Facebook Twitter

ბს-1108-1070(კ-08) 25 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) _ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო, წარმომადგენელი მ. კ.-ა (მინდობილობა 10.10.2007წ., ¹38-2/2/2/-737)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ჯ. ფ.-ე, წარმომადგენელი შ. დ.-ე (რწმუნებულება 17.03.08წ., ¹1-987)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.08წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

21.09.07წ. ჯ. ფ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 02.07.07წ. ¹479 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსახურობდა სასაზღვრო პოლიციის ¹11 სამმართველოს (აეროპორტი-თბილისი) ¹1 სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსად. 02.07.07წ. უკანონოდ იქნა დათხოვნილი სასაზღვრო პოლიციის რიგებიდან.

24.10.07წ. მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა და იშუამდგომლა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის გამოხმობის თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, რაც, სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების 19.06.07წ. დასკვნის თანახმად, გამოიხატა შემდეგში: 18.05.07წ. ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, განწესში მყოფი ქ. თბილისის მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ შემჩნეულ იქნა უმეთვალყურეოდ მიტოვებული საშუალო ზომის შავი ჩანთა, რომელიც მიჩნეულ იქნა საეჭვოდ. აღნიშნულის შესახებ ეცნობა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას. საეჭვო ნივთის ირგვლივ, სპეციალური ლენტით შემოსაზღვრული იქნა პერიმეტრი და გამოიძახეს გამნაღმველები. დასკვნის მიხედვით, ამ დროს ჯ. ფ.-მ უნებართვოდ, განსაკუთრებული ცინიზმით შეაღწია საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ სპეციალურად შემოღობილ ტერიტორიაზე, აიღო საეჭვო ჩანთა, გაიტანა შენობიდან და ფეხის დარტყმით მოისროლა გზის სავალ ნაწილზე. მოსარჩელის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება, მას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, უშუალოდ საპატრულო პოლიციის და აეროპორტის მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების, ასევე საჰაერო ავიარეისების გადადებისა და პანიკის თავიდან აცილების მიზნით, დაბრკოლების გარეშე, საეჭვო ჩანთა გატანილი იქნა აეროპორტის ტერიტორიიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ რამდენიმე სავარაუდო ღონისძიებიდან ისეთის არჩევა, რომელიც ნაკლებ ზიანს მიაყენებს საზოგადოებას და მიზანზეა ორიენტირებული, წარმოადგენს “საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” კანონის მე-5 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ სასაზღვრო პოლიციელის ვალდებულებას და მოვალეობას. მოსარჩელის აზრით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, არ იქნა დადგენილი, რა მოხდა 18.05.07წ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.07წ. განჩინებით იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ფ.-მ.

სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ უარი განაცხადა სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზე, სააპელაციო პალატის 17.04.08წ. განჩინებით საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.11.07წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ფ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სასაზღვრო პოლიციის უფროსის 02.07.07წ. ¹479 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ფ.-ე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ¹11 სამმართველოს ¹1 სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსის თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 02.07.07წ. ¹479 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის” მე-4 თავის მე-20 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის და მე-6 თავის 29-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-7 მუხლის “ლ” და “ნ” ქვეპუნქტების და სასაზღვრო პოლიციის ¹11 სამმართველოს ¹1 სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის თანამშრომლის მიერ 18.05.07წ. ჩადენილი სასაზღვრო პოლიციელის შეუფერებელი საქციელის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის განყოფილების სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების პატაკების თანახმად, პატრულ-ინსპექტორებმა აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად ლენტით შემოსაზღვრეს საეჭვოდ მიჩნეული ნივთი. განხორციელდა მომსახურე პერსონალის ევაკუაცია, გამოძახებული იქნა გამნაღმველთა ჯგუფი, ევაკუაციის დროს მომსახურე პერსონალს გამოეყო შავებში ჩაცმული მამაკაცი, როგორც შემდეგ დადგინდა, ჯ. ფ.-ე, მიუახლოვდა საეჭვო ნივთს, გამოიტანა იგი შენობიდან და მოისროლა გზის სავალ ნაწილზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა განმარტებით, ჯ. ფ.-ე ნასვამი იყო. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომელთა პატაკები ვერ ჩაითვლება იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ შემთხვევის დროს ჯ. ფ.-ე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი არ შემოწმებულა სიმთვრალეზე და არ არსებობდა უფლებამოსილი პირის ბრძანება სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების გამო მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ასევე, რომ ჯ. ფ.-ე არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებას ე.წ. ევაკუაციის შესახებ და ჩაიდინა ზემოაღნიშნული ქმედება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განსაზღვრულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ასეთის არსებობის შემთხვევაში უნდა შემდგარიყო შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი დაფუძნებული იყო იმ ფაქტებსა და გარემოებებზე, რომლებიც არ იქნა სათანადოდ შესწავლილი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ. კასატორი თვლის, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვოდ მიჩეული ნივთის აღება და თვითნებურად გარეთ გატანა სასაზღვრო პოლიციელისათვის შეუფერებელ საქციელია მიუხედავად იმისა, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა ის თუ არა. სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის მოკვლევას საფუძვლად დაედო შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გადმოცემული მასალა. შიდა ინსპექციის მიერ გაზიარებული იქნა პატრულ-ინსპექტორების ახსნა-განმარტებები და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ პატრულ-ინსპექტორების ახსნა-განმარტებები ვერ ჩაითვლებოდა სათანადო მტკიცებულებებად, კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან პატრულ-ინსპექტორები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები არიან და განსახილველ ურთიერთობებში ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და არ არსებობდა მათი ახსნა-განმარტებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.08წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ჯ. ფ.-ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი შეფასება მიეცა ფაქტობრივ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის შესაბამისად გადწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ჯ. ფ.-ე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის ¹11 სამმართველოს (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი) ¹1 სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსის თანამდებობაზე. 