ბს-1103-1065(კ-08) 11 თებერვალი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. რ-ამ” 16.06.04წ. საკასაციო საჩივრით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოპასუხის მიერ 13.06.03წ. გაცემული ¹66/03 10430 მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შპს “ს. რ-ის” სახელზე ........ რკინიგზის გადასარბენი ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს, 40 მეტრის მანძილზე მდებარე მიწაზე საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.09.04წ. საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ო., ნ., თ., დ. და ქ. ჯ-ები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე შპს “ს. რ-ას” უარი ეთქვა მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ყოფილი საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის) მიერ 13.06.03წ. გორის რაიონის სოფელ .... მდებარე 565 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მესამე პირების – ო. ჯ-ის, ნ. ჯ-ის, თ. ჟ-ის, დ. ჯ-ისა და ქ. ს-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ¹66/03 10430 სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობაზე, აგრეთვე მოპასუხის – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულებაზე, შპს “ს. რ-ის” სასარგებლოდ გასცეს ახალი მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ....... რკინიგზის გადასარბენი ლიანდაგის განაპირა ორივე მხარეს, 40 მეტრის მანძილზე მდებარე მიწაზე. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს რკინიგზამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.08წ. განჩინებით შპს “ს. რ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.06წ. გადაწყვეტილება.
შპს “ს. რ-ამ” 18.07.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.08წ. განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს. რ-ის” საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.08წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს – შპს “ს. რ-ას” დაუბრუნდეს მის მიერ 15.07.08წ. ¹1110 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი 202886010) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.