Facebook Twitter

ბს-1092-1054(კ-08) 18 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე

კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ-ი (რწმუნებულება 18.02.09წ. ¹8/975)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. მ-ი, წარმომადგენელი ზ. თ-ი (რწმუნებულება 15.08.07წ., ¹1-2535)

დავის საგანი – სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. მ-მა 03.05.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ დავალიანების _3631,35 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში, რაც 6391,8 ლარს შეადგენს, დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე, 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 02 აგვისტომდე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვეულმფრენის მფრინავის კურსებზე, რასთან დაკავშირებითაც უნდა მომხდარიყო სამივლინებო და სხვა სახის ხარჯების ანაზღაურება. საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის 29.09.06წლის ¹1641 წერილით სამივლინებო პერიოდი იყო 563 დღე. ხარჯებმა შეადგინა 3631.35 აშშ დოლარი. დ. მ-ის არაერთ მოთხოვნას, დავალიანების დაფარვის შესახებ, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3631.35 აშშ დოლარის ექვივალენტი 6391.8 (ექვსი ათას სამას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.03.08წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. სასამართლომ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე დ. მ-ი წარგზავნილი იქნა აშშ-ში პროფესიული გადამზადების კურსებზე და სწავლის პერიოდში, 2000 წლის 16 იანვრიდან გადაყვანილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ფულადი სარგოს შენარჩუნებით.

სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მივლინების პერიოდში დ. მ-ი წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და მასზე უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. სამსახურეობრივი მივლინების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი გასამრჯელო (ხელფასი). იმავე კანონის 39-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით. ამავე კანონის 391 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 131-ე მუხლის დეფინიციის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რაზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს ან შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად მიიჩნიოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ასეთ მტკიცებულებად სასამართლომ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 02.03.07წ. ¹9/602 წერილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 29.09.06წ. ¹1641 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ აშშ-ში დ. მ-ის სასწავლო მივლინებამ 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 02 აგვისტომდე შეადგინა 563 დღე და დ. მ-ს საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 დანართის საფუძველზე მისაღები აქვს სამივლინებო თანხა 3631,35 აშშ დოლარის ექვივალენტი_6391,8 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. მ-ის მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

სააპელაციო პალატამ დამატებით ასევე მიუთითა, რომ შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მოხდა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევა და მიუთითა შემდეგზე:

მოსარჩელის სასწავლებლად წარგზავნა არ უნდა ჩაითვალოს მივლინებად, რადგან ის მიზნები, რომლითაც მოსარჩელე იმყოფებოდა აშშ-ში არ აკმაყოფილებს სამსახურებრივი მივლინებისათვის კანონით დადგენილ წინაპირობებს, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების თანახმად, სამსახურეობრივ მივლინებად ითვლება მოსამსახურის გამგზავრება დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით სამსახურეობრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

«საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის თანახმად: “სახელმწიფო მოსამსახურეს 5 წელიწადში ერთხელ თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით ეძლევა სასწავლო შვებულება 3 თვემდე ვადით კვალიფიკაციიის ამაღლების მიზნით.”

აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ვერ ჩაითვლება სამსახურეობრივ მივლინებაში მყოფად. მიუხედავად ამისა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანებით, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამგზავრებულ სამხედრო მოსამსახურეებს გამოეყოთ კანონმდებლობით დადგენილზე მეტი დრო და ფინანსურადაც უფრო უზრუნველყოფილნი იქნენ (მგზავრობისა და ბინის დაქირავების ხარჯების ანაზღაურება, ჩვეულებრივ მოსამსახურესთან შედარებით გაზრდილი ფულადი სარგოები). აღნიშნული ბრძანება შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა სასწავლებლად წარგზავნას და არა სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მივლინებას.

სასამართლოს მიერ ასევე არ გამორკვეულა მოსარჩელე იყო თუ არა უზრუნველყოფილი რაიმე ხარჯით მიმღები მხარის მიერ, ასეთი პრაქტიკა 2000-2001 წლებში საბიუჯეტო კრიზისიდან გამომდინარე ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა. დ. მ-ის მიერ მოთხოვნილი თანხა სამინისტროს მიერ არ არის დაკრედიტებული, რადგან იგი ფაქტობრივად მიმღები მხარის მიერ იქნა ანაზღაურებული.

საჰაერო ძალების სარდლის მ/შემსრულებლის 09.09.06წ. ¹1641 და ფინანსების მართვის დეპარტამენტის 02.03.07წ. ¹9/602 წერილები არ შეიძლება ჩაითვალოს ვალის აღიარებად, რადგან მათზე ხელმომწერი პირები არ არიან თავდაცვის მინისტრის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი, წერილები და არ შეიცავენ უპირობო დაპირებას თანხის გაცემაზე.

