანდერძა მოსარჩელეს. მოსარჩელემ სამკვიდრო მიიღო სრულად, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა ქონების მის სახელზე რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ ქონება იყო სადავო.
მოსარჩელის ბებია ვ. მ-ი დაიბადა 1908 წლის 21 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ .... და 1957 წლიდან გარდაცვალებამდე, 1996 წლის 19 სექტემბრამდე, ცხოვრობდა ქ. საჩხერეში, ..... ქ. ¹92-ში (ყოფილი ..... ქუჩა). აღნიშნული დასტურდება საქართველოს სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივის 2006 წლის ცნობით, საჩხერის გამგეობის 2006 წლის 24 ივლისის ¹719 ცნობითა და ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში მცხოვრებთა მიერ დამოწმებული ხელწერილით.
ყოფილი საქართველოს სსრ მშრომელთა დეპუტატების საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1950 წლის 24 მაისის დადგენილების საფუძველზე ვ. მ-ს გამოეყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 27 ნოემბრის ¹448 ცნობის თანახმად, .... ქ. ¹92-ში მდებარე 83.6 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 565 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო ნ. და ვ. მ-ების სახელზე თანაბარწილად, ტექინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალების საფუძველზე.
საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს ნება დაერთო საცხოვრებლად უვარგისი სახლის დანგრევასა და ახალი ბინათმშენებლობის განხორციელებაზე, რის შედეგადაც სახლი დანგრეულ იქნა.
შპს “....” მიერ შედგენილი საკადასტრო აზომვით მკვეთრადაა გამიჯნული ვ. და ნ. მ-ების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოდ ეთქვა უარი საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის განხორციელებაზე, რადგან მოსარჩელეს უარი ეთქვა ანდერძით მიღებული სამკვიდრო ქონების რეგისტრაციაზე, რითაც ილახება კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 2-6).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაერთვნენ ნ. მ-ი და საჩხერის მუნიციპალიტეტი (იხ. ს.ფ. 39-40).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹351 და იმავე სამსახურის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹515 გადაწყვეტილებები და მოპასუხეს დაევალა ა. მ-ის სახელზე ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში გატარება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის რაიონული სახელმწიფო არქივის დირექტორის მიერ 2006 წლის 20 სექტემბერს გაცემული ¹8/მ ცნობის თანახმად, საჩხერის სადაბო საბჭოს საკომლო ობიექტების წიგნებიდან, ვ. მ-ის სახელზე ..... ქუჩაზე მდებარე 600 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი ირიცხება 1961-63 წლებში. საჩხერის რაიონული სახელმწიფო არქივის დირექტორის 2006 წლის 3 ნოემბრის ¹10 ცნობის თანახმად, საჩხერის სადაბო საბჭოს აღმასკომმა ვ. მ-ს გამოუყო 600 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი. ქ. საჩხერეში, .... ქუჩას დაერქვა .... ქუჩა. საჩხერის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს ნება დაერთო კუთვნილი უვარგისი სახლის დანგრევასა და ახლის მშენებლობაზე.
აღნიშნულზე დაყრდნობით, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. მ-ი საკუთრების უფლებით ფლობდა ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში არსებულ სახლს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთით. 1987 წლის 15 იანვრის ანდერძით ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში მცხოვრებმა ვ. მ-მა მთელი თავისი ქონება უანდერძა თავის შვილიშვილს – ა. მ-ს. ანდერძი ძალაშია და არ შეცვლილა.
რაიონული სასამართლოს მითითებით, მესამე პირის _ ნ. მ-ის განმარტებით, ვ. მ-ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში და მას პატრონობდა შვილიშვილი – ა. მ-ი. მისივე განმარტებით, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში არსებული სახლთმფლობელობა თანაბარწილად ირიცხება ნ. და ვ. მ-ების სახელზე, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან იგი ცხოვრობდა ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹96-ში და არანაირი პრეტენზია იმავე ქუჩის ¹92-ში არსებულ მიწის ნაკვეთთან არა აქვს.
რაიონულმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 19 სექტემბრის ¹351 და ამავე სამსახურის 2006 წლის 25 დეკემბრის ¹515 გადაწყვეტილებით ა. მ-ს უარი ეთქვა ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში არსებულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაზე.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რადგან იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული საკუთრების უფლება (იხ. ს.ფ. 64-69).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად შ. მ-ის ჩართვა შემდეგი მოტივით:
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება. რაიონული სასამართლო დაეყრდნო საჩხერის რაიონული არქივის დირექტორის 2006 წლის 3 ნოემბრის ¹10 ცნობას, მაგრამ არ გამოუკვლევია, კონკრეტულად საჩხერის რაიონში, რა მისამართზე გამოეყო ვ. მ-ს მიწის ნაკვეთი, რის გამოც რაიონულ სასამართლოს აღნიშნული გარემოების საფუძველზე არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად გაიზიარა მესამე პირის განმარტება, რადგან მესამე პირმა _ ნ. მ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას აქვს დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი და ვ. მ-ის მიწის ნაკვეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. ტექბიუროს პასპორტით ვ. და ნ. მ-ები თანაბარწილად ფლობენ 565 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მათი სახლები ერთ სახურავშია მოქცეული, რაზეც არ უმსჯელია რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული შეიძლებოდა გარკვეულიყო ადგილზე დათვალიერებით.
ტექბიუროს პასპორტის თანახმად, ვ. და ნ. მ-ებს თანაბარწილად აწერიათ მიწის ნაკვეთი, მაგრამ სასამართლოს არ გამოუკვლევია, რამდენი კვადრატული მიწის ნაკვეთი რჩებოდა ნ. მ-ს სარგებლობაში.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართა შ. მ-მა და მიუთითა, რომ 1999 წელს მისმა მამამ, აწ გარდაცვლილმა ა. მ-მა, ვ. მ-ის რძლისაგან – დ. მ-გან .... ქუჩაზე 500 დოლარად შეიძინა ვ. მ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. თანხის გადახდის დროისათვის ვ. მ-ის კუთვნილი ფართი დანგრეული იყო და ოჯახი საცხოვრებლად გადასული იყო .... ქუჩაზე. აღნიშნულის შემდეგ, შ. მ-ი მამასთან ერთად დაეუფლა მიწის ნაკვეთს, ჩაატარა რეკულტივაციის სამუშაოები და ნაკვეთს ფლობს 1999 წლიდან. შ. მ-მა მოითხოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებასთან ერთად კომისიაში წარადგინა სურათი, ტექბიუროს მიერ შედგენილი სამი ტექპასპორტი, 1972 წლის 4 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება და საჩხერის აღმასკომის 1973 წლის 30 ნოემბრის ¹23 ოქმი. აღნიშნული დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ საცხოვრებელ სახლს .... ქ. ¹129-ში თანასაკუთრების უფლებით ფლობდნენ ე. კ-ი და ა. ქ-ე. ე. კ-მა თავისი წილი მიჰყიდა ნ. მ-ს, ხოლო ა. ქ-ემ _ ვ. მ-ს. ამდენად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღმასკომის დადგენილებით ვ. მ-ს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოეყო სხვაგან, კერძოდ, .... და არა ..... ქუჩაზე.
აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-ს ნება დაერთო სახლის დანგრევაზე. სასამართლოს არ უმსჯელია, რატომ გახდა სახლი დასანგრევი, თუკი ვ. მ-ს მიწა გამოეყო სახლის მშენებლობისათვის და ააშენა კიდეც სახლი, რადგან მოკლე ხანში სახლი დასანგრევი არ გახდებოდა.
საქმეში წარმოდგენილი ანდერძით, ვ. მ-მა თავის შვილიშვილს უანდერძა თავისი ქონება. ვ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, ა. მ-ს არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია დანაშთ ქონებაზე 2007 წლამდე. ა. მ-ის ბებიის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ორგანოსათვის სამკვიდრო ქონების გასაფორმებლად და არც ფაქტობრივად დაუფლებია მას. სამკვიდროს მისაღებად ვადის გაგრძელების ან სამკვიდროს მიღებისა და ფლობის თაობაზე სასამართლოს არ უმსჯელია და აღნიშნული პროცედურების გავლის გარეშე, საჯარო რეესტრი სასამართლომ პირდაპირ დაავალდებულა ვ. მ-ის მიწის ნაკვეთისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის გაფორმება.
ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონი, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე, 1426-ე მუხლები (იხ. ს.ფ. 76-81).
საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურმა ნაწილობრივ გაიზიარა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, რაიონული არქივის ცნობებით არ მტკიცდება, რომ ვ. მ-ი ფლობდა .... ქ. ¹92-ში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს. არქივის მიერ 2006 წლის 3 ნოემბრის ¹10 ცნობაში არ არის მითითებული საჩხერის სადაბო საბჭოს აღმასკომმა რომელ მისამართზე გამოუყო მას სამოსახლოდ 600 კვ.მ, რადგან საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული ..... ქ. ¹92-ში მდებარე სახლის ტექნიკური პასპორტით 565 კვ.მ მიწით თანაბარწილად ირიცხება ვ. და ნ. მ-ების სახელზე. შესაბამისად, თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა 282,5 კვ.მ. გარდა აღნიშნულისა, ა. მ-ს არ გაუფორმებია ანდერძით მიღებული ქონება ექვსთვიან ვადაში, არ მიუმართავს სასამართლოსათვის სამკვიდრო ქონების მისაღებად და არ დაუფლებია მას. ამდენად, დასტურდება, რომ ვ. მ-ი ფლობდა ..... ქ. ¹92-ში 600 კვ.მ მიწას, ხოლო ა. მ-ს, როგორც მემკვიდრეს, არ გააჩნდა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” კანონით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რაიმე იურიდიული დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 130-131).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო შ. მ-ი (იხ. ს.ფ. 142).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩხერის სადაბო საბჭოს საკომლო ობიექტების წიგნის მონაცემებით, ვ. მ-ს 1961-1963 წლებში აწერია 0,06 კვ.მ მიწის ნაკვეთი ..... ქუჩაზე. 2006 წლის 3 ნოემბრის ¹10 ცნობის თანახმად, საჩხერის სადაბო საბჭოს აღმასკომმა ვ. მ-ს გამოუყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. .... ქუჩა ამჟამად იწოდება .... ქუჩად. საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს ნება დაერთო ეწარმოებინა ახალი სახლის მშენებლობა. სახლი სადავო მიწის ნაკვეთზე არ აშენებულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1950 წლის 24 მაისის დადგენილებით არ არის განსაზღვრული თუ რა მისამართზე გამოეყო ვ. მ-ს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, ქ. საჩხერეში, ..... ქ. ¹92-ში 83,6 კვ.მ მიწის ნაკვეთის მქონე საცხოვრებელი სახლი და 565 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ნ. და ვ. მ-ების სახელზე თანაბარწილად. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ...... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ვ. მ-ის საკუთრებაა. შესაბამისად, ა. მ-ს მართებულად ეთქვა უარი 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 29-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს სამკვიდრო მოწმობა, საგადასახადო ორგანოს ცნობა, რომლითაც დასტურდება საგადასახადო კოდექსის 217-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ა. მ-ი ითხოვდა რა ანდერძით მიღებული ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას, სარეგისტრაციო სამსახურისათვის უნდა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რაც მას არ გააჩნდა, შესაბამისად, სარეგისტრაციო სამსახურის უარი საფუძვლიანია (იხ. ს.ფ. 214-218).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და ქ. საჩხერის გამგებლის ხელმოწერებით ცალსახად დასტურდება, რომ ვ. მ-ი სიცოცხლის განმავლობაში მართლზომიერად ფლობდა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გამოეყო ..... ქ. ¹92-ში.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო არა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული სამკვიდრო მოწმობის არქონა, არამედ ის გარემოება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო სადავო და ამის გამო რეგისტრაციაში გატარება აღემატებოდა სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამოსილებას. გარდა აღნიშნულისა, საჯარო რეესტრის სამსახურმა რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორის მითითებით, მან სამოქალაქო კოდექსის 1421.3 მუხლის შესაბამისად, სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება და შეუდგა მის მართვას. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქცია ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 1421.3 მუხლს (იხ. ს.ფ. 232-242).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 315-319).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე1” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს საფუძველი ქ. საჩხერეში, ..... ქ. ¹92-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ვ. მ-ის მიჩნევის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომ საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1950 წლის 24 მაისის დადგენილებით არ არის განსაზღვრული, თუ რა მისამართზე გამოეყო ვ. მ-ს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით, ქ. საჩხერეში, ..... ქ. ¹92-ში 83,6 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 565 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ნ. და ვ. მ-ებზე თანაბარწილად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია, არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და მხოლოდ ის გარემოება, რომ მითითებულ დადგენილებაში არ არის მითითებული მისამართი, ასევე ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი თანაბარწილად არის აღრიცხული ვ. და ნ. მ-ების სახელზე, არ წარმოადგენს ა. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია გარემოებებზე, რითაც უარყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისათვის, ასევე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, უნდა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით.
