Facebook Twitter
ბს-1035-998 (კ-08) 29 აპრილი, 2009წ

ბს-1035-998 (კ-08) 29 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ ვერიკო ბოკუჩავა

კასატორები – შპს «...», სს «...», გ. ა-აკის ი.ს. «...» (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (მოპასუხე)

დავის საგანი – ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა _სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი.ს. “...” გ. ა-აკმა, სს ,,...”, შპს ,,...» და შპს ,,...» 2006 წლის სექტემბერში სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანებით დამტკიცებული «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების» მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ¹26 ბრძანების თანახმად დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ბრძანების პროექტი და ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გამოცხადდეს საჯაროდ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბრძანების გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს მიეცათ წინადადება გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით 20 დღის განმავლობაში წარედგნათ მათი მოსაზრებები სამინისტროსათვის. ამავე ცნობით განიმარტა, რომ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 სექტემბრამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით და მოსაზრებებით:

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 210-ე და 211-ე მუხლის პირველი ნაწილი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისათვის კანონით არ იყო განსაზღვრული ვადა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბრძანების გამოსაცემად. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა განესაზღვრა ვადა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეულია ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წარდგენის წესი. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, 2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში მიეთითა, რომ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოსაზრებები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების ამოქმედებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ვადა კი ფაქტობრივად ამ დროისათვის გასული იყო, ვინაიდან ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ” ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანების თანახმად, ბრძანება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან, ხოლო სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მიღებული არ ყოფილა. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, წერილობითი მოსაზრების წარდგენისათვის განსაზღვრულია 20 დღის ვადა შესაბამისი აქტის პროექტის გამოქვეყნების დღიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დარღვეულ იქნა ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირთა მოწვევის წესი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ,,ელეტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მიღებისა და განაწილების მინიმალური ზღვარის დადგენისას ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტებს უფლება მისცემოდათ გაეგრძელებინათ მათი საქმიანობა კანონმდებლობით მინიჭებული ათწლიანი საგარანტიო პერიოდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მე_7 მუხლის პირველი პუნქტი ძალადაკარგულად გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს «...», სს «...» და ინდ/მეწარმე გ. ა-აკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2006 წლის 9 ივნისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა 2006 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველეყო ,,ელექტროენერგიის ბაზრის წესების” დამტკიცება, ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართევლოს ენერგეტიკის სამინისტროს საქართველოს საკანონმდებლო აქტით წარმოექმნა ,,ელეტროენერგიის ბაზრის წესების” დამტკიცების ვალდებულება მითითებული საკანონმდებლო ცვლილების გამოქვეყნების დღიდან. ნორმატიული აქტის გამოცემის ვადა კი განსაზღვრა საკანონმდებლო აქტმა.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 217-ე მუხლის შესაბამისად და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა განესაზღვრა ვადა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ნორმა იმაზე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის ვადა იმ შემთხვევაში განისაზღვრებოდა გადაწყვეტილებით ნორმატიული აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, თუკი კანონით სხვა რამ არ იქნებოდა დადგენილი. კანონმა კი სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა ცალსახად განსაზღვრა 2006 წლის 1 სექტემბრამდე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 217-ე მუხლის მოთხოვნები, საფუძველს მოკლებულია.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2006 წლის 17 აგვისტოს გამოცემულ ¹26 ბრძანებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული ბრძანება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება. აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა, თუმცა შემდგომ ამ ნაწილში მოსარჩელემ შეამცირა თავისი მოთხოვნა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2006 წლის 17 მარტის ბრძანება ატარებდა ინფორმაციულ ხასიათს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე, რომლითაც არ განსაზღვრულა მოსაზრებების წარდგენის ვადა. სააპელაციო პალატამ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” პუნქტი, რომლის თანახმად, მოსაზრებების წარდგენის ვადა განისაზღვრა ცნობით-ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად, შესაბამისად მოსაზრებების წარდგენის 20 დღიანი ვადის ათვლა კანონით დადგენილი წესით უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო გაცნობისათვის წარდგენის დღიდან. პროექტი საჯარო გაცნობისათვის გამოქვეყნდა 2006 წლის 10 აგვისტოს, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2006 წლის 9 ივნისის საქართველოს კანონის მიღებისა და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის საჯარო წარმოების დაწყების დღიდან, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნები არ დაურღვევია.

სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესი, კერძოდ ხსენებული კოდექსის 55_56_ე მუხლები, 210_ე მუხლის II ნაწილი და 213-ე მუხლი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა ,,ელეტროენეროგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბრძანების გამოსაცემად” საჯარო წარმოების დაწყების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს მიეცათ წინადადება გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით 20 დღის განმავლობაში წარედგინათ მოსაზრებები. ასეთივე ცნობა გაიკრა სამინისტროს შესასვლელში.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენისა და დაინტერესებული პირების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით ჩათვალა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ნორმატიული აქტის მიღება არ მომხდარა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მე-7 მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიისათვის ახალი პირობების დამდგენი ნორმა, ეწინააღმდეგება ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს «...», სს «...» და «გ. ა-აკის ი.ს. «...» და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორებმა განმარტეს, რომ «ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების» გამოცემა უნდა განხორციელდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, მათ შორის კომისიის და დაინტერესებული პირების მონაწილეობით.

კასატორები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 213-ე მუხლი და დაინტერებული პირის მოწვევა საჯარო განხილვაზე სავალდებულო არ არის. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კანონი “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ”, ვინაიდან სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა დაადგინა რა საქმიანობის განხორციელების არსებითად ახალი წესები, უკანონოდ შეზღუდა მოსარჩელეთა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რაც პირდაპირ და უშუალო წინააღმდეგობაშია კანონთან, აღნიშნული კი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველად მიიჩნია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების და მხარეთა ახსნა_განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ შპს «... «, სს «...» და გ. ა-აკის ი.ს. «...» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ საქმეზე მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან (ტ1.ს.ფ. 260). თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის ¹1/2/411 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი ¹411 (შპს «...», შპს «...», სს «...» და გ. ა-აკის ინდივიდუალური საწარმო «...» საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ); არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით» დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რეალიზაციას და «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მინისტროს 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ძალადაკარგულად იქნა ცნობილი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე_2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით» დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის რეალიზაციას) და «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანების მე_7 მუხლის პირველი პუნქტი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე ძალადაკარგულადაა ცნობილი მოცემულ საქმეზე სადავო «ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ¹77 ბრძანების მე_7 მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მოსარჩელეებს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» ქვეპუნქტის საფუძველზე დავის საგნის არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.