Facebook Twitter

№ბს-825(კ-22) 11 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ნ-ე

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ე. ნ-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, გადაეგზავნა განსჯად - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2. ე. ნ-ემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ე) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დააკმაყოფილოს მოსარჩელე ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადება 695.86 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანება; ზ) დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ე. ნ-ის 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; თ) ნაწილობრივ (გადაფარვის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანება.

მოსარჩელის განმარტებით, 1911 წლის 20 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ი. რ-მა ვ. და დ. მ-ებს მიყიდა სამას სამი კვადრატული საჟენი მიწის ნაკვეთი ქ. ქუთაისის, მაშინდელი სოფელ ...ის ე.წ. ...ას ტერიტორიაზე. მ-ების ოჯახი და, მათ შორის, მოსარჩელის მული - თ. ნ-ე (მ-ი) ამ ნაკვეთს ფლობდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამავე მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა გაგრძელდა ე. ნ-ის აწ. გარდაცვლილი მეუღლის - ო. ნ-ის და მისი ოჯახის წევრების მიერ. აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო პროექტი - ...ის ...ის აგებასთან დაკავშირებით და ყველა იქ მცხოვრები იყო აყრის ზონაში. პროექტი კომუნისტების მმართველობის დროს აღარ განხორციელდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ 2024 კვ. მეტრიდან მოსარჩელის მეუღლეს დაუკანონეს მხოლოდ 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დანარჩენი მიწის ნაკვეთი თუ რის საფუძველზე ჩამოერთვა, დღემდე უცნობია. ამ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა და ამუშავებდა თ. ნ-ე (მ-ი) და ეს მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში ითვლებოდა როგორც მისი საკუთარი. მიწის ნაკვეთის ფლობას დღემდე აგრძელებს ე. ნ-ე მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 526 კვ.მ აქვს დარეგისტრირებული. წლების განმავლობაში მოსარჩელის ოჯახი მიმართავდა ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთების აღიარების კომისიას, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, რის გამოც იძულებული გახდნენ მიემართათ სასამართლოსთვის სარჩელით, რათა დაიკანონონ წლების წინ წართმეული (უკანონოდ ჩამორთმეული) მ-ების და ნ-ეების საკუთრება.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე №3/718-18, მოსარჩელე - ე. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების ნაწილში. სხვა ნაწილში, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა ე. ნ-ის სარჩელი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1911 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული საარქივო ქაღალდით, დადგენილია, რომ ი. რ-მა მიჰყიდა ვ. მ-ს და დ. რ-ს მიწის ნაკვეთი. თ. ნ-ე (მ-ი) იყო ვ. მ-ის რძალი; 1986 წელს აწ/გ ო. ნ-ემ მემკვიდრეობა აღიდგინა მისი დის - თ. ნ-ის (მ-ის) დანაშთ ქონებაზე. ტექბიუროს არქივიდან გაცემული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით აწ/გ თ. ნ-ის (მ-ის) მიწის ნაკვეთი შეადგენდა 2024 კვ.მ-ს; ბ) 1984 წლის 28 თებერვალს, ო. ნ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს, კერძოდ, ...ის ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, მისი სახლი მოხვდა აყრის ზონაში. ითხოვა, მისი დის სახელზე რეგისტრირებული სახლის ღირებულების განსაზღვრა; გ) ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს გამგის მიერ საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიმართ 1984 წლის 22 მარტს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ სახლი მდებარე ...ს 27/...ის ქ. №275/-ში აღრიცხულია თ. ნ-ეზე /საკუთრების საფუძველი 12.02.73წ. დამტკიცებული პროექტი/ განმცხადებლის დაზე /გარდაცვლილია/. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 27.04.83 წ. №10.14.247 გადაწყვეტილებით, სახლი გადატანილ უნდა იქნას ...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე. „...ს“ დაევალა თ.ბ ნ-ის სახელზე რიცხული პროექტისა და ტექ. აღრიცხვის ბიუროს ანაზომ-გეგმების მიხედვით შეადგინოს სახლის გადატანის საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო აღმასკომის სამშენებლო სარემონტო სამმართველომ უნდა გადაიტანოს სახლი გამოყოფილ ადგილზე. ახალ ადგილზე სახლის გადატანის შემდეგ საჭიროა მისი დაკანონება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღდგეს მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეებზე (ტ.1. ს.ფ. 38); დ) ქუთაისის აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის /მცხ. ...ას ქ. №27/ სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთის ფართი 1723 კვ.მ; ფაქტიურად - 524 კვ.მ; ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მომზადებული, №TT ... (22.05.2018) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქ. №275, 273) ო. ნ-ეზე ირიცხება 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ფუნქცია გაურკვეველი) და მასზე განლაგებულია ლიტ. ,,ა“ შენობა-ნაგებობა. ცნობა-დახასიათებაზე დატანილია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ,,სააღრიცხვო მასალაში მიწის გრაფაში ფიქსირდებოდა 2024 კვ.მ, რომელიც გადახაზულია და მიწერილია 524 კვ.მ, ჩანაწერში (ფორმა 5) კი, მითითებულია 2024 კვ.მ, ხოლო გენ-გეგმა მასალაში არ ინახება, რის გამოც, მიწის ფაქტიური ფართობი გაურკვეველია. სააღრიცხვო მასალა, I-196-21, 06/08/1974”. ამასთან, 524 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი ფიქსირდება აგრეთვე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში არსებულ 1986 წლის 4 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რომლის მიხედვით, თ. ნ-ე-მ-ის მემკვიდრედ მითითებულია ძმა - ო. ნ-ე, მცხოვრები ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275; შენიშვნა: მასალებში ინახება ქუთაისის აღმასკომის 26.08.1987 წ.№... გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ...ას №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინა ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის; ვ) ქუთაისის აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის /მცხ. ...ას ქ. №27/ სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთის ფართი 1723 კვ.მ, ფაქტიურად - 524 კვ.მ; ზ) ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, „...ას ქ. №18 ში არსებული მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება გამოცხადდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. კერძოდ: ქალაქ ქუთაისის მერიაში განხილულ იქნა ...ას ქუჩის №27 საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქე ო. ნ-ის განცხადება 2012 წ. 21.06. №..., რომლითაც ითხოვს საცხოვრებელი სახლის - მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩის №27-ში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში გატარების მიზნით აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადებისა და წარმოდგენილი მასალების ანალიზით ირკვევა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში ყოფილი ...ის ქუჩა №275 მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს თხოვნა და თ.ბ ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გადატანისთვის გამოიყო ...ას ქ. №18-ში ყოფილი ...ის მე-18 შესახვევი მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც უნებართვოდ ჰქონდა მითვისებული გარდაცვლილ მ. რ-ს, რომელშიც ჩადგმული ჰქონდა უნებართვო სათავსო. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებაში, რითაც მოქალაქე ო. ნ-ეს, რომელსაც მემკვიდრეობა უკვე აღდგენილი ჰქონდა მისი დის - თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლზე, დაევალა ...ას ქ. №18-ში გადასატანი სახლის პროექტირების ხარჯები აენაზღაურებინა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსათვის, ხოლო შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოსთვის. სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ საძირკველის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ სახლის მშენებლობა დაკონსერვდა მშენებლობისთვის საჭირო თანხების უქონლობის გამო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ში/ყოფილი ...ი ქ. №275/მდებარე მიწის ნაკვეთი, 524 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოქალაქე ო. ნ-ის სახელზე, რომელსაც ადევს შენიშვნა: „მასალები ინახება საქართველოს საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზე ...ას ქუჩა №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინათ ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერები დაფიქსირებული არ არის“. რაც შეეხება ...ას ქუჩის №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ერთი საცხოვრებელი ოთახი ფართობით 18,27 კვ.მ განთავსებულია 475 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე გ. რ-იდან შეძენილი აქვს მოქალაქე მ. კ-ეს, რომელსაც ქალაქის მთავარი არქიტექტურის 1996 წლის 17 ივლისის №17 ბრძანებით დამტკიცებული ტექ. პროექტის საფუძველზე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახით. ამდენად, რადგან საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილება არ შესრულებულა და მოქალაქე ო. ნ-ის საცხოვრებელი სახლი რეალურად არ იქნა აღებული და იგი დღემდე განაგრძობს ოჯახით ცხოვრებას მითითებულ მისამართზე, ასევე ...ას ქ. №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მფლობელი მოქალაქე მ. კ-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე არის კეთილსინდისიერი შემძენი და შესაბამისად მართლზომიერად ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას, არის წინაპირობა იმისა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილების შესრულება ამჟამინდელი მდგომარეობით შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება გამოცხადდეს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად; თ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ნოემბრის №1/3-964 ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3937.00 კვ.მ არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანებით დადგენილია, რომ ცვლილება შევიდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ნოემბრის №1/3-964 ბრძანებაში, კერძოდ, №1/3-964 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს მიემართოს ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505.00 კვ.მ არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ; ი) ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2008 წლის 16 იანვრის №22/34 -227 პასუხით დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ში, ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით პირველადი ინვენტარიზაციით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფაქტიურად შეადგენდა 1723 კვ.მ-ს, მაგრამ 1985 წლის 6 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ მიწის ნაკვეთს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება; კ) 2018 წლის 18 ოქტომბერს ნოტარიუსმა ე. გ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა №..., რომლითაც დადგენილია, რომ ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათალი №1-228,72 კვ.მ, №2-23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად), მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი 275) მემკვიდრედ; სადავო მიწის ნაკვეთი სამკვიდრო მასაში არ შესულა; ლ) საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ო. ნ-ე ქ. ქუთაისში ...ას (ყოფ. ქ. ...ი) №27 (ყოფ. №275), ს/კ ..., საკუთრების უფლებით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ფლობდა 526 კვ.მ მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ე. ნ-ე ქ. ქუთაისში ...ას (ყოფ. ...ი), №27 (ყოფ. №275), ს/კ ..., საკუთრების უფლებით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ფლობს 526 კვ.მ მიწის ნაკვეთს; მ) საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ, ს/კ ..., მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო. №... საკადასტრო კოდით უძრავი ქონება, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ინვენტარიზაციის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 18.11.2015 წლის №... ბრძანების საფუძველზე; ნ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 (02.04.2018) განკარგულების თანახმად დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №257-ე განკარგულებით დაკმაყოფილდა ე. ნ-ის მოთხოვნა ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ის მიმდებარედ არსებული 502 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა ასევე დადგენილი მოსაკრებელი, მაგრამ კომისიის შემადგენლობის ცვლილების გამო, არ გაიცა საკუთრების მოწმობა, ხოლო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, 2018 წლის 2 აპრილის №15 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №257 განკარგულება და ე. ნ-ეს დაუბრუნდა გადახდილი მოსაკრებელი; ო) გ. კ-ის და თ. რ-ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდნენ და დღესაც ფლობენ აწ. გარდაცვლილი თ. ნ-ე (მ-ი) და მისი ოჯახის წევრები - აწ. გარდაცვლილი ო. ნ-ე და მისი მეუღლე და შვილი ე. და ო. ნ-ეები, ასევე ნ-ეების ოჯახი დღემდე ფლობს იმ ფართობს, რაც თავის სიცოცხლეში მთლიანად ჰქონდა აწ. გარდაცვლილ თ. ნ-ეს (მ-ი); პ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა განცხადება (№...; 19 ივნისი 2018; განმცხადებელი ე. ნ-ე, მისამართი: საქართველო, ქალაქი ქუთაისი, ...ას ქუჩა, №27), რომლითაც მოთხოვნილი იყო სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქალაქი ქუთაისი, ...ას ქუჩა №27 (ზონა: ქუთაისი, სექტორი:). განცხადებაზე თანდართულია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სატყეო ფონდი; თანახმა ვარ დოკუმენტაცია გაეგზავნოს აღიარების კომისიას; თანახმა ვარ დამენიშნოს მედიატორი/მედიატორი ნოტარიუსი; სამკვიდრო მოწმობის დედანი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელ-ვერსია; სარეგისტრაციოთ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია; დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი ინდ.მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში ასახულია უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ე. ნ-ის საკუთრების უფლებით №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი აღმოსავლეთ მხარეს ემიჯნება და ხვდება ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება), რაც ასახულია ამ სარეგისტრაციო წარმოებაზე მომზადებულ 29.06.18 წლის სიტუაციურ ნახაზზე; ჟ) დადგენილია, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.06.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეთხოვა მხოლოდ ერთი ნაკვეთის ფაილების ამსახველი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 28 ივნისს დამატებით, წარდგენილია ინდ. მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საქალაქო საბჭოს აღმასკომის პასუხის ასლი ო.ბ. ნ-ის მიმართ (მითითებულია ,,22.03.84") აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მიერ სახლის გამოყოფილ ადგილზე გადატანისა და შემდეგ მისი დაკანონების განმარტებასთან დაკავშირებით. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (04.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ამ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვილი უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (04.07.2018) გადაწყვეტილება. სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის №... (06.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, №... (04.07.2018) სამსახურებრივ ბარათზე პასუხად, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი 29.06.2018 წლის მდგომარეობით, ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები), წარდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება. მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. სამსახურებრივ ბარათს თანდართულია 29.06.18 წლით დათარიღებული სიტუაციური ნახაზი. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (12.07.2018) მიმართვით, ე. ნ-ის (პირადი ნომერი ...) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული საკითხი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მერიას, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ არის წარდგენილი და ვერც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც, გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ხვდება ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება). 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/105280 (15.08.2018) პასუხით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ე. ნ-ის/მისი მამკვიდრებელის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობა არ გამოვლინდა.

