საქმე №ას-1506-2025
8 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.ს–ძემ მოპასუხე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციის დაკისრების, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
- სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ კულტურის სამინისტროს სფეროში შემავალ ძეგლთა დაცვის სამსახურში მუშაობა დაიწყო 1998 წლის 1-ელ ნოემბერს სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელად, ხოლო 2009 წელს, სააგენტოს შექმნის შემდგომ - სამეურნეო სამსახურის უფროსად, აღნიშნულ პოზიციას იკავებდა 2021 წლის რეორგანიზაციამდე, რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურს შეეცვალა სახელი და გადაიყვანეს სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურში (კომენდატი). მისი ხელფასი შეადგენდა 700 ლარს, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. მოსარჩელის სამსახურებრივ ფუნქციებში შედიოდა სააგენტოს სამეურნეო საჭიროების კვლევა, მარაგების კონტროლი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისგან შესაძენი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა (როგორიცაა: ხელსახოცები, დასუფთავების ხსნარები და სხვა) და ამაზე ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირისთვის. 2021 წლის 25 ნოემბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნა №02/76 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ. რომლის მიხედვით, სააგენტოს რეორგანიზაცია ემსახურებოდა სტრუქტურისა და ფუნქციების ახალ დებულებასთან შესაბამისობაში მოყვანას, ფუნქციების ეფექტურ და დროულ განხორციელებას, არსებული გამოწვევების დაძლევასა და მართვის პროცესის გაუმჯობესებას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა სამუშაო ძალის შესრულება ან გადაადგილება სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებების გამო. 2021 წლის 07 დეკემბრის ბრძანებით, თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევის მიზნით, შეიქმნა კომისია. ტესტირების ჩაბარების ვალდებულება არ ჰქონდა ტექნიკურ პერსონალს და საპენსიო ასაკის პირებს. მითითებული რეორგანიზაციის აქტით განისაზღვრა კომპეტეციის დადასტურების აუცილებლობა, რაც გულისხმობდა მათემატიკური უნარ-ჩვევების ტესტის ჩაბარებასა და გასაუბრებას. თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე წარმოადგენდა ტექნიკურ პერსონალს, მას 2021 წლის რეორგანიზაციის ტესტირება არ შეხებია. გასაუბრებაზე გასვლის შემდეგ, იგი დატოვებულ იქნა სამსახურში შეცვლილი პოზიციით და იმავე ფუნქციით, თუმცა არსებითად შეიცვალა ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულება, კერძოდ, ხელმძღვანელობა არ თანამშრომლობდა მოსარჩელესთან, ხოლო მის მიერ გამოჩენილი ინიციატივის შემთხვევაში, კომუნიკაცია იყო თითქმის შეუძლებელი. 2022 წლის 19 სექტემბერს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება №02/50, რომლითაც კვლავ გამოცხადდა რეორგანიზაცია სააგენტოში. აღნიშნული რეორგანიზაციის შედეგად, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გაფორმებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება და 2021 წელს გამოცხადებული რეორგანიზაციის შემდეგ, მოსარჩელემ დაადასტურა თავისი კომპეტენცია. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის სააგენტოს არ განუმარტავს გათავისუფლების საფუძველი, არ გადაუცია გათავისუფლების საფუძვლად მითითებული სხდომის ოქმი და არ განუმარტავს, რატომ იყვნენ უპირატეს მდგომარეობაში ის ადამიანები, რომლებიც დარჩნენ სამსახურში. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისთვის სააგენტოს არ შეუთავაზებია ტოლფასი პოზიცია.
2. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა ორგანიზაციული ცვლილებები, რამაც გამოიწვია სამუშაო ძალის შემცირება. მოპასუხის განმარტებით, თ.ს–ძე რეორგანიზაციის მიმდინარეობის პროცესში იკავებდა ეკონომიკური სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციას. 2021 წლის 15 იანვრამდე ის იყო პროტოკოლისა და უზრუნველყოფის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სააგენტოში დასაქმების პერიოდში, იგი არასდროს ყოფილა სამეურნეო სამსახურის უფროსი, მით უფრო, რომ ასეთი სამსახური სააგენტოში არ არსებობდა. მოსარჩელესთან 2022 წლის 15 იანვარს დადებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, თ.ს–ძის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ზედამხედველობა და მოვლა-პატრონობა, მატერიალურ ფასეულობათა გადაადგილების აღრიცხვა, ცენტრალური და ადგილობრივი გათბობა-კონდიცირების სისტემებისა და წყალმომარაგების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა. სამუშაო ადგილად განსაზღვრული იყო თბილისი, .......... სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 19 სექტემბრის №02/50 ბრძანებით ნამდვილად გამოცხადდა სააგენტოში რეორგანიზაცია. მისი მიზანი ნათლადაა ასახული ბრძანების ტექსტში, რომელიც გაფრთხილების ფურცელთან ერთად ჩაჰბარდა სააგენტოს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც ხელმოწერით, ინდივიდუალურად დაადასტურეს ბრძანების ჩაბარების ფაქტი. თანამშრომლებმა ხელმოწერით დაადასტურეს გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციას შესაძლოა მოჰყოლოდა შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება/გადაადგილება. ამავე ბრძანებით, დასაქმებულებს განემარტათ რეორგანიცაზიის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და პირობები. ბრძანება არცერთ დასაქმებულს არ გაუსაჩივრებია. რეორგანიზაციის მიზანს კი წარმოადგენდა სისტემური მმართველობის უზრუნველყოფა, სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელება და მართვის პროცესის გაუმჯობესება. რეორგანიზაციის ფარგლებში, სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა აუცილებლობაც აღარ არსებობდა, დამტკიცდა სააგენტოს განახლებული საშტატო ნუსხა და განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრული ოდენობა 150 ერთეულით. გასაუბრებისას, კომისიის წევრების მიერ მოსარჩელისათვის დასმული იქნა კითხვები მის საქმიანობასთან, უფლება-მოვალეობებთან, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევისას, კომისია ხელმძღვანელობდა მათი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, მათი კომპეტენციის და სამუშაო უნარების გათვალისწინებით. თ.ს–ძის გასაუბრების ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილების უმთავრესი საფუძველი გახდა ის, რომ მოსარჩელე პრაქტიკულად არ იყო ჩართული სამუშაო პროცესში. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე და არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს. კომისიის სხდომის ოქმში, კერძოდ, თ.ს–ძის შეფასების ფორმაში, ვკითხულობთ: ,,კომისიის თავმჯდომარის მიერ მის ფუნქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, მან განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა ელექტროსისტემის, წყალგაყვანილობების და სხვა მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, თუმცა ის ვერ ასრულებს ვერანაირ ფიზიკურ სამუშაოს და შეუძლია მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითვაზე, თუ რა სახის და რა მოცულობის სამუშაო იქნა მის მიერ შესრულებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ს–ძემ განმარტა, რომ მას არ ჩაუტარებია არანაირი ფიზიკური სახის სამუშაო. კითხვაზე, პრობლემის იდენტიფიცირებას მაინც რატომ არ აკეთებს, ანუ ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, თ.ს–ძემ უპასუხა, რომ რაზეც მას აქვს ინფორმაცია, იმ საკითხს ახმოვანებს. კომისიის სხდომის ოქმის შეფასების ფორმაში ვკითხულობთ: ,,თ.ს–ძესთან გასაუბრებით დადგინდა, რომ მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ იგი არასაპატიო მიზეზით ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში, შესაბამისად, არაპროფესიონალიზმთან ერთად გამოიკვეთა მისი უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სამსახურეობრივი საქმიანობის მიმართ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწინებით, ვინაიდან თ.ს–ძეს არანაირი წვლილი არ შეაქვს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში, იგი ფასდება უარყოფითად’’. თ.ს–ძის გათავისუფლების შესახებ, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის №01/784 ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 2022 წლის 1-ელ ნოემბერს. მითითებულ ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები განმარტებული და დასაბუთებულია. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია მოსარჩელის პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების, მისი კომპეტენციისა და სამუშაო უნარების შემოწმების შედეგზე. მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ სააგენტოში რეორგანიზაციის შედეგად ერთი სამსახური გაუქმდა, სხვადასხვა პოზიციები შემცირდა და გადანაცვლდა. გასაუბრებაზე მიღებული შედეგებით, თანამშრომელთა პროფესიული, პიროვნული მახასიათებლებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოხდა იმ შტატების დაკომპლექტება, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა სააგენტოში. ტოლფასი პოზიციის შეთავაზების ვალდებულება შესაძლოა არსებობდეს მაშინ, თუ ობიექტური კრიტერიუმები ცხადყოფს, რომ ამგვარი ალტერნატივა დამსაქმებელს გააჩნია და გათავისუფლებული კადრის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება არსებული პოზიციის შესაბამისია. შესაგებელში განმარტებულია, რომ 2022 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, სააგენტოში არ მოიძებნა მოსარჩელის კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობა შევსებულია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს მიაჩნია, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარიმართა კანონიერად, პირვანდელი სამუშაო ადგილის გაუქმებამ და გასაუბრებაზე ნეგატიური შეფასების მიღებამ, განაპირობა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, რის გამოც ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ასევე - თანმდევი შედეგების დაკმაყოფილების საფუძვლები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, თ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №01/784 ბრძანება, თ.ს–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 2000 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები ოდენობა); სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 01 დეკემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 700 ლარის (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
6.1. 2022 წლის 15 იანვარს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში ,,დამსაქმებელი’’, ს/ .........., მისამართი: ქ. თბილისი, ........, წარმოდგენილი გენერალური დირექტორის ნ.ა–ის სახით) და მეორე მხრივ მოქალაქე თ.ს–ძეს (შემდგომში ,,დასაქმებული’’, პ/ნ ..........) შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება.
- ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, დამსაქმებელი კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად იღებს დასაქმებულს ეკონომიკურ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (კომენდანტი) პოზიციაზე და იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შრომის სათანადო პირობებით, გადაუხადოს ხელფასი, ხოლო დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა თუ დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო პირადად, სპეციალობის, კვალიფიკაციის და თანამდებობის გათვალისწინებით, ასევე შეასრულოს ხელმძღანელის დავალებები, დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, დაემორჩილოს დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესს.
6.2. სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ ეკონომიკურ სამსახურში, თ.ს–ძის ფუნქცია-მოვალეობები მოიცავდა: ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების ზედამხედველობასა და მოვლა-პატრონობას; მატერიალურ ფასეულობათა გადაადგილების აღრიცხვას; ცენტრალური და ადგილობრივი გათბობა-კონდინცირების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფას; წყალმომარაგების სისტემის გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფას; ელექტროსისტემისა და მოწყობილობების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას; კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მითითებების შესრულებას.
6.3. თ.ს–ძის შრომითი ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლებამდე შეადგენდა 700 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა უვადო შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში.
6.4. 2021 წლის 25 ნოემბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ გამოცემულ იქნა №02/76 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ.
6.5. 2022 წლის 19 სექტემბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ, გამოცემულ იქნა №02/50 ბრძანება, სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ. თ.ს–ძე გაფრთხილებულ იქნა აღნიშნული რეორგანიზაციის შესახებ.
6.6. 2022 წლის 07 ოქტომბერს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მიიღო №02/54 ბრძანება, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის თაობაზე. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას.
6.7. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის №4 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის წევრების შეფასების გათვალისწინებით, უარყოფითად შეფასდა თ.ს–ძე - ეკონომიკური სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
- ამავე ოქმის თანამშრომელთა შეფასების ფორმაში აღნიშნულია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის წინაშე წარდგენილი 34 თანამშრომლიდან, პროფესიული/პიროვნული უნარ-ჩვევებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო, დადებითად შეფასდა 29 პირი, ხოლო უარყოფითად - 5 პირი, მათ შორის - თ.ს–ძე.
- თანამშრომელთა შეფასების ფორმაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირმა თ.ს–ძემ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მის ფუნქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა, ელექტროსისტემის, წყალგაყვანილობების და სხვა მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, თუმცა ის ვერ ასრულებს ვერანაირ ფიზიკურ სამუშაოს და შეუძლია მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სახის და რა მოცულობის სამუშაო იქნა მის მიერ შესრულებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ს–ძემ განმარტა, რომ მას არ ჩაუტარებია არანაირი ფიზიკური სახის სამუშაო. კითხვაზე, პრობლემის იდენტიფიცირებას მაინც რატომ არ აკეთებს, ანუ ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, თ.ს–ძემ უპასუხა, რომ რაზეც მას აქვს ინფორმაცია, იმ საკითხს ახმოვანებს. თ.ს–ძესთან გასაუბრებით დადგინდა, რომ მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ იგი არასაპატიო მიზეზით ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში. შესაბამისად, არაპროფესიონალიზმთან ერთად გამოიკვეთა მისი უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულება სამსახურეობრივი საქმიანობის მიმართ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისიწინებით, ვინაიდან თ.ს–ძეს არანაირი წვლილი არ შეაქვს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში, იგი ფასდება უარყოფითად.