მოსარჩელის პრეტენზიების მართებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის ან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნა თანხის ანაზღაურებაზე არის ხანდაზმული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლის დისპოზიცია, რომლის მიხედვითაც 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ დათხოვნილ პირებზე გასაცემი თანხები სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული დავალიანებად და არც მათი გაცემის წესია განსაზღვრული. მოსარჩელე კი სამსახურიდან დათხოვილია 2006 წელს, ხოლო სასამართლოს 2007 წელს მიმართა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 06.11.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. აღნიშნულ განჩინებაზე 28.11.08წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით წარმოადგინა მოსაზრება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა. დ. მ-მა საკასაციო პასუხში, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. საკასაციო პალატის 31.12.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატას საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ დ. მ-ი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.01.2000წ. ¹23 ბრძანების საფუძველზე, 2000 წლის 16 იანვრიდან 2001 წლის 2 აგვისტომდე, სასწავლებლად იქნა წარგზავნილი აშშ-ში.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს აქვს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს «სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით». ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 39-ე, 391 მუხლების მიხედვით უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით, უცხო სახელმწიფოში გრძელვადიან მივლინებაში მოსამსახურის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

დ. მ-ის მივლინებაში ყოფნის პერიოდში (16.01.2000წ. – 02.08.01წ.) სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა ,,მოსამსახურესათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულება, რომლის ¹2 დანართის (,,ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-3 პუნქტის თანახმად, მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებოდათ ამავე ბრძანებულების ¹3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს კვების ხარჯით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ მხოლოდ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ განკარგულების ¹4 დანართით გათვალისწინებული დანამატი. უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15 პროცენტი. ამავე დანართის მე-7 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით, დამადასტურებელი საბუთების წარდგენის შემდეგ.

«საზღვარგარეთ უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სასწავლებლად წარგზავნილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი და სანივთე კმაყოფით, მატერიალური დახმარების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.10.98წ. ¹302 ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის სწავლის პერიოდში ფულადი კმაყოფა გაიცემა ბინის დაქირავების შემთხვევაში (2პ.), მგზავრობის ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მიმღები ქვეყანა თავისთავზე არ იღებს მგზავრობის ხარჯებს (5პ).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 29.09.06წ. ¹1641 წერილის თანახმად, სამივლინებო თანხა, საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულების მე-2 დანართის საფუძველზე, შეადგენს 3631,35 აშშ დოლარს, კურსით 6391,8 ლარი. საქმის მასალებით არ ირკვევა კონკრეტულად რა სახის ხარჯებმა შეადგინა აღნიშნული თანხა. სამივლინებო თანხა მოიცავს მგზავრობის, განთავსების, სადღეღამისო (მათ შორის კვების) ხარჯებს, მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრებული თანხა, რომელ კომპონენტს განეკუთვნება. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დ. მ-ის შემთხვევაში ხარჯები გაიღო მიმღებმა სახელმწიფომ. საქმეში არსებული (ს.ფ. 144) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის 30.10.08წ. ¹12/1556 წერილის მიხედვით, დ. მ-ი აშშ-ის მხრიდან დაფინანსდა მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებით. საქმეში არ მოიპოვება პირადად დ. მ-ის მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 02.03.07წ. ¹9/602 წერილში მითითება, იმის შესახებ, რომ დაფინანსების წყაროს არსებობის შემთხვევაში, მოხდება მივლინების ანაზღაურების საკითხის განხილვა, წარმოადგენს აღიარებას. სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ცნოს სარჩელი იმ შემთხვევაში, თუ ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, მოთხოვნის ცნობა არ გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის თავდაცვის სამინისტროსათვის გადახდის უპირობო დაკისრებას, სამივლინებო თანხის ანაზღაურებისას საქართველოს პრეზიდენტის 04.04.98წ. ¹220 ბრძანებულებით დადგენილი წესის დაცვის შემოწმებას.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი), რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი. საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, თუ ვის მიერ იქნა გაწეული სამივლინებო ხარჯები (მგზავრობის, განთავსების, კვების, დღიური ხარჯები), ამასთნავე, უნდა გაირკვეს რა სახის ხარჯებმა შეადგინა მოსარჩელის მოთხოვნილი თანხა. სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების სამართლებრივი ასპექტები უნდა გადაწყდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეთა უფლება-მოვალეობების ზუსტი განსაზღვრა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.08წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.