სასამართლოს განმარტებით, სარჩელი ეფუძნება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონს. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარის მიზეზად, სწორედ აღნიშნული კანონის მოთხოვნათა დაუცველობა მიუთითა. 1983-85 წლისათვის, საქართველოს კანონმდებლობით, მიწა არ შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთრების ობიექტი, რადგან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 18.01.1992 წლის 48-ე დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქებს კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკე მიწები გადაეცემოდათ კერძო საკუთრებაში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საგადასახდელო უწყებები შეიძლება განხილული იქნეს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის საშემოსავლო მტკიცებულება, ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ ე. ნ-ე და მისი მამკვიდრებელი პირები საკუთრებით ფლობდნენ მხოლოდ 526 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ე. ნ-ის ოჯახის (მამკვიდრებლები) სადავო ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის შემთხვევაშიც, აღნიშნული მფლობელობა მათ დაკარგეს ქუთაისის საქალაქო საბჭოს 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით (ცვლილება შევიდა 1987 წლის 26 აგვისტოს №19. 15.587 გადაწყვეტილებით) (იხ. ტ.1. ს/ფ 61-62), რომლის თანახმად - ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში ყოფილი ...ის ქუჩა №275 მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის - გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს თხოვნა და თ.ბ ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გადატანისთვის გამოიყო ...ას ქ. №18-ში ყოფილი ...ის მე-18 შესახვევი მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც უნებართვოდ ჰქონდა მითვისებული გარდაცვლილ მ. რ-ს, რომელშიც ჩადგმული ჰქონდა უნებართვო სათავსო. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებაში, რითაც მოქალაქე ო. ნ-ეს, რომელსაც მემკვიდრეობა უკვე აღდგენილი ჰქონდა მისი დის - თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლზე, დაევალა ...ას ქ. №18-ში გადასატანი სახლის პროექტირების ხარჯები აენაზღაურებინა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსათვის, ხოლო შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოსთვის/სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ საძირკველის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ სახლის მშენებლობა დაკონსერვდა მშენებლობისთვის საჭირო თანხების უქონლობის გამო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ში/ყოფილი ...ი ქ. №275/მდებარე მიწის ნაკვეთი, 524 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოქალაქე ო. ნ-ის სახელზე, რომელსაც ადევს შენიშვნა: „მასალები ინახება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზე ...ას ქუჩის №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინათ ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერები დაფიქსირებული არ არის“. მოსარჩელე ე. ნ-ე ადასტურებს და მოწმე ო. ნ-ის (შვილი) განმარტებით, ასევე დადგენილია, რომ სადავო ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო პროექტი ...ის ...ის აგებასთან დაკავშირებით და ყველა იქ მცხოვრები იყო აყრის ზონაში. პროექტი, ...ის ...ის აგებასთან დაკავშირებით, კომუნისტების დროს აღარ განხორციელდა და მათ განაგრძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობა და სარგებლობა.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 695,86 კვ.მ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციას და ვერ აკმაყოფილებს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ვერცერთ მოთხოვნას, ამდენად, სარჩელი მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს ე. ნ-ის წარმომადგენელმა ნ. ზ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მარეგისტრირებელმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაადგინა, რომ 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი ინდ. მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ე. ნ-ის საკუთრების უფლებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის აღმოსავლეთ მხარეს ემიჯნება და ხვდება ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება), რაც ასახული იქნა სარეგისტრაციო წარმოებაზე მომზადებულ 29.06.18 წლის სიტუაციურ ნახაზზე.

2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილია №... (18.10.2016) სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ის) ქ. №27-ში (ყოფილი № 275) მდებარე 526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი ...) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია ე. ნ-ის საკუთრების უფლება (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი: 19.10.2016). ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მომზადებული №TT... (22.05.2018) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქ. № 275, 273) ო. ნ-ეზე ირიცხება 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ფუნქცია გაურკვეველი) და მასზე განლაგებულია ლიტ. ,,ა“ შენობა-ნაგებობა. ცნობა-დახასიათებაზე დატანილია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ,,სააღრიცხვო მასალაში მიწის გრაფაში ფიქსირდებოდა 2024 კვ.მ, რომელიც გადახაზულია და მიწერილია 524 კვ.მ, ჩანაწერში (ფორმა 5) კი, მითითებულია 2024 კვ.მ, ხოლო გენ-გეგმა მასალაში არ ინახება, რის გამოც, მიწის ფაქტიური ფართობი გაურკვეველია. სააღრიცხვო მასალა, I-196-21, 06/08/1974”. ამასთან, 524 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი ფიქსირდება აგრეთვე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში არსებულ 1986 წლის 4 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რომლის მიხედვით, თ. ნ-ე-მ-ის მემკვიდრედ მითითებულია ძმა - ო. ნ-ე. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.06.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეთხოვა მხოლოდ ერთი ნაკვეთის ფაილების ამსახველი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 28 ივნისს დამატებით, წარდგენილია ინდ. მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საქალაქო საბჭოს აღმასკომის პასუხის ასლი ო.ბ. ნ-ის მიმართ (მითითებულია ,,22.03.84’’) აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მიერ სახლის გამოყოფილ ადგილზე გადატანისა და შემდეგ მისი დაკანონების განმარტებასთან დაკავშირებით. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (04.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ამ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვილი უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, 29.06.2018 წლის მდგომარეობით, ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები), წარდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (12.07.2018) მიმართვით, ე. ნ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული საკითხი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მერიას, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ არის წარდგენილი და ვერც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (23.07.2018) მიმართვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქუთაისის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად, 2007 წლის 20 სექტემბრამდე და ეთხოვათ მათზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის (წლების მიხედვით) მიწოდება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (06.08.2018) მიმართვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ,,ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში ფიქსირდება თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბრამდე“. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/105280 (15.08.2018) პასუხით, მარეგისტრირებელ ორგანოს №... (06.08.2018) მიმართვაზე ეცნობა, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახება. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №01/18388 (15.08.2018) პასუხით მარეგისტრირებელ ორგანოს №... (12.07.2018) მიმართვაზე, ინფორმაციის მიზნით, მიეწოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 (02.04.2018) განკარგულების ასლი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (10.06.2017) ასლთან ერთად, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ №257 (09.11.2017) განკარგულება. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2018 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასამართლოს განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ ე. ნ-ის მიერ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია ვერ განახორციელა სარეგისტრაციო ორგანომ, რადგან 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში ასახული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ხვდება ... საკადასტრო კოდით სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება). როგორც აღინიშნა, 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილია №... (18.10.2016) სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ის) ქ. №27 (ყოფილი №275)-ში მდებარე 526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი ...) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია ე. ნ-ის საკუთრების უფლება (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი: 19.10.2016). ამ უძრავი ნივთის ე.წ. პირველადი, ე. ნ-ის მამკვიდრებელის - ო. ნ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაშია (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი: 06.12.2012) ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული №1191 ბრძანების ასლი. მოცემული ბრძანების მიხედვით, ო. ნ-ის მოთხოვნის გათვალისწინებით, არარად არის გამოცხადებული ,,...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ“ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დასტურდება სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე განმცხადებლის და/ან მისი მამკვიდრებელის საკუთრების და/ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება. დადგენილია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მომზადებული, №TT... (22.05.2018) ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქ. №275, 273) ო. ნ-ეზე ირიცხება 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ფუნქცია გაურკვეველი) და მასზე განლაგებულია ლიტ. ,,ა“ შენობა-ნაგებობა. ამ ცნობა-დახასიათებაზე დატანილია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ,,სააღრიცხვო მასალაში მიწის გრაფაში ფიქსირდებოდა 2024 კვ.მ, რომელიც გადახაზულია და მიწერილია 524 კვ.მ, ჩანაწერში (ფორმა 5) კი, მითითებულია 2024 კვ.მ, ხოლო გენ-გეგმა მასალაში არ ინახება, რის გამოც, მიწის ფაქტიური ფართობი გაურკვეველია. სააღრიცხვო მასალა, I-196-21, 06/08/1974”. ამასთან, 524 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი ფიქსირდება აგრეთვე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში არსებულ 1986 წლის 4 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რომლის მიხედვით, თ. ნ-ე-მ-ის მემკვიდრედ მითითებულია ძმა - ო. ნ-ე, მცხოვრები ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275. ამდენად, დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოძიებული, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/105280 (15.08.2018) პასუხით, სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე ე. ნ-ის/მისი მამკვიდრებელის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის არსებობა არ გამოვლინდა. ასევე, სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა.

სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე მარეგისტრირებელმა ორგანომ, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით განახორციელა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებისა და სისტემატიზაციის უფლებამოსილებებები (მუხლი 4, პუნქტი 1, ქვეპუნქტი ,,ა“), რომელთა განხორციელების, კერძოდ კი, სხვა ორგანოებიდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიების წესი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით არის დადგენილი.

სასამართლოს განმარტებით, ე. ნ-ე ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე, როგორც ფიზიკური პირი. მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას). უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი მოცემულია როგორც ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ნ“ პუნქტში, ისე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში, რომლებიც, დოკუმენტაციის/ინფორმაციის ასლებს, მათ შორის, სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო უწყებების ასლებს სარეგისტრაციო დოკუმენტებად არ განმარტავს. საქმეში წარმოდგენილი 1911 წლის 20 ნოემბრის საარქივო ქაღალდი (ნასყიდობის ხელშეკრულება - ტ.1.ს/ფ. 68-69; ტ-3. ს/ფ.19-22), ასევე ვერ მიიჩნევა სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან მის საფუძველზე არ განხორციელებულა შეძენილი უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია. ასევე, საქმეში წარმოდგენილი საგადასახდელო უწყებები შეიძლება განხილული იქნეს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის საშემოსავლო მტკიცებულება. ამასთან, უდავოდ დადგენილია, რომ ე. ნ-ე და მისი მამკვიდრებელი პირები საკუთრებით ფლობდნენ მხოლოდ 526 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა ნ-ეები იყვნენ თუ არა მართლზომიერი მფლობელები სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე, ასევე არ იმსჯელა რომ გარკვეული მიწის ნაკვეთი აწ/გ თ. მ-იდან გადავიდა მემკვიდრეობით, ო. ნ-ეზე, შემდგომ კი ე. ნ-ეზე, არ დააზუსტა, რომ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი 696 კვ.მ მთლიანად არ არის სახელმწიფო მიწის ნაკვეთთან ზედდებაში და 124 კვ.მ თავისუფალია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (4.2.4 ქვეპუნქტში) მიანიშნებს, რომ გენ-გემა მასალაში არ ინახება, როცა საქმეში არსებობს 1980 წელში გაცემული საინვენტარიზაციო გეგმა თ. მ-ზე. ტექბიუროს საარქივო მასალებში მიწის ნაკვეთი 2024 კვ.მ მართლაც გადახაზულია, მაგრამ რის საფუძველზე მოხდა გადახაზვა და 524 კვ.მ-ს დაფიქსირება, ამაზე საჯარო რეესტრი არ საუბრობს. დღემდე უკანონოდ ჩამოჭრილ თუ წართმეულ მიწის სანაცვლოდ ნ-ეების ოჯახს არავითარი ფულადი კომპენსაცია არ მიუღიათ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ზემოაღნიშნული განმარტება და მიუთითა, რომ ფულადი კომპენსაციის მიღების საკითხი დავის საგანს არ წარმოადგენს, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლება მოსარჩელემ დაკარგა ქუთაისის საქალაქო საბჭოს 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით (ცვლილება შევიდა 1987 წლის 26 აგვისტოს №19. 15.587 გადაწყვეტილებით) (იხ. ტ.1. ს/ფ 61-62), რომლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქუჩა №275) მდებარე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა ო. ნ-ე. საქმის განხილვისას მოსარჩელემ განმარტა და მოწმედ დაკითხულმა ო. ნ-ემ დაადასტურა, რომ ე. ნ-ის ოჯახი უწყვეტად განაგრძობდა სადავო მიწის ნაკვეთის ფლობას და სარგებლობას. შესაბამისად, იკვეთება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, რადგან მოსარჩელის ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდნენ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიმართ, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან არ იკვეთება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 (1) მუხლით გათვალისწინებული დარღვევა. ამასთან, სარეგისტრაციო სამსახურის ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად შეისწავლა საქმის მასალები, გაანალიზა ფაქტები და მიიღო გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქტის უცვლელად დატოვების შესახებ, რასაც ასევე იზიარებს სასამართლო, რადგან დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არ წარუდგენია სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება.

სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანებით, ცვლილება შევიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ნოემბრის №1/3-964 ბრძანებაში, კერძოდ, №1/3-964 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს მიემართოს ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ არარასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მიმართ არ იკვეთება მოსარჩელის ღირსი კანონიერი ინტერესის დაცვა, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის 2008 წლის 16 იანვრის №22/34 -227 პასუხით, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ში, ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით პირველადი ინვენტარიზაციით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფაქტიურად შეადგენდა 1723 კვ.მ-ს, მაგრამ 1985 წლის 6 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ მიწის ნაკვეთს, აღნიშნულთან დაკავშირებით ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება. დადგენილია, რომ ქუთაისის აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის /მცხ. ...ას ქ. №27/ სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი. მიწის ნაკვეთის ფართი 1723 კვ.მ, ფაქტიურად - 524 კვ.მ. 2018 წლის 18 ოქტომბერს ნოტარიუსმა ე. გ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა №..., რომლითაც დადგენილია, რომ ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათალი №1-228,72 კვ.მ, №2-23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი 275) მემკვიდრედ. სადავო მიწის ნაკვეთი სამკვიდრო მასაში არ შესულა. სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება მოსარჩელემ დაკარგა ქუთაისის საქალაქო საბჭოს 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით (ცვლილება შევიდა 1987 წლის 26 აგვისტოს №19. 15.587 გადაწყვეტილებით) (იხ. ტ.1. ს/ფ 61-62), რომლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, ...ას ქ. №27-ში ყოფილი ...ის ქუჩა №275 მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე (საყურადღებოა, რომ ამ დროისთვის, საქართველოს კანონმდებლობით, მიწა არ შეიძლებოდა ყოფილიყო საკუთრების ობიექტი, რადგან იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისათვის). აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის ფლობა ითვლება თვითნებურ ფლობად და მასზედ ვრცელდება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ, ს/კ ..., მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო. №... საკადასტრო კოდით უძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ინვენტარიზაციის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 18.11.2015 წლის №... ბრძანების საფუძველზე (ტ.1. ს/ფ. 29, 56), რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად თავისუფალი იყო. მოსარჩელე ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათალი №1-228,72 კვ.მ, №2-23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი 275)) მემკვიდრედ, სადავო მიწის ნაკვეთი სამკვიდრო მასაში არ შესულა, ხოლო თვითნებურად დაკავებული მიწის მიმართ მოქმედებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამდენად, ვინაიდან ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ, ს/კ ..., მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო უძრავი ქონება, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ინვენტარიზაციის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 18.11.2015 წლის №... ბრძანების საფუძველზე, რადგან აღნიშნული უძრავი ნივთი უფლებრივად თავისუფალი იყო, სარჩელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების, ნაწილობრივ (გადაფარვის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

