Facebook Twitter
¹ბს-1110-1066(კ-09) 7 სექტემბერი, 2009 წელი

¹ბს-1110-1066(კ-09) 7 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ე. ე-იდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 მაისის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 30 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ე. ე-იდის საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა მისი შემტანი პირის ხელმოწერას. გარდა ამისა, ე. ე-იდის საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული განჩინებით კასატორს _ ე. ე-იდს დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი და მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინება ე. ე-იდს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქობულეთის რაიონი, სოფ. ...) ჩაჰბარდა 2009 წლის 11 აგვისტოს. 2009 წლის 18 აგვისტოს ე. ე-იდმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით შეიტანა მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, თუმცა არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, ე. ე-იდმა დააყენა შუამდგომლობა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ე. ე-იდის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, ე. ე-იდმა არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ერთ-ერთი ხარვეზი _ არ წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ე. ე-იდის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (ამ მუხლში) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ე. ე-იდის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს ე. ე-იდის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.