Facebook Twitter

ბს-1029-993 (კ-08) 18 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს.ს ,,..’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

დავის საგანი _ საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ს.ს «...-მა” 2008 წლის თებერვალში სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე 2008 წლის 4 თებერვლის უარის ბათილად ცნობა და მისი დავალდებულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის საფუძველზე მოეხდინა სს «...-ის” სახელზე მის კანონიერ სარგებლობაში არსებული 18 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს.ს. «...-ის” სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საკუთრების უფლებით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში განცხადება და თანდართული დოკუმენტები წარადგინა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა ხარვეზიანად მიიჩნია სარეგისტრაციოდ წარდგენილი მასალები იმის გამო, რომ განცხადებას არ ერთვოდა ს.ს. «...-ის» წესდება, კრების ოქმი და აუდიტის დასკვნა, რის გამოც 2007 წლის 14 სექტემბერს შეჩერებულ იქნა რეგისტრაცია. სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ხარვეზის შევსების დროისათვის უკვე გაუქმებული იყო კანონი, რის საფუძველზეც იგი ითხოვდა საკუთრების რეგისტრაციას, ხოლო ახალი კანონი რეგისტრაციის განსხვავებულ წესს ითვალისწინებდა, ასევე შეიცვალა საკუთრების უფლების დამდგენი ორგანო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონის მე-4 მუხლი და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით დამტკიცებული წესის ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ მე-5 მუხლი და დაადგინა, რომ სასამართლოს არ შეუძლია არაუფლებამოსილ ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაავალოს არაკანონიერი ქმედების განხორციელება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. 1»...-მა».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით ს.ს. «...-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს.ს. «...-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ არის მოითხოვოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია ინსტრუქციით დადგენილი ინფორმაციის გარდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ს «...-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ს.ს ,,...-ის” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ს.ს. ,,...-ს” გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; ხოლო ს.ს. ,,...-ის” წარმომადგენელს გ. გ.-ს მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 1 016 (ათას თექვსმეტი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 711,20 (შვიდას თერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ს.ს. «...-ის” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებაზე;

2. ს.ს. ,,...-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; ხოლო ს.ს. ,,...-ის” წარმომადგენელს გ. გ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 711,20 (შვიდას თერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.