სასამართლოს განმარტებით, სარჩელი ასევე უსაფუძვლოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების მოთხოვნის ნაწილში და ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება. კერძოდ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 3 მაისის ბრძანება მიღებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმების დარღვევით, მოპასუხეს საერთოდ არ უმსჯელია წართმეული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, არ დაინტერესებულა წარდგენილი მასალების მიხედვით სხვისი საკუთრება რატომ მოხვდა სახელმწიფო საკუთრებაში, ან/და რატომ მიისაკუთრა სახელმწიფომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რის გამოც გამოცემული ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 3 მაისის №1-1/216 ბრძანებით დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში -სააგენტო) 2018 წლის 03 სექტემბრის №4/49033 კორესპონდენციით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) წარდგენილ იქნა ე. ნ-ის (წარმომადგენელი ნ. ზ-ე) 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივარი სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. მითითებული ბრძანებით ქალაქ ქუთაისში, ...ას ქუჩა №17ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრება. სამინისტრომ 2018 წლის 13 დეკემბერს №... წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან (შემდგომში - საჯარო რეესტრი) გამოითხოვა ინფორმაცია, ე. ნ-ის ან მისი წარმომადგენლის ნ. ზ-ის მიერ გასაჩივრებული ბრძანების გამოთხოვის/გაცნობის თაობაზე. სამინისტროში წარდგენილი საჯარო რეესტრის 2018 წლის 21 დეკემბრის №... კორესპონდენციის მიხედვით, 2018 წლის 04 ივნისს ნ. ზ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების გამოთხოვის მოთხოვნით. ნ. ზ-ის განცხადება დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ხოლო მოთხოვნილი დოკუმენტაცია ნ. ზ-ეს მიეწოდა 2018 წლის 8 ივნისს. სამინისტროს 2019 წლის 8 იანვრის №04/73 წერილით ე. ნ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კერძოდ, მხარეს განემარტა, რომ სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობა მისი წარმომადგენლის მიერ განხორციელდა 2018 წლის 8 ივნისს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იყო 2018 წლის 27 აგვისტოს. შესაბამისად, გასული იყო ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 1 თვიანი ვადა. წერილით მხარეს ეცნობა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს და ეთხოვა, 15 დღის ვადაში წარედგინა პოზიცია ადმინისტრაციული საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენასა და განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდის მონაცემების მიხედვით ე. ნ-ემ 2018 წლის 16 მაისს მიმართა განცხადებით საჯარო რეესტრს ქ. ქუთაისში, ...ა ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ულების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო საჯარო რეესტრის 2018 წლის 22 მაისს №... გადაწყვეტილებით, განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი იჭრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, ამასთან, აღნიშნული სახელმწიფო საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის №..., ხოლო რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საჯარო რეესტრის შესაბამისი გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანება, რაც გასაჩივრებულია წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრით და რომელიც საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ოფიციალურად ჩაბარდა 2019 წლის 08 ივნისს. დამატებით, სამინისტრო მიუთითებს, რომ ე. ნ-ეს ქ. ქუთასში ...ას ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისთვის ასევე მიმართული ქონდა 2016 წლის 19 ოქტომბრის განცხადებით. ხსენებული განცხადების ფარგლებში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას საჯარო რეესტრის 2016 წლის 24 ოქტომბერს №... გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები ფარავდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, ხოლო საჯარო რეესტრის 2017 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით ე. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოთხსენებული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით მხარემ საჩივარი წარადგინა 2018 წლის 27 აგვისტოს, შესაბამისად, უდავოა, რომ ე. ნ-ის მიერ ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან მხარეს სამინისტროში არ წარუდგენია ინფორმაცია საჩივრის წარდგენის ვადების დარღვევის საპატიო გარემოებების ან დაუძლეველი ძალის არსებობის თაობაზე.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალებას, რაც უსაფუძვლოა, რადგან, მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის უფლება დაკარგა ქუთაისის საქალაქო საბჭოს 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით (ცვლილება შევიდა 1987 წლის 26 აგვისტოს №19. 15.587 გადაწყვეტილებით) (იხ. ტ.1. ს/ფ 61-62), რომლის თანახმად - ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში ყოფილი ...ის ქუჩა №275 მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანება სამართლებრივი თვალსაზრისით მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ბრძანების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება და სასამართლოც მიუთითებს, რომ ე. ნ-ეს ქ. ქუთასში ...ას ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრისთვის ასევე მიმართული ჰქონდა 2016 წლის 19 ოქტომბრის განცხადებით, ხსენებული განცხადების ფარგლებში მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას საჯარო რეესტრის 2016 წლის 24 ოქტომბერს №... გადაწყვეტილებით საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ მის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები ფარავდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, ხოლო საჯარო რეესტრის 2017 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით ე. ნ-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.

შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ნაწილობრივ (გადაფარვის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ. ამასთან, არ არსებობს ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების სამართლებრივი თვალსაზრისით ბათილად ცნობის საფუძველი, რაც უკვე აღინიშნა, ხოლო ასევე არ იკვეთება იურიდიული ინტერესი მოთხოვნის მიმართ.

სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია კანონიერი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობით ვერ შეიცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა. ე. ნ-ის საჩივრის განხილვით ვერ მიიღება მოსარჩელის ინტერესების შესაბამისი კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ, ს/კ ..., მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სახელმწიფო, ხოლო უძრავი ქონება, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა ინვენტარიზაციის ფარგლებში. უდავოდ დადგენილია, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას არ გამოვლენილა ზედდება სხვა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებთან და მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. ამდენად, ვინაიდან სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ განხორციელდება, რადგან არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობის მიმართ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება ე. ნ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება და 2018 წლის 23 ოქტომბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... და 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები. ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალდებულების ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის) ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

პალატის შეფასებით, უსაფუძვლობის მოტივით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №..., 2018 წლის 08 ოქტომბრის №..., 2018 წლის 23 ოქტომბრის №..., 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის უარყოფის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საქალაქო სასამართლომ ე. ნ-ის სარჩელი სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება ან თუ გააჩნდა იგი დაკარგა ქუთაისის საქალაქო საბჭოს 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს უარი ქონების რეგისტრაციაზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო, გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნებიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ აღნიშნული შეფასება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე და მიიჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საჯარო რეესტრის 07.07.2015 ამონაწერით ირკვევა, რომ ო. ნ-ე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფ. ...ი ქ.) №27-ში (ყოფ. №275), ს/კ ..., საკუთრების უფლებით, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების 04.04.1986წ. №... მოწმობის, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №... 26.08.1987წ. გადაწყვეტილებისა და ქ. ქუთაისის მერის 16.10.2012წ. №1191 ბრძანების საფუძველზე, ფლობდა 526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით; ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №148 საკუთრების უფლების მოწმობით ო. ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი ფართობით 510 კვ.მ, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ; გ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 აპრილის №107 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების 24.05.2016წ. №148 მოწმობა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ განხილულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.03.2017წ. №17/10290 მიმართვა მოქალაქე ე. ნ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საკრებულოსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ო. ნ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის (24.05.2016 წლის №148) საკითხს. როგორც მიმართვიდან ირკვეოდა, აღნიშნული მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს გადაფარვა მოხდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...). საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის (24.05.2016 წლის №148) გაცემისა და კომისიის სხდომის ოქმის (25.04.2016წ. №22 ოქმი) თარიღისთვის, ფიზიკური პირი - ო. ნ-ე გარდაცვლილი იყო (გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი №..., გაცემული 23.03.2016წ.). შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 25 აპრილის №22 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოქალაქე ო. ნ-ისთვის ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27ა-ს მიმდებარედ, ფართობით 510 კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლების აღიარებაზე და აგრეთვე კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობა 24.05.2016წ. №148. ამდენად, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ო. ნ-ის გარდაცვალების გამო, ხოლო ო. ნ-ის მემკვიდრეს დაუბრუნდა შეტანილი თანხა 1836,01 ლარი; დ) 2016 წლის 18 ოქტომბერს ნოტარიუსმა ე. გ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა №..., რომლითაც დადგენილია, რომ ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-228,72 კვ.მ, №2-23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი №275)) მემკვიდრედ; ე) №... (18.10.2016) სამკვიდრო მოწმობის ასლის საფუძველზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ის) ქ. №27-ში (ყოფილი №275) მდებარე 526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი ...) და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებულია ე. ნ-ის საკუთრების უფლება (განცხადების რეგისტრაციის №..., თარიღი: 19.10.2016); ვ) 2018 წლის 19 ივნისს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ე. ნ-ის №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა: ე. ნ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლის, ნ. ზ-ის პირადი მონაცემების ამსახველი ინფორმაციის ასლები; №... (13.06.2018) რწმუნებულების ასლი (მარწმუნებელი: ე. ნ-ე, რწმუნებული: ნ. ზ-ე); №... (18.10.2016) სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლითაც ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-228,72 კვ.მ, №2 - 23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი №275)) მემკვიდრედ; გეგმის ასლი (მითითებულია ...ის №275); სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო უწყებების ასლები (დათარიღებულია: 4/II/1982, 28/I/1983, 28/I/1976 წლებით); ამონარიდების ასლები ...ის №275-ის სახლთმფლობელის ასახვით; 1911 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული სააქტო ქაღალდის ასლი; შენობა-ნაგებობ(ებ)ის ტექნიკური მაჩვენებლების ასლი (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ბეჭდის ასლზე მითითებულია №3/16, 19.1.1973)); კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ასლი; ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრით დათარიღებული №1191 ბრძანების ასლი, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა გამოცხადებული ,,...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ“ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება; ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.01.2008 წლით დათარიღებული №22/34-227 პასუხის ასლი ო. ნ-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით, პირველადი ინვენტარიზაციით, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად შეადგენდა 1723 კვ.მ-ს, მაგრამ 1985 წლის 6 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ მიწის ნაკვეთს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება; ინდ. მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 14.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; ზ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (25.06.2018) გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეთხოვა მხოლოდ ერთი ნაკვეთის ამსახველი ფაილების, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა; თ) აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 28 ივნისს დამატებით, წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე ,,თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საქალაქო საბჭოს აღმასკომის პასუხის ასლი ო.ბ. ნ-ის მიმართ (მითითებულია ,,22.03.84’’) აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მიერ სახლის გამოყოფილ ადგილზე გადატანისა და შემდეგ მისი დაკანონების განმარტებასთან დაკავშირებით; ი) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (04.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ამ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (04.07.2018) გადაწყვეტილება და განმცხადებელს ეცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე; კ) სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის №... (06.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, №... (04.07.2018) სამსახურებრივ ბარათზე პასუხად, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, 29.06.2018 წლის მდგომარეობით ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები), წარდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება. მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. სამსახურებრივ ბარათს თანდართულია 29.06.18 წლით დათარიღებული სიტუაციური ნახაზი; ლ) ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (12.07.2018) მიმართვით, ე. ნ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული საკითხი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მერიას, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ არის წარდგენილი და ვერც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც, გადაწყვეტილება მიიღებოდა ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. აღნიშნულ სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 13 ივლისს და 18 ივლისს დამატებით წარდგენილ იქნა ე. ნ-ის წარმომადგენლის ნ. ზ-ის პირადი განცხადება მედიატორის დანიშვნისა და საგადასახადო სიების მოძიების მოთხოვნით; მ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (23.07.2018) მიმართვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქუთაისის მუნიციპალიტეტში ფიქსირდებოდა თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა მათზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის (წლების მიხედვით) მიწოდება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაწყვეტილება მიიღებოდა ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ განმცხადებელს თავად შეეძლო დამატებით წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარსადგენი გამხდარიყო სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/95848 (25.07.2018) პასუხით, მარეგისტრირებელ ორგანოს №... (23.07.2018) მიმართვაზე ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება და მისამართის მითითება. №... სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 31 ივლისს, დამატებით წარდგენილ იქნა ე. ნ-ის წარმომადგენლის - ნ. ზ-ის პირადი განცხადება, გადაწყვეტილების 1911 წლის 20 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღების მოთხოვნით; ო) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა №... (06.08.2018) მიმართვით დააზუსტა მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში ფიქსირდებოდა თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბერამდე, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (06.08.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარმოება განახლდებოდა №... (06.08.2018) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე; პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/105280 (15.08.2018) პასუხით, მარეგისტრირებელ ორგანოს №... (06.08.2018) მიმართვაზე ეცნობა, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა; ჟ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (21.08.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ №... (12.07.2018) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე; რ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ე. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (21.08.2018) გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთებაში ასახულია, რომ საქმეში არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო იზიარებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მართებულობას განმცხადებლისთვის ეცნობებინა, რომ სარეგისტრაციოდ არ წარდგენილა სარეგისტრაციო დოკუმენტი და განმცხადებელი უფლებამოსილია თვითონ, დამატებით წარადგინოს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი. სააგენტო იზიარებს აგრეთვე, მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების მართებულობას საკითხი გადაეგზავნა აღიარების კომისიაში და მიეღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2017) და შემდგომ, №... (21.08.2018) გადაწყვეტილებები; ს) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №01/18388 (15.08.2018) პასუხით მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ კომისიის მიერ განხილულ იქნა (10.08.2018წ. ოქმი №10, საკითხი №4) №... (12.07.2018) შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად, მოქალაქე ე. ნ-ის საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. სააგენტოს ინფორმაციის სახით მიეწოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 (02.04.2018) განკარგულების ასლი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (10.06.2017) ელ. ვერსიასთან ერთად, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ №257 (09.11.2017) განკარგულება; ტ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №01/22581 პასუხით სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... (21.08.2018) მიმართვაზე (აღნიშნული მიმართვით მერიას გადაეგზავნა ე. ნ-ის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია) ეცნობა, რომ №01/18388 (15.08.2018) პასუხით უკვე გაეგზავნა კომისიის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე №... (21.08.2018) შუამდგომლობა დარჩა განუხილველი (ოქმის 14, თარიღი: 05.10.2018, საკითხი 6); უ) 2018 წლის 23 ოქტომბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე. ნ-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თანახმად „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23–ე მუხლისა; ფ) მოქალაქეების გ. კ-ის და თ. რ-ის ნოტარიულად დამოწმებული 26.10.2018წ. განცხადებით დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდნენ და დღესაც ფლობენ აწ. გარდაცვლილი თ. ნ-ე (მ-ი) და მისი ოჯახის წევრები - აწ. გარდაცვლილი ო. ნ-ე, მისი მეუღლე და შვილი, ე. და ო. ნ-ეები, ასევე ნ-ეების ოჯახი დღემდე ფლობს იმ ფართობს, რაც თავის სიცოცხლეში მთლიანად ჰქონდა აწ. გარდაცვლილ თ. ნ-ეს (მ-ი); ქ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ე. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... (23.10.2018) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააგენტომ მიუთითა, რომ ვინაიდან №... (19.06.2018) სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარუდგენლობასთან და საკითხის აღიარების კომისიიდან საბოლოო პასუხის წარდგენამდე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით, მიღებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (08.10.2018) განკარგულება, ხოლო მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიწოდებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 (02.04.2018) განკარგულებისა და №01/22581 (17.10.2018) პასუხის თანახმად, არ იქნა აღიარებული ე. ნ-ის საკუთრების უფლება, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისი არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა მოთხოვნილი რეგისტრაცია; ღ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 აპრილის №15 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ განხილული იქნა მოქალაქე ე. ნ-ის განცხადებები, რომლებიც შეეხება ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ არსებული 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. წინა მოწვევის კომისიამ, 2017 წლის 9 ნოემბრის №257 განკარგულებით, მიიღო გადაწყვეტილება მოქალაქე ე. ნ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი - 502 კვ.მ), რომელიც არის მოქალაქე ე. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ...) მომიჯნავე. განმცხადებლის მიერ გადახდილ იქნა საკუთრების უფლების აღიარების საფასური. საკუთრების უფლების მოწმობა ვერ იქნა გაცემული, რადგან უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის კომისიას. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 07.02.2018წ. №143 ბრძანებით შეიქმნა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია“, რომელმაც შესაბამისად გადაიბარა წინა მოწვევის კომისიაში არსებული დოკუმენტაცია. ახლანდელი კომისიის მიერ შესწავლილი და ადგილზე დათვალიერებული იქნა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ტერიტორია და გაირკვა, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ნამდვილად ემიჯნება მოქალაქე ე. ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ...), თუმცა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...), მასზედ განთავსებულია ბეტონის კონსტრუქციები. მოქალაქის განმარტებით, ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში იგეგმებოდა ...ის დადგმა. აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოღობილი და შესაბამისად, მოქალაქეს არ უდასტურდება ფლობა და სარგებლობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ასეთი მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. ამდენად, დასახელებული განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 09 ნოემბრის №257 განკარგულება „ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის მოქალაქე ე. ნ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“; მოქალაქე ე. ნ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე; ე. ნ-ეს დაუბრუნდა მის მიერ საკუთრების უფლების აღიარებისთვის გადახდილი თანხა (1807,20 ლარი).

