Facebook Twitter

საქმე №ას-1278-2025 21 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.07.2025წ. განჩინებით სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - დამსაქმებელი ან სააგენტო ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.02.2025წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ჩ–ის (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელის 14.01.2022წ. N01/88 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია - 2000 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 15.02.2022წ.დან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 800 ლარი. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელე სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული 2011წ.-დან, ხოლო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა;

2.2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021წ. N05/05 ბრძანებით, სააგენტოს ახალი დებულება დამტკიცდა, რომლითაც მოპასუხის სტრუქტურული მოწყობა შეიცვალა, სააგენტოს მიზნები და ამოცანები დაზუსტდა. სააგენტოს გენერალური დირექტორის 25.11.2021წ. N02/76 ბრძანებით სააგენტოში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რის შესახებაც მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა;

2.3. სააგენტოს 07.12.2021წ. N02/78 ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესი. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ზოგად უნარებში და ბ) გასაუბრების ჩატარებას;

2.4. დასაქმებულმა მონაწილეობა ტესტირებასა და ზეპირ გასაუბრებაში მიიღო. ტესტირებაში, სადაც ბარიერი განსაზღვრული არ იყო და მაქსიმალური ქულის ოდენობა 80 ქულა იყო, მან 32 ქულა აიღო;

2.5. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის (შემდეგში - კომისია) 22.12.2021წ. N3 სხდომის ოქმის თანახმად: გასაუბრებაში მონაწილე პირებს დაესვა ერთგვაროვანი კითხვები და მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი ასრულებდა უფროსის მიერ გაცემულ დავალებებს, კონკრეტული სამუშაო სფერო, პროცედურა და მეთოდი არ გააჩნდა; საქმიანობდა სამეურნეო უზრუნველყოფის მიმართულებით, რომელ სფეროშიც ბევრი პრობლემაა, თუმცა, არ გამოუჩენია ინიციატივა მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. არაფორმალურად ებარა საწყობის უზრუნველყოფა, რომლის მართვასაც ეფექტურად ვერ ახდენდა, ვინაიდან არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებელების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა;

2.6. კომისიამ დადებითად შეაფასა უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი - გ.კ. და უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამსახურის სპეციალისტი - ზ.ხ. ტესტირების ნაწილში მათ მიერ მიღებული ქულა არის 39 და 48;

2.7. სააგენტოში ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად დამტკიცდა განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც გაუქმდა უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამსახური. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 159 ერთეულიდან - 144 ერთეულამდე შემცირდა. შეიქმნა ეკონომიკურ სამსახური სადაც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით განისაზღვრა ორი საშტატო ერთეული, კერძოდ ეკონომიკური სამსახურის უფროსი და უმცროსი სპეციალისტების თანამდებობები;

2.8. დამსაქმებლის 14.01.2022წ. ბრძანებით დასაქმებული იმავე წლის 15 იანვრიდან დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 47.1 „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით გათავისუფლდა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაცია მიეცა;

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რეორგანიზაციის აუცილებლობის შეფასებისას, ყველაზე ნაკლები სიმკაცრე სასამართლომ, სწორედ ეკონომიკური აუცილებლობის შეფასების დროს უნდა გამოიჩინოს, რამდენადაც ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით სასამართლო აქტიურად ვერ ჩაერევა, ვერ განსაზღვრავს და ვერც მიუთითებს რომელი სტრუქტურული ერთეული უნდა არსებობდეს ან რა სახით ან რომელი თანამდებობის არსებობაა საჭირო და რომლის არა. დავის არსებობის პირობებში კი, დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემს, დარწმუნდეს შესაბამისი საშტატო ცვლილებების აუცილებლობაში.

4. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ ყოფილა.

5. რაკი, ორგანიზაციული ცვლილებები კანონიერად შეფასდა, დამსაქმებელი ვალდებული იყო დაესაბუთებინა რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით გაათავისუფლა ჩატარებული რეორგანიზაციის ფარგლებში მოსარჩელე.

6. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება, რადგან დამსაქმებელმა ამ ნების მართლზომიერება ვერ დაასაბუთა, კერძოდ:

7. რეორგანიზაციის ფარგლებში როდესაც იგეგმება სამუშაო ძალის შემცირება, დამსაქმებელმა დასაქმებულს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე უნდა წარუდგინოს და გააცნოს კრიტერიუმები, რომლითაც იხელმძღვანელებს სამუშაო ძალის შემცირებისას. ასეთი კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დადგენილი, ობიექტური და გამჭვირვალე.

8. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება, მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებელს ერთი მხრივ, კრიტერიუმები მკაფიოდ და კონკრეტულად განესაზღვრა, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა და მეორე მხრივ, აღნიშნული კრიტერიუმების თაობაზე კონკურსანტთა ინფორმირებულობა უნდა მოეხდინა.

9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა გასაუბრების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე.

10. საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების ოქმი წერილობითი სახით, სადაც განმარტებულია, რომ მოსარჩელე, გასაუბრების შედეგად, კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა. ოქმში მითითებულია, რომ გასაუბრებაში მონაწილე პირებისთვის დასმული იქნა ერთგვაროვანი კითხვები, თუმცა საქმეში არ წარმოდგენილა აუდიო ან ვიდეო ფორმით ჩაწერილი გასაუბრების ოქმი, რითად დადასტურდებოდა თუ რა ერთგვაროვანი კითხვები დაისვა მოსარჩელის კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე და რა სახის პასუხები გასცა მოსარჩელემ ან თანამშრომელთა გადარჩევისას რამდენად იყო დაცული დამსაქმებლის მხრიდან მისივე დადგენილი კრიტერიუმები სამართლიანობისა თუ ობიექტურობის მხრივ.

11. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ რეორგანიზაციის შემდგომ, სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურში არსებობდა ორი საშტატო ერთეული - ეკონომიკური სამსახურის უფროსი და უმცროსი სპეციალისტების თანამდებობები, რომელთა შრომითი მოვალეობები ფუნქციურად ახლოს იყო, მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე დაკავებული პოზიციაზე დასაქმებული პირის სამსახურებრივ მოვალეობებთან.

12. გარდა ამისა, დამსაქმებელს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლისთვის (მოსარჩელე), შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, სხვა, თუნდაც უფრო დაბალ პოზიციაზე დასაქმება არ შეუთავაზებია.

13. მხედველობაში არ იქნა მიღებული დამსაქმებელის პოზიცია მოსარჩელის მიმართ დისციპლინარული წარმოების თაობაზე, რადგან ასეთი წარმოების შესახებ ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულ სხვა კანდიდატებთან მიმართებით, რაც მათ შორის განმასხვავებელი კრიტერიუმების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთებას შეუძლებელს ხდიდა.

14. უნარ - ჩვევებში ტესტირების შედეგებს რაც შეეხება, მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციის ისეთ სტრუქტურულ ერთეულში, რომ მისთვის განსაკუთრებული ლოგიკური ან მათემატიკური ტესტების ამოხსნის მარტივი გზების ძიება ან ცოდნა არამც თუ ევალებოდა, არამედ საქმიანობის განხორციელებაში გამოუსადეგარიც კი იქნებოდა. ეს დაახლოებით იგივეა ფეხბურთელთა შესარჩევ კონკურსზე კვანტური ფიზიკის ამოცანების ამოხსნით მიხედვით აირჩეს კონკრეტულ პოზიციაზე ფეხბურთელი და არა მისი კონკრეტული პოზიციისათვის აუცილებელი ფიზიკური თუ გონებრივი მონაცემებით.

15. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილის თანახმად, რაკი, სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2000 ლარი, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 800 ლარის (გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, 2022 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

16. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ არც კომპენსციისა და არც განაცდურის ნაწილში არამც თუ კვალიფიციური, არამედ ზოგადი შედავებაც არ განხორციელებულა.

17. პალატა შეეცადა 25.07.2025წ. გამართულ სხდომაზე დამაზუსტებელი შეკითხვის მიცემით დაეზუსტებინა მხარის პოზიცია ოდენობას ეთანხმებოდა თუ არა აპელანტი. აპელანტის წარმომადგენლების ერთობლივი მოსაზრებით, რადგან გათავისუფლების ბრძანება კანონიერია არ არსებობს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. ხსენებული სხდომის ოქმი 11:41:59:-სთდან და 11:43:24: სთ-ზე). წარმოდგენილი შედავების გათვალისწინებით, პალატას მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობა გონივრული, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მართებული იყო.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

19. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნებს. კასატორი აღნიშნავს, სააგენტოში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით ორი საშტატო ერთეული განისაზღვრა. მათზე თანამშრომელთა დანიშვნისას გათვალისწინებულ იქნა კომისიის მიერ მოსარჩელესთან ჩატარებული გასაუბრების ოქმის შინაარსი, რომელშიც აღნიშნულია, მოსარჩელეს არ გააჩნდა კონკრეტული საფუშაო სფერო, პროცედურა და მეთოდი. იგი სამეურნეო უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა, რომელ სფეროშიც ბევრი პრობლემა იყო, თუმცა, მას არ გამოუჩენია ინიციატივა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემის მოწესრიგების მიმართულებით. არაფორმალურად ებარა საწყობის მიამრთულება, რომელსაც ეფექტურად ვერ მართავდა, არადგან არ გააჩდა ცოდნა და გამოცდილება. მოსარჩელეს შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობების ზომებიც 24.07.2015 და 28.06.2018წწ.-ში. შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭა იმ დასაქმებულებს, რომლებიც კომისიამ დადებითად შეაფასა და რომელთა განათლება და გამოცდილება უფრო მეტად შეესაბამებოდა დასაკავებელ პოზიციებს.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

24. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერება.

25. განსახილველ შემთხვევაში, პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს არა გამოცხადებული რეორგანიზაციის ჩატარების საფუძვლიანობა, არამედ მისი უარყოფითი შედეგების უშუალოდ დასაქმებულამდე დაყვანის კანონიერება.

26. ამ თვალსაზრისით, დადგენილია, რომ სააგენტოს 07.12.2021წ. N02/78 ბრძანებით დადგინდა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესი. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა: ა) წერითი დავალების/ტესტირების ჩატარებას ზოგად უნარებში და ბ) გასაუბრების ჩატარებას;

27. დასაქმებულმა მონაწილეობა ტესტირებასა და ზეპირ გასაუბრებაში მიიღო. ტესტირებაში, სადაც ბარიერი განსაზღვრული არ იყო და მაქსიმალური ქულის ოდენობა 80 ქულა იყო, მოსარჩელემ 32 ქულა აიღო.

28. სააგენტოში ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად დამტკიცდა განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც გაუქმდა უზრუნველყოფისა და პროტოკოლის სამსახური. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 159 ერთეულიდან - 144 ერთეულამდე შემცირდა. შეიქმნა ეკონომიკურ სამსახური სადაც მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით განისაზღვრა ორი საშტატო ერთეული, კერძოდ ეკონომიკური სამსახურის უფროსი და უმცროსი სპეციალისტების თანამდებობები.

29. დამსაქმებელმა მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რასაც საფუძვლად თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების კომისიის N3 სხდომის ოქმის შედეგები დაუდო, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა. გასაუბრების ოქმის მიხედვით კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებელების, ტესტების შეფასების საბოლოო ქულებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა.

30. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში "სუსტი მხარის" - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).

31. სადავო შემთხვევაში, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოდგენილი გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ წერილობითი ოქმი, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ, ვერ იქნება განხილული სხვა თანამშრომლებთან შედარებით დასაქმებულის ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, ზოგადი ხასიათის გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს შენარჩუნდა იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა.

32. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მტკიცების ტვირთის ფარგლებში მიუთითა დამსაქმებელს, რომ გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელი იყო უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც (შდრ: სუსგ №ას-1165-2022 22 მარტი, 2023 წელი, პ.14.10).

33. ამავდროულად, გასაუბრების ოქმშიც კი, მოსარჩელის კომპეტენციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად კომისია ასახელებს ტესტირების შედეგებს, მაშინ როდესაც, როდესაც მინიმალური ზღვრული ქულა ტესტირების კომპონენტებში არ დადგენილა.

34. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომელთა შერჩევის პროცედრული ნაწილი, რაც სამართლიანობის და ობიექტურობის კრიტერიუმებით უნდა იყოს განხორცილებული.

35. საკასაციო პალატა არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს: „სასამართლომ რომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება და მათი გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული. სშკ-ი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (შდრ. სუსგ-ები №ას-268-2021, 22.10.2021წ.;№ას-1079-2022, 24 თებერვალი 2023, პპ: 35, 36).

36. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელს, რეორგანიზაციის პირობებში, დასაქმებულის საშტატო ერთეულის გაუქმების შედეგად, ტოლფასი თანამდებობა ან სხვა ალტერნატიული პირობები მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებია.

37. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანება მართებულად იქნა ბათილად ცნობილი (იხ., სუსგ №ას-118-2025, 26.09.2025წ.).

38. ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის უფლებრივი რესტიტუციაც სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების მიხედვით სწორად განხორციელდა, რომლის წინააღმდეგაც კასატორს შედავება არ წარმოუდგენია.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ: ......) დაუბრუნდეს 15.10.2025წ. №16355 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1540 ლარის 70% – 1,078 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე