ბს-1044-1002(კ-09) 21 დეკემბერი, 2009წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე,
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ჯ-შვილი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რ. ჯ-შვილმა 2008 წლის 24 ოქტომბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების (ოქმი ¹3) ბათილად ცნობა და მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ განცხადებით მიმართა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 1975 წლიდან მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების უფლების აღიარება. 2008 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელეს ჩაბარდა წერილი, რომლითაც უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით რომ არ დასტურდებოდა მის მიერ მიწის ნაკვეთის მფლობელობა და სარგებლობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1976 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც თბილისი, ... ქ. ¹4-ში აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რ. ჯ-შვილმა და მისმა მეზობლებმა დაიკავეს მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. რ. ჯ-შვილმა დაიკავა 870 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონის მიღების შემდეგ მოსარჩელემ კომისიას მიმართა განცხადებით და წარუდგინა დოკუმენტაცია. 2009 წლის 13 იანვრის სხდომაზე მოსაჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხის 2008 წლის 7 ივლისის ¹30 ოქმის იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (ოქმი ¹30) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ რ. ჯ-შვილის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის» მე-3 მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო, ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. ამავე ბრძანებულებით დადგენილი წესის მიზნებისათვის განსაზღვრულ ტერმინთა განმარტებით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტაციად მიჩნეულ იქნა ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტო გადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი. სადავო საკითხის განხილვისათვის მოქმედი რედაქციით «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად, რა მოსარჩელეს წარდგენილი ჰქონდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ» საქართველოს კანონით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით» დადგენილ იქნა განსხვავებულ სამართლებრივი რეჟიმში (მფლობელობა, სარგებლობა, თვითნებურად დაკავება) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება. საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიამ რ. ჯ-შვილის საკითხის განხილვისას უგულვებელყო როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით» დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია კომისიის ვალდებულება _ უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. დასახელებულ ნორმატიული აქტებით დადგენილ იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ კონრეტულ შემთხვევაში რ. ჯ-შვილმა მიმართა კომისიას განცხადებით, მოითხოვა მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის მასალებში წარმოდგენილი სხდომის ოქმის მიხედვით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა რ. ჯ-შვილის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა. მოპასუხე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალურად არ განხორცილებულა მისი მოვალეობა _ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალა, რომელიც მხოლოდ სხდომის ოქმისაგან შედგება და თვით ოქმშიც არ არის ასახული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად რ. ჯ-შვილს უარი ეთქვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი კომისიას ავალდებულებს, დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და არ ათავისუფლებს მას კანონით განსაზღვრული ვალდებულებისგან _ დაასაბუთოს თუნდაც მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული უარყოფითი გადაწყეტილება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ჯ-შვილის განცხადების განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით დასტურდება თუ არა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ასეთი ფაქტის არარსებობის პირობებში კომისია ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე, ამასთან კომისიამ უნდა განსაზღვროს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის საკითხი და ამის შემდეგ მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა რ. ჯ-შვილის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხის მხრიდან უგულვებელყოფილი იყო რ. ჯ-შვილის განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ ამ უკანასკნელის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა-არარსებობის ნაცვლად, კომისიამ იმსჯელა სადავო მიწის მფლობელობისა და სარგებლობის თაობაზე და მოთხოვნის საფუძვლის არარსებობაზე.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი საკითხის გადაწყვეტისას მოქმედი რედაქციის შესაბამისად, რ. ჯ-შვილს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად წარდგენილი ჰქონდა სათანადო დოკუმენტები. კასატორმა მიიჩნია, რომ აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ არასრულად განმარტა კანონის ნორმა. კერძოდ, კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტის დეფინიციას კი იძლევა საქართველოს პრეზიდენტის ¹525-ე ბრძანებულების მე-2 მუხლის «ე» ქვეპუნქტი. აღნიშნული ქვეპუნქტის სრული ანალიზის გათვალისწინებით განმცხადებლის მიერ კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მიწის დაკანონებაზე უარის თქმას.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილში პრეზიდენტის ბრძანებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის ვალდებულების განმარტებას და აღნიშნა, რომ რეგულარულად ხდება კომისიის სხდომის თარიღის, დროისა და დღის წესრიგის საჯაროდ საინფომაციო სტენდზე გამოქვეყნება, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, დაესწროს სხდომას და გამოთქვას თავისი აზრი. