ბს-1086-1048(კ-08) 9 დეკემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
კასატორი _ ქუთაისის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ძე
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.08წ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
18.12.2007 წ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-ძე-კოკელაძემ, მოპასუხე _ ქუთაისის მერიის მიმართ და «სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების და სარგებლობისათვის გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის, «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ», საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007 წ. ¹73 ბრძანებულების, «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 07.12.07წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მის სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზებაზე და საკუთრების მოწმობის გაცემის დავალდებულება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ქუთაისის მერიის 04.08.98წ. ¹444 ბრძანების საფუძველზე მუსიკალური საზოგადოების გამგეობას უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით გადაეცა არასაცხოვრებელი ფართი 44.93 კვ.მ., მერიის 07.11.02წ. ¹448 ბრძანებით 04.08.98წ. ¹444 ბრძანების მე-6 მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება და ფართობი ჩაირიცხა საბინაო ფონდში. ფართი გამოეყო მოსარჩელეს როგორც საცხოვრებელი, ასევე სამსახურებრივი დანიშნულებისათვის, რისთვისაც გაიცა ბინის ორდერი ¹019710. აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელე ხსენებულ ბინაში ცხოვრობს და გაუკეთა მას კაპიტალური რემონტი. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მერს ბინის პრივატიზების მოთხოვნით, რაზედაც 07.12.07წ. აქტით უარი ეთქვა. მოსარჩელე თვლის, რომ აქტი ეწინააღმდეგება «სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობისათვის გადაცემის შესახებ» კანონის 2.4 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 652 მუხლის მოთხოვნებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2008 წ. გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის მერიამ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 05.08.1994წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე სწორად უთხრა უარი ნ. ბ-ძეს ბინის პრივატიზაციაზე და არ არსებობდა გასაჩივრებული 07.12.2007 წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებას, ვინაიდან მასში არაფერია ნათქვამი სამსახურებრივი სარგებლობის ბინების შესახებ.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც ითხოვა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტმა აღნიშნა, რომ არის სადავო ფართის კეთილსინდისიერი მოსარგებლე, მასზე გაცემულია ¹019710 ორდერი, სადავო ბინა ჩარიცხულია ქუთაისის მერიის საბინაო ფონდში, მას როგორც კანონიერ მოსარგებლეს ბინა უნდა გადაეცეს საკუთრებაში. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებია მინისტრთა კაბინეტის 05.08.1994 წ. ¹107 დადგენილების ნორმები, ვინაიდან იგი იერარქიულად «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონზე დაბლა დგას. აღნიშნული კანონის 652-ე მუხლის თანახმად, ფართს უსასყიდლოდ გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.08წ. გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.03.08წ. გადაწყვეტილება, ახალი გპადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მერიის 07.12.07წ. აქტი და ქუთაისის მერიას დავალა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა ბინაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. ¹25-ში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად სცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. ქუთაისის მერის 07.10.2002 წ. ¹448 განკარგულებით ცვლილება იქნა შეტანილი ქ. ქუთაისის მერის 04.08.1998 წ. ¹444 ბრძანების მე-6 მუხლში და ... ქ. ¹25-ში მდებარე 44,93 კვ.მ. ფართობი ჩაირიცხა საბინაო ფონდში, მოსარჩელეს გაუფორმდა ორდერი ¹019710, რომლითაც მას სარგებლობისათვის გადაეცა 23,25 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 44,93 საერთო ფართობის ერთოთახიანი ბინა ¹1 სამსახურებრივი დანიშნულებისათვის. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ნ. ბ-ძეს ქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი კ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებელებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ», საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007 წ. ¹73 ბრძანებულების პირველი, მე-2, მე-3 მუხლებისა და «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლზე დაყრდნობით, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, სადავო ფართის, როგორც სამსახურებრივი დანიშნულების ბინის, საკუთრებაში გადაცემის დაუშვებლობის შესახებ. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას განსახილველ საკითხთან მიმართებით მინისტრთა კაბინეტის 05.08.1994 წ. ¹107 დადგენილების გამოყენებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნ. ბ-ძის კანონიერი მოსარგებლეობის გათვალისწინებით, სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას, გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007 წ. ¹73 ბრძანებულება და «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 652 მუხლის დებულებები.
