ბს-1050-1013(2კ-08) 6 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები _ 1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის
სააღსრულებო ბიურო (მოპასუხე)
2) სს ,,...” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,...” (მოსარჩელე)
დავის საგანი _ უძრავი ქონების აუქციონის ოქმის, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების თაობაზე გამოტანილი ¹001562 განკარგულებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორთა მოთხოვნა _ 1) სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება
2) სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,...” 2006 წლის ივნისში სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროსა და სს ,,...” მიმართ და მოითხოვა უძრავი ქონების აუქციონის 2006 წლის 29 მაისის ოქმის, 2006 წლის 30 მაისს აუქციონზე შეძენილი ქონების უფლების მიღების თაობაზე გამოცემული ¹001562 განკარგულებისა და სს ,,...” უძრავი ქონების საკუთრების მოპასუხე სს ,,...” სახელზე რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 29 მაისის ოქმი და 2006 წლის 30 მაისს აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების თაობაზე გამოტანილი ¹001562 განკარგულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სს “...” და სს “...” შორის 1998 წლის 8 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 67 961 ევროს სესხის სახით მიღების შესახებ. სესხი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ, უძრავი ქონებით 29 544 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და მასზე განლაგებული საცხოვრებელი კორპუსით, მდებარე ქ. ბორჯომი ე.წ. “...”. სესხის გადაუხდელობის გამო სარჩელი აღიძრა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომელიც დასრულდა მორიგებით. მორიგების თანახმად სს ,,...” მათ მისცა დამატებით 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, წლიურად 22%-ის დარიცხვით. აქედან 47 000 (ორმოცდაშვიდი ათასი) აშშ დოლარი ჩაითვალა წინა სესხის, ხოლო 3000 დოლარი კი სასამართლო ხარჯების დაფარვაში. ხელზე მათ ბანკიდან გადაეცათ მხოლოდ 100 000 (ასი ათასი) დოლარი. საბოლოოდ სესხმა შეადგინა სულ 250 284 აშშ დოლარი. სესხის გადახდა კვლავ ვერ მოხდა გაფრთხილების და დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად, რის გამოც 2002 წლის 21 ნოემბერს სს “...” მიიღო სააღსრულებო ფურცელი და იგი წარადგინა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში. სს “...” სესხის და მისი პროცენტის სულ 253197 აშშ დოლარის გადახდის მიზნით მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. სააღსრულებო წარმოება დაიწყო 2003 წლის 4 იანვარს.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებით შეწყდა მხარეებს შორის საკრედიტო ვალდებულება და სხვა რაიმე ვალდებულება, გარდა კრედიტის და პროცენტის გადაუხდელობით მიყენებული ზიანისა, მათ შორის აღარ არსებობდა; რადგანაც მოსარჩელისთვის დაწესებული იყო რა კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნების წესი და მან აღნიშნული ვალდებულება ვერ შეასრულა, მიცემული ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგაც. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა 9 800 აშშ დოლარის სესხის გადახდილად ჩათვლის შესახებ, რადგანაც მის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით ვერ დგინდება, თანხა გადაიხადა ბინათმშენებლობისათვის, თუ სს “...” მიერ აღებული სესხის დაფარვისათვის, ამიტომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაც უნდა მომხდარიყო 253 197 აშშ დოლარის ანაზღაურების ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ მიუთითა, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ ნაცვლად ზემოაღნიშნულისა, აღსრულება დაიწყო სესხის და მისი პროცენტის სულ 297 284 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით, რის საფუძვლადაც მიიჩნია კრედიტორის სს “...” გენერალური დირექტორის მოადგილის 2005 წლის 3 ივნისის მიმართვა, რომელიც არ გამომდინარეობს მორიგების აქტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და სააღსრულებო ფურცლის შინაარსიდან. დამატებით 126 321 აშშ დოლარის პროცენტის სს “...” დაკისრების შესახებ რაიმე გადაწყვეტილება და შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი არ არსებობს.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი. სასამართლომ მიუთითა, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-72-ე მუხლებით დადგენილი უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის წესიც, რაც ამავე კანონის 77-ე მუხლის თანახმად, ვრცელდება განმეორებით აუქციონზეც.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ შედგა რა სს “...” ქონების რეალიზაცია პირველ აუქციონზე, დაინიშნა განმეორებითი აუქციონი, რის შესახებაც მხარეებისთვის უნდა ეცნობებინათ უწყების გადაცემით. