Facebook Twitter
ბს-1032-996(კ-08) 8 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, წარმომადგენელი ბ. ც-ძე (მინდობილობა 15.07.08წ., ¹01-10/417; 28.11.07წ., ¹01-10/1101).

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. კ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

24.10.07წ. კ. მ-იამ და მ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ¹01-03/41 და ¹01-03/42 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სასამართლო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლიდან მუშაობდნენ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში. სამმართველოში მუშაობის დაწყების დღიდან გათავისუფლებამდე, 2007 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდნენ კეთილსინდისიერად. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ბრძანებებით განთავისუფლებულები იქნენ თანამდებობებიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეთა განცხადებით, აღნიშნული ბრძანებები უკანონოა, არ დგინდება, რა გახდა მითითებული ნორმის გამოყენების საფუძველი.
მოსარჩელე მ. კ-ძემ აღნიშნა, რომ 20.09.07წ. მიიღო დავალება შეესწავლა აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ მოწოდებული სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ 2007წ. გაცემული არამერქნული რესურსების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დავალების მიღებისთანავე დაიწყო მუშაობა დავალების შესასრულებლად, გამოითხოვა დოკუმენტები და გაანალიზა არსებული სიტუაცია, მიიღო 61 დოკუმენტი, საიდანაც გამოყო 21 გაყალბებული დოკუმენტი, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მოამზადა შესაბამისი დასკვნა და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცა სამმართველოს უფროსს. დასკვნაში არ იქნა ასახული ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაში დაშვებული შეცდომები, რაც არაპროფესიონალიზმად ჩაუთვალეს. მ. კ-ძემ განმარტა, რომ სრულყოფილი დასკვნის მომზადებას 05.10.07წ. დაასრულებდა.
მოსარჩელე კ. მ-იამ აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ იქნა სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. მოსარჩელე კ. მ-იამ სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ 02.10.07წ. აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა, გაუქმებული იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.12.07წ. გადაწყვეტილებით კ. მ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ¹01-03/42 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა კ. მ-იას შრომით ურთიარეთობასთან დაკავშირებით გამოეცა ახალი აქტი. მოპასუხეს დაევალა ასევე განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2007 წლის 5 ნოემბრამდე და კომპენსაცია მისი ზღვრული ხელფასის ორი თვის სარგოს ოდენობით. მოსარჩელე მ. კ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.12.07წ. გადაწყვეტილება მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.08წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17.12.07წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ¹01-03/41 ბრძანება, მ. კ-ძე აღდგენილი იქნა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... თანამდებობაზე, მას აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. კ-ძე 2006 წლიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში ... თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 02.10.07წ. ბრძანებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. კ-ძის მიერ შესწავლილი იქნა სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების მიერ 2007წ. გაცემული ტყის არამერქნული რესურსების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შემდეგ მოხსენებითი ბარათით მიმართა სამმართველოს უფროსს და მოახსენა, რომ შესწავლილი მასალების საფუძველზე გენერალურ ინსპექციას მიზანშეწონილად მიაჩნდა მასალების გადაგზავნა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსათვის. მოხსენებითი ბარათი 28.09.07წ. იყო დათარიღებული. 28.09.07წ. იყო პარასკევი, მოხსენებით ბარათს დაედო ი. კ-კის რეზოლუცია «მოამზადეთ წერილი პროკურატურისათვის». 