Facebook Twitter

საქმე №ას-43-2026 21 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ლ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – საკომპენსაციო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.11.2025წ. გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.02.2025წ. გადაწყვეტილების 1.1. პუნქტის გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ლ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დამატებით თხილის ნარგავების საკომპენსაციო თანხა, - 75 912 ლარი დაეკისრა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 21.09.2023წ. გადაწყვეტილებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მინიჭებული აქვს ექსპროპრიაციის უფლება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ მდებარე 13 266კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 3399კვ.მ. და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე. გადაწყვეტილებაზე 21.09.2023წ. გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და ექსპროპრიაციას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი, ფართით 3399კვ.მ., აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად;

2.2. საზედამხედველო ორგანიზაციის IRD-ის 30.07.2024წ. წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში დარჩენილ მიწის ნაკვეთზე თხილის ბაღის მოსავლელად დამატებით საჭიროა 32 ძირი თხილის მოჭრა. დღეის მდგომარეობით დამკვეთის მიერ გამოსყიდული მშენებლობის ბუფერი არ არის გამოთავისუფლებული ნერგებისაგან. ამასთან, განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული ტექნიკის სამოძრაოდ იმ ნაკვეთების კომპენსირება, სადაც განთავსებულია მსხმოიარე ხეხილის ნერგები, მათ შორის, თხილიც. 2024 წლის 22 ნოემბერს შედგენილი დამატებითი ინვენტარიზაციის ფორმით განისაზღვრა დამატებითი ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მრავალწლიანი კულტურების კომპენსაციის ოდენობა 5 მეტრიანი ბუფერის მოწყობის შემთხვევაში (გარემოება, რომ ნარგავებთან გადაადგილებისთვის სასურველია 5 მეტრი მანძილის დაცვა თხილის ნარგავების შემთხვევაში დადასტურებულია საზედამხედველო ორგანიზაციის 05.02.2025წ. წერილით). ინდივიდუალური შეფასებების მიხედვით, საჭიროა დამატებით 32 ძირი თხილის ნარგავის ამოღება; თითო ძირი ნარგავის ღირებულება შეფასებულია 90 ლარად; შესაბამისად, ჯამში კომპენსაციის ოდენობა 32 ძირი ნარგავის ამოღებისათვის 2880 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა მოსარჩელეს არ მიუღია;

2.3. მოპასუხემ წარმოადგინა შპს „თ.ა–ის“ 22.02.2021წ. და ასევე, 22.02.2024წ. შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით, ერთი თხილის ნერგის კომპენსაციის თანხა 90 ლარს შეადგენს;

2.4. მოსარჩელემ დავა წამოიწყო მისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე და სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტის - გ.ჩ–ძის 10.06.2023წ. შეფასების ანგარიში წარუდგინა, რომლითაც ერთი თხილის ნერგის კომპენსაციის თანხა 448 ლარია;

2.5. მოსარჩელემ წარმოადგინა შესყიდვის აქტიც, რომლის თანახმადაც შპს „ა–მა“ მოსარჩელისაგან 2023 წელს 1 კგ. თხილი 6,50 ლარად შეისყიდა, ხოლო 2024 წლის სექტემბერში 1 კგ. გაუტეხავი თხილი 7 ლარად შეისყიდა;

2.6. თხილის საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. საქ.სტატის პასუხის მიხედვით ინფორმაციას თხილის (მათ შორის გაუტეხავი გავაზური ჯიშის თხილი) საშუალო საცალო საბაზრო ფასების შესახებ, სამსახური არ ფლობს;

3. სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში - სპეციალური კანონი) მოაწესრიგა. კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. რაკი, ექსპროპრიაციის აუცილებელი ელემენტი მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდაა, ხოლო ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა ექსპერტის შეფასების მიხედვით უნდა განისაზღვროს, სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ მოსარჩელის დაკვეთით 10.06.2023წ. ჩატარებული ექსპერტის დასკვნის შედგენისას, შემფასებელმა ადგილზე ჩაატარა ინსპექტირება და გაეცნო გარემოებებს. ადგილზე დახვდა მიწის ნაკვეთზე გაშენებული გავაზურას ჯიშის 172 ძირი თხილის ბუჩქი, რომელიც გაშენებულია 3399 კვ.მ. მიწის ფართობზე; თხილის პლანტაცია დარგულია 2010წ. შემფასებელმა ჩაატარა ბაზარზე კვლევა თხილის წარმოების რამოდენიმე კომპანიასთან და დაასკვნა, რომ ერთი ძირი გავაზურას ჯიშის თხილს დარგვიდან სრულ მსხმოიარე მდგომარეობაში მიყვანამდე 8 წელი სჭირდება. ამასთან, თხილის პირველი მოსავალი ფიქსირდება მეოთხე წლიდან, ხოლო მაქსიმალურ მოსავლიანობას აღწევს მერვე წელს; სრულად მსხმოიარე თხილის ძირი, ერთ წელიწადში 8 კგ. გაუტეხავ ნაყოფს იძლევა; სრულ მსხმოიარე თხილის ძირის 1 კგ. ნაყოფის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით 7 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სულ 172 ძირზე 8 წელიწადში მოსავლის ღირებულება გასაწევი ხარჯის გამოკლებით 77 056 ლარს შეადგენს.

5. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „თ.ა–ის“ მიერ მომზადებული შეფასების ანგარიშის მტკიცებულებითი ძალის გამოსარკვევად ყურადღება გაამახვილდა მისი შემდგენი ექსპერტის - მ.ტ–ას სასამართლოს სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, საიდანაც გამოირკვა, რომ შეფასება ზოგადია. ექსპერტს არ კონკრეტული ჯიშის თხილი და უშუალოდ რეგიონი არ შეუფასებია; ექსპერტმა ვერ მიუთითა თხილის ფასის განსაზღვრის კონკრეტული წყარო და განმარტა, რომ ინფორმაციას ღებულობს ხოლმე როგორც საქსტატიდან, ასევე კერძო პირებისგან (იხ., სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ.110).

6. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოდ საქსტატის წერილი იქნა მიჩნეული, სადაც სამსახური მიუთითებდა, რომ თხილის საშუალო საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

7. ამასთან, ექსპერტმა განმარტა, რომ შეფასების მეორე ეტაპი მან შეასრულა წინა შეფასების დროს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს არაგონივრული და არასრული კომპენსაცია თხილის ნარგავებთან დაკავშირებით.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, მოსარჩელის გამოთვლები ემყარება პრინციპს 8*8*7, რაც გულისხმობს მოსავლიანობის 8 წელზე 8 კგ. თხილის მსხმოიარობას 7 ლარზე გაანგარიშებით (ეყრდნობა 10.07.2023წ. შეფასებას). ამ სქემით, თხილის ნარგავების (172 ძირი) საკომპენსაციო თანხა შეადგენს 77 056 ლარს.

10. ბუფერის მოსაწყობად დამატებითი თხილის ძირების მოჭრას რაც შეეხება დადგენილი იქნა, რომ საჭირო იყო 32 ძირი თხილის გამოსყიდვა.

11. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მოსარჩელის მითითებით, დამატებით 32 ძირი თხილის ნერგზე იგივე პრინციპით უნდა დაანგარიშდეს კომპენსაცია, როგორც 172 ძირი თხილის ნერგზე (იხ.19.02.2025წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:13.00).

12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომ ერთი თხილის ნერგის საკომპენსაციო თანხა შეადგენს 448 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია კომპენსაცია 204 ძირ თხილის ნერგზე, რაც ჯამში 91 392 ლარს შეადგენს, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიღებული აქვს 15 480 ლარი, დამატებითი საკომპენსაციო თანხა განისაზღვრა 75 912 ლარით (91 392-15 480).

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

14. კასატორი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების იურიდიულ ძალას და სასამართლოს მიერ მათ შეფასებას სადავოდ ხდის (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. საკასაციო პალატის მსჯელობის მთავარ საგანს მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის კანონიერება წარმოადგენს.

18. განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლებაში ჩარევა განხორციელდა, რასაც კანონით გავალისწინებული წინაპირობები ჰქონდა, კერძოდ: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპროპრიაცია განხორციელდა სპეციალური კანონის საფუძველზე, რაც თავის მხრივ, საკომპენსაციო თანხის დაკისრების წინაპირობას წარმოშობს.

19. საკომპენსაციო თანხის ოდენობას რაც შეეხება, კასატორი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების იურიდიულ ძალას და მათ შეფასებას სადავოდ ხდის, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

21. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამორიცხავს. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

22. ამასთან, ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე.

23. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს სარჩელის წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

24. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ დავა წამოიწყო მისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე და სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტ გ.ჩ–ძის 10.06.2023წ. შეფასების ანგარიში წარუდგინა, რომლითაც ერთი თხილის ნერგის კომპენსაციის თანხა 448 ლარია.

25. ამასთან, დადგენილია, რომ დასკვნის შედგენისას შემფასებელმა ადგილზე ჩაატარა ინსპექტირება და გაეცნო გარემოებებს. შესაფასებელი ობიექტი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... ექსპერტს ადგილზე დახვდა მიწის ნაკვეთზე გაშენებული გავაზურას ჯიშის 172 ძირი თხილის ბუჩქი, რომელიც გაშენებულია 3399 კვ.მ. მიწის ფართობზე; თხილის პლანტაცია დარგულია 2010წ. შემფასებელმა ჩაატარა ბაზარზე კვლევა თხილის წარმოების რამოდენიმე კომპანიასთან და დაასკვნა, რომ ერთი ძირი გავაზურას ჯიშის თხილს დარგვიდან სრულ მსხმოიარე მდგომარეობაში მიყვანამდე 8 წელი სჭირდება. ამასთან, თხილის პირველი მოსავალი ფიქსირდება მეოთხე წლიდან, ხოლო მაქსიმალურ მოსავლიანობას აღწევს მერვე წელს. სრულად მსხმოიარე თხილის ძირი, ერთ წელიწადში 8 კგ. გაუტეხავ ნაყოფს იძლევა; სრულ მსხმოიარე თხილის ძირის 1 კგ. ნაყოფის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით 7 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სულ 172 ძირზე 8 წელიწადში მოსავლის ღირებულება გასაწევი ხარჯის გამოკლებით 77 056 ლარს შეადგენს.

26. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, მან წარმოადგინა შპს „თ.ა–ის“ ანგარიში, რომლის მტკიცებულებითი ძალის გამოსარკვევად ყურადღება გამახვილდა მისი შემდგენი ექსპერტის - მ.ტ–ას სასამართლოს სხდომაზე მიცემულ განმარტებაზე, საიდანაც სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ შეფასება ზოგადია. ექსპერტს კონკრეტული ჯიშის თხილი და უშუალოდ რეგიონი არ შეუფასებია. ექსპერტმა ვერ მიუთითა თხილის ფასის განსაზღვრის კონკრეტული წყარო და განმარტა, რომ ინფორმაციას ღებულობს ხოლმე როგორც საქსტატიდან, ასევე კერძო პირებისგან. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოდ საქსტატის წერილი იქნა მიჩნეული, სადაც სამსახური მიუთითებდა, რომ თხილის საშუალო საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ექსპერტმა განმარტა, რომ შეფასების მეორე ეტაპი მან შეასრულა წინა შეფასების დროს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას რელევანტურია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მტკიცებულების ერთ-ერთი სახეა. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე (იხ.., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122).

28. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის საპირწონედ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ერთი თხილის ნერგის საკომპენსაციო თანხად 448 ლარი განისაზღვრა, წარმოადგენს იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევის საფუძველს, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს არაგონივრული და არასრული კომპენსაცია.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე