Facebook Twitter
ბს-1079-1035(კ-09) 28 ოქტომბერი, 2009წ

ბს-1079-1035(კ-09) 28 ოქტომბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ნ-ძემ 17.04.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების 1253 ლარის და 42 თეთრის, სამივლინებო თანხის 290 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში და სანივთე კომპენსაციის, 1050 ლარისა და 02 თეთრის, სულ 2781 ლარის და 94 თეთრის, გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.02.09წ. გადაწყვეტილებით ზ. ნ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელფასის 73.24 ლარის, წოდების 6.98 ლარის, ასევე 1999 წლის ხელფასის 490.46 ლარის ანაზღაურება დაქვითვის გათვალისწინებით. მოსარჩელე ზ. ნ-ძეს უარი Eეთქვა კვების კომპენსაციის, ჯილდოს, სანივთე ქონების კომპენსაციის, ასევე სამივლინებო თანხის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ნ-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.09წ. განჩინებით ზ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.02.09წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ჯილდოს თანხის ანაზღაურების თაობაზე, ზ. ნ-ძის სარჩელი ჯილდოს მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ნ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 33 ლარისა და 30 თეთრის ჯილდოს თანხის ანაზღაურება, გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.06.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.06.09წ. განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.