ბს-1027-985(კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 16 ოქტომბერს შ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 1 მარტს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. იმავე წელს სამშვიდობო მისიით იყო ერაყში, 2005 წლის 1 დეკემბერს გადაეცა საპატიო სიგელი. 2006 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს შეიარაღებული ძალების დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, რომლის კურსი დაამთავრა 2007 წლის 28 მაისს. მსახურობდა ქ. ... მე-2 ქვეით ბრიგადაში, გარკვეული პერიოდი ასრულებდა ასმეთაურის მოვალეობას. გავლილი აქვს კოჯრის სპეცდანიშნულების კურსები.
მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებდა, რომ 2008 წლის 11 თებერვალს ყარაულის უფროსი იყო. ღამის საათებში მოვიდა ბრიგადის ხელმძღვანელი და მიუხედავად იმისა, რომ არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონდა, ბრიგადის პასუხისმგებელმა საყარაულო უწყისზე შენიშვნა გააკეთა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სათანადო მოვალეობას ვერ ასრულებდა.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ მისი მხრიდან არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და მისთვის უცნობი იყო თუ რა მიზეზით დაითხოვეს და ამორიცხეს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ბრძანება ¹2012 მისი დათხოვნის შესახებ, გადაეცა 2008 წლის 22 სექტემბერს.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ბრძანება ¹2012-ის 1-ლი პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ. მ-შვილის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის ¹2012 ბრძანების პირველი პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.