ბს-1036-994(კ-09) 12 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ მოპასუხის - შპს ,,...» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 1998 წლის 4 მაისის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა, საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება – 657 აშშ დოლარის ოდენობით, ჯარიმის – 606 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა.
2006 წლის 27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1998 წლის 4 მაისის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა, საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება – 373,58 აშშ დოლარის ოდენობით, ჯარიმის – 534,72 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება და მოპასუხის მფლობელობიდან ფართის გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შეწყვეტილ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და შპს ,,...» შორის 1998 წლის 4 მაისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, შპს ,,...» დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების - 373,58 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 534,72 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა სამმართველოს სასარგებლოდ და აღნიშნული ფართის გამოთავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოსარჩელე ქ. თბილისის სახელმწიფო აღიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა მის უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყვეტილ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და შპს ,,...» შორის 1998 წლის 4 მაისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, შპს ,,...» დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება 176,93 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში და აღნიშნული ფართის გამონთავისუფლება; მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა 2005 წლის 15 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ოქტომბრამდე დავალიანების ანაზღაურებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმისა და სარგებლობის თანხის დაკისრების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,...» ჯარიმის დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი ჯარიმის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,...» საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის– 452 დღის გადაცილებისათვის ყოველ გადაცილებულ დღეზე 0,24 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში – ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.