ბს-1099-1061 (კ-08) 15 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოპასუხე)
დავის საგანი_დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაცია
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ 2006 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე შპს ,,...-ის” მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დაყადაღებული ქონების ღია _ საჯარო აუქციონზე რეალიზაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის (უფლებამონაცვლე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველი სარჩელით თბილისის საგადასახადო ინსპექცია შპს «...-ის» აღიარებული საგადასახადო ვალდებულების _ 922 481.57 ლარის უზრუნველსაყოფად ითხოვს მის მიერ 2006 წლის 4 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული იმ ქონების რეალიზაციას ღია-საჯარო აუქციონზე, რომელიც მოვალეს არ ეკუთვნის.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქმის მასალებით უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ავტოსამრეცხაო, იქ არსებული მოძრავი ნივთები და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ეს სამრეცხაო არასოდეს ყოფილა შპს «...-ის» საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს «...-ის» ქონების დაყადაღება განხორციელდა 2006 წლის 4 ოქტომბერს, ხოლო სადავო პერიოდზე საგადასახადო კოდექსის მითითებული ნორმის ახალი რედაქციაც რომ გავრცელებულიყო, შპს «...-ის» ბალანსზე რიცხული, მაგრამ სხვის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად მაინც უკანონო იქნებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, დაყადაღებული ქონება სახელმწიფოს, მესამე პირების ა. მ-იას და ინდ. საწარმო «მ. გ-იანის» საკუთრებაშია.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ, მართალია, 2006 წლის 4 ოქტომბრისათვის ანუ იმ დროს როცა მოხდა სადავო ქონების დაყადაღება, საჯარო რეესტრში ჯერ არ იყო რეგისტრირებული ა. მ-იას საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე და ეს რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით კერძოდ, 2006 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 17 აგვისტოს წერილის მიხედვით, ყოფილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანახმად, ... ქ. ¹... რეგისტრირებულია ა. მ-იას ავტოსამრეცხაოს სახელზე (ს.ფ.34); სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის თანახმად ტექბიუროს სამსახურის ზემოაღნიშნული ჩანაწერი თავის სამართლებრივი ბუნებით უთანაბრდება საჯარო რეესტრის ჩანაწერს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან სადავო ქონება 1998 წლიდან დღემდე ირიცხება საზოგადოების ბალანსზე, ასევე არ გამოიყენა ყადაღის დადების მომენტისათვის მოქმედი «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. კასატორის აზრით, ა. მ-იამ შეგნებულად არ გადააფორმა უძრავი ქონება საზოგადოების სახელზე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, რითაც ბოროტად გამოიყენა შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები, ამიტომ მისი პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება სოლიდარულად საზოგადოებასთან ერთად. კასატორი მიიჩნევს, რომ მოვალის ქონების დაყადაღების აქტის გაფორმების დროს მ. გ-იანი ადასტურებს, რომ ყადაღის აქტში შეტანილი მოძრავი ქონება ეკუთვნის შპს «...-ს», ხოლო საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე იგი ვალდებული იყო, თუ მას ჰქონდა რაიმე უფლება, განეცხადებინა ამის შესახებ ყადაღის დადების მომენტში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელზე_ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის უზრუნველსაყოფად შპს «...-ის» დაყადაღებული ქონებიდან მოძრავი ნივთების ღია საჯარო აუქციონის რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას; ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოცემულ საქმეზე სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 922 481.57 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად შპს «...-ის» დაყადაღებული ქონების ღია_საჯარო აუქციონზე რეალიზაცია. ს.ფ. 9-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 2 ოქტომბრის ¹4/718 ბრძანებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის განყოფილებას დაევალა შპს «...-ის» ქონების დაყადაღება (მატერიალური ან/და არამატერიალური აქტივების აღწერა), რის საფუძველზეც 2006 წლის 4 ოქტომბერს განხორციელდა შპს «...-ის» ქონების დაყადაღება (აღწერა); ყადაღის აქტში შეტანილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ავტოსამრეცხაოს შენობა, მიწის ნაკვეთი და სხვადასხვა დასახელების მოძრავი ნივთები (ს.ფ. 11-13). საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2006 წლის 9 ოქტომბრიდან ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹...-ში მდებარე 391 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 230 კვ.მ. მესაკუთრეა ა. მ-ია, რომელსაც საჯარო რეესტრში აღნიშნულ 391 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლება აქვს რეგისტრირებული (ს.ფ.98). ამასთან, საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 17 აგვისტოს წერილის მიხედვით, ყოფილი ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემების თანახმად, ... ქ. ¹... რეგისტრირებულია ა. მ-იას ავტოსამრეცხაოს სახელზე (ს.ფ. 34). ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ყადაღის აღწერის აქტში შეტანილი უძრავი ქონება შპს «...-ის» საწესდებო კაპიტალში იქნა შეტანილი და იგი საზოგადოებას გადაეცა საკუთრებაში; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ქონების დაყადაღების დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერი სახის ქონებას, მათ შორის მოძრავ, უძრავ, არამატერიალურ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში. ამავე კოდექსის 88-ე მუხლის (რომელიც დაყადაღებული ქონების რეალიზაციის წესს ადგენს) მე-2 ნაწილით კი დადგენილია აუქციონის ჩატარებამდე გასაკეთებელი განცხადების სავალდებულო რეკვიზიტები, მათ შორისაა, ქონების მესაკუთრის რეკვიზიტები, რაც შეეხება ბალანსმფლობელს, ნორმაში ასეთი რამ მითითებული არ არის. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან შპს «...» საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული სადავო ყადაღადადებული და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აღმართული შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ, ამიტომ მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოვალის ქონების დაყადაღების აღწერის აქტში შეტანილი უძრავი ქონების რეალიზაციის ნებართვის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს განჩინება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის უზრუნველსაყოფად შპს «...-ის» დაყადაღებული ქონებიდან მოძრავი ნივთების ღია საჯარო აუქციონის რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში; მართალია სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ დაყადაღებული სადავო მოძრავი ქონების ნაწილზე უფლება გააჩნია ინდ.საწარმო მ. გ-იანს, მაგრამ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შპს «..-ის» წარმომადგენელმა დაადასტურა ქონების დაყადაღების აქტში მითითებულ მოძრავი ქონების ნაწილზე შპს «..-ის» საკუთრების უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას არ გამოარკვია, ქონების დაყადაღების აქტში აღწერილი მოძრავი ნივთებიდან შპს «...-ის» საკუთრებას კონკრეტულად რომელი ნივთები წარმოადგენს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის უზრუნველსაყოფად შპს «...-ის» დაყადაღებული ქონებიდან მოძრავი ნივთების ღია საჯარო აუქციონის რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელზე_ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის უზრუნველსაყოფად შპს «...-ის» დაყადაღებული ქონებიდან მოძრავი ნივთების ღია საჯარო აუქციონის რეალიზაციაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.