პალატის მითითებით, როგორც სადავო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №..., 2018 წლის 08 ოქტომბრის №..., 2018 წლის 23 ოქტომბრის №... და 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებებიდან ჩანს, ე. ნ-ეს საკუთრების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. შესაბამისად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას უნდა შემოწმდეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია თუ არა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორად შეაფასა თუ არა, რომ ე. ნ-ეს სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე არ ჰქონდა საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ (სადავო აქტების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“, „ი“, „ნ“ ქვეპუნქტებზე, ამავე კანონის მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავო უძრავ ქონებაზე თავისი უფლების დასადასტურებლად მიუთითებდა 1911 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებასა და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც, მის მამკვიდრებელს სარგებლობაში ჰქონდა 1723 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27 (ყოფ. ...ის ქ. №275). უფრო კონკრეტულად კი, სადავო უძრავ ქონებაზე თავისი მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შემდეგი დოკუმენტები: ა) 1911 წლის სააქტო ქაღალდში მითითებულია: „1911 წელსა ნოემბრისა 20-სა დღესა, მე, ქვემორე ამაზედ ხელის მომწერმა მცხოვრებმა სოფელს ...ს ი. რ-მა, მოგყიდეთ თქვენ, ჩემდამი კუთვნილი ადგილი, ვ. მ-ს და დ. ი. რ-ის ასულს მ-ისას, ადგილი სახელწოდებული ...ადა, ზომით სამას სამი კვადრატული საჟენი, ცოტა ან მეტი ან ნაკლები, საზღვრებთა შორის აღმოსავლეთით ი., ს.(კარგად არ იკითხება) და ს. რ-ები, დასავლეთით ...ა, სამხრეთით გ. რ-ი, ჩრდილოეთით ს., ა., ი. და ტ. რ-ები. ეს ზემოხსენებული ადგილი მოგყიდეთ თქვენ მ-ს და თქვენს მეუღლეს დ. მ-ისას. ღირებული სასყიდელი ფული მივიღე თქვენგან მე ი. რ-მა ოთხასი მანეთი (400). მე, ი. რ-მა მივიღე სრული კმაყოფილება თქვენ, ვ. მ-ისგან და თქვენის მეუღლისგან, დ. რ-ის მ-ისაგან და არავითარი მოვალეობა თქვენგან აღარ მერგება და თქვენ ჩემი მოვალეობისაგან თავისუფალი ხართ ამ ადგილში. მე, ი. რ-მა, თუ პირი გიტეხო ამ ზემოხსენებულს ადგილში რაიმე მიზეზით იმ შემთხვევაში გადავიხადო შტრაფი თქვენდა სასარგებლოდ ოთხასი მანეთი, რასა შინა ხელს ვაწერ ი. რ-ი. რადგან ი. წერა არ იცის და მისი თხოვნით ხელს ვაწერ ი. გ-ემა უწერილობისა ამისა. რადგან ი. წერა არ იცის და მის მაგივრად ი. გ-ემ ხელი მოაწერა, სინამდვილეს ამისა ვამოწმებ სახელმწიფო ბეჭდის დასმითა ...ის მამასახლისის პომოშნიკი ...ის მეთოდე მ-ი“. (შენიშვნა: საჟენი - ძველებური რუსული სიგრძის საზომი ერთეული; უდრის 3 არშინს (2 მეტრსა და 13 სმ-ს); იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე (http://www.nplg.gov.ge). საჟენისგან წარმოებულია კვადრატული საჟენი (უდრიდა 9 კვადრატულ არშინს) (https://ka.wikipedia.org)); ბ) დადგენილია, რომ თ. ნ-ე (მ-ი) იყო ვ. და დ. მ-ების რძალი. 1984 წლის 28 თებერვალს (რეგისტრაციის შტამპის მიხედვით), ო. ნ-ემ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს, კერძოდ, ვინაიდან ...ის ...ის მშენებლობასთან დაკავშირებით, მისი სახლი მოხვდა აყრის ზონაში, ითხოვა, მისი დის სახელზე რეგისტრირებული სახლის ღირებულების განსაზღვრა; გ) ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს 1984 წლის 22.03 წერილით, ო. ნ-ის განცხადებაზე, სახლის აღრიცხვაზე აყვანის და მემკვიდრეობის აღდგენის მოთხოვნით, საქალაქო საბჭოს აღმასკომს ეცნობა, რომ სახლი, მდებარე ...ას №27/...ის ქ. №275-ში აღრიცხულია თ. ნ-ეზე (საკუთრების საფუძველი 12.02.73წ. დამტკიცებული პროექტი), განმცხადებლის დაზე (გარდაცვლილია). საქალაქო საბჭოს აღმასკომის 27.04.83 წ. №10.14.247 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ სახლი გადატანილ უნდა იქნას ...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე. „...ს“ დაევალა თ.ბ. ნ-ის სახელზე რიცხული პროექტისა და ტექ. აღრიცხვის ბიუროს ანაზომ-გეგმების მიხედვით შეადგინოს სახლის გადატანის საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო აღმასკომის სამშენებლო სარემონტო სამმართველომ უნდა გადაიტანოს სახლი გამოყოფილ ადგილზე. ახალ ადგილზე სახლის გადატანის შემდეგ საჭიროა მისი დაკანონება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღდგეს მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეებზე; დ) ქუთაისის საქალაქო სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის (მცხ. ...ას ქ. №27) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, ტექნიკური პროექტის მიხედვით. საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მაჩვენებლებია: პროექტით: მიწის ნაკვეთის ფართი 1723/ფაქტ/კვ.მ; ფაქტიურად: 524 კვ.მ; ე) 1986 წელს ო. ნ-ემ მემკვიდრეობა აღიდგინა თავისი დის, თ. ნ-ის (მ-ის) დანაშთ ქონებაზე. ტექბიუროს არქივიდან გაცემული საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით აწ/გ თ. ნ-ის (მ-ის) მიწის ნაკვეთი შეადგენდა 2024 კვ.მ-ს, თუმცა უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში არსებულ 1986 წლის 4 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რომლის მიხედვით, თ. ნ-ე-მ-ის მემკვიდრედ მითითებულია ძმა - ო. ნ-ე, მცხოვრები ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275-ში, მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის ფართობად ფიქსირდება 524 კვ.მ; ვ) 2008 წლის 16 იანვრის №22/34-227 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა ო. ნ-ეს, მისი 2008 წლის 10 იანვრის №266 განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციას უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ში, აცნობა, რომ ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით პირველადი ინვენტარიზაციით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფაქტიურად შეადგენდა 1723 კვ. მეტრს, მაგრამ 1985 წლის 06 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, დარჩენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კი, ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება; ზ) „...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ“ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილების არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად გამოცხადების თაობაზე“ ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანებით ირკვევა შემდეგი: „ქალაქ ქუთაისის მერიაში განხილული იქნა ...ას ქუჩის №27 საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქე ო. ნ-ის განცხადება 2012წ.21.06. №..., რომლითაც ითხოვს საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩის №27-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში გატარების მიზნით აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადებისა და წარმოდგენილი მასალების ანალიზით ირკვევა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის, ...ას ქ. №27-ში ყოფილი ...ის ქუჩა №275-ში მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს თხოვნა და თ.ბ. ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გადატანისთვის გამოიყო ...ას ქ. №18-ში, ყოფილი ...ის მე-18 შესახვევი, მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც უნებართვოდ ჰქონდა მითვისებული გარდაცვლილ მ. რ-ს, რომელშიც ჩადგმული ჰქონდა უნებართვო სათავსო. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებაში, რითაც მოქალაქე ო. ნ-ეს, რომელსაც მემკვიდრეობა უკვე აღდგენილი ჰქონდა მისი დის თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელ სახლზე, დაევალა ...ას ქ. №18-ში გადასატანი სახლის პროექტირების ხარჯები აენაზღაურებინა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსათვის, ხოლო შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოსთვის. სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ საძირკველის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ სახლის მშენებლობა დაკონსერვდა მშენებლობისთვის საჭირო თანხების უქონლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ში/ყოფილი ...ი ქ. №275/მდებარე მიწის ნაკვეთი, 524 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოქალაქე ო. ნ-ის სახელზე, რომელსაც ადევს შენიშვნა: „მასალებში ინახება საქართველოს საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზე ...ას ქუჩა №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინათ ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერები დაფიქსირებული არ არის“. რაც შეეხება ...ას ქუჩის №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ერთი საცხოვრებელი ოთახი, ფართობით 18,27 კვ.მ განთავსებული 475 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე გ. რ-ისგან შეძენილი აქვს მოქალაქე მ. კ-ეს, რომელსაც ქალაქის მთავარი არქიტექტურის 1996 წლის 17 ივლისის №17 ბრძანებით დამტკიცებული ტექ. პროექტის საფუძველზე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახით. ამდენად, რადგან საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილება არ შესრულებულა და მოქალაქე ო. ნ-ის საცხოვრებელი სახლი რეალურად არ იქნა აღებული და იგი დღემდე განაგრძობს ოჯახით ცხოვრებას მითითებულ მისამართზე, ასევე ...ას ქ. №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მფლობელი მოქალაქე მ. კ-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე არის კეთილსინდისიერი შემძენი და შესაბამისად მართლზომიერად ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას, არის წინაპირობა იმისა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილების შესრულება ამჟამინდელი მდგომარეობით შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილია, „...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება გამოცხადდეს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ბრძანების შესრულების კონტროლი განახორციელოს ქ. ქუთაისის მერის მოადგილე ი. ჯ-ამ. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს/...ი №3/ და ქუთაისი საქალაქო სასამართლოში/...ის ქუჩა №11/ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში“.

პალატის მითითებით, საქართველოში მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმება, გასაბჭოების პერიოდს უკავშირდება. 1924 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღო პირველი კონსტიტუცია, რომელიც აღიარებდა პროლეტარიატის დიქტატურას და მიწასა და წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო და კოლექტიურ საკუთრებას. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 93-ე მუხლის თანახმად, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საქართველოს სსრ მიწის კოდექსის (1971 წ.) მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთელი მიწა წარმოადგენდა ერთიან სახელმწიფო მიწის ფონდს, რომელსაც მიწის ძირითადი მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად მიეკუთვნებოდა: 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომლებიც სარგებლობისთვის მიცემული ჰქონდათ კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებსა და სხვა მიწათმოსარგებლეებს სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; 2) დასახლებული პუნქტების (ქალაქები, ქალაქის ტიპის დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების) მიწები; 3) მრეწველობის, ტრანსპორტის, კურორტების, ნაკრძალებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები; 4) სახელმწიფო სატყეო ფონდის მიწები; 5) სახელმწიფო წყლის ფონდის მიწები; 6) სახელმწიფო მარაგის მიწები. საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ რესპუბლიკაში მიწა სარგებლობისათვის მიეცემოდა: კოლმეურნეობებს, საბჭოთა მეურნეობებს, სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; სამრეწველო, სატრანსპორტო, სხვა სასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; სსრ კავშირის მოქალაქეებს; სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად სსრ კავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიწა სარგებლობისათვის შეიძლება მისცემოდა სხვა ორგანიზაციებსა და პირებსაც. ამავე კოდექსის 89-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქის მიწებს მიეკუთვნებოდა ქალაქის ფარგლებში არსებული მიწები. მიწა ქალაქის ფარგლებში მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს გამგებლობაში იყო. ქალაქში მიწის ნაკვეთის უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის გაცემა ხდებოდა მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე (მუხლი 93). ქალაქში მიწის ნაკვეთის გამოყოფა წარმოებდა მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებული იყო მოქმედი კანონმდებლობით (მუხლი 94). საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით, მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. 1964 წლის რედაქციით სამოქალაქო სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი ადგენდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის გამო სახელმწიფოს მიერ მესაკუთრისათვის/მფლობელისათვის ჩამორთმევას მისი ღირებულების გადახდით, რაშიც მოიაზრებოდა ღირებულების როგორც ფულადი კომპენსირება ისე ნატურით, (სანაცვლო ქონების) გადაცემა.

პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის (...ის ...ის დადგმა) გამო, ო. ნ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი უნდა დანგრეულიყო, ხოლო მესაკუთრეს უნდა მისცემოდა იმავე ქალაქის ფარგლებში სხვა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის ფართობის ზღვრული ოდენობა, რაც ქალაქის ფარგლებში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისთვის შეიძლებოდა გადასცემოდა პირს, განსაზღვრული იყო საქართველოს სსრ მიწის კოდექსით. კერძოდ, 113-ე მუხლის მიხედვით, საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს, აგრეთვე მოქალაქეებს ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთები ეძლეოდათ დასახლებული პუნქტების მიწებიდან, ქალაქის მწვანე ზონის გარეთ მდებარე სახელმწიფო სატყეო ფონდის და სახელმწიფო მარაგის მიწებიდან, იმ პირობით და იმ წესით, რომელიც დადგენილი იყო სსრ კავშირის და საქართველოს სსრ კანონმდებლობით. საბინაო-სამშენებლო და სააგარაკო-სამშენებლო კოოპერატივებს და აგრეთვე მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის ეძლეოდათ უვადო სარგებლობაში, ხოლო 114-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთებს გასცემდნენ სახლის მოცულობის ადგილობრივი პირობების მიხედვით, შემდეგი ნორმების ფარგლებში: ქალაქად - 0,03-დან 0,06 ჰექტრამდე, ქალაქგარეთ - 0,07-დან 0,12 ჰექტრამდე. განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ო. ნ-ის მამკვიდრებლის - თ. ნ-ის საკუთრების უფლება აღრიცხული იყო ...ას ქ. №27/...ის ქ. №275-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე (საკუთრების საფუძველი 12.02.73წ. დამტკიცებული პროექტი). პროექტით მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 1723 კვ.მ-ს. მემკვიდრეობის აღდგენამდე (1986წ.) ო. ნ-ემ, ვინაიდან მისი აწ გარდაცვლილი დის სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა ოჯახით, უნდა აყრილიყო ...ის ...ის მშენებლობის გამო, განცხადებით მიმართა (1984წ.) ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს და მოითხოვა მისი დის სახელზე რეგისტრირებული სახლის ღირებულების განსაზღვრა. ქ. ქუთაისის ტექ. აღრიცხვის ბიუროს გამგის 1984 წლის 22.03 წერილით ო. ნ-ეს ეცნობა, რომ ახალ ადგილზე სახლის გადატანის შემდეგ საჭირო იყო მისი დაკანონება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი აღდგენილიყო მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეებზე. უდავოა ასევე ის ფაქტი, რომ ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტის გამო აყრაში მოყოლილ ო. ნ-ეს, საქართველოს სსრ მიწის კოდექსის მიხედვით სახელმწიფოსგან ვერ მიეცემოდა იმაზე მეტი მიწა სარგებლობაში, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო მოქმედი კანონმდებლობით (0,03-დან 0,06 ჰექტრამდე). შესაბამისად, ქუთაისის აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის (მცხ. ...ას ქ. №27) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, ტექნიკური პროექტის მიხედვით (საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მაჩვენებლებია: პროექტით: მიწის ნაკვეთის ფართი 1723/ფაქტ/კვ.მ; ფაქტიურად: 524 კვ.მ;) წარმოადგენს არა სარგებლობის უფლების ჩამორთმევის დოკუმენტს, არამედ პალატის შეფასებით, ო. ნ-ის იმ უფლების მოცულობის განსაზღვრის მიზნით მიღებულ აქტს, რომლის სანაცვლოდაც მას უნდა მისცემოდა მიწა ახალ ადგილზე. შესაბამისად, ო. ნ-ემ 1986 წელს, ისე, რომ სახლის გადატანა ახალ ადგილზე ჯერ არ იყო განხორციელებული, მემკვიდრეობა აღიდგინა თ. ნ-ის ქონების მხოლოდ ნაწილზე 524 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, რაც პალატის შეფასებით, არამც და არამც არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ო. ნ-ეს ჩამოერთვა სარგებლობა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ და მისი მამკვიდრებლის სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე. მით უფრო, როცა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება ...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ არ აღსრულდა და მეტიც, აღნიშნული აქტი არარა აქტადაა გამოცხადებული ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანებით, სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილება (...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ) არ შესრულებულა და მოქალაქე ო. ნ-ის საცხოვრებელი სახლი რეალურად არ აღებულა და იგი განაგრძობდა ოჯახით ცხოვრებას ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში. აღნიშნულ გარემოებებს კი, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შეფასება არ მისცემია.

სააპელაციო პალატის განმარტებით, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ტექ. აღრიცხვის მონაცემებს, სადაც არა მარტო თ. ნ-ის სახელზე რიცხული ქონების მონაცემია მითითებული, არამედ ფიქსირდება ინფორმაცია ო. ნ-ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესახებ (ჯერ კიდევ დის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის ოფიციალურად აღდგენამდე). კერძოდ, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მომზადებული, №TT... (04.10.2016) ცნობა-დახასიათებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქ. №275, 273) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეა ო. ნ-ე. მიწის ნაკვეთი (ფუნქცია გაურკვეველი), ფაქტიური ფართობი: გაურკვეველი, ფართობი დოკუმენტით 524 კვ.მ. შენიშვნა: „სააღრიცხვო მასალაში მიწის გრაფაში ფიქსირდებოდა 2024 კვ.მ, რომელიც გადახაზულია და მიწერილია 524 კვ.მ, ჩანაწერში (ფორმა 5) კი, მითითებულია 2024 კვ.მ, ხოლო გენ-გეგმა მასალაში არ ინახება, რის გამოც, მიწის ფაქტიური ფართობი გაურკვეველია. სააღრიცხვო მასალა, I-196-21, 06/08/1974”. ლიტერი: საკუთრების აღწერა - ლიტერი ა დასახელება: საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართობი: 84,90 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი: 52.65 კვ.მ. დამხმარე ფართობი: 32,25 კვ.მ. სამეურნეო ფართობი: 121.36 კვ.მ. შენიშვნა: მონაცემები დაფიქსირებულია სამემკვიდრეო მოწმობიდან, ხოლო სართულებრივი გეგმა მასალაში არ ინახება. ბინა: მესაკუთრ(ეებ)ის/მოსარგებლ(ეებ)ის აღწერა: ნ-ე ო. . შენიშვნა: მასალებში ინახება ქუთაისის აღმასკომის 26.08.1987 წ. №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც, ...ას №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინა ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის. ქუთაისის აღმასკომის გადაწყვეტილება, №..., 26.08.1987. საარქივო მასალა აღრიცხულია 1974 წელს. კანონისმიერი მემკვიდრეობა, №..., 04.04.1986, ნოტარიუსი: ბ-ე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) ტექაღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, თ. ნ-ეს აწერია 1972 და 1973 წლებში მიწა საერთო ფართობით - 1734 კვ.მ, შენობის, ბუჩქნარების და ა.შ. ქვეშ არსებული მიწა - 150 კვ.მ. 1974 წლის სააღრიცხვო ბარათზე გადაშლილია 1734 და მიწერილია 2024. სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, 1974, 1976 და 1977 წლებში თ. ნ-ეს აწერია მიწა საერთო ფართით 2024 კვ.მ, შენობის, ბუჩქნარების და ა.შ. ქვეშ არსებული მიწა - 124 კვ.მ. მიწა, რომლიდანაც გამოიანგარიშება საშემოსავლო გადასახადი - 1900 კვ.მ; სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, 1984 და 1985 წლებში ნ-ე თ. და ნ-ე ო. აწერიათ მიწა საერთო ფართობით - 2024 კვ.მ, შენობის ბუჩქნარების ქვეშ და ა.შ. არსებული მიწა - 124 კვ.მ (1985 წლის გასწვრივ აღნიშნულია, რომ ნ-ე თ. გარდაცვლილია); ბ) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო უწყებები, სერია №..., 1982 წლის 04 დეკემბრის და სერია №... 28.121983 წლის, რომელთა მიხედვითაც, ო. ნ-ეს (...ის რაიონი, ქუთაისი, ...ის ქ. 275) სულ მიმდინარე საშემოსავლო გადასახდელი აქვს 26,60 მანეთი. ამავე უწყებების მეორე გვერდზე მოცემულია გადასახადის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, რომელზედაც გამოანგარიშებულია გადასახადი, შეადგენს 1900 კვ.მ-ს. ანალოგიურ მონაცემებს შეიცავს 1976 წლისათვის საგადამხდელო უწყებაც №10/4, სერია №..., იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელად მითითებულია ნ-ე თ.; გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 იანვრის №000186222 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შემდეგი კითხვა: - გთხოვთ, ჩაატაროთ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა და დაგვიდგინოთ ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე (ყოფ. ...ის ქ. №275) მიწის ნაკვეთი, წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის გეგმის (1980 წ.) მიხედვით, ახდენს თუ არა გადაფარვას დღეისათვის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან, დადებით შემთხვევაში რომელთან და რა ფართზე. ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია: ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფ. ...ის ქ. №275) განლაგებული მიწის ნაკვეთი, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ტექ. ბიუროს გეგმის (20.01.1980) და ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, გაორიენტირებული მდებარეობის შესაბამისად, გადაფარვას ახდენს ს/კ №... მიწის ნაკვეთთან 935,53 კვ.მ-ზე, სრულად მოიცავს ს/კ №... მიწის ნაკვეთს და საჯარო რეესტრში ელექტრონულად დაურეგისტრირებელ ტერიტორიას - (4,40+15,03+162,64) 182,07 კვ.მ-ს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ კვლევით ნაწილში და დანართებში №1-2. გამოკვლევა: ექსპერტიზის დასკვნის მომზადება წარმოებს ადგილზე აზომვების შედეგად მიღებული მონაცემების, საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციას ურთიერთშედარების მეთოდით. - ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი იქნა, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე ს/კ №... მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ტერიტორია. ასევე წარმოდგენილი იქნა ტექ. ბიუროს გეგმა (20.01.1980) და საცხოვრებელი ბინის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი (19.01.1973). ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის უმეტესი ნაწილი შემოსაზღვრულია ღობით, მისი ტერიტორია ძირითადად დაფარულია სხვადასხვა ჯიშის ხეებით და ბუჩქნარით. აღნიშნული ნაკვეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია სარწყავი არხის შემკრები. ექსპერტიზის ჩატარების დროს, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის მდებარეობის მახასიათებელი წერტილები სახელმწიფო საკოორდინატო სისტემაში დაფიქსირებული იქნა GPS აპარატის LEICA VIVA GS08 CS10-ის გამოყენებით. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი საცხოვრებელი ბინის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტის (19.01.1973) მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275-ში მდებარე, თ. ნ-ის მიწის ნაკვეთის ფართობი ფაქტიურად შეადგენს 1723 კვ.მ-ს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება გ. ხ-ის მიწის ნაკვეთი, ხოლო სამხრეთ მხარეს ზაურ და ჟორა რევიშვილების მიწის ნაკვეთები. წარმოდგენილ პროექტში არ არის მითითებული კოორდინატები. ექსპერტიზისათვის წარმოდგენილ ტექ. ბიუროს გეგმაზე, მითითებულია თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული, ...ის ქ. №275-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები (იხ. დანართში №1). აღნიშნულ გეგმაზე მითითებულია პირობითი კოორდინატები. ფაქტიურად არსებული და ტექ. ბიუროს გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზის მიერ გაორიენტირებული იქნა თ. ნ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობა (იხ. დანართი №2). ს/კ №... მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ს/კ №... მიწის ნაკვეთი, დასავლეთ მხარეს - ...ას ქუჩა, ხოლო დანარჩენ მხარეებზე დღეისათვის საჯარო რეესტრში ელექტრონულად დაურეგისტრირებელი ტერიტორია. ს/კ №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ - აღმოსავლეთ მხარეს დარეგისტრირებულია ს/კ №... მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფ. ...ის ქ. №275) მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ს/კ №... მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 526,00 კვ.მ-ს, რომელიც წარმოადგენს ე. ნ-ის საკუთრებას. ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №17ა-ს მიმდებარედ არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ს/კ №... მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3505,00 კვ.მ-ს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. ობიექტის ადგილზე დათვალიერებისას ჩატარებული აზომვების მონაცემების, საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციებისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დადგინდა შემდეგი: ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფ. ...ის ქ. №275) განლაგებული მიწის ნაკვეთი, ექსპერტიზისათვის წარმოდგენილი ტექ. ბიუროს გეგმის (20.01.1980) და ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით გაორიენტირებული მდებარეობის შესაბამისად, გადაფარვას ახდენს ს/კ №... მიწის ნაკვეთთან 935,53 კვ.მ-ზე, სრულად მოიცავს ს/კ №... მიწის ნაკვეთს და საჯარო რეესტრში ელექტრონულად დაურეგისტრირებელ ტერიტორიას - (4,40+15,03+162,64) 182,07 კვ.მ-ს.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით პალატამ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ერთგვარად ფორმალურად მიუდგა საკითხს, როცა სრულყოფილად არ შეისწავლა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, პირველ რიგში კი, მასთან დაცული - ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემები და არ შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ქონებისა და ტექ. აღრიცხვის მონაცემებს შორის შესაბამისობა.

სააპელაციო პალატის მითითებით, საბჭოთა კავშირში შემავალი სოციალისტური რესპუბლიკები, მათ შორის საქართველოც, კერძო საკუთრების უფლებას ფაქტიურად არც აღიარებდა და საკუთრების უფლებაში მოიაზრებდა სახელმწიფო და კოლექტიური დაწესებულებების (კოლმეურნეობები, პროფკავშირული თუ სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები) საკუთრებას. თუმცა საბჭოთა იდეოლოგია ბოლომდე ვერ გაექცა კერძო საკუთრების არსებობის აუცილებლობას, რადგან ადამიანს, მათ შორის საბჭოთა ადამიანსაც, ესაჭიროებოდა არსებობისთვის აუცილებელი ნივთები, პირველ რიგში საცხოვრებელი ადგილი, სოფლად ამას მიწის ნაკვეთის ქონის აუცილებლობაც ემატებოდა. კერძო საკუთრებაში გარკვეული უძრავი ქონების არსებობის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა მათი აღრიცხვის საკითხი, რისი მარეგულირებელი ნორმებიც აისახა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამოქალაქო სამართლის კოდექსში. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის მიხედვით, ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და რეგისტრირებული მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში, სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დამოწმების დღიდან. ხოლო თუ საცხოვრებელი სახლი მდებარეობდა სოფელში, ხელშეკრულება დადებული უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმით (ანუ სანოტარო წესით დამოწმება არ იყო სავალდებულო) დარეგისტრირებული უნდა ყოფილიყო მშრომელთა დეპუტატების სასოფლო საბჭოში. საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას. ....რეგისტრაციის მომენტს უკავშირდებოდა არა საკუთრების უფლების, როგორც სამართლებრივი კატეგორიის წარმოშობა, არამედ ხელშეკრულების დადება/ძალაში შესვლა. რეგისტრაცია წარმოშობდა არა უფლებას, არამედ ადასტურებდა ხელშეკრულების დადების ფაქტს (რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს უკავშირდებოდა უფლების წარმოშობა) და წარმოადგენდა კონკრეტული ხელშეკრულების დადების (ნების გამოვლენის) კანონით დადგენილ ფორმას. ამ საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მითითებული კოდექსის თანახმად, მოქალაქეს პირად საკუთრებაში შეიძლება ჰქონოდა ერთი საცხოვრებელი სახლი (ან ერთი სახლის ნაწილი). ზღვრული ოდენობა საცხოვრებელი სახლისა (ან მისი ნაწილისა), რომელიც შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს პირად საკუთრებად არ უნდა ყოფილიყო 60 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობის შემთხვევაში და 40 კვ.მ-ზე მეტი დამხმარე ფართობის შემთხვევაში. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდა ის შემთხვევა, როცა მეორე შენობა გამოიყენებოდა მესაკუთრისა და მისი ოჯახის წევრების დასასვენებლად ან სამკურნალო მიზნით საკურორტო თუ სააგარაკო ადგილსამყოფლად. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგისტრაციის სავალდებულოობა გათვალისწინებული იყო მხოლოდ საცხოვრებელი სახლის (ბინის) ყიდვა-გაყიდვის, ჩუქების, გაცვლის, დაგირავების და არა ზოგადად უძრავი ქონების განკარგვის შემთხვევებისთვის, ხოლო თავის მხრივ, საცხოვრებელი სახლისთვის დადგენილი იყო ფართის (რაოდენობის) ზღვრული ოდენობები, ცხადი გახდება, რომ რეგისტრაციას საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, ჰქონდა კონკრეტული ფუნქცია და მიზანი - შენარჩუნებული და გაკონტროლებული ყოფილიყო კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების (ბინების) ფართების მიმართ კანონით დადგენილი ზღვრული მოთხოვნები. ანუ, ამ ხელშეკრულებების რეგისტრაციის დანიშნულება კერძო საკუთრების შეზღუდვის და ამ შეზღუდვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორცილების ფუნქცია და მიზანი იყო; საბჭოთა სახელმწიფო იმდენად ერეოდა საკუთრების უფლებაში, რომ იგი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, მოქალაქეებს შორის, მიუხედავად მათი შესაძლებლობისა, თანაბრად გაენაწილებინა საკუთრება. საბჭოთა სახელმწიფომ, „ზუსტად იცოდა“, თუ რამდენი და როგორი პირადი საკუთრება სჭირდებოდა საბჭოთა მოქალაქეს პირადი მოხმარებისთვის. ეს ფუნქცია გათვალისწინებულია ასევე, საბჭოთა პერიოდში მოქმედი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების საქმიანობის საფუძვლებშიც, რომლებშიც აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები მიმდებარე მიწის ნაკვეთებით, ინდივიდუალური ბინები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები (თითოეული ოთახისა და მისი ფართის მითითებით). ამ შემთხვევაში, როგორც სახელწოდებაც მეტყველებს, ძირითადი აქცენტი უშუალოდ უძრავი ნივთის აღრიცხვა/აღწერაზე იყო გაკეთებული და უფლების წარმოშობას არ განაპირობებდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში უძრავი ქონების აღრიცხვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკური აღრიცხვის ბიურო გარკვეული პერიოდი კიდევ არსებობდა, როგორც აქტიური და განსაზღვრული სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანო და ერთბაშად ვერ მოხერხდა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების ინსტიტუტის დანერგვა. შესაბამისად, შეიქმნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებისა, რომლებიც ეხებოდა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს და რომლებიც ცდილობდნენ მის „გადაყვანას“ ახალი სინამდვილის მოთხოვნებზე. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს დააკისრა საქართველოს 1997 წლის 26 ივნისის ახალმა სამოქალაქო კოდექსმა დროებით საჯარო რეესტრის ფუნქციის განხორციელება, ზოგიერთი სანივთო უფლების სამართლებრივი ბედი დაუკავშირა რა საჯარო რეესტრში რეგისტრაციას (საკუთრება, აღნაგობა, უზუფრუქტი, იპოთეკა). გარდამავალი პერიოდისთვის ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იყო, რომ „საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე. ამასთან, მიწის ნაკვეთების ყოველი ახალი შეძენის რეგისტრაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოხდეს მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში...“ გარდა ამისა, იქვე აღნიშნულია: „საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე კოდექსით ამ სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა.“ ამდენად, სამოქალაქო კოდექსმა გარდამავალი პერიოდისთვის (სანამ შეიქმნებოდა საჯარო რეესტრის ფუნქციის მქონე ორგანო – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საჯარო რეესტრის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფუნქციები ფაქტიურად გაუნაწილა ორ დაწესებულებას: ტექნიკური აღრიცხვის სამსახურსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავისი გეოგრაფიული ზონის ორგანოებით – მიწის რეგისტრატურებით. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებმა არსებობა დაასრულეს 2004 წელს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს გადაეცა ასევე ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება. ამავე წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. თუმცა სააგენტოს შექმნით, ტექ. ბიუროებს მნიშვნელობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ბოლო დრომდე უფლებათა რეგისტრაციისას აქტიურად გამოიყენება მისი არქივი, მეტიც, კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ტექ. ბიუროში დაცული მასალები შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველიც გახდეს (მაგ: მართლზომიერი მფლობელობის დროს საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ა.შ.). მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურებსა და სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოს შორის თითქმის ურთიერთსაწინააღმდეგო განსხვავებაა უფლებათა დაცვისა და წარმოშობის კუთხით, სასამართლო პრაქტიკამ ამ ორგანოებს შორის სამართალმემკვიდრეობისა და ტექ. აღრიცხვის სამსახურებში დაცული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმციის არსებობის საკითხები დადებითად გადაწყვიტა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ცნობილ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ. განჩინებაში აღნიშნულია: „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე არსებულ უფლებათა აღრიცხვა-რეგისტრაცია...” და რომ „კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის მიჩნევის სამართლებრივი წინაპირობა, რადგან ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს დარჩენილი ქონება, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი, არქივი, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება. შექმნილი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს მსგავსი უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება ასევე იმ დროს მოქმედი ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერების მიმართ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლი)“ (უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პრობლემატიკა გარდამავალ პერიოდში, ისტორიული გენეზისი, რევაზ მიქაბერიძე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამეცნიერო ჟურნალი ქ. თბილისი, დეკემბერი №4, 2015 წ.).