მოსარჩელე სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებებზე, რომ 1987 წლის 15 იანვარს შედგენილი ანდერძით საკუთრებაში გადაეცა ბებიის კუთვნილი ქონება, მათ შორის, ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; ქ. საჩხერის გამგებლის 2006 წლის 24 ივლისის, სამოქალაქო რეესტრის საჩხერის სამსახურის უფროსის ცნობებით, ასევე მეზობელთა ხელმოწერების თანახმად, ვ. მ-ი 1957 წლიდან გარდაცვალებამდე – 1996 წლის 19 სექტემბრამდე რეგისტრირებული იყო ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში; მშრომელთა დეპუტატების საჩხერის რაისაბჭოს აღმასკომის 1950 წლის 24 მაისის დადგენილებით ვ. მ-ს გამოეყო 600 კვ.მ სამოსახლო მიწის ნაკვეთი; 2006 წლის 20 სექტემბრის საარქივო ამონაწერის თანახმად, ვ. მ-ის სახელზე 1961-1963 წლებში ეწერა 0,06 კვ.მ მიწის ნაკვეთი კალინინის ქუჩაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დააკმაყოფილა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი, რომ არ უმსჯელია აპელაციის მოტივებზე, არ მიუთითებია, რატომ გაიზიარა ისინი და რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მისი დასკვნები, კერძოდ, აპელანტი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ვ. მ-ს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ გამოყოფია კალინინის ქუჩაზე, უთითებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში მესამე პირად ჩართული შ. მ-ის მამამ _ ა. მ-მა 1999 წელს ვ. მ-ის რძლისგან _ დ. მ-ან 500 დოლარად შეიძინა ... ქუჩაზე ვ. მ-ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მამასთან ერთად დაეუფლა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად საქმეში წარმოდგენილია ა. მ-ის სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტი, თუმცა საქმეში ასევე წარმოდგენილია საჩხერის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 22 მაისის ¹22/41-082 მიმართვა, რომლის თანახმად, ა. მ-ის სახელზე 1999 წლის 10 სექტემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მასალებში აღრიცხული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, სამოქალაქო კოდექსის 183.1 მუხლის შესაბამისად, არსებობს თუ არა ა. მ-ის უფლების დამადასტურებელი კანონიერი საფუძველი სადავო მიწის ნაკვეთზე. აპელანტის მითითებით, რაიონულ სასამართლოს ასევე უნდა ემსჯელა, იმ გარემოებაზეც, რომ იმ პირობებში, თუ ვ. მ-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობისათვის და ააშენა კიდეც სახლი, მოკლე ხანში იგი დასანგრევი არ გახდებოდა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირის, ნ. მ-ის განმარტებით, 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო გახდა ვ. მ-ის სახლი საცხოვრებლად უვარგისი და იგი ცხოვრობდა ვაგონში, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ვაგონში ცხოვრობდა მისი შვილი, დ. მ-ი, რომელმაც შემდეგ ბინა იყიდა და გადავიდა, ხოლო ნაკვეთს მისი წასვლის შემდეგ, არავინ უვლიდა. ასევე, მესამე პირის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ დ. მ-მა ნაკვეთი მიჰყიდა ა. მ-ს, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნულის დამადასტურებელი კანონიერი საფუძველი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ წამოყენებული იყო რიგი არგუმენტები, რომლებიც საჭიროებდა გამოკვლევას და სათანადო შეფასებას მოთხოვნის უსაფუძვლოდ მიჩნევის შესახებ დასკვნის გაკეთებამდე.