02.10.07წ. მ. კ-ძე გაათავისუფლეს სამსახურიდან. სამმართველოს ... თანამდებობა ვაკანტური იყო და საქმის სასამართლოში განხილვის დროისათვის ამ თანამდებობაზე დანიშნული არავინ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. კ-ძის მოხსენებით ბარათში ასახული იყო შემოწმების მასალების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რითაც საჯარო მოხელემ შეასრულა თავისი მოვალეობა, მიზანშეწონილად მიიჩნია მიეთითებინა სამმართველოს ხელმძღვანელობისათვის, რომ შემდგომი რეაგირების მიზნით მის ხელთ არსებული დოკუმენტები გადაეგზავნა სამართალდამცავი ორგანოებისათვის. მოხსენებითი ბარათის ირგვლივ რაიმე შენიშვნები არ გამოთქმულა. რაზოლუციით ირკვეოდა, რომ სამმართველოს თანამშრომელს დაევალა წერილის მომზადება პროკურატურისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ასებობდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად მ. კ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარისი საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტი. მ. კ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მასზე დავალებული მოვალეობის შესრულება. მის მიერ არასრულყოფილად იქნა შემოწმებული სამმართველოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობა და არ იქნა გამოვლენილი დარღვევები. აღნიშნულის გამო მ. კ-ძე სამსახურიდან გათავისუფლდა. მ. კ-ძის მოხსენებით ბარათში არ აისახა სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, მასში მხოლოდ კერძო სამართლის სუბიექტების მიერ დოკუმენტების გაყალბების შესახებ აღინიშნა. კასატორის აზრით, სადავო ბრძანება გამოცემული არ ყოფილა ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა აგრეთვე, რომ «აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის 11.07.06წ. ¹60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» აჭარის ა/რ მთავრობის 30.06.08წ. ¹29 დადგენილებით ცვლილება იქნა შეტანილი აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სტრუქტურაში, გაუქმდა სამმართველოს სტრუქტურული ერთეული _ გენერალური ინსპექცია, შესაბამისად _ ... თანამდებობა. ამდენად, აღარ არსებობდა ის თანამდებობა, რომელიც გათავისუფლებამდე ეკავა მ. კ-ძეს.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მ. კ-ძე 2006 წლის აპრილიდან მუშაობდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ... თანამდებობაზე. აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ¹01-03/41 ბრძანების საფუძველზე მ. კ-ძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ., ¹01-03/41 ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოცემული უნდა იქნეს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მ. კ-ძეს სამმართველოს უფროსის 20.09.07წ. რეზოლუციით დაევალა სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან შემოსული დოკუმენტების შესწავლა, მ. კ-ძე სამმართველოს უფროსს მოხსენებითი ბარათით მიმართა 28.09.07წ. (პარასკევს), მოხსენებითი ბარათის შედგენიდან მეორე სამუშაო დღეს – სამშაბათს (02.10.07წ.) იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მ. კ-ძისათვის არ მიუცია სზაკ-ის მე-13 მუხლით მინიჭებული მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. მ. კ-ძე განმარტავს, რომ ქობულეთის ტერიტორიული ორგანოდან ხსენებული დოკუმენტი მიიღო 27.09.07წ., რომლიდანაც 28.09.07წ. თემატურად გამოყო 21 გაყალბებული დოკუმენტი, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. აღნიშნულზე მოამზადა შესაბამისი დასკვნა და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცა სამმართველოს უფროსს, დანარჩენი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგებზე დასკვნის მომზადება შესაძლებელი იყო მოგვიანებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. კ-ძეს სამმართველოს უფროსის რეზოლუციით დაევალა სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან შემოსული დოკუმენტების შესწავლა, ხელმძღვანელის რეზოლუციაში არ განსაზღვრულა საქართველოს პრეზიდენტის 01.07.1999წ. ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქმის წარმების ერთიანი წესების» 29-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებული შესრულების ვადა, დავალების შესრულების საბოლოო თარიღი. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო საჯარო დაწესებულების ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად, ხელმძღვანელ თანამდებობაზე არადამაკმაყოფილებელი ჩვევების გამოვლენა არ გამორიცხავდა მ. კ-ძის თანხმობის შემთხვევაში, მისი სამმართველოს აპარატში ან სისტემაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობას, რომლის შესაბამისი კვალიფიკაციაც გააჩნდა. მ. კ-ძე სამსახურიდან გათავისუფლდა ამ შესაძლებლობის განხილვის გარეშე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი არ გადაწყვეტილა მოხელის საქმიანობის მართლზომიერების შემოწმების შედეგად, დაინტერესებულ პირს – მ. კ-ძეს არ მისცემია საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, მ. კ-ძე სამსახურიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით იქნა გათავისუფლებული.