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, როცა ე. ნ-ის უფლების დამადასტურებლად წარმოდგენილია 1911 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმების (საქართველოს გასაბჭოების შემდეგ), უკვე ტექინვენტარიზაციის ბიუროში დაცული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 1972 წლიდან ქონებაზე აღრიცხულია ჯერ თ. ნ-ის, ხოლო შემდეგ ო. ნ-ის უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ში/ყოფილი ...ი ქ. №275 და როცა როგორც სადავო აქტების გამოცემის, ისე მოქმედი კანონმდებლობით მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტად მიიჩნევა უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ ე. ნ-ეს, არ გააჩნდა უფლების დამდგენი დოკუმენტი სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე, მაშინ როცა მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტები, რაზეც ე. ნ-ე ამყარებდა თავის მოთხოვნას და მით უფრო, არ შეუფასებია ტექაღრიცხვის მასალებში დაცული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს შორის შესაბამისობა (იხ. ექსპერტიზის დასკვნა). გარდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა/არქონის ფაქტის სრულყოფილად შეუფასებლობისა, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობის მიღმა დატოვა უძრავ ნივთზე ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის საკითხიც და არ გამოარკვია, ე. ნ-ის და მისი მამკვიდრებლის მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლის დანაწესის გავრცელების შესაძლებლობა. აღნიშნული საკითხი კი საჭიროებს შეფასებას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 167-ე მუხლში ნათქვამია, რომ თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს. ამავე კოდექსის 1507.4 მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის 165-168-ე მუხლებით გათვალისწინებული ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ვადა აითვლება 1993 წლის 23 ივლისიდან – „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებიდან. „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 15 ივლისის კანონის (ამოქმედდა 1993 წლის 23 ივლისიდან) მე-6 მუხლის თანახმად კი, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის ქონების მესაკუთრე, მაგრამ სათანადო რეგისტრაციის შემდეგ კეთილსინდისიერად და ღიად, როგორც მესაკუთრე, ფლობს უძრავ ქონებას უწყვეტად სულ ცოტა თხუთმეტი წლის ან სხვა ქონებას ხუთი წლის განმავლობაში, იძენს ამ ქონების საკუთრების უფლებას.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე, მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებების შეუფასებლობის პირობებში, რაზეც წინამდებარე გადაწყვეტილებაშია მითითებული და რაც უკავშირდება ე. ნ-ის უფლებას სადავო უძრავ ქონებაზე, დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მტკიცება ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებისა და შესაბამისად, სადავო აქტების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (21.08.2018წ. №... და 23.10.2018წ. №... გადაწყვეტილებები) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის წინაპირობა, რა დროსაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების სრულყოფილი შესწავლის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გადასაწყვეტი საკითხი განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რაც უნდა მოწესრიგდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად გამოკვლევის შედეგად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. განცხადების განხილვის დროს, უმთავრესია გამოკვლეულ იქნეს როგორც ე. ნ-ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივის მონაცემებით და წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, ისე უფლების დამდგენ დოკუმენტთან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების შესაბამისობის საკითხი (კონფიგურაცია, საზღვრები და ა.შ.). აღნიშნული საკითხების შეფასება კი, სცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს და საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის მოწესრიგებას.

პალატის განმარტებით, სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე მოსარჩელის იმ მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვასა და გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას, რომელიც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას დააკმაყოფილოს მოსარჩელე ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადება 695,86 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... და 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა, განაპირობებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობასაც, ვინაიდან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არ იყო მოკლებული შესაძლებლობას, უზრუნველეყო შესაბამის კონტროლი და აღმოეფხვრა სადავო აქტების გამოცემის დროს დაშვებული ხარვეზები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ აღნიშნა, რომ „ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №17ა-ს მიმდებარედ 3937 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 12 ნოემბრის №1/3-964 ბრძანებით, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა განხორციელებულიყო ქ. ქუთაისში, ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3 937 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და ელ. ვერსიის შესაბამისად. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანებით, რომელიც სადავოა განსახილველ საქმეზე, ცვლილება შევიდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 12/11/2015 წლის №1/3-964 ბრძანების სათაურში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ქალაქ ქუთაისში, ...ას ქ. №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“. ამავე ბრძანებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 12/11/2015 წლის №1/3-964 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა განახორციელოს ქუთაისში, ...ას ქ. №17ა-ს მიმდებარედ 3505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის და ელ. ვერსიის შესაბამისად“. საჯარო რეესტრის ამონაწერით (25.11.2015წ.) დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ს/კ ..., მესაკუთრეა სახელმწიფო. რეგისტრაციის საფუძველი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 18.11.2015 წლის №... ბრძანება.

პალატის მითითებით, იმ პირობებში, როცა სასამართლო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნობს ბათილად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებას და 2018 წლის 23 ოქტომბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას და ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად გამოცხადება, მით უფრო მაშინ, როცა სახელმწიფო სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებას. კერძოდ, ჯერ კიდევ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის 29-ე პუნქტი ითვალისწინებდა, რომ თუ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ მოთხოვნილია მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის მოპოვების მიზნით. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება ჩერდება, ხოლო იგი განახლდება და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ შესაბამისი ორგანოსგან პასუხის მიღების შემდეგ. მართალია, სიტყვა-სიტყვით იგივე ჩანაწერს აღარ შეიცავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანება, თუმცა აღნიშნული ბრძანებით გაიზარდა მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები და ახალი ინსტრუქციის 29-ე მუხლის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადებით, საკუთარი ინიციატივით ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების შეუსაბამობა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან, და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა (პუნქტი 3). სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული მცდარი საკადასტრო მონაცემები და შეუსაბამოს ისინი ნივთის ფაქტობრივ მდებარეობას (მათ შორის, შეამციროს მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართობი) იმ შემთხვევაშიც, თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია სხვა სანივთო უფლება, ვალდებულება ან საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, ან/და მესაკუთრე ან სანივთო უფლების/ვალდებულების მქონე პირი აღრიცხულია მოვალეთა რეესტრში (პუნქტი 4).

ამდენად, თუ საქმის ხელახალი გარემოებების გამოკვლევისას ადმინისტრაციული ორგანო დარწმუნდება, რომ არსებობს ე. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილების და მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი, მიუხედავად სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციისა, მარეგისტრირებელი ორგანო შეზღუდული არ იქნება უფლებაში - დააკორექტიროს სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული არასწორი სარეგისტრაციო ჩანაწერი.