გარდა აღნიშნულისა, ა. მ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ მოტივად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქ. საჩხერეში, .... ქ. ¹92-ში მდებარე 585 კვ.მ მიწის ნაკვეთი ირიცხება ნ. და ვ. მ-ების თანასაკუთრებაში, მაგრამ ასეთი პირობებში არ უმსჯელია, საფუძვლიანი იყო თუ არა ა. მ-ის მოთხოვნა მიწის იმ ნაწილზე, რომელიც ირიცხებოდა ვ. მ-ის სახელზე.
აპელანტი _ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა უთითებდა, რომ ვ. მ-ის სახლთმფლობელობის დასავლეთით მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, სადაც გაშენებული იყო ნაძვნარი და არსებობდა სამშენებლო კომუნიკაციები პერსპექტივაში ჩასმული საბაგირო გზის მშენებლობისათვის. ქუჩის რეკონსტრუქციის გამო, მითითებული ტერიტორიიდან გასახლდა სამი ოჯახი. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ა. მ-ის მიკუთვნებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც გადადიოდა მის საკუთრებაში. აღნიშნულ გარემოებაზე არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს. ასევე, სასამართლო სხდომაზე, ნ. მ-მა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ პრეტენზიას გამოთქვამდა მის მიერ შეძენილ 287 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის, 287 კვ.მ-ის გარდა, მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნება, რაც ასევე არ შეუფასებია სააპელაციო სასამართლოს, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიას არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი აღნიშნულთან დაკავშირებით, დასაშვები იყო თუ არა მისი მოთხოვნა და შეესაბამებოდა თუ არა იგი აპელაციის განაცხადს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 177.2 მუხლის მოთხოვნას _ არ იყო წარდგენილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განუხილველად უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 მარტის განჩინების კანონიერებაზე, რადგან კასატორს სსსკ-ის 404.2 მუხლის შესაბამისად, არ მოუთხოვია სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინების გაუქმება და აღნიშნული არ წარმოადგენდა კასაციის განაცხადს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 29-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ა. მ-ს სარგისტრაციო სამსახურისათვის უნდა წარედგინა სამკვიდრო მოწმობა, რაც მას არ გააჩნდა, რის გამოც საფუძვლიანად ეთქვა უარი რეგისტრაციის განხორციელებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რადგან ის გარემოება, რომ სარეგისტრაციო სამსახურს სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე უარი არ უთქვამს მითითებული საფუძვლით, არ ართმევს უფლებას სასამართლოს შეაფასოს არსებობდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ აღნიშნული ინსტრუქცია ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი განსაზღვრავს მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების მიღების წესს. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება მემკვიდრის მიერ, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მითითებული ნორმით განსაზღვრული ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება არ გამორიცხავს სანოტარო ორგანოსათვის მიმართვის აუცილებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სანოტარო წესით სამკვიდროს მიღების დადასტურება ნიშნავს მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტის დადასტურებას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის დათქმა, რომ სამკვიდრო მიღებულად ითვლება მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი მართვის ან ფლობის შემთხვევაში, არის არა საერთოდ სანოტარო წესით სამკვიდროს მიღების ალტერნატივა, არამედ ფაქტობრივი წინაპირობა სანოტარო წესით სამვკიდროს მიღების დადასტურებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა, რომ ა. მ-ს არ ჰქონდა მიღებული სამკვიდრო მოწმობა, რაც გამორიცხავდა მის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, ა. მ-ი იყო თუ არა აღძრული მოთხოვნის უფლების მქონე პირი, სსსკ-ის 84-ე მუხლის შესაბამისად. ამ გარემოების შეფასება უნდა მოხდეს საქმის ხელახლა განხილვისას.
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 29-ე მუხლი დღეის მდგომარეობით ამოღებულია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ზემოთ მითითებულ გარემოებებზე, გამოეკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მათი ყოველმხრივ და სრულყოფილად შეფასების, საქმის გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად საქმეზე დაადგინოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.