Facebook Twitter

ბს-1073-1035(2კ-08) 27 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 18 მაისს ი. რ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და სს “.... ბანკის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხე სს “... ბანკის სახელზე საკუთრების უფლების გადასვლის უკანონოდ ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და საკუთრების უფლებით ბინის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 1-2).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 54-58).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ირაკლი რუხაძემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. ბათუმში, ... ქ. ¹26-ში მდებარე ¹29 ბინაზე საკუთრების უფლების გადასვლა სს “... ბანკზე”, ანუ მითითებული ბინის სს “.... ბანკის” სახელზე აღრიცხვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის საარქივო ჩანაწერების უკანონოდ ცნობა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება სადავო ბინაზე ი. რ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 63-82).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით ი. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, უკანონოდ იქნა ცნობილი ქ. ბათუმში, .... ქ. ¹26-ში მდებარე ¹29 ბინაზე საკუთრების უფლების გადასვლა სს “.... ბანკზე”, ასევე უკანონოდ იქნა ცნობილი აღნიშნულ მისამართზე არსებული ბინის სს “.... ბანკის” სახელზე აღრიცხვასთან დაკავშირებული ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის საარქივო ჩანაწერი; ი. რ-ის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ქ. ბათუმში, .... ქ. ¹26-ში მდებარე ¹29 ბინაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 156-160).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს “.... ბანკმა” და ი. რ-ემ.

სს “.... ბანკმა” მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ი. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით ი. რ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 164-170).

ი. რ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქ. ბათუმში, .... ქ. ¹26-ში მდებარე ბინა ¹29-ის საკუთრების უფლებით ი. რ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე (იხ. ს.ფ. 171-181).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ი. რ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 198-199).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სს “.... ბანკის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 203-205).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა სს “.... ბანკმა” და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის პირობებს (იხ. ს.ფ. 220-221).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ი. რ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. რ-ის მიერ არ იქნა სრულყოფილად რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ი. რ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ი. რ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.