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ე. ნ-ის 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა საქმის წარმოების ამ ნაწილში შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რაც მოცემულია წინამდებარე გადაწყვეტილებაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის უარყოფის ნაწილში, მოსარჩელეს ვერ ექნება იურიდიული ინტერესი აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიმართ. ინტერესის არარსებობა კი, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას ხდის დაუშვებელს, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ არ გამხდარა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში/ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც მას უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული აქტით დადგენილია, რომ სადაო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება დაუშვებელია, კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში/ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2018 წლის 02 აპრილის №15 განკარგულებით დგინდება, რომ „აღნიშნული ტერიტორია (ნაკვეთი) არ არის შემოღობილი და შესაბამისად მოქალაქეს არ უდასტურდება ფლობა და სარგებლობა“. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში /სარგებლობაში/ არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის მე-5 (1) მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ასეთი მიწის ნაკვეთები საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება. არსებული მოცემულობის პირობებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32.1 და 32.4 მუხლების საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები და დაავალა სარეგისტრაციო სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ სადავოდ არაა მიჩნეული მოთხოვილი რეგისტრაციის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი. შესაბამისად, გაურკვეველია, რა დამატებითი გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სარეგისტრაციო სამსახურმა არსებული გარემოებების პირობებში. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელის მიერ სადავო გამხდარი გადაწყვეტილებები, რაც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მათი მიღებისას არ დარღვეულა კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სზასკ-ის 60 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოს მინიჭებული აქვს საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებისა და სისტემატიზაციის უფლებამოსილებები (მუხლი 4, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „ა“). აღნიშნული უფლებების განხორციელების, კერძოდ კი, სხვა ორგანოებიდან (უფლებამოსილი პირისგან) დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიების წესი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართით არის დადგენილი (მუხლი 4, პუნქტები: 1, 2, 4). ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ-ლ“ ქვეპუნქტების, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 18.1 მუხლიდან გამომდინარე, რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტის, ასევე, რეგისტრაციის ზოგად პრინციპების გათვალისწინებით, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ უძრავ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ არის და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული. ამასთან, უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი მოცემულია როგორც „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტში, ისე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, რომლებიც დოკუმენტაციის/ინფორმაციის ასლებს, მათ შორის, სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო უწყებების ასლებს სარეგისტრაციო დოკუმენტებად არ განმარტავს. საყურადღებოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პირს არ უკრძალავს ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს დოკუმენტაციის/ინფორმაციის ასლები, თუმცა აღნიშნული მას არ ათავისუფლებს ამ დოკუმენტაციის/ინფორმაციის დედნების და/ან სათანადო წესით დამოწმებული ასლების წარდგენის ვალდებულებისგან. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნას „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე მუხლებზე, 23-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებები გამომდინარეობს №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო წარმოებაზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი: 07.07.2015წ.) დადგენილია, რომ ო. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო №... საკადასტრო კოდის მქონე დაზუსტებული 526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფ. ქ. ...ი) №27 (ყოფ. №275). უფლების დამდგენი დოკუმენტებია: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების 04.04.1986წ. №... მოწმობა, ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის №... 26.08.1987წ. გადაწყვეტილება და ქ. ქუთაისის მერის 16.10.2012წ. №1191 ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 57); ბ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №148 საკუთრების უფლების მოწმობით ო. ნ-ეს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი ფართობით 510 კვ.მ, მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ის მიმდებარედ (ტ. 4, ს.ფ. 71); გ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 აპრილის №107 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული №148 საკუთრების უფლების მოწმობა და 2016 წლის 25 აპრილის №22 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ო. ნ-ისთვის ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27ა-ს მიმდებარედ, ფართობით 510 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, განხილულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 06.03.2017წ. №17/10290 მიმართვა მოქალაქე ე. ნ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საკრებულოსთან არსებული მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოქალაქე ო. ნ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის (24.05.2016 წლის №148) საკითხს. როგორც მიმართვიდან ირკვეოდა, აღნიშნული მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს გადაფარვა მოხდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...). საკითხის შესწავლით გაირკვა, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების მოწმობის (24.05.2016 წლის №148) გაცემისა და კომისიის სხდომის ოქმის (25.04.2016წ. №22 ოქმი) თარიღისთვის, ფიზიკური პირი - ო. ნ-ე გარდაცვლილი იყო (გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი №..., გაცემული 23.03.2016წ.). ამავე განკარგულებით, შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ო. ნ-ის გარდაცვალების გამო, ხოლო ო. ნ-ის მემკვიდრეს დაუბრუნდა შეტანილი თანხა 1836,01 ლარი (ტ. 4, ს.ფ. 69); დ) 2016 წლის 18 ოქტომბერს ნოტარიუსმა ე. გ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა №..., რომლის თანახმად, ე. ნ-ე არის 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო სამკვიდრო ქონება გარდაცვლილი ო. ნ-ის დანაშთი - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათალი №1 - 228,72 კვ.მ, №2 - 23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე მისამართზე ქ. ქუთაისი, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი №275) (ტ.1, ს.ფ. 50-51); ე) საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზადების თარიღი 24.10.2016წ.) დადგენილია, რომ ე. ნ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 526 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ქუთაისი ...ას (ყოფ. ქ. ...ი), №27 (ყოფ. №275), საკადასტრო კოდი ..., უფლების დამდგენი დოკუმენტი - №... სამკვიდრო მოწმობა. (ტ.1, ს.ფ. 55); ვ) ქ. ქუთაისში ...ას №17ა-ს მიმდებარედ 3505.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №..., საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 25 ნოემბერი, უფლების დამდგენი დოკუმენტი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 18.11.2015 წლის №... ბრძანება (ტ.1, ს.ფ. 56, 29); ზ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 აპრილის №15 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №257 განკარგულება „ქალაქ ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის, მოქალაქე ე. ნ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“; ე. ნ-ეს უარი ეთქვა ქალაქ ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ის მიმდებარედ არსებული 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, საკუთრების უფლების აღიარებაზე და დაუბრუნდა გადახდილი მოსაკრებელი. განკარგულებში აღნიშნულია, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №257 განკარგულებით დაკმაყოფილდა ე. ნ-ის მოთხოვნა ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ის მიმდებარედ არსებული 502 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა ასევე დადგენილი მოსაკრებელი, მაგრამ წინა მოწვევის კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო, არ გაიცა საკუთრების მოწმობა. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 07.02.2018წ. №143 ბრძანებით შეიქმნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და შესაბამისად, გადაიბარა წინა მოწვევის კომისიაში არსებული დოკუმენტაცია. ახლანდელი კომისიის მიერ შესწავლილი და ადგილზე დათვალიერებულ იქნა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ტერიტორია და გაირკვა, რომ საკუთრება უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი ნამდვილად ემიჯნება ე. ნ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ...), მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან (ს/კ ...), მასზე განთავსებულია ბეტონის კონსტრუქციები. მოქალაქის განმარტებით, ამ ადგილას საბჭოთა პერიოდში იგეგმებოდა ...ის დადგმა. აღნიშნული ტერიტორია არ არის შემოღობილი და შესაბამისად, მოქალაქეს არ უდასტურდება ფლობა და სარგებლობა. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ პუნქტის, 51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ასეთი მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლებას არ ექვემდებარება (ტ.1, ს.ფ. 177-180); თ) 2018 წლის 19 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა ე. ნ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მისამართი - ქალაქი ქუთაისი, ...ას ქუჩა №27 (ტ.2, ს.ფ. 111-112); ი) 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილ იქნა: ე. ნ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლის - ნ. ზ-ის პირადი მონაცემების ამსახველი ინფორმაციის ასლები; №... (13.06.2018) რწმუნებულების ასლი (მარწმუნებელი: ე. ნ-ე, რწმუნებული: ნ. ზ-ე); №... (18.10.2016) სამკვიდრო მოწმობის ასლი, რომლითაც ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებლის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების (აქტივები და პასივები, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ჩამონათალი №1 - 228,72 კვ.მ, №2 - 23,2 კვ.მ, 526 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე ქ. ქუთაისში, ...ას (ყოფილი ...ი) ქ. №27 (ყოფილი №275)) მემკვიდრედ; გეგმის ასლი (მითითებულია ...ის №275); სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო უწყებების ასლები (დათარიღებულია: 4/II/1982, 28/I/1983, 28/I/1976 წლებით); ამონარიდების ასლები ...ის №275-ის სახლთმფლობელის ასახვით; 1911 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული სააქტო ქაღალდის ასლი; შენობა-ნაგებობ(ებ)ის ტექნიკური მაჩვენებლების ასლი (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ბიუროს ბეჭდის ასლზე მითითებულია №3/16, 19.1.1973)); კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ასლი; ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანების ასლი, რომლითაც არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქნა გამოცხადებული „...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ“ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება; ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.01.2008 წლით დათარიღებული №22/34-227 პასუხის ასლი ო. ნ-ის მიმართ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით, პირველადი ინვენტარიზაციით, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად შეადგენდა 1723 კვ.მ-ს, მაგრამ 1985 წლის 6 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ მიწის ნაკვეთს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება; ინდ. მეწარმე „თ. ფ-ის“ 14.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ტ.2, ს.ფ. 111-144, 235-240); კ) „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ 2018 წლის 25 ივნისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ეთხოვა მხოლოდ ერთი ნაკვეთის ფაილების ამსახველი და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის წარდგენა (ტ.2, ს.ფ. 98-99, 235-240); ლ) 2018 წლის 28 ივნისს განმცხადებლის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა ინდ. მეწარმე „თ. ფ-ის“ 26.06.2018 წლის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საქალაქო საბჭოს აღმასკომის პასუხის ასლი ო.ბ. ნ-ის მიმართ (მითითებულია ,,22.03.84’’) აღმასკომის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს მიერ სახლის გამოყოფილ ადგილზე გადატანისა და შემდეგ მისი დაკანონების განმარტებასთან დაკავშირებით (ტ.2, ს.ფ. 235-240); მ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (04.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, სააგენტოს საინფორმაციო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო სამსახურის 2018 წლის 4 ივლისს მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №...-06 გადაწყვეტილება და განმცხადებელს ეცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ. 57, 93, 235-240); ნ) სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის №... (06.07.2018) სამსახურებრივი ბარათით, №... (04.07.2018) სამსახურებრივ ბარათზე პასუხად, მარეგისტრირებელ ორგანოს ეცნობა, რომ ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით №... განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავი ნივთი, 29.06.2018 წლის მდგომარეობით ზედდებაშია რეგისტრირებულ მონაცემთან საკადასტრო კოდით .... სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობების მიწათსარგებლობის გეგმები), წარდგენილი მიწის ნაკვეთის თაობაზე აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება. მითითებულ განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, რომელზეც სააგენტოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. სამსახურებრივ ბარათზე თანდართულია 29.06.18 წლით დათარიღებული სიტუაციური ნახაზი (ტ.1. ს.ფ. 28, ტ.2, ს.ფ. 235-240); ო) „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (12.07.2018) მიმართვით, ე. ნ-ის სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებული საკითხი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში გაეგზავნა ქალაქ ქუთაისის მერიას, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ არის წარდგენილი და ვერც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ვერ იქნა მოძიებული უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც, გადაწყვეტილება მიიღება ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ. 66, 89, 235-240); პ) №... სარეგისტრაციო წარმოებაზე 2018 წლის 13 ივლისსა და 18 ივლისს დამატებით წარდგენილ იქნა ე. ნ-ის წარმომადგენლის - ნ. ზ-ის პირადი განცხადება მედიატორის დანიშვნისა და საგადასახადო სიების მოძიების მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ. 235-240); ჟ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის №... (23.07.2018) მიმართვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქუთაისის მუნიციპალიტეტში ფიქსირდებოდა თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბრამდე. ასევე შემოსავლების სამსახურს ეთხოვა მათზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის (წლების მიხედვით) მიწოდება, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (23.07.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაწყვეტილება მიიღებოდა ზემოაღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე. ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ განმცხადებელს თავად შეეძლო დამატებით წარედგინა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარდგენილი/მოძიებული დოკუმენტაციის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარსადგენი გამხდარიყო სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოცემულ განცხადებაზე გადაწყვეტილების მისაღებად (ტ.2, ს.ფ. 65, 92, 235-240); რ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/95848 (25.07.2018) პასუხით, მარეგისტრირებელ ორგანოს №... (23.07.2018) მიმართვაზე ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება და მისამართის მითითება (ტ.1. ს.ფ. 186, ტ.2, ს.ფ. 235-240); ს) №... სარეგისტრაციო წარმოებაზე, 2018 წლის 31 ივლისს, დამატებით წარდგენილ იქნა ე. ნ-ის წარმომადგენლის ნ. ზ-ის პირადი განცხადება, გადაწყვეტილების 1911 წლის 20 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღების მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ. 235-240); ტ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა №... (06.08.2018) მიმართვით დააზუსტა მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს ეთხოვა ინფორმაციის მიწოდება, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში ფიქსირდებოდა თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბერამდე, ხოლო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (06.08.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარმოება განახლდებოდა №... (06.08.2018) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (ტ.2, ს.ფ. 58, 94, 235-240); უ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-02-1/105280 (15.08.2018) პასუხით, მარეგისტრირებელ ორგანოს №... (06.08.2018) მიმართვაზე ეცნობა, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა (ტ.1. ს.ფ. 184, ტ.2, ს.ფ. 235-240); ფ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №01/18388 (15.08.2018) პასუხით მარეგისტრირებელ ორგანოს ინფორმაციის სახით მიეწოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის №15 (02.04.2018) განკარგულების ასლი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 502 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის (10.06.2017) ელ. ვერსიასთან ერთად, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე უძრავ ნივთზე ე. ნ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ №257 (09.11.2017) განკარგულება (ტ.1. ს.ფ. 181, ტ.2, ს.ფ. 235-240); ქ) სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (21.08.2018) გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ გადაწყვეტილება მიიღებოდა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნილ №... (12.07.2018) მიმართვაზე პასუხის მიღებისთანავე (აღიარება) (ტ.2, ს.ფ. 95, 235-240); ღ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ე. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (21.08.2018) გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების დასაბუთებაში ასახულია, რომ საქმეში არსებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო იზიარებს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მართებულობას განმცხადებლისთვის ეცნობებინა, რომ სარეგისტრაციოდ არ წარდგენილა სარეგისტრაციო დოკუმენტი და განმცხადებელი უფლებამოსილია თვითონ, დამატებით წარადგინოს საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტი. სააგენტო იზიარებს აგრეთვე, მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედების მართებულობას, საკითხი გადაეგზავნა აღიარების კომისიაში და მიეღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... (12.07.2017) და შემდგომ, №... (21.08.2018) გადაწყვეტილებები (ტ.1, ს.ფ. 15-22); ყ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 17 ოქტომბრის №01/22581 პასუხით სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულ ოფისს №... (21.08.2018) მიმართვაზე (აღნიშნული მიმართვით მერიას გადაეგზავნა ე. ნ-ის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია (ტ.2. ს.ფ. 60)) ეცნობა, რომ №01/18388 (15.08.2018) პასუხით უკვე გაეგზავნა კომისიის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნულიდან გამომდინარე, №... (21.08.2018) შუამდგომლობა დარჩა განუხილველი (ოქმი №14, თარიღი: 05.10.2018, საკითხი №6) (ტ.1. ს.ფ. 185, ტ.2, ს.ფ. 235-240); შ) ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ, 2018 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე. ნ-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 87-88, 235-240); ჩ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2018 წლის 23 ოქტომბრის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით (ტ.2, ს.ფ. 235-240).

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოითხოვდა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 23 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილება; ე) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დააკმაყოფილოს მოსარჩელე ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განცხადება 695.86 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ვ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანება; ზ) დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ე. ნ-ის 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; თ) ნაწილობრივ (გადაფარვის ნაწილში) ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 ნოემბრის №... ბრძანება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელზე დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალებას. სხვა ნაწილში ე. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ე. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილება და 2018 წლის 23 ოქტომბრის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. დაევალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე. ნ-ის 2018 წლის 19 ივნისის №... სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებით. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის №... და 2018 წლის 22 ნოემბრის №... გადაწყვეტილებები. ამავე გადაწყვეტილებით, ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 03 მაისის №1-1/216 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2018 წლის 27 აგვისტოს №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალდებულების ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის) ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) (1) განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. (2) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). კანონის 4.1 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების ერთობლიობა. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების შექმნის საფუძველი - უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. აღნიშნული ფუნქცია ხაზს უსვამს მის უმთავრეს დანიშნულებას - სწორად ასახოს რეგისტრაციას დაქვემდებარებული ყოველგვარი უფლება, მათ შორის საკუთრების უფლება და მათი მდგომარეობა, იყოს რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტი, რა უფლებაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად აღიარებული და ხელშეუვალია.

რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია სარეგისტრაციო წარმოების ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის შესახებ. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის მას უნდა ჰქონდეს ამ ქონების კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლები.

ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტით რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების, ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სარეგისტრაციო დოკუმენტი უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ის პირდაპირ კავშირშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ და უზრუნველყოფილ საკუთრების უფლებასთან. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტის მნიშვნელობაზე მიუთითებს ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... განცხადებით მიმართა ე. ნ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე 695,86 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. გასაჩივრებული სადავო აქტების მიხედვით, ე. ნ-ეს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი ეთქვა სარეგისტრაციო უძრავ ქონებაზე საკუთრების ან/და მართლზომიერი მფლობელობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტის წარუდგენლობის გამო, ასევე იმ დასაბუთებით, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ე. ნ-ის განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე კანონის 41 მუხლის შესაბამისად, (1) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. (2) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

დადგენილია, რომ ე. ნ-ის მიერ სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები: ა) 1911 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული საარქივო ქაღალდი, რომლის თანახმად ი. რ-მა მიჰყიდა ვ. მ-ს და დ. რ-ს მიწის ნაკვეთი (დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. ნ-ე (მ-ი) იყო ვ., დ. მ-ის რძალი. 1986 წელს აწ/გ ო. ნ-ემ მემკვიდრეობა აღიდგინა მისი დის თ. ნ-ის (მ-ის) დანაშთი ქონებიდან. მოსარჩელე ე. ნ-ე ცნობილია 23.03.2016 წელს გარდაცვლილი მამკვიდრებელის - ო. ნ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ (ტ.1. ს.ფ. 135-136); ბ) ქ. ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს 1984 წლის 22 მარტის წერილი, რომლის თანახმად, ო. ნ-ის განცხადებაზე, სახლის აღრიცხვაზე აყვანის და მემკვიდრეობის აღდგენის მოთხოვნით, ქ. საქალაქო საბჭოს აღმასკომს ეცნობა, რომ სახლი, მდებარე ...ას №27/...ის ქ. №275-ში აღრიცხულია თ. ნ-ეზე (საკუთრების საფუძველი 12.02.73წ. დამტკიცებული პროექტი) - განმცხადებლის დაზე (გარდაცვლილია). საქალაქო საბჭოს აღმასკომის 27.04.83 წ. №10.14.247 გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ სახლი გადატანილ უნდა იქნას ...ას ქ. №18-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე. „...ს“ დაევალა თ.ბ. ნ-ის სახელზე რიცხული პროექტისა და ტექ. აღრიცხვის ბიუროს ანაზომ-გეგმების მიხედვით შეადგინოს სახლის გადატანის საპროექტო დოკუმენტაცია, ხოლო აღმასკომის სამშენებლო სარემონტო სამმართველომ უნდა გადაიტანოს სახლი გამოყოფილ ადგილზე. ახალ ადგილზე სახლის გადატანის შემდეგ საჭიროა მისი დაკანონება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აღდგეს მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეებზე (ტ.2. ს.ფ. 51, ტ.3. ს.ფ. 119); გ) ქუთაისის საქალაქო სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ო. ნ-ის განცხადება და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული გარდაცვლილი თ. ნ-ის (მცხ. ...ას ქ. №27) სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, ტექნიკური პროექტის მიხედვით. საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მაჩვენებლებია: პროექტით: მიწის ნაკვეთის ფართი 1723/ფაქტ/კვ.მ; ფაქტიურად: 524 კვ.მ (ტ.2.ს.ფ. 18-19); გ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მომზადებული, №TT... (22.05.2018) ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფილი ...ის ქ. №275, 273) ო. ნ-ეზე ირიცხება 524 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ფუნქცია გაურკვეველი) და მასზე განლაგებულია ლიტ. ,,ა“ შენობა-ნაგებობა. ცნობა-დახასიათებაზე დატანილია შენიშვნა, რომლის მიხედვით, ,,სააღრიცხვო მასალაში მიწის გრაფაში ფიქსირდებოდა 2024 კვ.მ, რომელიც გადახაზულია და მიწერილია 524 კვ.მ, ჩანაწერში (ფორმა 5) კი, მითითებულია 2024 კვ.მ, ხოლო გენ-გეგმა მასალაში არ ინახება, რის გამოც, მიწის ფაქტიური ფართობი გაურკვეველია. სააღრიცხვო მასალა, I-196-21, 06/08/1974”. ამასთან, 524 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი ფიქსირდება აგრეთვე, ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სააღრიცხვო ბარათში არსებულ 1986 წლის 4 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში, რომლის მიხედვით, თ. ნ-ე-მ-ის მემკვიდრედ მითითებულია ძმა - ო. ნ-ე, მცხოვრები ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275. შენიშვნა: მასალებში ინახება ქუთაისის აღმასკომის 26.08.1987წ. №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ...ას №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინა ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის (ტ.1.ს.ფ. 40, ტ.2. ს.ფ. 15); დ) ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანება, რომლითაც ქ. ქუთაისში, „...ას ქ. №18-ში არსებული მიწის ნაკვეთში მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ „ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება გამოცხადდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქუთაისის მერიაში განხილული იქნა ...ას ქუჩის №27 საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მოქალაქე ო. ნ-ის განცხადება 2012წ. 21.06. №..., რომლითაც ითხოვს საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქუჩის №27-ში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში გატარების მიზნით აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილების გაუქმებას. განცხადებისა და წარმოდგენილი მასალების ანალიზით ირკვევა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში, ყოფილი ...ის ქუჩა №275, მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს თხოვნა და თ.ბ ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გადატანისთვის გამოიყო ...ას ქ. №18-ში ყოფილი ...ის მე-18 შესახვევი მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც უნებართვოდ ჰქონდა მითვისებული გარდაცვლილ მ. რ-ს, რომელშიც ჩადგმული ჰქონდა უნებართვო სათავსო. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილება საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებაში, რითაც მოქალაქე ო. ნ-ეს, რომელსაც მემკვიდრეობა უკვე აღდგენილი ჰქონდა მისი დის - თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლზე, დაევალა ...ას ქ. №18-ში გადასატანი სახლის პროექტირების ხარჯები აენაზღაურებინა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოსათვის, ხოლო შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება სამშენებლო-სარემონტო სამმართველოსთვის/სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს შესრულებული ჰქონდა მხოლოდ საძირკველის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ სახლის მშენებლობა დაკონსერვდა მშენებლობისთვის საჭირო თანხების უქონლობის გამო. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 15 ნოემბერს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. ქუთაისში ...ას ქუჩა №27-ში /ყოფილი ...ი ქ. №275/ მდებარე მიწის ნაკვეთი, 524 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი ირიცხება მოქალაქე ო. ნ-ის სახელზე, რომელსაც ადევს შენიშვნა: „მასალები ინახება საქართველოს საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 26 აგვისტოს №... გადაწყვეტილება, რის საფუძველზე ...ას ქუჩა №27-ში ო. ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი უნდა დაენგრიათ და სანაცვლოდ აეშენებინათ ...ას ქ. №18-ში გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, მაგრამ დანგრევის შესახებ ჩანაწერები დაფიქსირებული არ არის“. რაც შეეხება ...ას ქუჩის №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ერთი საცხოვრებელი ოთახი ფართობით 18,27 კვ.მ განთავსებულია 475 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მოქალაქე გ. რ-ისგან შეძენილი აქვს მოქალაქე მ. კ-ეს, რომელსაც ქალაქის მთავარი არქიტექტურის 1996 წლის 17 ივლისის №17 ბრძანებით დამტკიცებული ტექ. პროექტის საფუძველზე აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლი და ცხოვრობს ოჯახით. ამდენად, რადგან საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილება არ შესრულებულა და მოქალაქე ო. ნ-ის საცხოვრებელი სახლი რეალურად არ იქნა აღებული და იგი დღემდე განაგრძობს ოჯახით ცხოვრებას მითითებულ მისამართზე, ასევე ...ას ქ. №18-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მფლობელი მოქალაქე მ. კ-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე არის კეთილსინდისიერი შემძენი და შესაბამისად, მართლზომიერად ფლობს აღნიშნულ უძრავ ქონებას, არის წინაპირობა იმისა, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილების შესრულება ამჟამინდელი მდგომარეობით შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო (ტ.1. ს.ფ. 61, ტ.2. ს.ფ. 16-17, 22, ტ.3. ს,ფ, 121); დ) 2008 წლის 16 იანვრის №22/34-227 წერილი, რომლის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურმა ო. ნ-ეს, მისი 2008 წლის 10 იანვრის №266 განცხადების პასუხად, რომლითაც იგი ითხოვდა ინფორმაციას უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ქუთაისი, ...ას ქ. №27-ში, აცნობა, რომ ქ. ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტებით პირველადი ინვენტარიზაციით აღნიშნული მიწის ნაკვეთი ფაქტიურად შეადგენდა 1723 კვ. მეტრს, მაგრამ 1985 წლის 06 ნოემბრის №22/35-812 ქ. ქუთაისის ლენინის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაკანონდა 524 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, დარჩენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით კი, ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საქმეში ინფორმაცია არ მოიპოვება (ტ.1. ს.ფ. 39).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადვაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ მიწის მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას), კერძოდ, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

საყურადღებოა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის დღეისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები განმარტებულია შემდეგნაირად (მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი) – 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია (შემდგომ − განაწილების სია) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია (შემდგომ − საგადასახადო სია), სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

ამდენად ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტებად განიხილება მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია და ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი ან/და მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი. მოცემულ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო ტექაღრიცხვის ბიუროს სააღრიცხვო ბარათები, რომლთა მიხედვით, თ. ნ-ეს აწერია 1972 და 1973 წლებში მიწა საერთო ფართობით - 1734 კვ.მ, შენობის, ბუჩქნარების და ა.შ. ქვეშ არსებული მიწა - 150 კვ.მ. 1974 წლის სააღრიცხვო ბარათზე გადაშლილია 1734 და მიწერილია 2024. სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, 1974, 1976 და 1977 წლებში თ. ნ-ეს აწერია მიწა საერთო ფართით 2024 კვ.მ, შენობის, ბუჩქნარების და ა.შ. ქვეშ არსებული მიწა - 124 კვ.მ. მიწა, რომლიდანაც გამოიანგარიშება საშემოსავლო გადასახადი 1900 კვ.მ. სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, 1984 და 1985 წლებში ნ-ე თ. და ნ-ე ო. აწერიათ მიწა საერთო ფართობით - 2024 კვ.მ, შენობის ბუჩქნარების ქვეშ და ა.შ. არსებული მიწა - 124 კვ.მ (1985 წლის გასწვრივ აღნიშნულია, რომ ნ-ე თ. გარდაცვლილია) (ტ.2. ს.ფ. 187-193). გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო საქართველოს სსრკ ფინანსთა სამინისტროს საგადასახდელო უწყებები, კერძოდ, 1982 წლის 04 დეკემბრის საგადასახდელო უწყება, სერია №... (ტ.1. ს.ფ. 47) და 1983 წლის 28 იანვრის საგადასახდელო უწყება, სერია №... (ტ.1. ს.ფ. 49), რომელთა მიხედვითაც, ო. ნ-ეს (...ის რაიონი, ქუთაისი, ...ის ქ. 275) სულ მიმდინარე საშემოსავლო გადასახდელი აქვს 26,60 მანეთი. ამავე უწყებების მეორე გვერდზე მოცემულია გადასახადის გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი, რომელზედაც გამოანგარიშებულია გადასახადი შეადგენს 1900 კვ.მ-ს. ანალოგიურ მონაცემებს შეიცავს 1976 წლის 28 იანვრის საგადასახდელო უწყებაც №10/4, სერია №..., იმ განსხვავებით, რომ გადასახადის გადამხდელად მითითებულია ნ-ე თ. (ტ.1. ს.ფ. 48). შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს №... (06.08.2018) მიმართვაზე, რომლითაც იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ითხოვდა ინფორმაციას ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში ფიქსირდებოდა თუ არა თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად 2007 წლის 20 სექტემბერამდე, ეცნობა, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახებოდა, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ცალსახად მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე თ. ნ-ე (მ-ი) და ო. ნ-ე წარმოადგენდნენ გადასახადის გადამხდელს და ამასთან, გადასახადის გადახდა ხდებოდა 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 14 იანვრის №000186222 ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფ. ...ის ქ. №275) განლაგებული მიწის ნაკვეთი, ექსპერტიზისათვის წარდგენილი ტექ. ბიუროს გეგმის (20.01.1980) და ფაქტიური მდგომარეობის მიხედვით, გაორიენტირებული მდებარეობის შესაბამისად, გადაფარვას ახდენს ს/კ №... მიწის ნაკვეთთან 935,53 კვ.მ-ზე, სრულად მოიცავს ს/კ №... მიწის ნაკვეთს და საჯარო რეესტრში ელექტრონულად დაურეგისტრირებელ ტერიტორიას - (4,40+15,03+162,64) 182,07 კვ.მ-ს. ექსპერტიზისათვის წარდგენილ იქნა, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში მდებარე ს/კ №... მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს არსებული ტერიტორია. ასევე, წარდგენილ იქნა ტექ. ბიუროს გეგმა (20.01.1980) და საცხოვრებელი ბინის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი (19.01.1973). ამ უკანასკნელი დოკუმენტის მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ის ქ. №275-ში მდებარე, თ. ნ-ის მიწის ნაკვეთის ფართობი ფაქტიურად შეადგენს 1723 კვ.მ-ს. ტექ. ბიუროს გეგმაზე, მითითებულია თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული, ...ის ქ. №275-ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების ზომები. ფაქტიურად არსებული და ტექ. ბიუროს გეგმაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტიზის მიერ გაორიენტირებული იქნა თ. ნ-ის მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ს/კ №... მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს ესაზღვრება ს/კ №... მიწის ნაკვეთი, დასავლეთ მხარეს - ...ას ქუჩა, ხოლო დანარჩენ მხარეებზე დღეისათვის საჯარო რეესტრში ელექტრონულად დაურეგისტრირებელი ტერიტორია. ს/კ №... მიწის ნაკვეთის მიმდებარედ - აღმოსავლეთ მხარეს დარეგისტრირებულია ს/კ №... მიწის ნაკვეთი. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №27-ში (ყოფ. ...ის ქ. №275) მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ს/კ №... მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 526,00 კვ.მ-ს, რომელიც წარმოადგენს ე. ნ-ის საკუთრებას. ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №17ა-ს მიმდებარედ არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ს/კ №... მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 3505 კვ.მ-ს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას.

რაც შეეხება, იმ ფაქტს, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილებით, ...ისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძის მოწყობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებისათვის გამოიყო 39,0 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რის გამოც აღებას ექვემდებარებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ...ას ქ. №27-ში, ყოფილი ...ის ქუჩა №275, მდებარე მოქალაქე ო. ნ-ის დის, გარდაცვლილი თ.ბ. ნ-ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ოჯახით ცხოვრობდა მოქალაქე ო. ნ-ე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა კომლის ან ოჯახის ყველა წევრის სხვა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას გადასახლება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთით შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. ამასთან, 39-ე მუხლით გათვალისწინებული იყო მოქალაქეთა მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის წესი, რომლის თანახმად, გარდა ამ კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხდებოდა მიწის ნაკვეთის გამომყოფი ორგანოს გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილებაში უნდა აღნიშნულიყო მიწათსარგებლობის უფლების შეწყვეტის ვადა, განსაზღვრულიყო მიწის ნაკვეთის შემდგომი გამოყენების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მასზე განლაგებული შენობების, ნაგებობების, ნათესებისა და ნარგავების გამოყენების პირობები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქალაქო საბჭოს აღმასკომის კეთილმოწყობის სამმართველოს თხოვნა და თ.ბ ნ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის გადატანისთვის გამოიყო ...ას ქ. №18-ში (ყოფილი ...ის მე-18 შესახვევი) მდებარე მიწის ნაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 გადაწყვეტილება არ შესრულებულა, ო. ნ-ის საცხოვრებელი სახლი რეალურად არ იქნა აღებული და იგი უწყვეტად განაგრძობდა ოჯახით ცხოვრებას მითითებულ მისამართზე. სწორედ აღნიშნული საფუძვლით, ქალაქ ქუთაისის მერის 2012 წლის 16 ოქტომბრის №1191 ბრძანებით ქ. ქუთაისში, ...ას ქ. №18-ში არსებული მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილება გამოცხადდა არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1983 წლის 14 აპრილის №9.10.208 და 1983 წლის 27 აპრილის №10.14.247 გადაწყვეტილებები არ წარმოადგენს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ მოსარჩელის მამკვიდრებლებმა და შესაბამისად მოსარჩელემ სადავო მიწის ნაკვეთზე დაკარგეს მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. დღეისათვის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი განმარტებულია, როგორც ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის გამო ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სახეზე უნდა იყოს თვით მფლობელობა (სარგებლობა). მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერად მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. მართლზომიერი მფლობელობისთვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას/სარგებლობას (სუსგ 31.01.2013წ. საქმე №ბს-22-22(კ-12), 08.05.2014წ. საქმე №ბს-640-615(კ-13)). მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 2 აპრილის №15 განკარგულებით ე. ნ-ეს უარი თქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ფლობა და სარგებლობა, თუმცა სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №22) თავდაპირველად საკუთრებაში გადაეცა ო. ნ-ეს, ხოლო ამავე კომისიის 2017 წლის 9 ნოემბრის №257-ე განკარგულებით ე. ნ-ეს. მართალია, ორივე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ამავე კომისიის განკარგულებებით ბათილად იქნა ცნობილი, მაგრამ ორივე შემთხვევას საფუძვლად დაედო პროცესუალური საკითხი, კერძოდ, პირველ შემთხვევაში აღმოჩდა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ო. ნ-ე გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, საკუთრების უფლების მოწმობა ვერ იქნა გაცემული, რადგან უფლებამოსილება შეუწყდა გადაწყვეტილების მიმღებ კომისიას.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს უარი რეგისტრაციაზე, მარეგისტრირებელ ორგანოს სათანადოდ არ შეუფასებია ის დოკუმენტები, რაზეც ე. ნ-ე ამყარებდა თავის მოთხოვნას და მით უფრო, არ შეუფასებია ტექაღრიცხვის მასალებში დაცული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებს შორის შესაბამისობა.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ არის გამოკვლეული/დასაბუთებული სადავო აქტების გამოცემის საფუძველი და მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით, შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევას და შეფასებას კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის. ამრიგად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დადგენის, შესწავლისა და შეფასების ვალდებულების დარღვევით. სწორედ ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და შეფასებას, რაც სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საკითხის არსებითად გადაწყვეტას გამორიცხავდა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.08.2022წ. №45461 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე