ბს-1035-993(კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 29 ოქტომბერს ქ. ლ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს «...» მიმართ და კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისის _ 294 ლარის, დამატებითი შემოსავლის სახით _ 1120 ლარისა და დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის _ 2440,60 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში არასათანადო მოპასუხე _ შპს «...» შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ საქართველოს ფინანსთა სამინსტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით ქ. ლ-ძის სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შრომითი ანაზღაურების ნაწილში გამოეყო ცალკე წარმოებად და განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 მარტის განჩინებით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან სასარჩელო მოთხოვნა დამატებითი შემოსავლის სახით _ 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენდა დამატებით შემოსავალს ხელფასის სახით, ქ. ლ-ძის სასარჩელო მოთხოვნა _ 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში განხილული უნდა ყოფილიყო სახელფასო დავალიანებასთან ერთად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საქმე ხსენებულ ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. ლ-ძის სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე ქ. ლ-ძის სარჩელისა გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით განსაზღვულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2008 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისის _ 294 ლარის მოთხოვნის ნაწილში დააზუსტა მოპასუხეთა წერე და მოპასუხედ მიუთითა შპს «...». ამასთან, 2009 წლის 20 იანვარს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს ქ. ლ-ძემ და აღნიშნა, რომ 2002 წლის 3 იანვარს უკანონოდ იქნა გათავისუფლებული შპს «...» სისტემიდან. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 3 ივნისის განჩინებით აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე. 2002 წლის 15 ნოემბერს კი, შპს «...» ყოფილი ტრანსპორტის პროკურატურის სისხლის სამართლის საპროცესო ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად კვლავ გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით მის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. შესაბამისად, შპს «...» მიერ აუნაზღაურდა ხელფასი _ 840 ლარი, ნაცვლად _ 1134 ლარისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ქ. ლ-ძის სარჩელი, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს «...» მიმართ, კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისისა და დამატებითი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ლ-ძის სასარჩელო მოთხოვნა შპს «...» მიმართ კუთვნილი ხელფასიდან დანაკლისის სახით _ 294 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ დამატებითი შემოსავლის ანაზღაურების სახით _ 1120 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.