სააპელაციო სასამართლომ სზაკ-ის 601 მუხლზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ ქუთაისის მერის მიერ 07.12.2007 წ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული და გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა კანონიერ მოსარგებლეს სადავო ფართზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი ეწინააღმდეგებოდა კანონს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.2008 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ქუთაისის მერიის მიერ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2008 წ. გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო არა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007 წ. ¹73 ბრძანებულება, არამედ «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992 წ. ¹107 დადგენილება, ვინაიდან, აღნიშნული ბინა მოსარჩელეს ¹019710 ორდერით გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით, აღიშნული დადგენილება საქართველოს პრეზიდენტის ¹73 ბრძანებულებისაგან განსხვავებით, უფრო კონკრეტულად არეგულირებს ბინების პრივატიზაციის წესს. გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას საქართველოს პრეზიდენტის ¹73 ბრძანებულებისათვის უპირატესი ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით. მართალია, ნ. ბ-ძე თვითმმართველობის ორგანოს აქტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს სადავო ფართით, მაგრამ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» კანონის 652 მუხლიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარგებლეობა არ არის საკმარისი მერიის მიერ კანონიერ მოსარგებლეებზე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისათვის. ზემოთ ხსენებული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში არაფერია ნათქვამი სამსახურებრივი დანიშნულების ბინებზე, სწორედ ამიტომ არარის, კასატორის აზრით, გაუქმებული მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილება, რომელიც რიგ საკითხებს უფრო კონკრეტულად აწესრიგებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ – ნ. კ-ძემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ ქ. ქუთაისის მერის 04.08.98წ. ¹444 ბრძანების მე-6 მუხლით მუსიკალური საზოგადოების გამგეობას ... ქ. ¹25-ში უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა 44,93 კვ.მ. ფართობი, სადაც მოწყობილი იყო გამგეობის ოფისი. აღნიშნული ფართობის საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ქ. ქუთაისის მერიას თხოვნით მიმართა პედაგოგმა, კომპოზიტორმა, მუსიკალური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ ნ. ბ-ძემ, რომელსაც არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართობი. ქ. ქუთაისის მერიის 07.10.02წ. ¹448 განკარგულებით, ქალაქის წინაშე განმცხადებლის დამსახურების გათვალისწინებით, შეტანილი იქნა ცვლილება ქ. ქუთაისის მერის 04.08.1998წ. ¹444 ბრძანების მე-6 მუხლში და ... ქ. ¹25-ში 44,93 კვ.მ. ფართობი ჩაირიცხა საბინაო ფონდში, განმცხადებელს გაუფორმდა ... ქ. ¹25-ში 23,35 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობისა და 44,93 კვ.მ. საერთო ფართობის ერთოთახიანი ბინა ¹1, სამსახურებრივი სარგებლობისათვის. აღნიშნული განკარგულება ძალაშია და არ გაუქმებულა. 07.10.02წ. ¹448 განკარგულების საფუძველზე 25.10.02წ. მოსრჩელის სახელზე გაიცა ¹019710 ორდერი. მოსარჩელეს ქუთაისის მერიის 07.12.07წ. ¹ბ-1073/ბ-2276/01-3493 აქტით, მინისტრთა კაბინეტის 05.08.94წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, უარი ეთქვა სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზაციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, აქტში უნდა მიეთითოს ის ნორმატიული აქტი, რომლის შესასრულებლადაც გამოიცემა იგი. ამ თვალსაზრისით სადავო აქტი არ პასუხობს სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტი, რომლის საფუძველზედაც გამოიცა აქტი. სამსახურებრივი დანიშნულების ბინის პრივატიზაციის გამომრიცხავ საფუძვლად 07.12.07წ. ¹ბ-1073/ბ-2276/01-3493 აქტში მითითბულია მინისტრთა კაბინეტის 05.08.94წ. ¹107 დადგენილება მაშინ, როდესაც 05.08.94წ. ¹520 დადგენილება არ ახდენს ხსენებული საკითხის რეგულაციას (სხვა საკითხებთან ერთად, დადგენილებით გაუქმდა ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა), ამგვარი დებულება შეიცავს არა 05.08.94წ. ¹520, არამედ 01.02.92წ. ¹107 დადგენილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» ორგანული კანონის 652-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განახორციელონ კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე კანონის 67-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, 2007 წლის 1 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტს ბრძანებულებით უნდა უზრუნველეყო «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» დამტკიცება. აღნიშნული წესი დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით, ამავე ბრძანებულებით დამტკიცდა საკუთრების უფლების ფორმა. «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საბინაო ფონდის პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დაკავებული სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობების (ინდივიდუალური შენობა-ნაგებობების მათზე მიმაგრებული მიწის ან/და მრავალბინიანი შენობა-ნაგებობების ბინები) საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევაში. ამდენად, 29.01.07წ. ბრძანებულებით ახლებურად მოწესრიგდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი. კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილებით ბინების პრივატიზების რიგი საკითხები უფრო დეტალურად არის მოწესრიგებული, აკრძალულია სამსახურებრივი ბინების პრივატიზება, არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, «ნორმატიული აქტების შესახებ» კანონის მე-19 მუხლის თანახმად იერარქიით ზემდგომი ნორმატიული აქტია, რაც 25-ე მუხლის მიხედვით, ბრძანებულებისათვის უპირატესი მოქმედების მინიჭების საფუძველს წარმოადგენს, ამასთანავე, სადავო ბინა არ განეკუთვნება იმ ქონებათა რიცხვს, რომელიც «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მიხედვით არ ექვემდებარება პრივატიზებას. საქმის მასალებით არ დასტურდება სამსახურებრივი ბინის სტატუსი, სადავო სამართალურთიერთობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ითვალისწინებდა იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსით განსაზღვრული სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელ სადგომს, რომელსაც ერთობლიობაში შემდეგ პირობებს უნდა ეპასუხა: სადგომი მუშაკის ჩასახლებამდე უნდა გაფორმებულიყო სამსახურებრივად; პირი, რომელსაც გადაეცემოდა ბინა, იმ კატეგორიის მუშაკთა ნუსხაში უნდა ყოფილიყო, რომელთაც მიეცემოდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინა; ბინა მუშაკს მიეცემოდა სპეციალური ორდერით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო ფართი არ პასუხობს ხსენებულ პირობებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ფართი მერიის 04.08.1998წ. ¹444 ბრძანებით უსასყიდლოდ უზურფრუქტის ფორმით გადაცემული ჰქონდა მუსიკალური საზოგადოების გამგეობას, ქ. ქუთაისის მერიის 07.10.02წ. ¹448 განკარგულებით შესაძლებლად იქნა მიჩნეული ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვა მოსარჩელის მიერ დასმული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, 25.10.02წ. გაიცა ორდერი სამსახურებრივი სარგებლობისათვის ბინის გადაცემის თაობაზე, ამდენად, მოსარჩელისათვის სარგებლობისათვის ბინის გადაცემამდე ბინას სამსახურებრივი დანიშნულების სტატუსი არ გააჩნდა. ამასთანავე, მოსარჩელე არ იმყოფებოდა მოპასუხესთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მაშინ, როდესაც აღნიშნული სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომის გაცემის საფუძველია. სადავო ფართის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვა განაპირობებს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის გამოყენებას, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად იგი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებს და მათ უფლებამოსილებებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზეა ფართის პრივატიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული პირობები (ფართით კანონიერი სარგებლობა და ფართის ფლობა). დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბრძანებულება არ ეხება სამსახურებრივი დანიშნულების ბინებს, 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 1.3 მუხლი (საქართველოს პრეზიდენტის 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების რედაქციით) უთითებს კონკრეტული უწყებების სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობების რეგულირებას შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით (აღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 30.04.08წ. ¹219, 28.06.06წ. ¹397 ბრძანებულებებით დამტკიცებულია თავდაცვის სამინისტროს, შსს სასაზღვრო პოლიციის სამსახურებრივი დანიშნულების ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი), მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის გამოყენების გამომრიცხავი გარემოებები (წესის 1-ლი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა მოსარჩელისათვის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტზე მითითებით კანონიერ სარგებლობაში არსებული ბინის პრივატიზებაზე უარის თქმის საფუძველი, ქუთაისის მერიის 07.12.07წ. ¹2-1073/ბ-227/013493 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ემყარება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, აქტის გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული და გათვალისწინებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული ქორწინების მოწმობის, აგრეთვე პირადობის მოწმობის (¹დ ...) თანახმად, მოსარჩელე ნ. ბ-ძეს ქორწინების შემდეგ მიენიჭა გვარი კოკელაძე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამ გარემოების დადგენილად ცნობის მიუხედავად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით დაკმაყოფილდა ნ. ბ-ძის მოთხოვნა და მერიას დაევალა ნ. ბ-ძის და არა ნ. კ-ძის სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩიურებული გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებებს, რის გამო საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნება ცნობილი სადავო აქტი და მერიას დაევალება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «უ» ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ნ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი ქუთაისის მერიის 07.12.07წ. ¹ბ-1073/ბ-2276/01-3493 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ქ. ქუთაისის მერიას დაევალოს გამოსცეს ნ. კ-ძის სარგებლობაში არსებული ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გასცეს საკუთრების უფლების მოწმობა ბინაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹25-ში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.