6.8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №01/729 ბრძანებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 150 (ას ორმოცდაათი) ერთეულით. ბრძანება ამოქმედდა 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან.
6.9. მოგვიანებით, 2023 წლის 02 თებერვალს გაცემულ იქნა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის (სამსახურის) ადამიანური რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტის სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს, რეორგანიზაციის გამოცხადების დროს, სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა იყო 173, ხოლო რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ - 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან, 2022 წლის 31 ოქტომბრის №01/729 ბრძანების შესაბამისად, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 150 (ას ორმოცდაათი) ერთეულით. დღეის მდგომარეობით სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია - 150 პირი.
6.10. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, თ.ს–ძე 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შეადრ: სუსგ Nას-414-391-2014, 29.06.2015 წ.). იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა (იხ. სუსგ: №ას-1513-2019, 16.12.2019 წ.). რეორგანიზაციის პირობებში, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებშიც კი, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა მოსარჩელეს (იხ. სუსგ №ას-298-2020, 16.09.2020 წ.).
7. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ №ას-922-884-2014, 16.04.2015 წ.; №ას-483-457-2015, 7.10.2015 წ.; №ას-182-171-2017, 27.12.2019 წ.).
8. შრომითი დავების განხილვის სპეციფიკისა და მტკიცების ტვირთის განაწილებიდან გამომდინარე, როდესაც სადავოა დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, დამსაქმებელი ვალდებულია დეტალურად, ამომწურავად მიუთითოს, რა გახდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.
9. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე - სსკ-ის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რეორგანიზაცია მოიცავს ორგანიზაციის სტრუქტურას სრულად და არა მის რომელიმე მიმართულებას, რა დროსაც დამსაქმებელი უფლებამოსილია კადრები შეარჩიოს საკუთარი შეხედულებისამებრ, მაგრამ იმ შეზღუდვის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. აღნიშნულ პროცესში დაცული უნდა იქნეს დასაქმებულთა უფლებები, რაც გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა შერჩევას ობიექტურად და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.
11. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააგენტოში ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, განხორციელდა სტრუქტურული ერთეულების გაუქმება, რამაც გამოიწვია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის 173 ერთეულიდან 150 ერთეულამდე შემცირება. ეს ნიშნავს იმას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კუმულაციურად - ორგანიზაციული ცვლილებები და მისი შედეგი - სამუშაო ძალის შემცირება.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 07 ოქტომბრის N02/54 ბრძანებას, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას.
13. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციის დროს დამსაქმებელმა კონკრეტული დასაქმებულის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, დასაქმებულებს უნდა წარუდგინოს და გააცნოს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლითაც იგი იხელმძღვანელებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ მიმართ. ასეთი კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დადგენილი, სამართლიანი, ობიექტური, გამჭვირვალე. მსგავსი კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრისა და ინფორმირების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის კონკრეტულ დასაქმებულთან შეწყვეტის დროს, შესაძლებელია გათავისუფლებულ დასაქმებულს არ გაუჩნდეს უსამართლოდ მოპყრობის შეგრძნება და არც დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება გახადოს სადავოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება, განსაკუთრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ, ერთი მხრივ, იმ კრიტერიუმების მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა და მეორე მხრივ, კონკურსანტთა ინფორმირებულობა აღნიშნული კრიტერიუმების თაობაზე. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა გასაუბრების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი აუდიო ან ვიდეო ფორმით ჩაწერილი გასაუბრების ოქმი, რომლითაც დადასტურდებოდა, თუ რა კითხვები დაისვა თ.ს–ძის კომპეტენციისა და სამუშაო გამოცდილების თაობაზე და რა სახის პასუხები იქნა გაცემული, გადარჩევისას რამდენად იყო დაცული დამსაქმებლის მხრიდან დადგენილი კრიტერიუმები სამართლიანობისა თუ ობიექტურობის მხრივ. რაც შეეხება მოპასუხის/აპელანტის განმარტებას, რომ მოსარჩელე ჯეროვნად ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე, პალატამ არ გაიზიარა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ თავად დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, არაერთხელ გაუგრძელა მოსარჩელეს ხელშეკრულება.
15. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით, რომელი სამსახურებრივი დამსახურებისა და სამუშაო გამოცდილების შედეგად, გააკეთა არჩევანი იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურში დატოვა და რამ განაპირობა სწორედ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, მით უფრო, როდესაც მოსარჩელეს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება გააჩნია. გარდა ამისა, დამსაქმებელს ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლისთვის, შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, სხვა, თუნდაც უფრო დაბალ პოზიციაზე დასაქმება არ შეუთავაზებია.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება იყო არამართლზომიერი, რის გამოც სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №01/784 ბრძანება, თ.ს–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.
17. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილის თანახმად, რაკი სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2000 ლარი, ასევე - იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 700 ლარი (გადასახადების ჩათვლით), 2022 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობა გონივრული, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იყო მართებულია, რის გამოც არ არსებობდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
20. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20.1. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხე დაწესებულებაში ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების ფაქტს, რის შედეგადაც მოხდა სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, ასევე გარკვეული პოზიციების შემცირება, რომელთა აუცილებლობა აღარ არსებობდა. დამტკიცდა სააგენტოს განახლებული საშტატო ნუსხა და განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობა - არსებული 173 ერთეულის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 07 ოქტომბრის №02/54 ბრძანებით დამტკიცდა რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის შემადგენლობა და თანამშრომელთა გადარჩევის წესი. დასაქმებულთა ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასებისა და კომპეტენციის განსაზღვრის მიზნით, ჩატარდა წერითი დავალება ზოგად უნარებში და გასაუბრება. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ ზეპირ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, გადაწყვეტილების მიმღები კომისიის გადაწყვეტილებით, კომპეტენციის, უნარების, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებისა და სხვა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე უარყოფითად შეფასდა. ოქმის თანახმად, გასაუბრებაში მონაწილე პირებს დაესვათ ერთგვაროვანი კითხვები. მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, შეფასდა გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი.
20.2. კასატორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ უნდა გაეზიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია არგუმენტირებული და რელევანტური მტკიცებულებებით გაჯერებული მსჯელობა, იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით, რომელი სამსახურებრივი დამსახურებისა და სამუშაო გამოცდილების შედეგად გააკეთა მან არჩევანი იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახურში და რამ განაპირობა სწორედ მოსარჩელის დათხოვნა სამსახურიდან. შესაგებელზე მტკიცებულების სახით დართული არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, გასაუბრების სხდომის ოქმის შინაარსი, ადასტურებს სააგენტოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას და სასამართლოს მითითებული მსჯელობა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მტკიცებას მასზე, რომ რეორგანიზაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი და ამასთან, რეალურად განხორციელდა სამუშაო ძალის შემცირება. რაც შეეხება რეორგანიზაციის კანონიერების შემოწმების მესამე საფეხურს, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების დასაბუთებას, როგორც არაერთხელ აღინიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის წლიურად გამოყოფილი იყო 1 095 000 ლარი, ხოლო 2022 წლის 8 თვის მონაცემებით, ამ თანხიდან ათვისებულ იქნა და შრომის ანაზღაურება გაიცა 989 035 ლარის ოდენობით, შესაბამისად დარჩენილი 105 965 ლარი არ იყო საკმარისი წლის ბოლომდე სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ასანაზღაურებლად, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ყოველთვიური ანაზღაურება სექტემბრის მონაცემებით შეადგენდა 156 145 ლარს. შესაბამისად, წლის ბოლომდე შრომის ასანაზღაურებლად საჭირო იყო 624 580 ლარი, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ ოდენობას აღემატებოდა 518 615 ლარით. ამასთან, არ იყო მოსალოდნელი, რომ შტატით გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების ხარჯზე, სააგენტო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ყველა პირისთვის შრომის ანაზღაურებას შეძლებდა. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, სისტემატური მმართველობის უზრუნველსაყოფად, სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობა, ნაცვლად 173 ერთეულისა, განისაზღვრა 150 ერთეულით. მოსარჩელესთან გასაუბრების ოქმის თანახმად, კომისიის თავმჯდომარის მიერ მის ფუნქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მან განაცხადა, რომ მისი მოვალეობაა ელექტროსისტემის, წყალგაყვანილობებისა და სხვა მოწყობილობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, თუმცა ის ვერ ასრულებს ვერანაირ ფიზიკურ სამუშაოს და შეუძლია მხოლოდ პრობლემის იდენტიფიცირება. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა სახის და რა მოცულობის სამუშაო იქნა მის მიერ შესრულებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ს–ძემ განმარტა, რომ მას არ ჩაუტარებია არანაირი ფიზიკური სახის სამუშაო. კითხვაზე, პრობლემის იდენტიფიცირებას მაინც რატომ არ აკეთებს, ანუ ისეთი სამუშაოს შესრულებას, რაც ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, თ.ს–ძემ უპასუხა, რომ რაზეც მას აქვს ინფორმაცია, იმ საკითხს ახმოვანებს. თ.ს–ძესთან გასაუბრებით დადგინა, რომ მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება, შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობა. აღსანიშნავია, რომ იგი არასაპატიო მიზეზით ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში. ამდენად, სააგენტომ იხელმძღვანელა გასაუბრების შედეგებით, აგრეთვე - დასაკავებელი პოზიციის სამუშაო აღწერილობასთან თანამშრომლის შესაბამისობის კრიტერიუმით და უპირატესობა მიანიჭა დასაქმებულებს, რომლებიც დადებითად იქნენ შეფასებულნი კომისიის წევრების მიერ და რომელთა გამოცდილება უფრო მეტად შეესაბამებოდა დასაკავებელ პოზიციას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალასახად დასტურდება, რომ მოსარჩელე გაეცნო რეორგანიზაციის ფარგლებში გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, მოსარჩელის მხრიდან არცერთი სამართლებრივი აქტი გასაჩივრებული არ ყოფილა. ამდენად, ყველა კონკურსანტისთვის წინასწარ იყო ცნობილი აღნიშნული კრიტერიუმი და კომისიის ოქმშიც ნათლად აისახა ის საფუძვლები, ფაქტები და გარემოებები, რომელთა გამოც მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად.სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გაუქმების პარალელურად, სააგენტოში არ არსებობდა ის ალტერნატიული ვაკანტური თანამდებობდა, რომელზეც შესაძლოა გადაყვანილიყო მოსარჩელე.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
22. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, რამდენად მართლზომიერად გათავისუფლდა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას) გათვალისწინებული საფუძვლით.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური. ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).
29. „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოშალოს ხელშეკრულება რეორგანიზაციის ან სხვა ცვლილების საფუძველზე, თუ ეს ცვლილება თავისთავად არ განაპირობებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას“ (იხ. შრომის კოდექსის კომენტარი, 2024; გვ. 536-537; 47-ე მუხლის კომენტარი). იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.
30. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. (იხ. სუსგ-ები №ას-419-2022, 27 მაისი, 2022; №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი, №ას-280-2020, 5.03.2021).
31. საკასაციო პალატის განსჯით, იმისათვის რათა სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია შეფასდეს, თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. როგორც აღინიშნა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული.
32. საქართველოს შრომის კოდექსი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (იხ. საქმე №ას-268-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი).
33. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში ,,სუსტი მხარის’’ - დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა იქნეს მიჩნეული შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259).
34. სადავო შემთხვევაში, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოდგენილი წერილობითი ოქმი, გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ (2022 წლის 13 ოქტომბრის №4 სხდომის ოქმი), რომელიც არ შეიცავს გასაუბრების მიმდინარეობის შესახებ, დეტალურ ინფორმაციას, ვერ იქნება განხილული სხვა თანამშრომლებთან შედარებით დასაქმებულის ნაკლები კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების ქონის დამადასტურებელ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად, ზოგადი ხასიათის გასაუბრების ოქმის პირობებში, დამსაქმებლის მხარეს შენარჩუნდა იმ გარემოებათა დამტკიცების ვალდებულება, რომ გასაუბრების პროცესში მოსარჩელემ, კონკურენტებთან შედარებით, საკუთარი კომპეტენცია ვერ წარმოაჩინა.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მარტოოდენ 2022 წლის 13 ოქტომბრის N4 სხდომის ოქმი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღნიშნული სხდომის ოქმის აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერი, მისი შინაარსის სადავოობის პირობებში, ვერ შეფასდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების დამადასტურებელ მტკიცებულებად. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ოქმიდან არ ირკვევა თითოეული კანდიდატისათვის განსაზღვრული ქულის საფუძველი, დაისვა თუ არა ერთგვაროვანი კითხვები და სხვა, დაუდგენელია გასაუბრების რეალური შინაარსი, დასმული შეკითხვები და გაცემული პასუხები. შესაბამისად, არ იკვეთება, თანამშრომელთა გადარჩევისას, რამდენად იყო დაცული დამსაქმებლის მხრიდან, მისივე დადგენილი კრიტერიუმები, სამართლიანობისა თუ ობიექტურობის მხრივ, რაც სასამართლოს მოსარჩელესთან მიმართებით კომისიის გადაწყვეტილების შეფასების საშუალებას მისცემდა.
36. როგორც უკვე აღინიშნა, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები, იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები ან მას არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია, ან არ ფლობს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც კონკრეტული ქმედებებით გამოიხატა, ვიდრე დასაქმებულს, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა ან რომელ უნარ-ჩვევებს არ ფლობს, მით უფრო, რომ ამა თუ იმ საქმიანობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ფლობის საკითხი შეფასებით კატეგორიას განეკუთვნება (იხ. საქმე №ას-1132-2019, 30.09.2019წ.; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.; №ას-110-2019, 05.07.2019წ.).
37. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მტკიცების ტვირთის ფარგლებში მიუთითა დამსაქმებელს, რომ გასაუბრების უარყოფითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელი იყო უფრო ნეიტრალური მტკიცებულება, ვიდრე წერილობით შედგენილი შეფასებითი ხასიათის გასაუბრების ოქმი, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც (შდრ: სუსგ №ას-1165-2022 22 მარტი, 2023 წელი, პ.14.10). საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელს, რეორგანიზაციის პირობებში, დასაქმებულის საშტატო ერთეულის გაუქმების შედეგად, ტოლფასი თანამდებობა ან სხვა ალტერნატიული პირობები მოსარჩელისთვის არ შეუთავაზებია.
38. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა ჯეროვნად და არასაპატიო მიზეზით ხშირად არ ცხადდებოდა სამსახურში და აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე, დამსაქმებელმა მოსარჩელეს არაერთხელ გაუგრძელა შრომითი ხელშეკრულება, გარდა ამისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ღონისძიების გამოყენების ფაქტი.
39. საკასაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციული ცვლილებებისა და სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას, კასატორი უკავშირებს იმ ფაქტსაც, რომ სახელფასო ფონდი არ იყო საკმარისი არსებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული წლიური შრომის ანაზღაურების დასაფარად. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოთ მოყვანილ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოპასუხის მიერ მითითებული რეორგანიზაციის პირობებში, არ დასტურდება მოსარჩელის შტატის შემცირებით არსებითი ცვლილება ფინანსურ ნაწილში, არ იქმნება იმგვარი გონივრული რწმენა, რომ ჩატარებული რეორგანიზაცია გამომდინარეობდა გადაუდებელი ეკონომიკური და ორგანიზაციული ცვლილებებიდან. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება მასზედ, რომ რეორგანიზაციის საფუძველზე შემცირებული შტატის გათვალისწინებით დასაქმებულთა შერჩევა განხორციელდა გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე.
40. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მოსარჩელე გაეცნო რეორგანიზაციის ფარგლებში გამოცემულ სამართლებრივ აქტებს და მისი მხრიდან არცერთი სამართლებრივი აქტი გასაჩივრებული არ ყოფილა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაზე დავობს, სასამართლო სწორედ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძვლის კანონიერების შემოწმების გზით ადგენს გათავისუფლების მართლზომიერებას, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე საწარმოს რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა, უნდა შეფასდეს მოპასუხე საწარმოში რეორგანიზაციის ჩატარებისა და მოსარჩელის მიმართ რეორგანიზაციის შედეგების მართლზომიერება. შესაფასებელია, რეორგანიზაციის (შტატების შემცირების) მოტივით მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან, დამსაქმებელმა უფლება ბოროტად ხომ არ გამოიყენა, რაც ეწინააღმდეგება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ შრომის უფლებას, ვინაიდან რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. №ას-379-2020, 21.10.2021წ.; №ას-115-111-2016, 08.04.2016წ.).
41. საკასაციო პალატის განსჯით, სადავო ბრძანება არ აკმაყოფილებს მის საფუძვლად მითითებულ საქართველოს შრომის კოდექსის ნომებით დადგენილ წინაპირობებს და ეთანხმება მისი ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას.
42. გასაჩივრებული განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2 000 ლარი და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 01 დეკემბრიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 700 ლარის(კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით, (სშკ-ის 48.8-ე მუხლი).
43. იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით, კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.
44. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1360 ლარის 70% - 952 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგასახდო მოთხოვნა #22693, გადახდის თარიღი 22/12/2025);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე