გამოქვეყნების თარიღი: 2024-09-12
1907 წლის 12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს) საქართველოს მოუკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე. ერის გონი, სიბრძნე, ზნეობა, სინდისი და მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი სული. „რას სჩადით?!... მე- ილია ვარ!“ - დიახ, ეს სიტყვები დღესაც ბასრი მახვილივით ხვდება გულში თითოეულ ქართველს. საქართველოს გარე და შიდა მტრებმა ვერაგულად და მზაკვრულად აღასრულეს ილიას მკვლელობა და ერის წინამძღოლს ერთი ტყვიით განუგმირეს საქართველოსთვის და ყოველი ქართველისთვის ანთებული გული.
ილიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა სასამართლო ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს - 1908-1909 წლებში ჩატარდა. კავკასიის საოლქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო და მათ ნაწილს სიკვდილით დასჯა - ჩამოხრჩობა მიუსაჯა. მკვლელობის ორგანიზატორად მიჩნეული ილიას მოურავი - დიმიტრი ჯაში, რომელიც 1907 წელს საკმარისი სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს, ცოლის ძმამ ყოფით ნიადაგზე მოკლა 1922 წელს.
ისტორიას შემორჩა ილიას ქვრივის - ოლღა გურამიშვილის თხოვნა სასამართლოსადმი, არ დაესაჯათ სიკვდილით ილიას მკვლელები, რითაც მან კიდევ ერთხელ გამოხატა ადამიანური მორალისა და ზნეობის უმაღლესი სტანდარტი და აღნიშნულით გულწრფელად გააოცა მთელი მაშინდელი რუსეთის იმპერია და ევროპის ცივილიზებული საზოგადოება.
წლების შემდეგ, 1941 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ (დღეს მოქმედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაში), ისიდორე ოდიშვილის თავმჯდომარეობით, დაიწყო ისტორიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე სასამართლო პროცესი ილიას მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირის - გიორგი (გიგლა) პეტრეს ძე ბერბიჭაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 1942 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდა. სწორედ 5 იანვარს, დღის 12:30 საათზე სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რომლის თანახმადაც, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მოწყობილ იქნა მეფის ,,ოხრანკის” მიერ, მისი დაქირავებული აგენტის, ილია ჭავჭავაძის ყოფილი მოურავის დიმიტრი ჯაშის ხელმძღვანელობით, ინაშვილის, ბერბიჭაშვილის, ლაბაურის, ფშავლიშვილი - აფციაურის, ხიზანიშვილისა და ფეიქრიშვილის მონაწილეობით. სასამართლოს რწმენით ილია ჭავჭავაძე განგმირულ იქნა სწორედ ბერბიჭაშვილის მიერ გასროლილი ტყვიით. ამდენად, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო მასში, რომ მან 1907 წელს, უშუალო, აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი ქართველი მწერალ-პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში და შემდეგ მიიმალა, ასევე მან 1921 წელს არასწორად და მოტყუებით მიიღო პარტიული მანდატი დუშეთის პარტორგანიზაციიდან 1905 წლის პარტიული სტაჟით, იმ დროს, როდესაც იგი 1905 წლიდან 1921 წლამდე არსად, არასოდეს კომპარატორის წევრი არ ყოფილა (სისხლის სამართლის კოდექსის 58 (13)-ე მუხლი). სასამართლომ ბერბიჭაშვილს უმაღლესი სასჯელის ზომა - დახვრეტა განუსაზღვრა, პირადი ქონების კონფისკაციით.
არაერთი ჩატარებული გამოძიებისა თუ სასამართლო პროცესის მიუხედავად ილიას მკლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია, მათ შორის, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია მკვლელობის დამკვეთისა და დანაშაულის მოტივის შესახებ, რის გამოც 117 წლის შემდეგაც აღნიშნული საკითხი არ კარგავს აქტუალობას.
სასამართლო დარბაზი, რომელშიც გიორგი (გიგლა) ბერბიჭაშვილის ისტორიული პროცესი მიმდინარეობდა, დღესაც ფუნქციონირებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელშიც იხილება სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სასამართლო პროცესები. იგი უნიკალურია თავისი არქიტექტურული მნიშვნელობით, ისევე როგორც სასამართლოს მთელი შენობა, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ დარბაზს დღესაც მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ავეჯი ამშვენებს უნიკალური დარბაზის სკამები, ხეში ნაკვეთი სავარძლები, ბაროკოს ჩუქურთმები, კედლის მხატვრობა კი იტალიური რენესანსის გავლენითაა შექმნილი.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის განსაკუთრებული ისტორიული ექსპონატია ილიას მკვლელობის საქმის ორტომეული (ორიგინალი), რომელიც მნახველთა განსაკუთრებულ რიდსა და მოწიწებას იმსახურებს. მუზეუმის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის კუთხე, რომელიც მისი მოსამართლედ განმწესების პერიოდს ასახავს. აქვე ინახება ილიას ხელით შესრულებული სასამართლო გადაწყვეტილების დედანი.
წარსულის ხსოვნა მომავალი თაობების ვალია, რომლის აღსრულებაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს და ღია კარით მასპინძლობს ისტორიული ექსპონატების სანახავად მოსულ ყველა დაინტერესებულ პირს.
2024 წლის 3 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინის
2024-10-03
იხილეთ სრულადმიმდინარე წლის 18 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქ
2024-09-18
იხილეთ სრულადსაქართველოს უზენაესი სასამართლო ღია მმართველობა საქართველოს (OGP) სამოქმედო გეგმის ვალდებულების შესაბამისად აქვეყნებს ინ
2024-09-05
იხილეთ სრულად