Facebook Twitter
ბს-1093-1055(კ-08) 2 აპრილი, 2009 წ

ბს-1093-1055(კ-08) 2 აპრილი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 1 თებერვალს გ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1980-2005 წლებში მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და აქვს უფროსი სამხედრო წოდება - პოლკოვნიკი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1995 წლის 11 მაისის ¹1267 ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მისი წელთა ნამსახურობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში შეადგენდა 12 წელს.

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტისა და 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკუთვნოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების (თანამდებობრივი, წოდებრივი და დანამატი) თორმეტმაგი ოდენობით, რაც შეადგენს – 6660 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვისა და იურიდიული დეპარტამენტების უფროსებს ზემოაღნიშნული დახმარების ანაზღაურებაზე, მაგრამ მიიღო უარი, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, არასწორია, ვინაიდან ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების გაცემის უფლების დამდგენი ნორმა არ გაუქმებულა, არამედ შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე.

ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლება სამხედრო მოსამსახურეებმა მოიპოვეს ჯერ კიდევ 1993-94 წლებში და აღნიშნული უფლების გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლისა და 109-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე შესაბამისი დახმარების გაცემის 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერება. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია აგრეთვე სახელფასო დავალიანებაც, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ¹408 ბრძანების საფუძველზე მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად, დარჩა ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 32-ე მუხლის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობების შესაბამისად, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა. ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში ყოფნისას, 2005 წლის 1 იანვრიდან ღებულობდა მხოლოდ თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებს, ხოლო დანამატი არ ერიცხებოდა, რის გამოც ეკუთვნის მიუღებელი თანხა – 430 ლარის ოდენობით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების – 6660 ლარისა და 2005 წლის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში დაკლებული თანხის – 430 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის მიუღებელი თანხის - 430 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საბოოლოდ მოითხოვა მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების - 6660 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 3480 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, რომლის შესაბაბისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის, ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით – 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი ოდენობით (2007 წლის 21 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციით). ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობით (2007 წლის 21 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია).

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. სასამართლოს განმარტებით, ამა თუ იმ ნორმის მოქმედების ვადის გარკვეული დროით გადაწევა არ ნიშნავს ხსენებული ნორმის აბსოლუტურ უმოქმედობას და მის გაუქმებას, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულს არ ითვალისწინებს, კერძოდ, იურიდიული თვალსაზრისით არ არსებობს აბსოლუტურად უმოქმედო ნორმა.

აქედან გამომდინარე, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹103 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა აღნიშნული ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილი უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127.1 მუხლით დადგენილ ერთი თვის ვადაში, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, აღნიშნული კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა. კანონმდებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქარველოს კანონის 127.1 მუხლში მითითებულ სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე მოქმედების გასაჩივრებაში არ გულისხმობდა კანონით დაკისრებული ვალდებულების – ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაუცემლობის თაობაზე ერთი თვის ვადაში სასამართლოში დავის დაწყებას, უმოქმედობის გასაჩივრებას, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა მხოლოდ არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს, არამედ უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.

ადმინისტრაციული ორგანოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა – ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაუცემლობა პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერსს და საქმეზე გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი დაიცვას ამ მოქმედების განხორციელებისაგან”.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2005 წლის 31 აპრილს მოქმედი რედაქციით საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო მსმენელისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით: ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) – სამმაგი; ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალეების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი; გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი; დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი; ე) 20 წელზე და მეტი – თორმეტმაგი. კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (გარდა ოფიცერთა შემადგენლობისა) ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება არ გაიცემა.» აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის გათავისუფლების დროისთვის 33-ე მუხლი არ ითვალისწინებდა რეორგანიზაციის გამო პირის გათავისუფლებისას ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესაძლებლობას.

აპელანტის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილია 2005 წელს, მასზე 33-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მოქმედება ვერ გავრცელდება, რადგან იგი შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ანუ აღნიშნული ნორმა არ ვრცელდებოდა 2005 წელს დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი გ. ბ-შვილი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2005 წლის 31 აპრილიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით).

გ. ბ-შვილის წელთა ნამსახურობა 2005 წლის აპრილის ბოლოსათვის შეადგენს 27 წელს, 5 თვესა და 30 დღეს. ეს უკანასკნელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხარეო ინსპექციაში მუშაობის დროს იღებდა ფულად კმაყოფას – სარგოს სამხედრო წოდებისათვის 60 ლარის და სარგოს თანამდებობისათვის - 230 ლარს. ასევე იღებდა პროცენტულ დანამატს ნამსახურობისათვის – 87 ლარის ოდენობით და კვების კომპენსაციას სასურსათო ულუფის ნაცვლად – 59 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემა.

«საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 33-ე პუნქტის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იქნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ავადმყოფობის გამო, ნამსახური წლების მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ს და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით – 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი ოდენობით.

ზემოხსენებული ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილ იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევისას, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით), ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით.

საგულისხმოა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის თანახმად, ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 სექტემბრის ¹531 ბრძანებულებით, ზემოაღნიშნული 331-ე პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ იქნა ამოღებული. ამდენად, პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტმა იმოქმედა 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე.

საკასაციო სასამართლო ვერ მიიღებს კასატორის არგუმენტაციას ზემოაღნიშნული 331-ე მუხლის იმ პირებზე გავრცელების დაუშვებლობის შესახებ, რომლებიც გათავისუფლდნენ 2005 წელს და იზიარებს სასამართლოთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე მოხდა 331-ე პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების მიღების უფლების რეალიზების გადავადება 2006 წლის 1 იანვრამდე, რაც არ ნიშნავს მითითებული პუნქტით განსაზღვრული და დადგენილი უფლების გაუქმებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტი გაუქმდა 2007 წლის 21 სექტემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2008 წლის 1 თებერვალს. ამდენად, სარჩელით მიმართვის მომენტისათვის არ არსებობდა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, მოახდინა თუ არა მოსარჩელემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და აღნიშნავს, მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების მისაღებად.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით საჭიროდ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს, მოახდინა თუ არა გ. ბ-შვილმა თავისი უფლებების დროულად რეალიზება. არსებობს თუ არა სარჩელით მიმართვის მომენტისათვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა თუ არა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რა მიზნითაც საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.