¹ბს-1056-1014(კ-09) 23 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე
საკასაციო სასამართლო გაეცნო საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის _ «...» საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე და მიაჩნია, რომ ხსენებული საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების საფოსტო ბარათიდან (შპს «...») ირკვევა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კავშირ «...» თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლის შემცველი გზავნილი ჩაჰბარდა 2009 წლის 18 მაისს (ტ. 2, ს.ფ. 123), რაც დასტურდება ამავე ბარათზე მითითებული თარიღითა და ოფისის მენეჯერის ხელმოწერით. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა კავშირმა «...» აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 19 ივნისს (ტ. 2, ს.ფ. 124).
ამდენად, საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის _ «...» საკასაციო საჩივარი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 18 ივნისს (ხუთშაბათი).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის _ «...» საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით, 401-ე მუხლით და
Dდ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის _ «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.