Facebook Twitter

ბს-1057-1015(კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

15.06.06წ. შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 15.05.06წ. შემოწმების აქტისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს «...» ჩატარდა დოკუმენტური რევიზია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს ინსპექტორების მიერ და შედგენილი იქნა რევიზიის აქტი. რევიზიის აქტის საფუძველზე მიღებული იქნა საგადასახადო ინსპექციის ვაკე-საბურთალოს განყოფილების 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნა. მოსარჩელის მითითებით, სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დაუსაბუთებელი და უკანონო შემოწმების აქტის შესაბამისად, რაც მისი უკანონოდ ცნობის საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.06წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სადავო რევიზიის აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 15.05.06წ. შემოწმების აქტი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მისი კანონიერების თაობაზე, თუმცა აქტს გააჩნდა საინფორმაციო ხასიათი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის ვაკე-საბურთალოს განყოფილების 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნა და მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა, დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.01.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.09წ. განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...». კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნით შპს «...» გადასახდელად დაერიცხა 111 464 ლარი და 80 თეთრი. საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68.1 მუხლის მიხედვით, ამ კოდექსის თანახმად გადასახადის თანხების დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოში კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის, სხვა ვალდებული პირის კუთვნილი გადასახადის თანხის აღრიცხვას. დარიცხვა მოიცავს შესწორებით დარიცხვასა და სავარაუდო დარიცხვას. ამასთან, შესწორებითი დარიცხვის შემთხვევაში უქმდება სავარაუდო დარიცხვა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 15.05.06წ. შემოწმების აქტის კანონიერების შემოწმება, რომლითაც დადგენილია შპს «...» საგადასახადო ვალდებულებები, შესაძლებელია არა მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს «...» არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა შემოწმების აქტით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების უსაფუძვლობის დადგენა, გადასახადის თანხების სავარაუდო დარიცხვის გაუქმება და შესწორებითი დარიცხვის განხორციელება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტების საჭიროება და საქმეს არ გააჩნია მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს «...» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.07.09წ. განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორ შპს «...» გადასახდელად უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის 30 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შპს «...» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1671 ლარისა და 97 თეთრის გადახდა;

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.