ბს-1054-1012(კ-09) 19 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ს. დ-ძე (მოსარჩელე)
მესამე პირი _ მ. კ-შვილი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. დ-ძემ 2008 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს მიერ შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა დიდ დიღომში, ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მფლობელობაში არსებულ 315 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მის მფლობელობაში არსებულ 315.კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების და მ. კ-შვილის განცხადებაზე, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 315.კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. კ-შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით ს. დ-ძის სარჩელზე, მესამე პირის მ. კ-შვილის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის ნაწილში, დაუშვებლობის მოტივით შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება ს. დ-ძისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელიც “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მესამე პუნქტით იყო განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი” განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, მართლზომიერ მფლობელობაში, ასევე სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე; ამასთან როგორც კანონით, ისე პრეზიდენტის ბრძანებულებით, დაინტერესებული პირებისათვის დადგენილი იქნა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში (მფლობელობა, სარგებლობა, თვითნებურად დაკავება) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიამ ს. დ-ძის საკითხის განხილვისას უგულვებელყო როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ისე “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” დადგენილი მოთხოვნები.
სასამართლომ განმარტა, რომ “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით” თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. დ-ძემ მიმართა კომისიას განცხადებით და მოითხოვა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უთხრა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მაშინ როდესაც სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა ს. დ-ძის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ამასთან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც მოპასუხე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა განხორციელებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკითხის განხილვისას კიმისიას მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ავალებდა კომისიას ეს უფლებამოსილება განეხორციელებინა კანონით დადგენილ ფარგლებში და არ ათავისუფლებდა მას კანონით დადგენილი ვალდებულებებისაგან - დაესაბუთებინა მის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტიელბა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. დ-ძის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და ემსჯელა დაინტერესებული პირის მოთხოვნა აკმაყოფილებდა თუ არა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით დასტურდებოდა თუ არა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი; ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში კომისია ვალდებული იყო დაესაბუთებინა თუ რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. დ-ძემ.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინებით ს. დ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინება.
თბილისის სააპელაცო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასრულად განმარტა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიწის თვითნებურად დაკავების დოკუმენტების დეფინიციას კი იძლევა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის» შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
კასატორი მიუთითებს, რომ კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს «ან/და სხვა დოკუმენტების» წარმოდგენას, რომელიც დაადასტურებს მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მისთვის მიწის დაკანონებაზე უარის თქმას.
კასატორი აღნიშნავს, რომ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა არსებობდეს 2007 წლის პირველ იანვრამდე და აღნიშნული განმცხადებელმა უნდა დაადასტუროს წარმოდგენილი დოკუმენტაციით. თუკი წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერ ადასტურებს პირის მიერ 2007 წლის პირველ იანვრამდე მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს, თავისთავდა კომისია მიდის იმ დასკვნამდე, რომ შესაბამისად პირის მიერ ვერ დასტურდება მიწის ფლობა და სარგებლობა. გადაწყვეტილებაში კი აისახება ერთ-ერთი და კომისიას არჩევანის საშუალება ეძლევა. ამიტომ კასატორი არ იზიარებს, სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე. რომ კომისიას არ უნდა ემსჯელა მიწის ნაკვეთის ფლობის და სარგებლობის საკითხებზე, არამედ უნდა შეეფასებინა და დაედგინა მიწის ნაკვეთის ფლობის თვითნებურად დაკავების ფაქტი.
კასატორი აღნიშნავს, თუკი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა მის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, უკვე ზედმეტია სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიული გეგმისათვის მოთხოვნის შესაბამისობაზე მსჯელობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ს. დ-ძის განცხადების განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს დაინტერესებული პირის მოთხოვნა აკმაყოფილებს თუ არა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ პირობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შემოწმებისა და შეფასების შემდეგ თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს, პირველ ყოვლისა, თვითონ უნდა დაედგინა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულ ინკვიზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.