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სს “...” წარმომადგენლებისათვის უწყების გაგზავნა ან გადაცემა არ მომხდარა. სასამართლომ არ გაიზიარა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ სს “...” დირექტორი ს. ს-ძე გააფრთხილეს განმეორებითი აუქციონის შესახებ 2006 წლის ¹001562 განკარგულებაზე ხელმოწერით, რადგან აღნიშნული განკარგულება გამოტანილია ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ¹2/1917 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე _ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის შეპასუხება იმის შესახებ, ვინაიდან გასაყიდი ქონების რეკვიზიტები ემთხვეოდა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულ უძრავი ნივთის რეკვიზიტებს, ამიტომ ს. ს-ძე უნდა მიმხვდარიყო, რომ აღსრულება ხდებოდა არა ბორჯომის რაიონული, არამედ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რადგანაც იგივე უძრავი ნივთის რეალიზაციის შესახებ სხვა გადაწყვეტილების რაიონულ სასამართლოში არსებობის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული. სასამართლომ მიიჩნია, რომ განკარგულებაზე ხელმოწერა ვერ შეცვლის მხარის უწყებით გამოძახების წესს და სამართლებრივ შედეგებს, რადგანაც სასამართლო უწყებით მხარის გამოძახების წესი დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომლითაც უწყებით გამოძახებული პირი გაფრთხილებულია გამოუცხადებლობის შედეგებზეც.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სს “...” ცნობილი იყო მორიგების აქტის, თბილისის კრწანისი-მთაწმინიდს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი და აღსრულების 2003 წლის 4 იანვარს დაწყების შესახებ, ანუ მათთვის ცნობილი იყო, რომ 2003 წლის 4 იანვრიდან შეწყვეტილი ჰქონდათ ყველა საკრედიტო ურთიერთობა მოსარჩელესთან და 2005 წლის 3 ივნისის პერიოდისათვის არსებული დავალიანების გადახდის შესახებ სარჩელით არ მიუმართავთ რომელიმე სასამართლოსთვის. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “...” მიერ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი აქტის ბათილად ცნობა გამოიწვევს ამ უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობასაც, რადგანაც “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმადLსაჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი საბუთის და საკადასტრო ინფორმაციის საფუძველზე. სასამართლომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად ასევე გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ და სს ,,...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და დამატებით განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მასში მითითებული თანხის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემულ 2002 წლის 18 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელში მართალია არ არის დასახელებული კონკრეტული თანხა, რომლის ღირებულების ქონებაზეც უნდა მოხდეს აღსრულება, მაგრამ დასახელებულია მისი განმასაზღვრელი ორიენტირები: 1. 2001 წლის 1 ნოემბრის მორიგების აქტში დაფიქრებული გრაფიკი; 2. გრაფიკით განსაზღვრული გადაუხედელი თანხის ოდენობა. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსრულება მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილ, მორიგების აქტით დამტკიცებული გრაფიკით განსხვავებულ თანხაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 297 287 აშშ დოლარი წარმოადგენდა სს “...” და სს “...” შორის ორი საკრედიტო ხელშეკრულების (1998 წლის 8 დეკემბრის და 2000 წლის 23 ნოემბრის) საფუძველზე გამოყოფილი თანხის ჯამს, მაგრამ გრაფიკის შედგენისას გათვალიწინებული იქნა ის გარემოება, რომ მეორე ხელშეკრულებით გამოყოფილი თანხიდან 50 000 ლარით დაიფარა კრედიტორის წინაშე ადრინდელი დავალიანების ნაწილი. ეს დაფიქსირებულია 2001 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების 3.1. პუნქტში. სწორედ ამიტომაც გრაფიკში კრედიტის ძირითად თანხად მიეთითა არა 297 284, არამედ 250 284 აშშ დოლარი, შესაბამისი პროცენტებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეებს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ. გადაწყვეტილების აღსრულებისას უგულებელყოფილი იქნა ეს გარემოება და სასამართლო აღმასრულებელი დაეყრდნო არა სააღსრულებო ფურცელს, არამედ კრედიტორის სს “...” დირექტორის წერილებს, რომელშიც გაზრდილი ოდენობით მიეთითებოდა მოსარჩელის დავალიანების ოდენობა.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას განმეორებითი აუქციონის შესახებ მოვალის – სს ”...” კანონით დადგენილი წესით გაუფრთხილებლობის არსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ და სს ,,...”.