18.05.2007 წ. ჯ. ფ.-ე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, განწესში მყოფი ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ შემჩნეულ იქნა რამოდენიმე საათის განმავლობაში უმეთვალყურეოდ მიტოვებული საშუალო ზომის შავი ჩანთა, რომელიც მიჩნეულ იქნა საეჭვოდ. აღნიშნულის შესახებ ეცნობა ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას. საეჭვო ნივთის ირგვლივ, უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრული იქნა პერიმეტრი და გამოიძახეს გამნაღმველები. ჯ. ფ.-ე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მან ხელბარგი გაიტანა აეროპორტის შენობიდან და დატოვა სავალ ნაწილზე. ჯ. ფ.-ის მოსაზრებით, იგი მოქმედებდა საპატრულო პოლიციის და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებთან შეთანხმებით და მისი ქმედება შეესაბამებოდა “საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ პოლიციელის ვალდებულებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯ. ფ.-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ეფუძნებოდა ისეთ ფაქტებსა და გარემოებებს, რომლებიც სათანადოდ არ იქნა შესწავლილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პოლიციის თანამშრომელთა პატაკები ვერ ჩაითვლებოდა ჯ. ფ.-ის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან იგი არ შემოწმებულა სიმთვრალეზე და არ არსებობდა უფლებამოსილი პირის ბრძანება სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების გამო მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სააპელაციო სასამართლო ასევე დადასტურებულად არ მიიჩნევს ჯ. ფ.-ის მხრიდან ე.წ. ევაკუაციის თაობაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებების დაუმორჩილებლობას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამარალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და თვლის, რომ ასეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში შედგენილი უნდა ყოფილიყო სამართალდარღვევის ოქმი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯ. ფ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა სზაკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, მტკიცებულებების და არგუმენტების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ჯ. ფ.-ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის განყოფილების უფროსის 20.06.07წ. ¹38-6-140 წერილი და 19.06.07წ. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა. სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.06.2006წ. ¹786 ბრძანებით დამტკიცებული სასაზღვრო პოლიციის დებულების მე-12 მუხლის თანახმად შიდა ინსპექციის განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის, დისციპლინური დარღვევების თავიდან აცილებისა და დანაშაულის ხელმშემწყობი გარემოებების გამოვლენის ღონისძიებებს. შიდა ინსპექციის მიერ შემოწმების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს შსს გენერალური ინსპექციიდან 08.06.2007 წ. გაგზავნილი ქ. თბილისისა და მცხეთა-მთანეთის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში შეკრებილი მასალები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პატრულ-ინსპექტორების მიერ შედგენილი პატაკები, წარმოადგენენ 18.05.2007 წ. მომხდარი ფაქტის ამსახველ დოკუმენტალურ მასალას, რაც საფუძვლად დაედო ჯერ შსს გენერალური ინსპექციის, ხოლო შემდგომში სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების დაწყებას. შემოწმების მიმდინარეობისას ჯ. ფ.-ს ჰქონდა საშუალება ახსნა-განმარტება მიეცა შიდა ინსპექციის თანამშრომლისათვის, რაც მან არ ისურვა. სასაზღვრო პოლიციის შიდა ინსპექციის უფროსი ინსპექტორის მიერ 14.06.07.წ. ცნობის თანახმად სამსახურებრივი შემოწმების მასალებთან დაკავშირებით ჯ. ფ.-გან ახსნა-განმარტების მიღება ვერ მოხერხდა 10.06.07წ. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანების შედეგად ჯ. ფ.-ის ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში ყოფნის გამო. ექიმის მიერ 14.06.07წ. გაცემული ცნობის თანახმად ჯ. ფ.-ის მდგომარეობის გამო მისი დაკითხვა არ იყო მიზანშეწონილი. 19.06.07წ. შედგენილი ოქმის თანახმად, 18.05.07წ. ინციდენტთან დაკავშირებით ჯ. ფ.-მ თავი შეიკავა ახსნა-განმარტების მიცემისაგან (ს.ფ. 55).

