Facebook Twitter
ბს-1101-1063(2კ-08)

ბს-1101-1063(2კ-08) 10 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორები: 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ნ. წ-ური

2. ა. ბ-ძე, ა. გ-ძე (მოსარჩელეები)

ა. ბ-ძის წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე, მ. მ-შვილი

ა. გ-ძის წარმომადგენელი _ მ. მ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ა. ბ-ძის, ა. გ-ძის, გ. გ-იანის, ა. ჭ-შვილისა და სხვათა სარჩელი, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 მარტის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის სასარჩელო განცხადება.

ა. ბ-ძე (საჰაერო ხომალდის ყოფილი მეთაური, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მფრინავი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი) და ა. გ-ძე (საჰაერო ხომალდის ყოფილი მეთაური, საბჭოთა კავშირის გმირი, მე-2 ჯგუფის ინვალიდი) განმარტავდნენ, რომ სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მუშაობისას მიღებული პროფდაავადების გამო, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე, დაენიშნათ ყოველთვიური სარჩო და იღებდნენ ამ სარჩოს სისტემის სხვა პროფდაავადებულ პირებთან ერთად წლების მანძილზე. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა უზრუნველეყო კომისიის მუშაობის პერიოდში სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთათვის დანიშნული სარჩოს არსებული დავალიანების დაფარვა, ხოლო ადმინისტრაციის ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ უზრუნველეყო ამ პირთა ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის დასრულებამდე, 2006 წლის სექტემბრის ჩათვლით, მათ ეძლეოდათ ყოველთვიური სარჩო, თუმცა კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ, 2006 წლის 17 აგვისტოს, შემაჯამებელი სხდომის ოქმისა და მასალების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის წარდგენის შემდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგინება აღარ გაკეთებულა, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი თანხების გადახდის შეწყვეტა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უარს აცხადებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგინების გაკეთებაზე და უთითებდა, რომ წარდგინების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების შესაბამისად ევალებოდა სალიკვიდაციო კომისიას, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თავს არ თვლიდა ლიკვიდირებული სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ და აღნიშნავდა, რომ მისთვის არავის დაუვალებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ წარდგინების გაკეთება.

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლეობა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად აშკარა იყო. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მიღების შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვლა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹502 და ¹619 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი გარდაიქმნა საქართველოს სამოქალაქო ტრანსპორტის ადმინისტრაციად და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახით შევიდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, რომლის ლიკვიდაციის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნული სამინისტრო 2004 წლის 24 ივნისის შემდეგ, «საქართველოს მთავრობის სტრუქტრის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონისა და მასში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სამოქალაქო ტრანსპორტის ადმინისტრაციას შეერწყა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციისა და მისი სალიკვიდაციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გახდა ამ ორგანიზაციის უფლებამონაცვლე და გამოითხოვა ყველა იმ პირთა პირადი საქმე, ვისაც დანიშნული ჰქონდა სარჩო. ამდენად, უფლებამონაცვლეობა ავალდებულებდა მოპასუხეს, განეხორციელებინა ლიკვიდირებული სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვალდებულებები.

საბოლოოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალდებულება, წადგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ მოსარჩელეებისათვის 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის 1 მარტამდე არსებული ყოველთვიური სარჩოს დავალიანების ანაზღაურებისა და შემდგომში ყოველთვიური სარჩოს გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ 2007 წლის 1 მარტამდე მდგომარეობით პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხსენებული განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის პროცესში დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები და ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ უზრუნველეყო ამ პირთათვის ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, იმავე დღეს შედგა საბოლოო სხდომის ¹16 ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2006 წლის 13 დეკემბრის ¹1 მიღება-ჩაბარების აქტით კი სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩაბარებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა 49 პირადი საქმე, მათ შორის, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის პირადი საქმეებიც.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 21 ნოემბრის წერილით, ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის 2006 წლის 8 დეკემბრის განცხადებითა და საქმის სხვა მასალებით დადგენილი იყო, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან სამოქალაქო ავიაციის სისტემაში პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს, მათ შორის, ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეს შეუჩერდათ ყოველთვიური სარჩოს გაცემა, რომელზეც იმ დროისათვის მათ უფლება შენარჩუნებული ჰქონდათ მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. სარჩოს გაცემის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ განხორციელდა ყოველთვიური წარდგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პროფდაავადებულ პირთა მიმართ სარჩოს თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლიკვიდირებული სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს მისი ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესების შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გამოცხადდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. აღნიშნულის შემდეგ, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტმა პირდაპირ მიუთითა, რომ ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად, მე-2 მუხლი ითვალისწინებდა, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა ლიკვიდირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს. უფლებამონაცვლეობის გარდა, აღნიშნული კანონით დადგენილი იყო აგრეთვე ლიკვიდირებული ადმინისტრაციის მთელი დოკუმენტაციის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ფაქტობრივი გადაცემით, რაც დადასტურებული იყო საქმეში წარმოდგენილი სალიკვიდაციო სხდომის შემაჯამებელი ოქმით და მიღება-ჩაბარების აქტებით.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი უფლებამონაცვლეობასთან ერთად დამატებით განმარტავდა, რომ ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებდა იურიდიულ ძალას. მათი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭებოდა უფლებამონაცვლე სამინისტროებს. დადგენილი იყო, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ გაუუქმებია და ცვლილება და დამატება არ შეუტანია მოსარჩელეთა მიმართ ყოველთვიური სარჩოს მიმნიჭებელ აქტებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს, ეკისრებოდა ვალდებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების მე-3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა მიმართ ყოველთვიური სარჩოს გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ». ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წლის 24 მარტს მიღებულ იქნა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» ¹53 დადგენილება, რომელმაც ცალკეულ საკითხთა მიმართ დაადგინა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებისგან განსხვავებული წესი, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განიმარტა, რომ დამსაქმებელის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სარჩოს გაცემა შეწყდებოდა. ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით კი, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნული სარჩოს არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ სარჩოს გაცემის ვალდებულების შეწყვეტის გამო, პირს დამატებით მიეცემოდა ერთჯერადი კომპენსაცია დანიშნული ზიანის ანაზღაურების სარჩოს _ ექვსი თვის ოდენობით.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით მოსარჩელეებს მინიჭებული ჰქონდათ სარჩოს მიღების სამისდღეშიო უფლება. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად კი, დამსაქმებლის (მათ შორის სახელმწიფო დაწესებულების) ლიკვიდაციის შემთხვევაში, ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება წყდებოდა. ლიკვიდირებული დამსაქმებლის შემთხვევაში, სარჩოს მიმღებს ეძლეოდა სარჩოს დავალიანების თანხა 2007 წლის 1 მარტამდე. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელე ა. ბ.ძისა და ა. გ.ძის მიმართ ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე ვალდებული პირი – საქართველოს სამოქალაქო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ლიკვიდირებული იყო, საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად მათ მიეცემოდათ მხოლოდ 2007 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული დავალიანება, ხოლო შემდგომში სარჩოს გაცემის ვალდებულება დადგენილებაში გათვალისწინებული არ იყო. ამდენად, მოსარჩელეთა მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულების ანალოგიურად საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილებაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ადრე დანიშნული სარჩოს ანაზღაურების ვალდებულებას ითვალისწინებდა მხოლოდ 2007 წლის 1 მარტამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ძემ და ა. გ-ძემ. აპელანტებმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომაც გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით ა. ბ-ძის, ა. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ბ-ძის, ა. გ-ძისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრების ავტორებმა ვერ შეძლეს ხსენებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მათი საჩივრები უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ბ-ძემ და ა. გ-ძემ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, დამსაქმებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში წყდებოდა ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება და იქვე განმარტა, რომ ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლი ითვალისწინებდა სარჩოს გაცემის შეწყვეტის შემთხვევაშიც ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას. კასატორთა განმარტებით, აღნიშნული ვალდებულება დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვრცელდებოდა დამსაქმებლის უფლებამონაცვლის არარსებობის პირობებში, ხოლო უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში კი სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ზემოხსენებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, რომლითაც რეგულირდებოდა სარჩოს გაცემის ვალდებულება უფლებამონაცვლის, არსებობის პირობებში, ხოლო იმ ფაქტს, რომ საქართველოს ეკონომიკური გავითარების სამინისტრო წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს ადასტურებდა «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებები და ბრძანებულებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომაც გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების საფუძველზე შეიქმნა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. აღნიშნული განკარგულების მე-3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ, მარჩენლდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები. ამავე განკარგულების «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ადმინისტრაციის ლიკვიდაციის შემდეგ ბრძანებულების მე-3 მუხლის «ბ» ქვეპუნქტში გათვალისწინებულ პირთა ზიანის ანაზღაურება «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-3 პუნქტისა და ამ წესის 42-ე მუხლის მე-2 აბზაცის შესაბამისად, სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებულების ხსენებული მუხლები განსაზღვრავდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს, ანუ აღნიშნული მუხლები ეხებოდა შემთხვევას, როდესაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ჯერ დადგენილი არ იყო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს _ ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეს უკვე დანიშნული ჰქონდათ პროფესიული დაავადებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩო, დანიშვნის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელსაც ისინი იღებდნენ 2006 წლის ოქტომბრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც დადგენილი იყო ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტული პირების მიმართ, რაც სადავოდ არ იყო გამხდარი და ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით დადგენილი იყო ზიანის ანაზღაურების დავალიანების გაცემაზე ვალდებული პირი – ფინანსთა სამინისტრო, დამატებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინება ყოველგვარ არსს და საფუძველს იყო მოკლებული. მით უმეტეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულებით, წარდგინებით მიმართვა ევალებოდა სალიკვიდაციო კომისიას და არა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. სამინისტროს აღნიშნული ვალდებულება არ დაკისრებია რომელიმე სხვა ნორმატიული აქტითაც. ამდენად, კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დავალდებულება წარდგინების განხორციელების თაობაზე უსაფუძვლო იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 11 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 19 თებერვალს, 11.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. ბ-ძე და ა. გ-ძე წარმოადგენენ სამოქალაქო ავიაციის სისტემაში პროფდაავადებულ პირებს, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე დანიშნული აქვთ პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩო, რასაც ისინი 2006 წლის ოქტომბრამდე იღებდნენ. ა. ბ-ძეს პროფესიული დაავადების გამო, 2001 წლიდან უვადოდ ჰქონდა დადგენილი შესაძლებლობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა (ინვალიდობის მე-2 ჯგუფი), ხოლო ა. გ-ძეს – 1984 წლიდან. სარჩოს გადახდის უზრუნველყოფაზე ვალდებულ პირს კი ლიკვიდაციამდე წარმოადგენდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულებით შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით. ხსენებული განკარგულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა ლიკვიდაციის პროცესში დაეფარა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა მიმართ არსებული დავალიანებებისა და ამ კატეგორიისათვის სასამართლო გადაწყვეტილებებით მიკუთვნებული თანხები და ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ უზრუნველეყო ამ პირთათვის ზიანის ანაზღაურება სალიკვიდაციო კომისიის წარდგინების საფუძველზე. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა ფაქტობრივად დაასრულა 2006 წლის 30 მაისს, იმავე დღეს შედგა ¹16 სხდომის ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. 2006 წლის 13 დეკემბრის ¹1 მიღება-ჩაბარების აქტით კი სალიკვიდაციო კომისიის წარმომადგენლის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ჩაბარებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირთა 49 პირადი საქმე, მათ შორის, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის პირადი საქმეებიც (Iტ., ს.ფ. 8-22, 29-30).