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მ. კ-ძის მოხსენებითი ბარათი არ ადასტურებს მის არადამაკმაყოფილებელ პროფესიულ ჩვევებს. მ. კ-ძის მიერ შედგენილ მოხსენებით ბარათში აღინიშნა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც მასალები სამართალდამცავი ორგანოებისათვის უნდა გადაგზავნილიყო. მოხსენებითი ბარათის ავტორი ზოგადად ითხოვდა ყველა მის ხელთ არსებული მასალის გადაცემას აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოსათვის. აღნიშნულის შედეგად შესაძლებელი იყო ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონოდ მოსაკრებლების გადახდევინების და ტყით სარგებლობის ბილეთების კანონდარღვევით გაცემა – ჩატარებული დადგენა, დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არადაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება იქცეს მაშინ, როდესაც დაბალი პროფესიული მომზადების დონის გამო მუშაკის მხრიდან არაერთჯერადად ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, მუშაკის სამსახურისადმი შეუსაბამობა ობიექტური მონაცემებით უნდა დასტურდებოდეს (აქტი დავალების უხარისხოდ შესრულების შესახებ, ცნობა ნორმატივების შეუსრულებლობის შესახებ, და ა.შ.), დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციას აწევს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. კ-ძის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა მხოლოდ ერთი დოკუმენტის – მისი მოხსენებითი ბარათის შინაარსი მანამდე მ. კ-ძის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო დისციპლინური ზომების გატარებას ადგილი არ ჰქონია, გაწეული მუშაობისათვის მას ეძლეოდა ფულადი პრემიები (ს.ფ. 61-63, 126), საქმის მასალებით დასტურდება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე რამოდენიმე დღით ადრე (26.0907წ.) მ. კ-ძეს მიეცა ფულადი პრემია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მ. კაკალაძის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის საფუძველზე სხვა სახის დასკვნა, წერილობითი დოკუმენტი მ. კ-ძის მიერ დავალების უხარისხოდ შესრულების შესახებ არ შედგენილა, სამმართველოს მიერ არ წარმოდგენილა ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელის მიმართ დოკუმენტაციაში ასახული დარღვევების გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარების რაიმე მტკიცებულება. აჭარის ა/რ მთავრობის 11.07.06წ. ¹60 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების მე-4 მუხლის თანახმად სამმართველოს უფროსი ახორციელებს სამმართველოს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე დასკვნის მომზადების შემოწმებას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადო მითითებებების მიცემას ნიშნავს. საქმის მასალებით არ დასტურდება დასკვნის მომზადებამდე რაიმე მითითების მიცემა, პირიქით, მ. კ-ძის მიერ შესწავლილი დოკუმენტაცია აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის რეზოლუციის შესაბამისად, მ. კ-ძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტით მ. კ-ძის სამსახურიდან გათავისუფლების საკმარისი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. კ-ძის მოხსენებითი ბარათი არ წარმოადგენს მოხელის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების დადგენის საკმარის საფუძველს, შესაბამისად ამ საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლება კანონშეუსაბამოა.
«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული ნორმა მოხელის აღდგენას თანამდებობაზე ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც კვლავ არსებობს გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა. სამმართველოს სტრუქტურული ერთეული-გენერალური ინსპექცია, «აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ» აჭარის ა/რ მთავრობის 11.02.06წ. ¹60 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» აჭარის ა/რ მთავრობის 30.06.08წ. ¹29 დადგენილებით, გაუქმდა. «აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შექმნის შესახებ» აჭარის არ მთავრობის 02.09.04წ. ¹36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე» აჭარის ა/რ მთავრობის 30.06.08წ. ¹28 დადგენილებით აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა (50 საშტატო ერთეული) შემცირდა და 47 საშტატო ერთეულით განისაზღვრა. აჭარის ა/რ მთავრობის 16.12.08წ. ¹56 დადგენილებით სამმართველოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა კვლავ განისაზღვრა 50 საშტატო ერთეულით, თუმცა მთავრობის ამ დადგენილების საფუძველზე სამმართველოს უფროსის 25.12.08წ. ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგი არ ითვალისწინებს სამმართველოს სტრუქტურული ერთეულის სახით – გენერალური ინსპექციის არსებობას, შესაბამისად საშტატო განრიგით არ არის გათვალისწინებული გენინსპექციის ... შტატი. ამდენად, სადღეისოდ არ არსებობს თანამდებობა, საშტატო ერთეული, რომელიც სამსახურიდან განთავისუფლებამდე ეკავა მ. კ-ძეს, რის გამოც არ არსებობს წინანდელ თანამდებობაზე მ. კ-ძის აღდგენის და ამ ნაწილში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 112-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური ხელფასი მთელი მოცდენილი დროისათვის. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას. ვინაიდან მ. კ-ძის სამუშაოზე აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა არ არსებობს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თანხის ანაზღურება უნდა მოხდეს გათავისუფლების დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით გათავისუფლების დღიდან – 2007 წლის 2 ოქტომბრიდან მის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმებამდე – 2008 წლის 30 ივნისამდე. სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯლობას მ. კ-ძის შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემის, გასასვლელი დახმარების საკითხზე.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. კ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 02.10.07წ. ¹01-03/41 ბრძანება;
4. მ. კ-ძეს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2007 წლის 02 ოქტომბრიდან 2008 წლის 30 ივნისამდე;
5. მ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.