კასატორმა _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მოთხოვნა, რადგან თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო აღსრულება. Kკრედიტორმა განცხადებით მიმართა სასამართლო აღმასრულებელს და აცნობა “...” დავალიანება, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის საფუძველზე, გაუგზავნა სს “...” შესაბამისი გაფრთხილება აღნიშნული ვალის მითითებით, ასევე დააყადაღა მისი ქონების ჯერ კიდევ 2003 წლის 21 თებერვალს მოვალე ორგანიზაციის დირექტორის და სხვათა თანდასწრებით. კასატორი მიუთითებს, რომ არცერთ ამ მოქმედებაზე და მოთხოვნის თაობაზე მოვალე ორგანიზაციას არანაირი პრეტენზია სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროსათვის არ განუცხადებია, ანუ მოვალეს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში; მას სადავოდ არ გაუხდია არც მოთხოვნის ოდენობა და არც მოქმედება, უფრო მეტიც, პირველ იძულებით აუქციონზე, რომელიც გაიმართა 2006 წლის 8 მაისს, მოვალე მხარე თავად ესწრებოდა.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ განმეორებითი აუქციონის თაობაზე ცნობილი არ იყო სს “...”, რადგან 2006 წლის 23 მაისს მოვალეს ჩაბარდა განკარგულება აუქციონის დანიშვნის შესახებ და ამ განკარგულებაში აღნიშნული იქნა სარეალიზაციო ფასი, საწყისი ფასი, აუქციონის დანიშვნის დრო და ადგილი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71_ე მუხლის მე-3 პუნქტი სასამართლო უწყების მსგავსი შეტყობინების გაგზავნას არ გულისხმობს. მოსარჩელე ორგანიზაციისათვის ცნობილი იყო განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სააღსრულებო დეპარტამენტის კანცელარიამ ქ. თბილისში მიიღო ორგანიზაციის დირექტორის ს-ძის 2006 წლის 23 მაისის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ითხოვდა აღსრულების გადადებას; სწორედ 2006 წლის 23 მაისს ჩაბარდა ს-ძეს გაფრთხილება 2006 წლის 29 მაისის აუქციონის შესახებ.
