¹ბს-1034-997(2კ-08) 8 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) – დ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 19 ივლისს დ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1996-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში .... მედდად, საიდანაც გათავისუფლდა 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის რეორგანიზაციის გამო.
მოსარჩელის განმარტებით, სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა ხელფასი და ჯილდო – 1280 ლარი, სანივთე ქონების კომპენსაცია – 3550 ლარი და გამოუყენებელი შვებულება - 710 ლარი, სულ – 5540 ლარი.
Yზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სულ – 5540 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა სახელფასი დავალიანების 1066,75 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს თავადაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 1066,75 ლარის: მათ შორის ხელფასის - 300,91 ლარის, კვების კომპენსაციის - 480,33 ლარის, ფულადი ჯილდოს - 221 ლარისა და მატერიალური დახმარების - 64,51 ლარის, აგრეთვე სანივთე ქონების კომპენსაციის - 1939,79 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, იგი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. უდავოა, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები; ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, აგრეთვე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების გამო მოთხოვნის უფლებას, სასამართლოს მითითებით, ეს სამართლებრივი ინსტიტუტები შემოღებულია კერძო სამართლის საკანონმდებლო აქტით _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (მუხლი 129) და მოქმედებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობების სფეროში, რასაც ნამდვილად არ განეკუთვნება მოსარჩელე დ. მ-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა; კერძოდ, უდაოა, რომ მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურე და ეს ურთიერთობები რეგულირდება საჯარო სამართლის საკანონმდებლო აქტებით _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით და ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადები შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს; მოსარჩელე დ. მ-ა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული არ ყოფილა რაიმე სახის ხელშეკრულება, მათ შორის ურთიერთობა რეგულირდებოდა საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ბრძანებების მეშვეობით, ამიტომ განსახილველ სასარჩელო მოთხოვნაზე ვერ გავრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს ურთიერთობათა იმ წრეს, რომელზედაც უნდა გავრცელდეს ამ კოდექსის ნორმები; კერძოდ, 1-ლ მუხლში განმარტებულია, რომ ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს. მოსარჩელე დ. მ-ა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კერძო ხასიათის ზემოთ ჩამოთვლილ ურთიერთობათაგან რომელიმე სახის ურთიერთობად. პირიქით, დავის გამო დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ საჯარო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.
სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდო ან/და მატერიალური დახმარება წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ ისეთ დანამატებს, რომლებზედაც მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ელ პუნქტში და რომლებიც განიხილება საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილებად (ანუ ჯილდო და მატერიალური დახმარება წარმოადგენს კონკრეტული შინაარსის სამართლებრივ კატეგორიას _ ხელფასს, ხელფასის შემადგენელ ნაწილს). ჯილდოსა და მატერიალური დახმარების, როგორც განსაზღვრული სამართლებრივი კატეგორიების, კერძოდ, ხელფასის შემადგენელი ნაწილების, ბუნებას ვერ შეცვლის (სხვა სახის სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩამოაყალიბებს) ის გარემოება, რომ ისინი გაიცემა პერიოდულად, თუნდაც წელიწადში ერთხელ.
“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით (ძველი რედაქციის) დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი არის ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ახასიათებს სპეციფიკური შინაარსის საჯარო სამსახურს _ სამხედრო სამსახურს; ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი წარმოადგენს იმავე მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის პირდაპირ, უშუალო პრაქტიკულ გამოხატულებას; კერძოდ, მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამ სამართლებრივი ნორმის საფუძველზე სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, თავად გასწიოს ყველა აუცილებელი ხარჯი, თავად შექმნას შესაბამისი პირობები სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეების შესანახად; სახელმწიფოს მიერ ამ ვალდებულების თავის თავზე დაკისრების პირობებში სამხედრო მოსამსახურე უნდა გათავისუფლდეს ყველა იმ ხარჯის გაწევის ვალდებულებისაგან, რომელიც აუცილებელია მისი, როგორც მოქალაქის და როგორც სამხედრო მოსამსახურის შენახვისათვის.
ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს უფლებები და გარანტიები მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები _ ასეთი ხასიათის დამატებითი უფლებები და გარანტიები სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემულია სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით. სახელდობრ, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა სახელმწიფო და სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ სადაო სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ახალი რედაქცია. კერძოდ, ამ უკანასკნელის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი. მუხლის ამ ნაწილმა ცვლილება განიცადა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2007 წლის 11 მაისის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე. საკანონმდებლო ცვლილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან. უდაოა, რომ მოსარჩელე დ. მ-ი შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა და რიგებიდან დაითხოვეს (2007 წლის 20 მარტი) “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ძველი რედაქციის მოქმედების პირობებში და დღეისათვის მოსარჩელე დაობს სწორედ ამ პერიოდში წარმოშობილ და შეუსრულებელ კანონისმიერ ვალდებულებებზე; სასამართლოს განმარტებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგან კანონის ახალ ნორმას არ აქვს მინიჭებული უკუქმედების ძალა. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. უდაოა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის არცერთი მუხლი არ შეიცავს დათქმას კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისთვის უკუძალის მინიჭების თაობაზე.
სასამართლოს მითითებით, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლი იმპერატიული ხასიათისაა, ამდენად, შრომითი გასამრჯელოს _ ხელფასის, მათ შორის _ ფულადი ჯილდოს, მატერიალური დახმარების, ასევე სასურსათე ულუფისა და ფორმის ტანსაცმლის ან მათი ადეკვატური კომპენსაციის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკისრია კანონმდებლობის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებაა, უფრო მეტიც, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მიეცეს ზემოთმითითებული დანამატები და ამ დანამატების გაცემა ხორციელდება ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
სასამართლომ მოპასუხის არც ის არგუმენტი გაიზიარა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ვადაში, იმ დღიდან როდესაც ის გათავისუფლდა სამსახურიდან, ე.ი. გათავისუფლებიდან ერთი თვის ვადაში, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა, სწორედ ამ კანონის 37-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, სწორედ ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
შრომის კანონთა კოდქსის (2006 წლის) 31-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე, ხოლო იმ დროს მოქმედი ,,შრომის კანონთა კოდექსის” 81-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდება დროებლივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ე.ი. ხელფასის გაცემა დამსაქმებლის მიერ პერიოდულად შესრულებელი ვალდებულებაა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება.
აპელანტის მოსაზრებით, მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაეყენებინა იმ დღიდან ერთ თვეში, რაც დადგენილია ხელფასის გაცემის დღედ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სამ წელიწადში (როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების).
აპელანტის მითითებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, სასურსათო ულუფა გაიცემა ყოველთვე ფულად სარგოებთან ერთად, ხოლო ფორმის ტანსაცმელი წელიწადში ერთხელ.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და სხვა მოთხოვნების გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ სახელშეკრულებო ვალდებულებას, რომელზეც ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო ამ ვადის ათვლა, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, იწყება იმ პერიოდიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი.
ამდენად, აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავლიანების თაობაზე ხანდაზმულია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2004-2006 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 1027,99 ლარის ანაზღაურება; ხოლო 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასკვნებს ხელფასის, კვების კომპენსაციის, ჯილდოს და მატერიალური დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და დამატებით მიუთითა, რომ 1998 წლიდან ამოქმედდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონი, რომლითაც განსხვავებულ რეჟიმში მოექცა ერთის მხრივ, ჯილდო და მატერიალური დახმარება და მეორეს მხრივ კვების კომპენსაცია. კანონის 12.2-ე მუხლი ითვალისწინებს წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეთათვის ჯილდოს და/ან მატერიალური დახმარების დაწესების შესაძლებლობას, ხოლო 12.3-ე მუხლით გათვალისწინებულია სანივთე ქონების და სასურსათო ულუფის, ან მათი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. ჯილდო და მატერიალური დახმარება განხილულ უნდა იქნეს, როგორც ხელფასზე დანამატი, რომლის დაწესების საკითხს, წყვეტს ადმინისტრაცია “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.2-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და უნდა მოექცეს ხელფასის ანაზღაურებისათვის დადგენილ სამართლებრივ რეჟიმში. სასურსათო ულუფის და ფორმის ტანსაცმლის საკომპენსაციო თანხა კი კომპენსაციის სახეს წარმოადგენს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341-ე მუხლით გათვალისწინებული, წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესი მათზე ვერ გავრცელდება. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს საჯარო მოხელეზე კუთვნილი თანხის გაცემას და მითითებული დათქმის თანახმად იგი არ ეხება კომპენსაციებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, კვების და სანივთე ქონების კომპენსაციებზე, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით (ს.ფ. 54, 55), დადგენილია, რომ 2007 წლის 20 სექტემბრისა და 8 ოქტომბრის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა ცნობები მოსარჩელის სახელზე მასზედ, რომ მის მიმართ სახელფასო დავალიანება 1998-2000 წლებში შეადგენს 1066,75 ლარს. დავალიანება მოიცავს ხელფასს, კვების კომპენსაციას, ჯილდოს და მატერიალურ დახმარებას. ამ დოკუმენტით მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დ. მ-ის მიმართ 1066,75 ლარის დავალიანების არსებობის დადასტურება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მითითებული დოკუმენტის შინაარსზე. თავდაცვის სამინისტრო 2007 წელს გაცემული ცნობებით არ უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების გაცემის ვალდებულებას მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. უფრო მეტიც, კვლავ აღიარებს მოსარჩელის წინაშე იმ გარემოებას, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია მისი კუთვნილი, ხელზე გასაცემი დავალიანება. აღნიშნული დოკუმენტით დადასტურდა ერთი მხრივ, დ. მ-ის უფლება მოითხოვოს მითითებული თანხა, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება გასცეს აღნიშნული თანხა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 05.07.07 წლის წერილით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე აღიარებს მოსარჩელის წინაშე სახელფასო დავალიანების არსებობას და გამოხატავს ნებას შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბდუნდეს დავალიანების ანაზღაურების საკითხის განხილვას. აქვე მიუთითებს, რომ, სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა და სამინისტრო მოკლებულია მისი გადახდის შესაძლებლობას. აღნიშნული წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ თავდაცვის სამინისტრო არ აღიარებს მხოლოდ სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ვალდებულებას. კვების კომპენსაციას, სამინისტრო თავად მოიაზრებს სახელფასო დავალიანებად (გაცემული ცნობებით სამინისტროს სახელფასო დავალიანებად მიიჩნევს 1066,75 ლარს, რაც კვების კომპენსაციასაც მოიცავს) და მართალია იგი არ შეადგენს ხელფასის კომპონენტს, მაგრამ იგი წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე აღიარებულ ვალს, რადგან არ უარყოფს მისი გადახდის ვალდებულებას, სანივთე კომპენსაციის მსგავსად.
სააპელციო პალატის მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლით დადგენილი შემთხვევა, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულებისას მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარების და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართ.
საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები (ს.ფ. 89-92), რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს მისაღები აქვს 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა 911,84 ლარის, ხოლო 2004-2006 წლების _ 1027 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის მოთხოვნით სარჩელი აღძრა 19.07.07წ. ამდენად, მას უნდა აუნაზღაურდეს სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა სარჩელის აღძვრიდან სამი წლის უკანდახევით, ანუ 2004-2006 წლის დავალიანება _ 1027 ლარი.
რაც შეეხება ადვოკატის ანაზღაურების მოთხოვნას, სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 53-ე მუხლი განსაზღვრავს ხარჯების განაწილების წესს მხარეთა შორის, რომლის თანახმად წარმომადგენლის დახმარებასთან დაკავშირებული ხარჯები შესაძლებელია დაეკისროს მეორე მხარეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებში შედის ადვოკატისთვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები. შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეული ადვოკატისთვის გადასახდელი თანხები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ. მ-მა.
კასატორი – დ. მ-ი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილით სახელმწიფოს ეკისრება სამხედრო მოსამსახურის ფორმის ტანსაცმლით ან შესაბამისი კომპენსაციით უზრუნველყოფა. ადმინისტრაციულ სამართალში მატერიალური სამოქალაქო კოდექსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვინაიდან დ. მ-ა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა წესრიგდებოდა ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული დ. მ-ს თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით, ფორმის ტანსაცმლის ფულადი თანხით კომპენსაციის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკისრებოდა კანონით, რომელზეც არ ვრცელდება არავითარი ხანდაზმულობის ვადები. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ კანონისმიერ ვალდებულებებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა.