საკასაციო სასამართლო თვილის, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი პატაკებით არ არის შესაძლებელი ჯ. ფ.-ის სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დადგენა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯ. ფ.-ეE სამსახურიდან დათხოვილ იქნა არა იმ მიზეზით, რომ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, არამედ მის მიერ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სტატუსთან შეუთავსებელი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის. ჯ. ფ.-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ზომა, დისციპლინური გადაცდომის დასადასტურებლად არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ფ.-ის მიერ ჩადენილი ქმედება, სხვა სამსახურებრივი გადაცდომის თუ სამართალდარღვევის ჩადენის გარეშეც, წარმოადგენს ისეთი სახის დისციპლინურ დარღვევას, რომელიც იწვევს დისციპლინური სახდელის ზომის _ სამსახურიდან დათხოვნის შეფარდებას. საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახეზეა 601.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, კანონის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატას არ მოყავს რაიმე არგუმენტაცია აღნიშნულის დასადასტურებლად.

საკსაციო პალატა თვლის, რომ 18.05.07წ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უთვალმეყურეოდ მიტოვებული ხელბარგის დადგენა საფუძვლიან ეჭვს ბადებდა საფრთხის შესაძლო წარმოქმნის შესახებ და მოითხოვდა უსაფრთხოების ზომების მიღებას. აღნიშნულის გამო მიღებულ იქნა პირველადი უსაფრთხოების ზომები, საეჭვო საგანი (ხელბარგი) იზოლირებულ იქნა უსაფრთხოების ლენტით, გამოძახებულ იქნა გამნაღმეველთა ჯგუფი, განხორციელდა პერსონალის ევაკუაცია. ჯ. ფ.-ის სამსახურებრივ ვალდებულებას შეადგენდა სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელება, მას არ გააჩნდა ფეთქებად საშიში საგნების გაუვნებელყოფისათვის საჭირო კომპეტენცია და კვალიფიკაცია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი ჩანთის აეროპორტის შენობის ტერიტორიიდან გატანისა და მისი გადაგდების დროს მოქმედებდა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და პატრულ-ინსპექტორებთან შეთანხმებით, აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება. “შსს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის” 4.3. მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარა უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. ასეთი ბრძანების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ჯ. ფ.-ს, თუნდაც რომ მიეღო სხვა პირთა მხრიდან მითითება ჩანთის გატანისა და გადაგდების შესახებ, იგი ვალდებული იყო ემოქმედა კანონის ფარგლებში და დაეცვა შექმნილი მდგომარეობისათვის დადგენილი უსაფრთხოების წესები. თვითნებური ქმედებით ჯ. ფ.-მ რისკის ქვეშ დააყენა როგორც საკუთარი, ისე გარშემომყოფთა სიცოცხლე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ის მოქმედებდა “საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო ღონისძიებიდან უნდა შეირჩეს ნაკლებად ზიანის მომტანი, ღონისძიება მიზანზე უნდა იყოს ორიენტირებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ორგანოს აქვს მართლზომიერ ზომებს შორის არჩევის შესაძლებლობა, მოსარჩელის მოქმედება – უსაფრთხოების ზომების იგნორირება, ლოკალიზების ზონის დარღვევა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიტოვებული ჩანთის გარეთ გატანა და მისი სავალ ნაწილზე მიტოვება არ იყო საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევისაკენ მიმართული, კანონმდებლობით დაშვებული მოსამსახურის მიხედულება კანონმდებლობით დასახული მიზნის, მოცემულ შემთხვევაში უშიშროების უზრუნველყოფას და არა თვითნებობას უკავშირდება. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით დისკრეციული უფლებამოსილება მოსამსახურისაგან მოითხოვს თვითნებობის აკრძალვას, უკანასკნელი თავის მხრივ უკავშირდება მოსამსახურის მიერ ზომების მიღებას კომპეტენტური მოსაზრებების საფუძველზე. მოსარჩელისათვის უცნობი იყო ხელბარგის შიგთავსი, მისი ქცევით რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის უსაფრთხოება. შესაძლო საფრთხის ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით განსაკუთრებულად საშური იყო წინდახედული მოქმედება, რაიმე შეცდომის დაშვების გამორიცხვა. მოსარჩელემ სტრატეგიულ ობიექტზე უშიშროების ზომების დემონსტრაციული უგულებელყოფით საშიშროება შეუქმნა როგორც საჯარო ისე კერძო ინტერესებს, მოსარჩელის საქციელი საერთოდ არ ისახავდა მიზნად რაიმე სიკეთის მიღწევას – ერთის მხრივ ჩანთის მიტოვება არ იძლეოდა მისი სავალ ნაწილზე მიგდების საბაბს, ხოლო მეორეს მხრივ ჩადენელი საქციელით მოსარჩელე ცინიკურ, უპატივცემულო დამოკიდებულებას ავლენდა სათანადო სამსახურების თანამშრომლებისადმი და მათ მიერ მიღებული პირველადი უსაფრთხოების ღონისძიებების მიმართ, შეგნებულად უშვებდა, ურიგდებოდა მძიმე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რაც ადასტურებს მისი ქცევის არაადეკვატურობას, წინდაუხედავობას, სამსახურებრივი ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, რაც იძლევა ჯ. ფ.-ის საქციელის დისციპლინის უხეშ დარღვევად მიჩნევის პირობას. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის ქცევა იყო არაგონივრული, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნის _ უსაფრთხოების მისაღწევად უნდა გაითვალისწინოს ე. წ. ნაგულიხმევი შეზღუდვები, იმოქმედოს გონივრულად, იმ მიზნის შესაბამისად, რომლის მისაღწევადაც მიენიჭა მას კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის ქცევა არ პასუხობდა ამ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოქმედებამ რისკის ქვეშ დააყენა მნიშვნელოვანი ფასეულობა – ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცულობა, სტრატეგიული ობიექტის მოქმედება, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა მოსარჩელის მიმართ მკაცრი დისციპლინური ზომის – სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა ჯ. ფ.-ის მიმართ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის წესის” მე-20 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის და 29-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის რიგებიდან დათხოვნის საფუძველი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის, სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევის გამო. სზაკ-ის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ჯ. ფ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების, მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ¹479 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, სადავო ბრძანება გამოცემულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე, სათანადოდ იქნა შეფასებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სადავო ბრძანება ემყარება სათანადო მტკიცებულებებს და არ ეწინააღმდეგება კანონს.

სსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო შესაძლებლად თვლის საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რის შედეგადაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.2008წ. გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჯ. ფ.-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის 02.07.2007 წ. ¹479 ბრძანების ბათილად ცნობასა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.05.08წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. ჯ. ფ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.