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაშინ, როდესაც სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა რ. ჯ-შვილის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა, ამასთან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში, არ გამოიყენა და არ განმარტა კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზდენტის 15.09.2007 წლის ¹252 ბრძანებულების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, თუკი განცხადებისათვის თანდართული დოკუმენტებით არ დასტურდება მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამასთან «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთი პირის მიერ თვითნებურად დაკავებული უნდა იყოს 2007 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის ¹525 ბრძანებულების მე-11 მულის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, უნდა დაამტკიცოს განმცხადებელმა. აღნიშნული ვერ დადასტურდა რ. ჯ-შვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციებით. კასატორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 ¹525 ბრძანებულების მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი კომისიას უფლებას აძლევს თავისი უარი მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე დაასაბუთოს იმით, რომ არ დასტურდება კონკრეტული განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობა, სარგებლობა ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი. პირის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დროს, თვითნებურად დაკავების მომენტიდან იგი თავისთავად ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ ექნებოდა თავად მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას. მიწას ფლობს და მიწით სარგებლობს როგორც მისი მართლზომიერი მფლობელი, ასევე მისი თვითნებურად დამკავებელიც. სწორედ ამიტომ მისი ფლობა და სარგებლობა უნდა დადასტურებულიყო ორივე შემთხვევაში. კასატორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 159-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კანონმდებელი მართლზომიერ მფლობელს უთანაბრებს კეთილსინდისიერ მფლობელს. მიწის თვითნებურად დამკავებელი კი არაკეთილსინდისიერ მფლობელად უნდა იქნეს განხილული. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელს არ უდასტურდება მიწის ფლობა და სარგებლობა და არა მიწის მართლზომიერი ფლობა და სარგებლობა. ამდენად, სააპელაციიო სასამართლოს მოსაზრება, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას.
რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინ უნდა განესაზღვრა მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ კომისიის წევრებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა შექმნოდათ აზრი და შინაგანი რწმენა განმცხადებელი ფლობდა და სარგებლობდა თუ არა გარკვეულ პერიოდამდე კონკრეტული მიწის ნაკვეთით. თუკი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ამ გარემოებასთან დაკავშირებით არ იძლევა შესაბამისი დასკვნის საფუძველს, როგორც ეს მოსარჩელი შემთხვევაში იყო, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობაზე მსჯელობა უსაფუძვლო იყო. «სივრცით მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძველის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან მოთხოვნის შესაბამისობის განხილვა იყო მეორე ეტაპი მას შემდეგ, რაც კომისია დარწმუნდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის არსებობაში. აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ კერძო პირს საკუთრებაში არ გადაეცეს სარეკრიაციო, ბუნებრივი რესურსების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ტერიტორიის საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 აგვისტოს ¹12/16329-5 წერილით დგინდება, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 7 ივლისს განხილულ იქნა რ. ჯ-შვილის 2008 წლის 14 მარტი ¹12/16329-5 განცხადება და მიღებული გადაწყვეტილებით (ოქმი ¹30) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა (ს.ფ. 13). საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 7 ივლისის ¹30 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ოთხმოცდამერვე საკითხად განიხილა რ. ჯ-შვილის განცხადება ... ქუჩა კორპ. ¹4-ის მიმდებარედ არსებული 770 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით და მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა (ს.ფ. 28-31). მოპასუხე მხარის მიერ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი ადმინისტრაციული საქმის მასალებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 10 მარტის ¹21337 წერილის თანახმად, ... ქ. ¹4 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი არ იყო აღრიცხული. ასევე ამავე სამსახურის 2008 წლის 13 მარტის ¹021/01-16394 წერილი ადასტურებდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობის ფაქტს (ს.ფ. 55-57). დადგენილია, რომ განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ამავე კორპუსში მცხოვრებ პირთა დადასტურება რ. ჯ-შვილის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის თაობაზე. ორთოფოტო, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელექტრონული ვერსიით (ს.ფ. 58-62).
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და ეს გარემოებები იმდენად არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მათი შემოწმება და შეფასება სასამართლოსათვის შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შემოწმებისა და შეფასების შემდეგ თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც განიცადა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციამ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს. საკითხის შემდგომი გამოკვლევის მიზნით, საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საკანონმდებლო ცვლილებები და ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.