გარდა ამისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (ს.ფ. 89-92) დადგენილია, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა 911,84 ლარის ოდენობით. მაშასადამე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ გააჩნია მოსარჩელის მიმართ დავალიანება და შესაბამისად, სასამართლო რომელიც კანონისმიერ ვალდებულებებზე ავრცელებს მატერიალურ სამოქალაქო ნორმებს და არ იყენებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს, რომლის თანახმად თუ მოპასუხემ აღიარა ვალდებულება ხანდაზმულობის ვადები ჩერდება.
კასატორის მითითებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სანივთე კომპენსაციის გაუცემლობა არის მოქმედება (რეალაქტი), რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს დ. მ-ის კანონიერ უფლებებსა და თავისუფლებებს და გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი. აღნიშნული მუხლით თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსით 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. მაშასადამე, სადაო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმა და სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11.2 ,,თ” ქვეპუნქტით სამხედრო მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, ხელფასის არსსა და მის შემადგენელ კომპონენტებზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს 1998-2000 წლებში მოქმედი "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონის მოთხოვნები, ხოლო ამ კანონმდებლობაში განსხვავებული დებულებების არარსებობის შემთხვევაში, სადავო ურთიერთობა უნდა მოგვარდეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დებულებებით, კერძოდ, 37-ე მუხლით (1998-2000 წლების რედაქციით), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ფინანსურ გასაცემელს მიეცეს ხელფასზე დანამატის სტატუსი და ჩაითვალოს ხელფასის შემადგენელ ელემენტად, საჭიროა, ამ ფულად გასაცემელს (კვარტალური პრემია, კვების კომპენსაცია), კანონმდებლობის მიხედვით, ჰქონდეს "დანამატის" სტატუსი.
კასატორის განმარტებით, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტით (2000 წლამდე რედაქციით) სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება.
ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ამავე მუხლის მესამე პუნქტით _ ოფიცერს თანამდებობაზე ნამსახური კალენდარული წლების (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ის და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში) მიხედვით ეძლევა თანამდებობრივ და სამხედრო წოდებების ფულად სარგოებზე პროცენტული დანამატები ნამსახურობისათვის შემდეგი ოდენობით: 1-დან 2 წლამდე _ 5%; 2-დან 5 წლამდე _ 10%; 5-დან 10 წლამდე _ 20%; 10-დან 15 წლამდე _ 25%; 15-დან 20 წლამდე _ 40%; 30 წელზე მეტი _ 45%.
როგორც "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტიდან ირკვევა, "დანამატის" სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ ფულად თანხებს, რომლებიც დაიანგარიშება ნამსახური წლების მიხედვით. რაც შეეხება კვების კომპენსაციას, ჯილდოსა და მატერიალურ დახმარებას "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, "დანამატის" სტატუსი არ აქვს მინიჭებული.
აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების თანხები არ წარმოადგენს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატებს და ისინი ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს.
კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა კვების კომპენსაციის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ნაწილში ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნებზე ვრცელდება სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით _ საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
აქედან გამომდინარე, კანონიერია საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობისას წარმოშობილი დავის დროს გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია, მაგრამ მისი ნორმები ხშირ შემთხვევაში იმ ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებადაც გვევლინება, რომლებიც თავისი შინაარსით წარმოადგენს ადმინისტრაციულ (საჯარო) ურთიერთობებს.
საყურადღებოა, განისაზღვროს, მოსარჩელესა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო იმ მარტივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის განცხადება _ ნების გამოვლენა _ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურის დაწყების შესახებ (ოფერტი) და სამინისტროს თანხმობა (აქცეფტი _ ბრძანების სახით), მასთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ, ასევე ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობის და მათი უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტები ერთობლიობაში წარმოადგენს მოსარჩელესა და სამინისტროს შორის ფაქტობრივი საჯარო შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს და ამის დასადასტურებლად სრულიად არ არის საჭირო ერთიანი, გარკვეულ სისტემაში მოყვანილი ან გარკვეული ფორმის მქონე დოკუმენტის _ ხელშეკრულების არსებობა.
აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა არ ავალდებულებს მხარეებს კონკრეტული შინაარსისა და სტილის მქონე დოკუმენტის გაფორმებას ხელშეკრულების დადებისას. ხელშეკრულებათა ფორმები და სტილი შეიძლება იყოს განსხვავებული და შესაბამისად, წერილობითი განცხადება და ბრძანება თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, ერთობლიობაში წარმოადგენს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
აღნიშნული მიდგომა სახელმწიფოს მიერ ასევე ფაქტობრივად აღიარებულია "შრომის კოდექსის" მე-6 მუხლის მე-3 ნაწილითაც _ პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურზე ვრცელდება შრომითი კანონმდებლობა, უდავოა, უფრო მეტიც, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, სახელფასო დავალიანებების ხანდაზმულობის საკითხზე, რომელიც არ წესრიგდება მითითებული კანონით, უნდა გავრცელდეს შესაბამისი კანონმდებლობა, ანუ: ა) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის ვალდებულებას მიეცა სახელშეკრულებო ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურებრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
სსკ-ის 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო და კვების კომპენსაციის გაცემისათვის დაწესებული დღის მეორე დღიდან.
როგორც ცნობილია, სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წელს.
ამდენად, სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.
სსკ-ის 129-ე მუხლის გამოყენების უპირობო კანონიერებაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლიც, სადაც განმარტებულია, რომ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ, გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართაც.
კასატორის განმარტებით, იმ დროს მოქმედი "შრომის კანონთა კოდექსის" 81-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება ხდებოდა ეტაპობრივად, 94-ე მუხლის პირველი პუნქტით ხელფასი გაიცემოდა ყოველი ნახევარი თვის შემდეგ მაინც, თუ შრომის ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
ამდენად, უდავოა, რომ ხელფასის გაცემა წარმოადგენდა პერიოდულ ვალდებულებას, რომლის მოთხოვნაზე ვრცელდება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის თითოეული თვის სახელფასო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს მსჯელობა.
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების, კვარტალური პრემიისა და კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, ორივე მსჯელობის მიხედვით ხანდაზმულია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეში არსებულ თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 7 ივლისის ¹9/2008 ცნობა ვალის აღიარებად, ვინაიდან აღნიშნულიEარ შეიძლება ჩაითვალოს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სსკ-ის 137-ე მუხლის მიხედვით, რადგან დასახელებული დოკუმენტით მისი გამცემი ორგანო არ აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას და მისი შეფასება სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად, კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, მას ინფორმაციული ხასიათი აქვს, კერძოდ, მოსარჩელეს (განმცხადებელს) მიეცა სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაცია მისი მოთხოვნის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონირება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დ. მ-ი 1996-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში ...... მედდად, საიდანაც გათავისუფლდა 2007 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის რეორგანიზაციის გამო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ¹3-11/7469 ცნობის (ს.ფ. 54) თანახმად, მოსარჩელის მიმართ მოპასუხის დავალიანება შეადგენს: ხელფასს – 300,91 ლარს, კვების კომპენსაციას – 480,33 ლარს, მატერიალურ დახმარებას – 64,51 ლარს, ჯილდოს – 221,00 ლარს, სულ – 1066,75 ლარს.
"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. კვების კომპენსაცია წარმოადგენს “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულ სასურსათო ულუფას. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის (2007 წლის 11 მაისამდე მოქმედი რედაქცია) მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ამდენად, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, ღებულობს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გარდამავალი ნორმის შემცველი 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ იგი არ ეხება საჯარო მოსამსახურისათვის კომპენსაციის ანაზღაურებას ამ მუხლით დადგენილი წესით. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ამასთან, ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან, რაც განსხვავებულადაა მოწესრიგებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლში. ამდენად, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ზემოაღნიშნული გარდამავალი ნორმა (“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლი) აღნიშნულ კომპენსაციაზე არ ვრცელდება. შესაბამისად, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტემენტის მიერ გაცემულ საინფორმაციო ხასიათის ცნობაში სახელფასო დავალიანებასთან ერთად, მითითებულია კვების ულუფის დავალიანებაზე, ხელფასისაგან განსხვავებით, კვების ულუფის დავალიანების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილ უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისათვის კვების კომპენსაციის თანხის ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის თანხის _ 480,33 ლარის დ. მ-ის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებას დანარჩენ ნაწილში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში განჩინება მიღებულია კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების საფუძველზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება გაზიარებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. მ-ის მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის – 480,33 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების – 586.42 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის 1027,99 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.