კასატორმა _ სს ,,...” მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნის ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოდ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25_ე მუხლი, რადგან მოცემულ შემთხვევაში მოვალისათვის ცნობილი იყო განმეორებითი აუქციონის ყველა რეკვიზიტები.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა მოვალის განმარტება თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის სახელზე დაწერილი განმეორებითი აუქციონის გადადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სს ,,...” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს ,,...” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ.თბილისის კრწანისი_მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, მხარეებს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად სს “...” სს “...” სასარგებლოდ იკისრა ვალდებულება 5 წლის ვადით 150 000 აშშ დოლარის ოდენობით გაეცა კრედიტი წლიური სარგებლის 22%_ის გადახდევინებით. არსებული დავალიანების, ასევე მორიგების საფუძველზე გამოყოფილი თანხების დაფარვა განისაზღვრა მხარეთა მიერ წარმოდგენილი 2001 წლის 2 ნოემბრის მორიგების აქტში დაფიქსირებული გრაფიკის შესაბამისად; გრაფიკში მითითებულ თარიღებში მითითებული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკს მიეცა სს “...” საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით რეალიზაციის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულ ქონებას წარმოადგენს: ქ. ბორჯომში, პანსიონატი (ტურბაზა) “...” მდებარე 29544 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელ კორპუსები. ამ განჩინებას თან ერთვის მხარეთა შორის მორიგების 2001 წლის 2 ნოემბრის აქტი და სს “...” სესხის დაფარვის გრაფიკი აშშ დოლარებში.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 21 ოქტომბერს გასცა ¹2/1917-01 სააღსრულებო ფურცელი იმავე სასამართლოს 2001 წლის 2 ნოემბრის მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების განჩინებაზე. სს “...” გენერალურმა დირექტორმა სწორედ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი წარადგინა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში აღსასრულებლად. საქმეში წარმოდგენილია სს “...” ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2003 წლის 21 თებერვლის ოქმი ხსენებული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად, რომელიც ხელმოწერილია მოვალის წარმომადგენელი ს. ს-ძის მიერაც. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის, რომ ზემოხსენებული ოქმი მოსარჩელე ორგანიზაციას სადავოდ არ გაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების ერთერთ საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსრულება მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი, მორიგების აქტით დამტკიცებული გრაფიკით განსხვავებულ თანხაზე; საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული აუქციონის შედეგების ნამდვილობაზე რამდენად ახდენს გავლენას, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ აქვს დასაბუთებული.
სადავო უძრავი ქონების აუქციონის შესახებ 2006 წლის 8 მაისის ოქმით ირკვევა, რომ სს “...” დირექტორი ს.ს-ძე ესწრებოდა პირველ იძულებით აუქციონს, აუქციონი გახსნილად გამოცხადდა, მაგრამ მოვალის ქონების რეალიზაცია არ მომხდარა, ეს ოქმი ხელმოწერილია ს.ს-ძის მიერაც. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების ღირებულება და კრედიტორის მოთხოვნის მოცულობაც სს “...” იმ მომენტისათვის სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ქონების აუქციონზე რეალიზაციისას დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25_ე მუხლის მე_2 და მე_3 პუნქტები. ამ კანონის 25_ე მუხლის მე_2 პუნქტის თანახმად აღსრულების შესახებ უწყებას მოვალეს, კრედიტორსა და სხვა მონაწილე პირებს აბარებს სასამართლო აღმასრულებელი. იმავე მუხლის მე_3 პუნქტის თანახმად კი უწყება უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 71_ე მუხლის მე_3 პუნქტშიც პირდაპირაა მითითებული, რომ სასამართლო აღმასრულებელი აუქციონის დროისა და ადგილის შესახებ მონაწილე მხარეებს აცნობებს უწყების გადაცემით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70_ე მუხლით კი გათვალისწინებულია, რომ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დროისა და ადგილის შესახებ მხარეს ან მის წარმომადგენელს ეცნობება სასამართლო უწყების მეშვეობით; ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით გათვალისწინებული უწყების ძირითადი მიზანი და დანიშნულებაა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ეცნობოს აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორმა ს. ს-ძემ არ იცოდა განმეორებით ჩატარებული აუქციონის თარიღი, რადგან მას არ დაუდასტურებია მეორე აუქციონის დანიშვნის განკარგულებაზე ხელმოწერა (ტI,ს.ფ. 413). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმაზეც, რომ სს “...” დირექტორმა ს. ს-ძემ საქმის ფურცელ 54_ზე (ტ.1) წარმოდგენილი აუქციონის დანიშვნის შესახებ 2006 წლის 22 მაისის განკარგულებაზე მისი სახელით 2006 წლის 23 მაისს შესრულებული ხელმოწერა კანონით დადგენილი წესით გახადა თუ არა სადავო. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმის ფურცელ 384_ზე წარმოდგენილი სამცხე_ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის სახელზე მოსარჩელე ორგანიზაციის დირექტორი ს. ს-ძის 2006 წლის 23 მაისის განცხადება წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო 2006 წლის 29 მაისის განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,... საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.