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან სამოქალაქო ავიაციის სისტემაში პროფდაავადებულ, დასახიჩრებულ და მარჩენალდაკარგულ პირებს, მათ შორის, ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეს შეუჩერდათ ყოველთვიური სარჩოს გაცემა, რომელზეც იმ დროისათვის მათ უფლება შენარჩუნებული ჰქონდათ მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. სარჩოს გაცემის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ არ განხორციელდა ყოველთვიური წარდგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პროფდაავადებულ პირთა მიმართ სარჩოს თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად, იმ მოტივით, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო თავს არ თვლიდა ლიკვიდირებული სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ (Iტ., ს.ფ. 24-25).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივლისის ¹1012-რს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის ¹10 ბრძანების შესაბამისად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, რომლის დებულების პირველი პუნქტის თანახმად, ახლად შექმნილი ადმინისტრაცია არ წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის ¹279 ბრძანებულების შესაბამისად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ერთეულის – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის მიმდინარეობის პერიოდში «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო, რომლის მმართველობის სფეროში გაერთიანდა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. აღნიშნული მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ. ამასთან, ზემოხსენებული მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ლიკვიდაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გამოცემულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე, მათი გაუქმების უფლებამოსილება მიენიჭა მათ უფლებამონაცვლე სამინისტროებს. გარდა აღნიშნულისა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 6 მარტის ¹81 ბრძანებულების პირველი პუნქტის თანახმად, განხორციელდა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ლიკვიდაცია, მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა სალიკვიდაციო კომისია, მე-14 პუნქტმა კი განსაზღვრა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს უფლებამონაცვლე _ ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო. აღნიშნულ კანონში 2004 წლის 24 ივნისის ¹195-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, მისი უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 22 ივნისს გამოსცა ¹80 განკარგულება «საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ». შესაბამისად, კანონში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებებს გავლენა არ მოუხდენია და არც შეუცვლია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების დებულებები, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამინისტროები ისევ ჩაითვალა ლიკვიდირებული დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის დასრულებამდე უდავოდ ეკისრება ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულების მე-3 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგინებით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეთა მიმართ ყოველთვიური სარჩოს გაცემის უზრუნველყოფის მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის ¹93 ბრძანებულებით 2007 წლის 1 მარტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა აღნიშნული საკითხის მოსაწესრიგებლად ნორმატიული აქტის მიღების უზრუნველყოფა. აღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ «შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ დამსაქმებლის (მათ შორის სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, სტრუქტურული ერთეულის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის) გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, წყდება დანიშნული «ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს» გაცემის ვალდებულება, ხოლო ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სსიპ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ძველი წესით დანიშნულ სარჩოზე არსებული დავალიანებების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე.

საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით მოსარჩელეებს მინიჭებული ჰქონდათ სარჩოს მიღების სამისდღეშიო უფლება, ხოლო საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, დამსაქმებლის (მათ შორის სახელმწიფო დაწესებულების) ლიკვიდაციის შემთხვევაში ყოველთვიური სარჩოს გაცემის ვალდებულება წყდებოდ, ლიკვიდირებული დამსაქმებლის შემთხვევაში სარჩოს მიმღებს ეძლეოდა სარჩოს დავალიანების თანხა 2007 წლის 1 მარტამდე. ამდენად, ვინაიდან ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ ყოველთვიური სარჩოს გაცემაზე ვალდებული პირი – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ლიკვიდირებული იყო, საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, მათ მიეცემოდათ მხოლოდ 2007 წლის 1 მარტის მდგომარეობით არსებული დავალიანება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 26 ივნისის ¹872 განკარგულება, რომლითაც შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით. ამდენად, მართალია, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2006 წლის 30 მაისს და იმავე დღეს შედგა საბოლოო სხდომის ¹16 ოქმი, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად 2006 წლის 21 აგვისტოს გადაეცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, თუმცა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სალიკვიდაციო კომისიამ იურიდიულად ფუნქციონირება შეწყვიტა მხოლოდ «საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მეთაურის ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 აგვისტოს ¹428 განკარგულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების გამოცემისას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ლიკვიდაციის პროცესი იურიდიულად დასრულებული არ იყო, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად უნდა გავრცელებულიყო ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეზე ზემოხსენებული დადგენილების ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა, დამსაქმებლის (მათ შორის სახელმწიფო დაწესებულების) ლიკვიდაციის შემთხვევაში, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ადრე დანიშნული სარჩოს 2007 წლის 1 მარტამდე ანაზღაურების ვალდებულებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბერის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტოროსათვის, რათა მას ურუნველეყო მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს დავალიანების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე მდგომარეობით, ხოლო შემდგომში ყოველთვიური სარჩოს გაცემის უზრუნველსაყოფად მიმართვაზე ეთქვათ უარი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიემართა საქართველოს ფინანსთა სამინისტოროსათვის, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის მიმართ, რათა მას უზრუნველეყო პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს დავალიანების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე მდგომარეობით, ხოლო 2007 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით მიმართვის დავალებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ ხსენებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის მასალები, რაც გასაჩივრებული განჩინების ხსენებულ ნაწილში გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, დამსაქმებლის ლიკვიდაციამდე მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძისათვის პროფესიული დაავადებით მიყენებული ზიანის გამო დანიშნული სარჩოს დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი წარდგინებით მიმართვაზე ვალდებულ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. რაც შეეხება შემდეგი პერიოდის ასანაზღაურებელ თანხაზე უფლებამოსილ სუბიექტს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს, ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ, ა. ბ-ძისა და ა. გ-ძისათვის დანიშნული ზიანის ანაზღაურების ყოველთვიური სარჩოს გაცემის ფარგლებში, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაღაურების წესის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის ¹53 დადგენილების მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ვინ წარმოადგენს ხსენებული ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაევალა წარდგინებით მიმართვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი, მოსარჩელეების _ ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის სასარგებლოდ 2007 წლის 1 მარტამდე ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით;

3. ა. ბ-ძისა და ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ მოსარჩელეებს _ ა. ბ-ძესა და ა. გ-ძეს 2007 წლის 1 მარტიდან ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსადმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარდგინებით მიმართვის დავალებაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.