Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1094-1056(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს «ა-ი» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (მოპასუხეები)

დავის საგანი – მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «ა-მა» 2003 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2001 წლის 7 მარტის კამერალური შემოწმების შედეგად, შპს «ა-ის» 1999 წლის მოგების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციაში აღნიშნული 532105 ლარის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად აღიარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის დავალდებულება ამ საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული შპს «ა-ის» 1999 წლის მოგების გადასახადის დარიცხვის გადაანგარიშება ისე, რომ დაბეგვრის ობიექტიდან ამოირიცხოს _ 532105 ლარი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; 2001 წლის 7 მარტის კამერალური შემოწმების შედეგად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შპს «ა-ის» 1999 წლის მოგების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციაში მითითებული _ 532105 ლარის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად აღიარების თაობაზე, ცნობილი იქნა უკანონოდ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა მათთან რეგისტრირებული შპს ,,ა-ის” 1999 წლის მოგების გადასახადის დარიცხვის გაანგარიშების გადაანგარიშება ისე, რომ დაბეგვრის ობიექტიდან ამორიცხულ იქნეს 532 105 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის ზონალური საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «ა-მა» და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შპს «ა-ს» დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ზემოაღნიშნული განჩინება შპს «ა-ის» წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 1 ნოემბერს.

შპს «ა-ის» წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე გადასახადელი სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ არ დააკმაყოფილა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შუამდგომლობა, 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით შპს «ა-ს» ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა გაუგრძელა 5 დღით მოცემული განჩინების მისთვის ჩაბარებიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის აღნიშნული განჩინება შპს «ა-ის» წარმომადგენელმა ჩაიბარა 2008 წლის 29 ნოემბერს. შპს «ა-ის» წარმომადგენელმა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე მოთხოვნით კვლავ მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარადგინა თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი ანიჭებს სასამართლოს უფლებამოსილებას მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალური წინაპირობა, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა არ წარმოადგენს კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის საკმარის და უტყუარ მტკიცებულებას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება