ბს-1087-1043(კ-09) 8 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 30 ივნისს გ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი არქმშენინსპექციის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას - მთავარ არქმშენინსპექციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელფასის - 2452 ლარის, საკომპენსაციო თანხის – 360 ლარისა და სამივლინებო ხარჯების - 1287,70 ლარის, სულ – 4343,50 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ც-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - მთავარ არქმშენინსპექციას გ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანებისა და საბოლოო ანაგარიშსწორების - 2812 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სამივლინებო თანხისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობოს მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ც-ძემ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - მთავარმა არქმშენინსპექციამ.
აპელანტი – გ. ც-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე აპელანტი – მთავარი არქმშენინსპექცია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციული საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - მთავარი არქმშენინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური მართვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ,,მთავარი არქმშენინსექცია».
თბილისისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, თავდაპირველი მოპასუხე – საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ,,მთავარი არქმშენინსპექცია» შეიცვლა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი, ამავე განჩინებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ,,მთავარი არქმშენინსპექცია» საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ,,მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექციის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანებისა და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის ანაზღაურება – 2812 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინსიტრაციული საქმეთა პალატის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.